ურესურსო ოპოზიციამ ოქრუაშვილი და ჯაფარიძე გააცოცხლა

ურესურსო ოპოზიციამ ოქრუაშვილი და ჯაფარიძე გააცოცხლა

ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებიც „ლეიბორისტული“ პარტიის ოფისში იყვნენ შეკრებილები, ღიად დარჩენილ მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატების დასახლების გარდა, კიდევ ერთ საკითხზე მიიღეს გადაწყვეტილება - ოპოზიციურმა ლიდერებმა ხელი მოაწერეს ხმების დაცვის დეკლარაციას, რომლითაც თანხმდებიან, რომ არჩევნებში ერთმანეთის ხმებს დაიცავენ.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გოგა ბოკერიას განცხადებით, მიდგომა იქნება განსხვავებული, არა მხოლოდ საკუთარი ხმების დაცვა, არამედ, ყველა ხმის დაცვა მოხდეს და თანაბრად იყოს ყურადღება განაწილებული, რასაც ბოკერიას განცხადებით, სჭირდება ადგილებზეც კომუნიკაცია და კოორდინაცია.

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე ოპოზიციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციის საერთო კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი, დიდუბე-ჩუღურეთში კი ზურაბ ჯაფარიძე იქნება.

შალვა ნათელაშვილის განცხადებით, კონსულტაციები იყო ძალიან რთული, დაძაბული და არ არსებობს მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში მეორე პრეცედენტი, რომ მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა მოილაპარაკა საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე, თუნდაც დედაქალაქში.

„ეს შევა ოქროს ასოებით საქართველოს ისტორიაში და შევა პოლიტიკის სახელმძღვანელოებში. საბურთალოს რაიონში ოპოზიციის საერთო კანდიდატი იქნება დაუცხრომელი მებრძოლი, ყველა ხელისუფლებასთან - ირაკლი ოქრუაშვილი და დარწმუნებული ვართ, მას იქ გამარჯვება ელოდება. დიდუბე -ჩუღურეთის რაიონში ოპოზიციის კანდიდატი იქნება ზურაბ ჯაფარიძე, რომელსაც ყველა ვიცნობთ და რომლის აქტიურობითაც მოხიბლული ვართ ყოველთვის“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ „ყიჟინა ოპოზიცია დაიშალა“, „დახოცეს ერთმანეთი“, „ვერაფერი მოილაპარაკეს“, - აბსოლუტურად ტყუილია.

„ხელისუფლება შეეცდება, მაქსიმალურად ყველა დეტალს გამოედევნოს, მაგრამ ყველა ჩვენგანს ტელეფონის ჩატში იმ ოპოზიციის ლიდერების მონაწერები გვაქვს, რომლებიც ვერ ესწრებიან დღეს შეხვედრას, თუმცა დღევანდელ განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით ისინი საქმის კურსში არიან. ძირითად საკითხზე, რაც დეკლარაციას ეხება, ასევე მათი მხრიდან თანხმობა არის. ასე რომ, ის ყიჟინა, რასაც ხელისუფლება სცემს, ოპოზიცია დაიშალა, დახოცეს ერთმანეთი, ვერაფერი მოილაპარაკეს, აბსოლუტურად ტყუილია“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დავით სერგეენკო თუ ირაკლი ოქრუაშვილი, რომელმაც ამჯერადაც უკან წაიღო საკუთარი სიტყვა, რომ არ იქნებოდა მაჟორიტარობის კანდიდატი, ამას საბურთალოს რაიონის ამომრჩეველი გადაწყვეტს. ოქრუაშვილი გადაწყვეტილებას შეცვლას იმით ხსნის, რომ ეს არ იყო მისი გადაწყვეტილება, ეს იყო შემოთავაზება ოპოზიციური ლიდერების მხრიდან და მისი ერთგვარად წინა ხაზზე გაშვება ამ გაერთიანების მხრიდან. რაიონი რომ რთულია ოქრუაშვილმა იცის.

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ თავმჯდომარე ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ორ ოლქში - დიდუბე-ჩუღურეთსა და საბურთალოზე ოპოზიცია შეთანხმებულიყო და სახელისუფლებლო მედიას და პარტიას შეეწყვიტა ქილიკი, რასაც ისინი ორი თვის განმავლობაში აგრძელებდნენ, თითქოს ოპოზიციას არ შესწევს იმის ძალა და უნარი, სრულფასოვნად შეთანხმდეს თბილისის ოლქებზე.

„მივიღე გადაწყვეტილება, წავსულვიყავი ყველაზე რთულ ადგილას. რაც მეტია სირთულე, მით უფრო საინტერესოა მათი გადალახვა. ეს შეთანხმება შედგა. ჩემთვის არის ძალიან დიდი გამოწვევა და პატივი, რომ ოპოზიციური თანხმობით ვიქნები დასახელებული საბურთალოს ოლქში. სხვადასხვა შემოთავაზებები იყო ამ ორი თვის განმავლობაში და მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ წავსულიყავი ყველაზე რთულ ადგილას. ჩემთვის ასეა ცხოვრება - რაც მეტია სირთულე, მით უფრო საინტერესოა მათი გადალახვა“, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

„გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძეს მთავარი სლოგანი უკვე ცნობილია - „ვაპირებ გია ვოლსკი დავამარცხო!“. გაერთიანებული ოპოზიციის დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორტარი დეპუტატობის კანდიდატმა იცის, რომ ვოლსკი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი გამორჩეული სახეა და აპირებს დაამარცხოს. მისი თქმით, ამაში ის მხარდაჭერა დაეხმარება, რომელიც ოპოზიციამ გამოუცხადა. მისივე თქმით, ყველა იმ ოლქში, სადაც წარდგენილია ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი, იქ „გირჩი“ საკუთარ კანდიდატს არ დააყენებს.

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მხარდაჭერა გამომიცხადა და მე მქონდა ერთსულოვანი მხარდაჭერა. „გირჩი“ რჩება იმ შეთანხმების ნაწილი, რომელიც დაიდო ლეიბორისტების ოფისში, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა იმ ოლქში, სადაც არსებობს შეთანხმებული ერთიანი კანდიდატი, იქ „გირჩი“ საკუთარ კანდიდატს არ დააყენებს“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

„ევროპული საქართველოს“ მხარდაჭერა ექნება ზურაბ ჯაფარიძეს და ირაკლი ოქრუაშვილს. გიგა ბოკერიას განცხადებით, ოპოზიციური პარტიების მიერ მიღებული დეკლარაცია არის საქართველოს მომავალი და წარსულს უნდა ჩაბარდეს ივანიშვილის რეჟიმის სიძულვილით სავსე დაპირისპირება.

„ზოგადად, ჩვენი მიდგომა იყო, რომ ის კანდიდატები, რომლებზეც ჩვენ შევჯერდებით თბილისში, უნდა გამოხატავდნენ ოპოზიციის მრავალფეროვნებას. თუ გადახედავთ შეჯერებულ კანდიდატებს, რვავე კანდიდატს, ისინი ძლიერი კანდიდატები არიან. ამასთან, ჩვენ ხომ პროპორციული არჩევნებისკენ ვისწრაფვოდით, საზოგადოების დაკვეთა იყო, ამიტომ იმ 30 ოლქიდან, იმ ნაწილში, სადაც შევთანხმდებით, არ შეიძლება 1, 2 ან 3 პარტია ყოფილიყო წარმოდგენილი, რადგან ბევრად უფრო ფართოა პოლიტიკური სპექტრი. ამიტომ, ამ კანდიდატების არჩევისას ესეც იყო კრიტერიუმი.

ჩვენ უნდა ჩავანაცვლოთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის სიძულვილით სავსე დაპირისპირება და უნდა ჩავაბაროთ წარსულს. თბილისში ოპოზიციის შეჯერება არის მაგალითი იმისა, თუ როგორ გაიზარდა პოლიტიკური სპექტრი საზოგადოების დაკვეთით. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილის რეჟიმის მშვიდობიანად დამარცხების შემდეგ იქნება ევროპული კოალიცია, რომელსაც ჩვენ აუცილებლად შევკრავთ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებმაც შეთანხმებაში არ მიიღეს მონაწილეობა, შეცდომა დაუშვეს. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით, „ევროპული საქართველო“ სრულად უჭერს მხარს ირაკლი ოქრუაშვილსაც, თუმცა, როგორც მანვე აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობისგან“ ამ ოლქში კანდიდატის არდაყენებაც მხარდაჭერის ტოლფასია.

დიდუბე-ჩუღურეთში მხარს ზურაბ ჯაფარიძეს უჭერენ, ხოლო საბურთალოზე კანდიდატს არ აყენებს „ნაციონალური მოძრაობა“. ნიკა მელიას განცხადებით, ბევრი ღირსეული კანდიდატია საბურთალოს რაიონში ოპიზიციიდან თავმოყრილი. ამიტომ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღეო გადაწყვეტილება, რომ იქ კანდიდატი არ დააყენოს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, დეკლარაციის შემუშავება ხმების ერთობლივი დაცვის თაობაზე, მაგრამ ჩემი აზრით, თავშიც არ უნდა გაივლოს ივანიშვილმა და მისმა თანაგუნდელებმა, რომ შესაძლებელი იქნება არჩევნებზე ხმების გაყალბება, ვინაიდან მათ ხელში ბამბაც კი იჩხრიალებს 2020 წლის 31 ოქტომბერს.

ჩვენ ვითანამშრომლებთ მჭიდროდ ერთამანეთთან და კიდევ უფრო მთავარი შეთანხმება, რაც დარწმუნებული ვარ, მოხდება უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, სექტემბრის თვეში, ყველა ოპოზიციური დემოკრატიული ძალა შევთანხმდებით ერთობლივად და ეს აისახება საერთო დეკლარაციაში, რომ არავინ ითანამშრომლებს არადემოკრატიულ ძალასთან - „ქართულ ოცნებასთან“ და მის ოლიგარქთან, ეს არის უმნიშვნელოვანესი“, - ამბობს ნიკა მელია.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ის მუდმივ კოორდინაციაშია ოპოზიციურ ლიდერებთან და საბურთალოს რაიონში ოპოზიციის საერთო კანდიდატად ირაკლი ოქრუაშვილის დასახელება, დიდუბე-ჩუღურეთში კი ზურაბ ჯაფარიძის, მათთან კოორდინაციის გარეშე არ განხილულა. ვაშაძე განმარტავს, რომ ის ყველა ოპოზიციურ პროდასავლურ ძალასთან განიხილავს კოალიციას.

„ვაპირებ, გავხდე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იმისთვის, რომ ქვეყანაში შიმშილი დავამარცხოთ, დავამარცხოთ ის უკიდეგანო გაჭირვება, რაც ქვეყანაშია. დავიწყოთ რეალური რეფორმები, რაც აღმშენებლობას მოიტანს ყველა სფეროში. რაც შეეხება კოალიციას, პროდასავლური კოალიცია აუცილებლად იქნება. მე განვიხილავ კოალიციას ყველა პროდასავლურ ძალასთან, ვინც დღეს ოპოზიციაშია“, - ამბობს გიორგი ვაშაძე.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გია ვოლსკი ამბობს, რომ ოპოზიციის საუბარი გამარჯვებაზე წინასაარჩევნო ბაქიბუქია. ჟურნალისტებთან საუბრისას ვიცე-სპიკერმა აღნიშნა ისიც, რომ ოპოზიციის შანსები არჩევნებში მცირეა. როგორც ვოლსკი აღნიშნავს, ირაკლი ოქრუაშვილის დასახელებით გამოჩნდა, რა ტიპის ერთობა აქვს ოპოზიციას.

„საზოგადოებას მიაწოდეს ამით ინფორმაცია, თუ რას წარმოადგენს ერთობა. იგივე ოქრუაშვილი რუსეთის პლატფორმიდან ადანაშაულებდა სააკაშვილის ხელისუფლებას, რომ ადამიანების ლიკვიდაციას ავალებდნენ და ის უარს ამბობდა, არის ბევრი სხვა თემაც, რომელიც ამ პიროვნებებს ერთმანეთისგან აცილებს თავის დამოკიდებულებით საკითხების მიმართ.

რაც შეეხება თვითონ კანდიდატურებს, მათ დამოკიდებულებას არჩევნების მიმართ, დამარცხების და გამარჯვების შესახებ საუბარს, რასაკვირველია, ეს წინასაარჩევნო ბაქიბუქია, მაგრამ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული ანალიზი, ვისთან გვაქვს საქმე, რით განსხვავდებიან ეს ადამიანები ერთმანეთისგან და სად არის მათი გაერთიანების მთავარი წერტილი.

ეს არის მათი დესტრუქციული სტრატეგია, ბაქიბუქი და ხმამაღალი განცხადებების გაკეთება, რომ მათ ხმები უნდა დაიცვან მაშინ, როცა ხმებიც და ვითარებაც სწორედ მათგან არის დასაცავი და ამას შეძლებს სახელისუფლებო რგოლი. მე ვფიქრობ არჩევნებთან დაკავშირებით საკმაოდ მცირე შანსები აქვს ოპოზიციას, მათ შორის თბილისში და ყველაფერს საზოგადოება გადაწყვეტს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.