„წელს ქვეყანამ იარა – მარშით: ადგილზე ნაბიჯით „იარ!“

„წელს ქვეყანამ იარა – მარშით: ადგილზე ნაბიჯით „იარ!“

მალე 2010 წელიც წარსულს ჩაბარდება. ორი ათწლეულის მანძილზე ქვეყანამ ბეწვის ხიდზე სიარულს თავი ვერ დააღწია. საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია და ახალგორში რუსული ტანკები დგანან. გაუარესებულია სოციალური ფონი. 

წლის შედეგებს ანალიტიკოსები აფასებენ. 

„2010 წელი საქართველოსთვის გარდამტეხი იყო, სააკაშვილმა კი გარდატეხა თავის რეიტინგში შეიტანა“, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „ჯი-ეიჩ-ენს“ მიმდინარე წლის პოლიტიკური შედეგების შეფასებისას განუცხადა. 

„სამი კრიზისული ფაქტით დაიწყო საქართველოსთვის 2010 წელი. კერძოდ, 2008 წლის ომში მარცხით, 2009 წლის უზარმაზარი დემონსტრაციებით და აღნიშნულის გამო დასავლეთის ძველი პარტნიორების ცივი ურთიერთობით (ლაპარაკი იყო იმაზედაც, რომ საქართველო იზოლაციაში ექცეოდა სააკაშვილის იზოლაციის გამო). 

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ ერთ წელში შეუძლებელი იყო, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში გარდატეხა ნამდვილად მოხდა - შეიცვალა სააკაშვილის მიმართ დამოკიდებულება, რომელიც, შეიძლება ისეთი მაინც არაა, როგორიც ბუშის ადმინისტრაციის დროს იყო, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტს მსოფლიო მნიშვნელობის რამდენიმე ტრიბუნა მაინც დაეთმო“, - განმარტა საყვარელიძემ.

მისი შეფასებით, 2010-ში გარდატეხა მოხდა შიდაპოლიტიკური თვალსაზრისითაც, რაც იმაში გამოიხატება, რომ საზოგადოებაში საპროტესტო მუხტი შემცირებულია. 

„შიდაპოლიტიკური კლიმატიც ისე ჩამოყალიბდა, რომ საპროტესტო განწყობა (რომელიც ვერ ვიტყვი რომ არ არის) არ უბიძგებს მოქალაქეებს საპროტესტო აქციებისკენ. ამის მიზეზი ისაა, რომ იკლო ოპოზიციის მიმართ რწმენამ. რწმენამ იმისა, რომ ის მოახერხებს სააკაშვილის დამარცხებას“, - დასძენს პოლიტოლოგი. 

საყვარელიძე განმარტავს, რომ ქართულ საზოგადოებაში სააკაშვილმა „დაუმარცხებლის იმიჯი“ შეიქმნა და ამას პოლიტიკური თამაშის პასიურ სტილზე გადასვლით (ძალის მიერი მეთოდების გამოყენებაზე უარი თქვა და უფრო ლმობიერი გახდა) მიაღწია“. 

„ერთი სიტყვით, 2010 წელი ოპოზიციისთვის უფრო რთული იყო. მან არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, თუმცა შთამბეჭდავი შედეგი ვერ აჩვენა. ამას ემატება ისიც, რომ ამ ეტაპზე, შთამბეჭდავ შედეგს მოსახლეობაზე ვერც აქციის გზა ახდენს. ასე რომ, ოპოზიციის მოღვაწეობის ეს ორი ინსტრუმენტი დღეისთვის საკმაოდ ბლაგვად გამოიყურება“, - აცხადებს საყვარელიძემ.

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის შეფასებით, 2010 წელი საგარეო პოლიტიკაში წარმატებით, შიდაპოლიტიკაში კი შეცდომებით გამოირჩეოდა. 

„ამ წელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ოპოზიციის სისუსტე. განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმას, რომ პარლამენტს გარეთ ოპოზიციის რესურსი მინიმალიზებულია. განსაკუთრებით გამოიკვეთა ის შეცდომაც, რომელიც მან პარლამენტში შესვლაზე უარის თქმით დაუშვა“, - განუცხადა ცინცაძემ „ჯი-ეიჩ-ენს“. 

მისი განმარტებით, ეს წელი პირველია პოსტსაბჭოთა სივრცის შემდგომ საქართველოში, როცა არჩევნებში დამარცხებულმა მხარემ გამარჯვებულს მიულოცა და აღიარა, რომ არჩევნები იყო სამართლიანი. 

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, პოლიტოლოგის განმარტებით, ქვეყნის წარმატება იმაში გამოიხატება, რომ წელს, ცივილიზებულმა ევროპამ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია პირველად აღიარა. 

„აქამდე კეთდებოდა ზეპირი განცხადებები, მაგრამ ზეპირი განცხადებები არასდროს არ სარგებლობს საერთაშორისო პოლიტიკაში ნდობით. ასე რომ, გავა წლები, საუკუნეები და ნატოს საპარლამენტო ასამბლეასა და ლისაბონის ნატოს სამიტზე მიღებულ დოკუმენტებს სტუდენტები გაეცნობიან და ისწავლიან, რომ რუსეთი არის ოკუპანტი“, - დასძინა მან.

პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით წელს ქვეყანამ იარა - მარშით: “ადგილზე ნაბიჯით იარ!”. 

„როცა წინსვლა არ არის, ეს შესაძლოა, უკუსვლის ტოლფასი იყოს. პროცესი ნიშნავს იმის აღდგენას, რაც იყო, მაგრამ როცა მოძრაობა არ არის, ეს მოწინააღმდეგე მხარის მცირე, მაგრამ მაინც წარმატებაზე მიუთითებს. ამდენად, ნაბიჯით ადგილზე სიარული არ შეიძლება მომავალ წელსაც გაგრძელდეს“, - განაცხადა ცისკარიშვილმა წლის განმავლობაში ხელისუფლების მიერ ამ მიმართულებით განხორციელებულ სამუშაოზე კომენტირებისას. 

მისი შეფასებით, რეალიზმი არის ის, რაც წლევანდელ წელს საქართველოში დეფიციტს წარმოადგენდა. 

„მთელი წელი გავატარეთ იმის გარკვევაში, რას ნიშნავს ტერმინი „ოკუპაცია“ ინგლისურ ენაზე და არის თუ არა ის იმავე დატვირთვის მატარებელი, როგორც ქართულად და რუსულად. შედეგად მივიღეთ ის, რომ ყველა ნაბეჭდი პროდუქცია რესტორნების მენიუს ჩათვლით უნდა იყოს დამშვენებული წარწერით - „საქართველოს ტერიტორიების 20 % ოკუპირებულია“. 

არ ვიცი, პოლიტიკური თვალსაზრისით ამაში რა მიმზიდველობაა ან რესტორანში შესვლის დროს უცხოელ ტურისტებს ეს რამდენად მოჰგვრის უფრო ძლიერ მადას, მაგრამ ფაქტია, რომ რეალობასთან ასეთი შეუთავსებლობა არცთუ იშვიათია“, - განმარტა პოლიტოლოგმა. 

მისი თქმით, „როცა დრო გადის და მცდარი მოლოდინი ფუჭ მოლოდინად წარმოჩინდება, ადეკვატური ნაბიჯების გადადგმა ძნელი ხდება“.