31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე განაწილებით ჩატარდება, სადაც 120 მანდატი პროპორციული, 30 კი მაჟორიტარული წესით გადანაწილდება. პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40-54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.
ასევე დადგინდა პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ჯამურად მიღებული მანდატების მარჟა, რომლის გადაჭარბების შემთხვევაში, პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მოაკლდება მანდატები პროპორციული საარჩევნო სიიდან და გადანაწილდება იმ სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილ საარჩევნო სიებზე, რომლებმაც შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახეს. პარტიებმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები უკვე წარადგინეს და ამით საარჩევნო კამპანია დაიწყეს, თუმცა როგორც მმართველი გუნდი, ასევე ოპოზიცია არ ჩქარობს ამომრჩევლისთვის საარჩევნო სიის წარდგენას.
საქართველოს ხელისუფლებას მოახლოებული არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარებისკენ მოუწოდებს აშშ-ის ელჩი. კელი დეგნანი ამბობს, რომ ოქტომბრის არჩევნები შესაძლებლობაა არჩეული იყოს უფრო წარმომადგენლობითი პარლამენტი, ასევე მნიშვნელოვანია მაჟორიტარი კანდიდატების გარდა, ყურადღება მიექცეს პროპორციულ სიაში მყოფ კანდიდატებსაც. როგორც ელჩი ამბობს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მიმართ საკმაოდ დიდია როგორც ამერიკის, ასევე ევროპის ინტერესი.
„ვფიქრობ, ყველა აცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს არჩევნები. ქართველებისთვის ეს არის შესაძლებლობა, აირჩიონ უფრო მეტად წარმომადგენლობითი პარლამენტი, რომელშიც უკეთესად იქნება წარმოდგენილი შეხედულებებისა და ინტერესების მრავალფეროვნება. ვიმედოვნებ, მაჟორიტარი კანდიდატების გარდა, რომლებსაც ხალხი იცნობს, ქართველები, ასევე ყურადღებას მიაქცევენ პროპორციულ სიებს, რომელიც ახლა უფრო მეტად მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე აქამდე, რადგან უფრო მეტი კანდიდატია წარმოდგენილი.
ეს არის საქართველოსთვის წინ გადადგმული ნაბიჯი, 2024 წელს სრულად პროპორციულ არჩევნებზე გადასასვლელად. ასე რომ, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება ოქტომბერში ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ სახელმწიფო მდივნის მოადგილის კომენტარები ასახავს ამერიკაში, ევროპასა და, რა თქმა უნდა, საქართველოში ინტერესისა და შეშფოთების დონეს“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილე სტივენ ბიგანი საქართველოში დაგეგმილი არჩევნების წინ დემოკრატიული განვითარებისა და ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე საუბრობს. ბიგანი იმედოვნებს, რომ საკმარისი პოლიტიკური ნებით, ქართველი ხალხი აუცილებელ ნაბიჯებს გადადგამს, რათა დემოკრატიის სიძლიერე უზრუნველყონ.
„ჩვენი ერთგულება დემოკრატიისადმი დგას ყველაზე მაღლა. საქართველო რეგიონში ლიდერია ბევრი მიმართულებით. აშშ-ს აქვს მოლოდინები თბილისში პარტნიორებისგან, რომ გააგრძელებენ დემოკრატიული იდეალების განვითარებას და გააძლიერებენ მმართველი ინსტიტუტების მუშაობას. ამ წლის ოქტომბრის არჩევნები იქნება კრიტიკული ეტაპი ამ მიმართულებით. ჩვენ გვჯერა, რომ საკმარისი პოლიტიკური ნებით, ქართველი ხალხი გადადგამს აუცილებელ ნაბიჯებს, რომ უზრუნველყონ დემოკრატიის სიძლიერე“, - აღნიშნავს სტივენ ბიგანი.
ანალიტიკოსების განცხადებით, ცხადია, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სტაბილურობას და წარმატებას შიდა პოლიტიკური მდგომარეობა განსაზღვრავს. რაც შეეხება ელჩის განცხადებას, რომ ოქტომბრის არჩევნები შესაძლებლობაა არჩეული იყოს უფრო წარმომადგენლობითი პარლამენტი, ანალიტიკოს სოსო მანჯავიძე პასუხობს, რომ პარლამენტი უნდა იყოს ისეთი, როგორც გადაწყვეტს ქართველი ამომრჩეველი.
„რასაც გადაწყვეტს ამომრჩეველი და ვისაც მისცემს ხმას, იმ პროპორციით იქნება პარლამენტი წარმომადგენლობითი. რას ნიშნავს უნდა იყოს? ისე გაერთნენ დემოკრატიის სახელით ლაპარაკში, რომ საერთოდ ვერ საზღვრავენ ტერმინებს, საერთოდ დაეკარგათ კონტროლი სიტყვებზე. რას ნიშნავს, თუ მისი წარმოდგენის შესაბამისად არ იქნება წარმომადგენლობითი პარლამენტი, ე.ი. უკმაყოფილო იქნება ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით? ჟორიკა რურუას, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტპატიმრობისა არ იყოს, როდემდე შეიძლება გაგრძელდეს მართლა ეს აბსურდის თეატრი? იქნებ გვითხრას ქალბატონმა კელიმ, რას ნიშნავს უნდა იყოს წარმომადგენლობითი? სინამდვილეში ამბობს იმას, რომ რაც შეიძლება მეტი ბოკერია და მეტი „ლელო“ პარლამენტში, ეს იკითხება ელჩის განცხადებაში“, - აცხადებს სოსო მანჯავიძე.
ელჩის განცხადებას შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევად აფასებს სოსო მანჯავიძე და აცადებს, რომ ასეთი ტიპის განცხადებებით იწვევს აგრესიას მოსახლეობაში, რაც აზარალებს საარჩევნო პროცესს.
„პირდაპირ გვაგდებენ თავიანთი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგის ხახაში, ეს ძნელი გასარკვევია? გასაგებია, რომ ხელისუფლებას ყოველთვის სჭირდება კონტროლი, რომ არ წავიდეს ავტოკრატიისაკენ, მაგრამ ეს კონტროლი თვითონ ხალხმა უნდა განახორციელოს ქვეყნის შიგნით და ეს არის მთავარი, იმიტომაც დავაფუძნეთ ა-რ „დავასრულოთ“.
მთავარი არის საარჩევნო პროცესი იყოს ღია, გამჭვირვალე და ვისაც ხალხი მისცემს ხმას, ის იყოს წარმოდგენილი. ძალიან არაკორექტულად მიმაჩნია საარჩევნო სისტემის თავზე მოხვევა, როდესაც თვითონ სხვანაირი სისტემა აქვთ, დიამეტრალურად განსხვავებულია იმისგან, რასაც ჩვენ გვეუბნებიან. ახლა გვეუბნებიან - ეს საარჩევნო სისტემა რომ მიიღეთ, იქ მეტი ბოკერია უნდა გყავდეთო. ეს კონტექსტი მიუღებელია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.
ელჩის განცხადებაში უპატივცემულობა დაინახა პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ, მაგრამ უპატივცემულობა არა იმიტომ, რომ ელჩს აქვს ასეთი ტაქტიკა, არამედ ჩვენ ვახდენთ ასეთი დამოკიდებულების პროვოცირებას დასავლეთის ელჩების და მით უმეტეს ამერიკის ელჩის მხრიდან.
„ეს ხომ არ არის პირველი შემთხვევა? ყველა საკითხზე მივარდებიან და ეკითხებიან - აბა თქვენ რას ფიქრობთ? თან ამ კითხვას უსვამენ ისე, რომ მისი ფიქრი გადამწყვეტია. როცა შენ ეუბნები, რომ შენ რასაც იტყვი, ის არის გადამწყვეტი, მერე იძახიან იმას, რასაც ფიქრობენ და აღარ მოიაზრებენ იმას, რომ ამით ერევიან შიდა საქმეებში, რაც ელჩისთვის საერთოდ მიუღებელია. ასე რომ, ძალიან ხშირად, ჩვენ ვახდენთ ცუდ გავლენას ელჩებზე და ვარღვევინებთ მათ ელჩის მოვალეობას.
ეს დამოკიდებულება ჯერ კიდებ იქიდან იღებს სათავეს, როცა არ ვიცოდით რა ქვეყანას ვაშენებდით და ყველაფერს ვეკითხებოდით ელჩებს. ეს დამოკიდებულება მერე უფრო გააღრმავა სააკაშვილმა იმ მხრივ, რომ რახან დასავლურია და ევროპულია, ე.ი. საუკეთესოა და მეტ-ნაკლებად ასე გრძელდება დღესაც. მეტ-ნაკლებად ვამბობ იმიტომ, რომ ამავე დროს გაიჟღერა გახარიას რეპლიკამ, როცა მას მოუწოდებდნენ რურუა უნდა გამოუშვაო, გახარიამ უპასუხა, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ მყავსო. მკვეთრად მოჭრა რეპლიკა, რომელიც მოდიოდა დასავლეთიდან და მოჭრა იმით, რომ საქართველოს თავისი საქმეები აქვს გასაკეთებელიო, რაც იყოს აბსოლუტურად სწორი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის შეფასებით, მეტი წარმომადგენლობა ახალ პარლამენტში - ეს არის საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა და პროპორციულზე გადასვლა. მისი თქმით, ცვლილების მიზანი ის იყო, რომ სხვადასხვა ინტერესის წარდგენა და ასახვა მოხდეს პარლამენტში.
„კეთილი სურვილებია, მეტი არაფერი. ასეთ გამოცდილ დიპლომატს ტონალობაში რამე დისონანსი დაეშვა, გამორიცხულია. მოლოდინი არის ასეთი, რომ საქართველო ჩაატარებს კარგ არჩევნებს, ვიდრე წინა არჩვენები იყო. იდეალური არჩევნები თვითონ ამერიკაში არ ტარდება. ცხადია, რომ პროგრესს ელოდებიან სტრატეგიული პარტნიორისგან. დემოკრატიული არჩევნები ამერიკისთვის მნიშვნელოვანია და ბუნებრივია, რომ კეთილ სურვილებს გამოხატავენ, სხვა არაფერი არ არის.
ცხადია ამერიკის ელჩი გულისხმობდა იმას, რომ სიების შედგენისას პარტიებმა უნდა გაითვალისწინონ სხვადასხვა ინტერესები და რაც შეიძლება მეტად დაუახლოვდნენ ხალხის განწყობებს, რაც ასეა. ერთადერთი, რაც არის სპეციფიური ამ არჩევნებში, ეს არის რა ბატალიებიც უძღოდა წინ ამ საარჩევნო კანონმდებლობას, რომ მეტად პლურალისტური იყოს, უფრო მეტად წარმომადგენლობა ნიშნავს, რომ უფრო მეტი პოლიტიკური სუბიექტი მოხვდეს პარლამენტში, ვიდრე დღეს არის. პატარ-პატარა პარტიების გამოჩენა არ იქნებოდა სასურველი. ასეთი აგნწყობა უფრო ჩანს, ვიდრე ფარული ზრახვები.
რაიმე ისეთი მინიშნება, ვინ მოიგებს არჩევნებს, მით უმეტეს ნაცების ინტერპრეტაცია, რომ აშშ მხარს უჭერს ხელისუფლების შეცვლას, ეს არის სპეკულაცია, არავითარი რეალური საფუველი ამის არ აქვთ. ამერიკისთვის მნიშვნელოვნი არ არის ვინ იქნება საქართველოს ხელისუფლებაში. მთავარია, ქვეყანამ არ შეცვალოს პოლიტიკური კურსი, მაგრამ ამის საფრთხე არ არის“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.
?
როცა ქალბატონ ელჩს ნახევრად პროპორციული სისტემაც კი "წინ გადადგმულ ნაბიჯად" მიაჩნია, როგორც გარდამავალი ეტაპი "სრულად პროპორციულ არჩევნებზე გადასასვლელად", სასურველია რომ რამენაირი მინიშნება მაინც გააკეთოს - თუ ასეთი კარგია, რატომ მისმა ქვეყანამ ვერ მოახერხა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და რატომ ატარებენ არჩევნებს ისევ მაჟორიტარული წესით?
თუ, ის რაც ჯერ კიდევ ნორმალურია შეერთებული შტატებისთვის, დიდი ბრიტანეთისთვის და კანადისთვის, უკვე აღარ ეკადრება საქართველოს?..