„ჩემი ვარაუდით, ამ არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობა“ საბოლოოდ დასრულდება“

„ჩემი ვარაუდით, ამ არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობა“ საბოლოოდ დასრულდება“

„არაერთგზის წაგებული არჩევნები ხომ მობეზრდება, ვინც ამაში ნაციონალებს ფულს უხდის და ხომ იკითხავს, რისთვის ვიხდი ამ თანხას?“, - აცხადებს For.ge-სთან საუბარში ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი.

ბოლო ორი დღის განმავლობაში ზედიზედ ორი სოციოლოგიური კვლევა დაიდო, „აირაი“-ს შემდეგ „რუსთავი 2“-ის დაკვეთით გავრცელდა სოციოლოგიური გამოკვლევა. ოპოზიციონრები თანხმდებიან, რომ ამ კვლევების მიხედვით, მართალია, ხელისუფლება პირველ ადგილზეა, მაგრამ „ქართული ოცნებისთვის“ განკუთვნილი 33%-ის მიუხედავად, გაერთიანებულ ოპოზიციას ჯამში ვერავინ მოუგებს. მამუკა მდინარაძე კი ირწმუნება, რომ „ქართულ ოცნებას“ 60% აქვს რეიტინგი და არა „აირაი“-სგან „მინიჭებული“ 33%. როგორ გგონიათ, ჯამში ოპოზიციას რა პერსპექტივა აქვს?

- როგორც ვიცი, „ქართული ოცნება“ ძალიან ინტენსიურად ატარებს თავის შიდა კვლევებს, გარკვეული სიხშირით ასეთი კვლევები ტარდება, მაგრამ მათი მიზანი არ არის რეპრეზენტირება და საზოგადოების სამსჯავროზე წარდგენა. ეს შიდა მოხმარებისთვისაა და მეტ-ნაკლებად ობიექტურია. მე რაც ვიცი, სადღაც 45-50%-ის შუალედშია „ქართული ოცნების“ რეიტინგი ამ წუთას.

ალბათ, ეს „ტოჩნი ზურაბას“ კვლევა არ იქნება და სხვა კვლევებიც ექნებათ „ქართულ ოცნებაში“?

- ბუნებრივია, აქ სხვა კვლევებზეცაა საუბარი, ყველაზე კარგი კვლევა თვითონ არჩევნებია და ძალიან დიდი დროც არ დარჩა არჩევნებამდე, სულ რაღაც 2-3 თვე. ამიტომ მალე გამოჩნდება, რომელი კვლევაა მართალი, „აირაი“-ს კვლევა, თუ „რუსთავი 2“-ის დაკვეთით შესრულებული კვლევა.

ოპოზიცია ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ ვერ ჩამოაყალიბებს კოალიციურ მთავრობას, თუნდაც თავისი სატელიტი პარტიების მიუხედავად.

- მე არ ველოდები, „ქართულ ოცნებას“ რაიმე სერიოზული პრობლემა შეექმნას, რომ მყარი უმრავლესობა ვერ შექმნან პარლამენტში და მთავრობა ვერ ჩამოაყალიბონ, ყოველგვარი კოალიციების გარეშე. ამის საფრთხეს ვერ ვხედავ. ძალიან არასერიოზულად გამოიყურება „აირაი“-ს კვლევების შემდეგ ოპოზიციის მიერ გაკეთებული კომენტარი - აი, ხომ ხედავთ, ჩვენ გვაქვს დიდი შანსი, მოვუგოთ „ოცნებას“ არჩევნებიო. თუ არ ვცდები, სამადაშვილმა თქვა ამის შესახებ და მიკვირს, როგორ ამბობს ამას? თვითონ „ნაცმოძრაობას“ 16%-იანი რეიტინგი აქვს „აირაი“-ს კვლევაში, ანუ ორჯერ ნაკლები.

ოპოზიცია ფიქრობს, რომ გაერთიანებული ძალებით ჯამში მოუგებს „ოცნებას“.

- ჯამში რომ არაფერს წარმოადგენენ, ერთმანეთს უპირისპირდებიან, ხომ ხედავთ. პარლამენტში რომ ათჯერ მეტი დაპირისპირება იქნება, ესეც ხომ ფაქტია. ახლა საერთო მიზანი და ამოცანა აქვთ და მაინც ვერ შეთანხმებულან და პარლამენტში ყველა თავისკენ რომ იქნება, იქ რაზე უნდა შეთანხმდნენ?!

ოპოზიციას ძალიან ხშირად მოუსწრებს ხოლმე ვაშინგტონიდან მესიჯები, ზარები, რეკომენდაციები, ამჯერად ისინი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილის სტივენ ბიგანის გზავნილმა გამოაცოცხლა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები იქნება კრიტიკული ეტაპი. რას ცვლის ასეთი გზავნილები?

- ამ შეფასებებს ძალიან არასერიოზულად ვუყურებ, ამერიკელებმა თავიანთ თავსა და პრობლემებს მიხედონ. ეს არ არის ანტიამერიკული მოწოდება, მაგრამ კრიტიკული არჩევნები თუ სადმე იქნება, ეს იქნება აშშ-ში. იმასთან შედარებით ჩვენი არჩევნები განსაკუთრებული არ იქნება. ეს იქნება ერთ-ერთი ორდინარული არჩევნები, განსაკუთრებულობა ექნება ის, რომ ჩემი ვარაუდით, ამ არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობა“ საბოლოოდ დასრულდება.

რის საფუძველზე ამბობთ ამას? სხვათა შორის, გია ნოდიამ უწინასწარმეტყველა სააკაშვილს, თუ ივანიშვილის რეჟიმის დასრულება უნდა, წინასაარჩევნო კამპანიაში რაც შეიძლება, ნაკლებად ჩაერთოს. მოუსმენს სააკაშვილი ნოდიას?

- ბიძინამ თქვა თავის დროზე, რომ ნაციონალები კედელს ურტყამენო თავს. ძალიან დიდხანს რომ ურტყამენ თავს და ეს კედელი არ ინგრევა, უკვე გასაგებია, რაც დაემართებოდათ. ბოლო-ბოლო ხომ მობეზრდება ამის დაფინანსება, ვინც ამაში ფულს იხდის? ახლა გია ნოდიას რჩევას გაითვალისწინებს სააკაშვილი?!

პარტიის გადასარჩენადაც არ გაითვალისწინებს სააკაშვილი ამ რჩევას?

- სააკაშვილს არ აინტერესებს არავითარი პარტია, ის შეპყრობილია საკუთარი თავით, პარტია უნდა იყოს მისკენ და არა ეგ პარტიისკენ.

ვინ აფინანსებს ასე უწყვეტად, რომ მუდამ აქვს სააკაშვილს თანხები პარტიისთვის?

- ეს ძირითადად „ნაცმოძრაობისგან“ წაღებული თანხებია, თუმცა გარკვეული ბიზნესჯგუფები საქართველოში დღემდე არიან, რომლებიც ამაში ფულს დებენ. ბევრი ბიზნესია ჯერ კიდევ სააკაშვილის დროს გალაღებული, რა თქმა უნდა, ბიზნესს ვერ გაუსწორდება ახალი ხელისუფლება, ასეთი პოლიტიკური ზეწოლა წარმოუდგენელი იქნება. ამიტომ ისინი ინახავენ პარტიულ ისტებლიშმენტს, ძველ სახეებს კარგი შემოსავალი აქვთ, უნდა დავინტერესდეთ, რითი ცხოვრობს უგულავა, ბოკერია... მათ კარგი შემოსავლები აქვთ, აღარაფერს ვამბობ მათ ტელევიზიებზე, მედიაზე, პროპაგანდის საშუალებებზე, რომელიც ძალიან ძვირი ჯდება, მაგრამ ერთი არჩევნები, მეორე არჩევნები, მესამე არჩევნები, მეოთხე არჩევნები, ვინც ამაში ფულს იხდის, ბოლოს და ბოლოს, ხომ იკითხავს, რისთვის ვიხდი ფულს, არ მირჩევნია, სხვა რამეში გადავიხადო თანხები და უფრო ეფექტური გზა მოვნახო? ნაცებს „ობშჩიაკის“ ფულიც აქვთ, ისინი ხშირად ამბობენ, თითქოს ქურდული გაგების და კრიმინალური ცნობიერების წინააღმდეგნი არიან, მაგრამ სინამდვილეში თვითონ არიან ასეთები. აქვთ საერთო საქმის ფული, რომელიც სრულიად არაგამჭვირვალეა, როგორ იკრიბება, რანაირად გროვდება, ამის შესახებ ხომ არავინ არაფერი იცის. სამაგიეროდ, ქართული ოცნების შემთხვევაში, ვიცით, რომ მთავარი დონორი და სპონსორი არის ბიძინა ივანიშვილი. არაფერი დამალული ამაში არ არის და თამაშის წესები ცნობილია. რა ინტერესი აქვს კეზერაშვილს, რომ ტელევიზია გააკეთოს, უცნობია, გარდა იმისა, რომ ის დაავალდებულეს „პარტიულ შეკრებაზე“, სინამდვილეში კი, ერთიან გაგებაში, რომ ფული გადაეხადა. კეზერაშვილი თავისუფლებაზეა, რადგან ჩვენი მართლმსაჯულება ვერ მისწვდა მას.

ფული ისეთი რამეა, მის გამო ყოველთვის ხდება დაპირისპირება, ე.წ. ობშჩიაკის გამო ნაცებს არ მოსდით დაპირისპირება?

- ცხადია, მოსდით, რატომ არის მათი მედია ასე გამწარებული? ის ცდილობს, დაასაბუთოს, რომ ამ ფულს მისი გადამხდელი ტყუილად არ იხდის. მაგალითად, „მთავარი არხის“ დამფინანსებელი რომ ფულს ტყუილად არ იხდის, ამის დასაბუთებას ცდილობს გამწარებული გვარამია. რომ არ გამოსდის, უფრო მწარდება. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი და რაღაც ეტაპზე ეს უნდა დასრულდეს. ამდენი ხანი კედელს ურტყამენ თავს, ამისგან რა შედეგი იქნება?

„რუსთავი 2“-ის კვლევას თუ გავიზიარებთ, ოპოზიციას უკეთესი მაჩვენებელი აქვს დედაქალაქში, ვიდრე რეგიონებში. ტრადიციულად, დედაქალაქი ყოველთვის ოპოზიციური განწყობის იყო, მაგრამ -არა ნაცების სასარგებლოდ ოპოზიციური.

- ყველაფერი შედარებითია, აქ შეიძლება ოდნავ უკეთესი მაჩვენებელი იგულისხმებოდეს, წარმოუდგენელია, არსებითი სხვაობა იყოს რეგიონებსა და დედაქალაქს შორის.

Lolo47 „ამ არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობა“ საბოლოოდ დასრულდება“. ბ-ნო დავით, დიდ პატივს გცემთ, თქვენს წერილებსა და ინტერვიუებს მუდამ ინტერესით ვკითხულობ, მაგრამ ეს მოყვანილი ციტატა ინტერვიუდან, სამწუხაროდ, თქვენს სურვილს (ისევე, როგორც ჩემსასაც) უფრო ჰგავს, ვიდრე რეალობას. ვფიქრობ, „ოცნება“ ამას არ დაუშვებს - მერე თითი ვიღასკენ უნდა გაიშვირონ?! „მიშათმავლობის“ დასრულება, რომ უნდოდეთ, ამას ჯერ კიდევ 2012-ში გააკეთებდნენ. ძალიან კარგად მესმის, რომ იყო ზეწოლა ჩვენი დაუძინებელი „მეგობრების“ მხრიდან, მაგრამ მგონია, რომ აქ სრული თანხვედრა მოხდა! გასაკეთებელ საქმეს დროულად უნდა გაკეთება - ბანალური ჭეშმარიტებაა! 8 წელი არ სჭირდებოდა ამას. ვშიშობ, დიდი ტკივილით ვამბობ ამას, არასდროს დასრულდება (დაასრულებენ)!!!
4 წლის უკან
Lolo47 ჩემი კომენტარის დასადასტურებლად აი როგორ გვმოძღვრავს „ოცნებიდან“ ვინმე რევაზ არველაძე: “ევროპულ საქართველოსთან” კიდევ შეიძლება კოალიცია, “ნაცმოძრაობას” და “ლელოს” გამოვრიცხავთ”?! „ევროპულ საქართველოსთანო“, გესმით? არამზადების ხროვასთანო!!!
4 წლის უკან
Katana . რევაზ არველაძე - ჩვენი ენერგეტიკის მამა და მილიონერი დეპუტატი, "ვინმეა"?
კაცი, რომელიც "ტანკისტი" იყო ჯერ კიდევ ომამდე! (ოღონდ, არალეგალურად).
4 წლის უკან
Lolo47 ჩემთვის ვინმეა და გახვრეტილი შაურია მასეთი ტიპების ფასი საქართველოსთვის.
4 წლის უკან