2012 წელი ქართველებისთვის გარდამტეხი იყო. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ არავინ იფიქრებდა, რომ მართლაც ასე უსისხლოდ გადაიბარებდა ხელისუფლებას „ქართული ოცნება“. არჩევნების დღეს მონოლითური იყო ერის დიდი უმრავლესობა და გამარჯვება ყველამ ერთად მოიტანა - ერმა და ბერმა, ციხეებში შეურაცხყოფილმა პატიმრებმა, ნულოვანი ტოლერანტობით ბოლო წლებში უსამართლოდ დაღუპულმა ახალგაზრდებმა...
2012 წლის შეფასება For.ge-მ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს სთხოვა.
რეჟისორი და პარლამენტარი ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ ორიგინალური არ იქნება, თუკი იტყვის, რომ 2012 წელი უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან მშვიდობიანი არჩევნების გზით შეიცვალა რეჟიმი, რამაც ყველა მოვლენა გადაფარა. აღნიშნული პროცესი ბოლომდე არ არის მიყვანილი და ამჟამადაც დასასრულისკენ მიემართება.
ნუკრი ქანთარიას თქმით, რაც 1-ელ ოქტომბერს მოხდა, ეს საქართველოს მოსახლეობის დამსახურებაა და ამის სულისჩამდგმელი ბიძინა ივანიშვილია. სამაგიეროდ, ძალიან შავი წელი იყო ნაციონალებისთვის და ეს ყველა მათგანს სახეზეც ეტყობა.
„ნაციონალები გაშავებულები არიან, მაგრამ მათში თვითგადარჩენის ინსტინქტი მუშაობს. საუბარია სულ რაღაც 15-20 კაცზე, რომელთა სახელი და გვარი პირდაპირ ერთმანეთზე გადაბმულია და მათ არავითარი სხვა შანსი არ აქვთ, გარდა იმისა, რომ რაღაცნაირად თავი დაიცვან. თუმცა ნაციონალებში არიან ადამიანებიც, რომლებიც ნაციონალებთან თავისი ბიოგრაფიით, დამოუკიდებელი სახელითა და გვარით მივიდა. მათ თავიანთი თავგადასავალი აქვთ. ამდენად, მოვუწოდე მათ და ვთხოვე კიდეც, დროულად მიიღონ გადაწყვეტილება. ამით შეიძლება შეიქმნას ისეთი ოპოზიცია, რომელთანაც კამათიც შესაძლებელი იქნება და ადამიანური ურთიერთობაც“, - აცხადებს ნუკრი ქანთარია.
მისივე თქმით, არსებობს „ნაციონალური მოძრაობის“ გარკვეული „თაიგული“, რომელთანაც ძნელია ურთიერთობა, რადგან ისინი ამ დანაშაულებრივი რეჟიმის თანამონაწილეები არიან, მათი ფსიქიკაც ასეთია და მათთან ვერავითარი კოჰაბიტაცია ვერ მოხდება.
უფრო მეტიც, ნუკრი ქანთარიას აზრით, სააკაშვილი ცდილობს, წასვლის დროს თავი გამოიჩინოს და დაგვამახსოვროს. ამიტომ მაინც ფხიზლად უნდა ვიყოთ, რომ უცბად მართლაც ასანთს არ გაკრას ხელი და ქვეყანა არ დააზარალოს.
„მე მგონი, ნაციონალებს ოქტომბრამდე გარკვეული მცდელობები კიდევ ექნებათ და, როგორც კი საპრეზიდენტო არჩევნები ჩაივლის, ამის შემდეგ უკვე დაიწყება სხვა ეტაპი. რაც მთავარია, სამართალი უნდა აღდგეს“, - აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.
უმცირესობის წევრის, კაკო ბობოხიძისთვის დასაფიქრებლად ნამდვილად ღირდა 2012 წელი, თუმცა იგი შიშობს, რომ შესაძლოა, განვლილმა 2012 წელმა საქართველოსთვის გამოუსწორებელი შედეგები მოიტანოს და რამდენად შეძლებს ქართველი ხალხი 1-ელ ოქტომბერს დაშვებული შეცდომის გაცნობიერებას, ამას მომავალი გვიჩვენებს.
მისივე თქმით, მართალია, 1-ელ ოქტომბერს დემოკრატიამ გაიმარჯვა, მაგრამ საქართველოს მოსახლეობამ წააგო. ამის დასტურად კაკო ბობოხიძე მიიჩნევს, რომ რაც არ უნდა საშინელებები ილაპარაკონ, სააკაშვილის ხელისუფლებამ 21-ე საუკუნის ქართული სახელმწიფოებრიობა შექმნა და დღევანდელ ხელისუფლებას არა მარტო პატრული, არამედ საათის მექანიზმივით მომუშავე სახელმწიფო სტრუქტურები ჩააბარა. მეტიც, კაკო ბობოხიძის განმარტებით, საქართველო იყო ლიდერი სახელმწიფო, ხოლო მიხეილ სააკაშვილი - უპირობო ლიდერი.
„დღეს ამის მაგივრად ვხედავ ბაქოში მობუზულ საქართველოს პრემიერს, რომელიც ამბობს, რომ თურმე მან ნაჩქარევი განცხადებები გააკეთა და, პრაქტიკულად, ბოდიშობს. ამ ხელისუფლების ხელში, შეიძლება, ლიდერი სახელმწიფოდან მეორეხარისხოვან სახელმწიფოდ გადავიქცეთ და ჩვენი კონკურენტები ხვალ და ზეგ აღმოჩნდება არა მხოლოდ ერთი უზარმაზარი იმპერია, არამედ პატარა სახელმწიფოებიც. რაც შეეხება ჩვენს მიერ დაშვებულ შეცდომებს, შეიძლება, რაღაცაში ვიჩქარეთ და გავუსწარით დროს და ვერ გავითვალისწინეთ, რომ მოთხოვნები ხალხისთვის უნდა ყოფილიყო. ისტორიულად მოკლე დროში შევეცადეთ ევროპული სახელმწიფოს შექმნას,“ - აღნიშნა კაკო ბობოხიძემ.
ჩვენს შეკითხვაზე, რომ ხალხი ყოველთვის ბრძენია და, ალბათ, ამ არჩევნებშიც მათი გადაწყვეტილება ისტორიულად უნდა შეფასდეს, კაკო ბობოხიძე აცხადებს, რომ ხალხი, რა თქმა უნდა, ბრძენია და ის გაარჩევს, თუ რა მოხდა. მეტიც, საქართველოს ისტორია არ იწყება „ნაციონალური მოძრაობით“ და არც მთავრდება.
როცა ვკითხეთ, თუკი ნაციონალების დროს ყველაფერი რიგზე იყო, მაშინ ხალხმა სამართლიანობის აღდგენა რატომ მოითხოვა, კაკო ბობოხიძემ გვიპასუხა: „გარწმუნებთ, ეს ნამდვილად არ იყო ძირითადი. ვერაფრით დავარქმევ სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნას, როდესაც ადამიანების რაღაც ნაწილს პრეტენზია აქვს, რომ თურმე ნაცმოძრაობას ხმა იმიტომ არ მისცეს, რომ ჩეკების ჩარტყმას სთხოვდნენ. ხალხი უნდა მიეჩვიოს, რომ სახელმწიფოებრიობა მოწესრიგებულ ცხოვრებას ნიშნავს“.
კაკო ბობოხიძის თქმით, როდესაც მილიარდერი ხარ, რაღაც დროით გეპატიება, რომ თურმე რაღაც შეგშლია და ამის გამო ბოდიშს იხდი. გარკვეული დროით ესეც დადებითად მოქმედებს საზოგადოებაზე, რადგან ჩვენი მოსახლეობა ჯერჯერობით, დადებითად აღიქვამს, რომ ამხელა პოლიტიკოსს - პრემიერ-მინისტრს შეუძლია შეცდომების აღიარება, მაგრამ, როდესაც შეცდომების აღიარება პერმანენტულ ხასიათს ღებულობს, კაკო ბობოხიძის აზრით, ეს უკვე მანიაა.
ისტორიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე 2012 წელს მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რადგან მთელი საზოგადოება ელოდა არჩევნებს და დიდი ვნებათაღელვა იყო პრეზიდენტისა და ივანიშვილის მომხრეებს შორის. საბოლოოდ კი ივანიშვილის პარტიის გამარჯვებამ საქართველოს შემდგომი ბედი განსაზღვრა. ნაციონალების დიდი ზეწოლის მიუხედავად, რომელთა ხელშიც ძალაუფლება იყო, ქართველმა ხალხმა ძალიან ბრძნულად გადაწყვიტა საკითხი ერისა და ისტორიის სასარგებლოდ.
„სრული კატეგორიულობით ვაცხადებ და მანამდეც ვამბობდი, სანამ ნაციონალები იყვნენ სახელმწიფოს სათავეში, საქართველო საერთოდ აღარ იქნებოდა. ეს იქნებოდა ტრასა, სასტუმროები, რესტორნები და კაფეები. საქართველოში დარჩენილი ქართველები კი უცხოელების მოსამსახურეები იქნებოდნენ. რასაკვირველია, სამღვდელოებამ დიდი ღვაწლი გაიღო, მათ კარგად აუხსნეს ხალხს, რა და როგორ იქნებოდა და ამ მხრივ მათი დამსახურება ძალიან დიდია. დანგრევა და გაფუჭება ადვილია, გაკეთება და აშენება ძნელია. ახლა ხელისუფლებაში დამანგრევლები კი არ მოვიდნენ, როგორც ამას პრეზიდენტი ამბობს, არამედ ქვეყნის აღმშენებლები“, - აცხადებს მარიკა ლორთქიფანიძე.
მისი თქმით, ივანიშვილს არსად არ უთქვამს, დღეს თუ ამირჩევენ, ხვალ ყველაფერს გავაკეთებო. ამას დრო სჭირდება და გასათვალისწინებელია ის საშინელი წინააღმდეგობაც, რასაც პრემიერი აწყდება.
„ძალიან მიკვირს, კიდევ როგორ ახერხებს რამის გაკეთებას და როგორი დინჯი, აუღელვებელი, უბოროტოა. მოვესწრები თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ქვეყნისა და ერისთვის ეს არის გადარჩენის გზა. მეეჭვება, ნაციონალები დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, რადგან, როდესაც მათ ძალაუფლება ჰქონდათ, მაშინ ვერ მოახერხეს უმრავლესობის მიღება და ახლა, როდესაც ძალაუფლება ხელში არ აქვთ, მიმძიმს იმაზე ფიქრი და ღმერთმა ნუ მომასწროს, რომ ეგენი დაბრუნდნენ. ამ იმედით მინდა, ჩემს ხალხს მივულოცო ახალი წელი და ის გამარჯვება, რაც მათ მოიპოვეს“.
უფლებადამცველი ლია მუხაშავრია მიიჩნევს, რომ გასულმა წელმა საზოგადოებას დაუბრუნა რწმენა, რომ უარესი პერიოდიდან უკეთესში გადავდივართ. რაც მთავარია, საზოგადოებამ ირწმუნა, რომ ის არის დემოკრატიის, კონსტიტუციის, კანონისა და ხელისუფლების წყარო.
„თუკი ეს ვირწმუნეთ, მაშინ ჩვენ გავხდით დემოკრატიული და დასავლურად მოაზროვნე საზოგადოება. ახლა გველის წელი მოდის და, თუ გველის წელს გონიერებით შევხვდებით, რაღა გვიჭირს“, - აცხადებს ადვოკატი.
რესპუბლიკელი დავით ბერძენიშვილის აზრით, 2012 წლის გამარჯვების მთავარი შემოქმედი ქართველი ხალხი და ბიძინა ივანიშვილია. ასევე, მნიშვნელოვანი საერთაშორისო მხარდაჭერა გვქონდა ამერიკისა და ევროპის მხრიდან. თუმცა, ცოტა ვინმეს თუ ჰქონდა იმედი საქართველოში, რომ 2 ოქტომბერი და ქუჩის აქციები არ დაგვჭირდებოდა. ამ მხრივ, დავით ბერძენიშვილის თქმით, იგი თავად იყო გამონაკლისი და იმედიანად უყურებდა ვითარებას.
„ხშირად ვამბობდი, რომ არჩევნებს „ქართული ოცნება“ მოიგებდა. სიით მოგება გარანტირებული იყო, მაგრამ მთავარი იყო მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვება და ესეც მოხერხდა. საერთოდ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ 2012 წელი, ალბათ, ყველაზე წარმატებული წელი გამოდგა, რადგან მოხერხდა ის, რომ წინააღმდეგობის მიუხედავად, ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალა“, - აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა.
მანვე განმარტა, რომ ხელისუფლების პირველსავე წლებში „ნაციონალური მოძრაობა“ მარტო ნეგატიურს კი არა, პოზიტიურსაც აკეთებდა. მათთან ერთად თავადაც მონაწილეობდა შევარდნაძისა და აბაშიძის რეჟიმის დამარცხებაში, მაგრამ „რესპუბლიკურ პარტიას“ ხელისუფლებაში მოსვლის ტვირთი, ნაციონალებთან ერთად, არ ჰქონიათ.