საპარლამენტო უმრავლესობა ტყეების უკანონოდ გასხვისებას ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის სახელს უკავშირებს. ექსპრემიერისა და ზოგადად, მთელი მთავრობის უმეცარმა პოლიტიკამ ქვეყანა ეკოლოგიური კატასტროფის პირას მიიყვანა.
უმრავლესობის წევრი და „მწვანეთა პარტიის“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში, რესურსების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, მერაბიშვილის მხარდაჭერით კანონდარღვევებით ახდენდა ტყეების გასხვისებას. გია გაჩეჩილაძის თქმით, სატყეო ლიცენზიების უმრავლესობა კანონთან შეუსაბამოა და სახელმწიფოს ინვესტორებისათვის აქტივის ჩამორთმევის სრული უფლება აქვს.
კანონი სამინისტროს ყოველი ლიცენზიის გაცემამდე სპეციალური მოკვლევის ჩატარებას და დასკვნის დადებას ავალდებულებს, თუმცა გაჩეჩილაძის მტკიცებით, ყოფილი ხელისუფლების პირობებში ლიცენზიები ინვესტორებს ყოველგვარი წინასწარი მოკვლევის გარეშე უმტკიცდებოდათ.
ახალ მთავრობას ლიცენზიების გადახედვის პროცესი უკვე დაწყებული აქვს და ბუნებრივი რესურსების მართვის უფლების გარემოს დაცვის სამინისტროსთვის დაბრუნების შემდეგ ხელისუფლებას ხელშეკრულებების გაუქმების ბერკეტი ექნება.
არადა, ლიცენზიების უთავბოლო გაცემამ სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანა ქვეყნის სატყეო ფონდი. ტყეები იჩეხება ყველგან და ამ ყველაფერს ე.წ. ინვესტორები კანონის ფარგლებში უდრტვინველად აკეთებენ. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა მცხეთა-მთიანეთში, სადაც 11 ათასი ჰექტარი ტყე გაიჩეხა. პროცესი დღესაც გრძელდება და თუ დროზე არ შეჩერდა, შედეგი კატასტროფული იქნება.
მცხეთა–მთიანეთის ღია გარემოსდაცვითმა სამოქალაქო ინიციატივამ (OECI), ტყეების მდგომარეობის შეფასებისა და ფოტო–ფიქსაციის მიზნით, 2012 წლის ნოემბერში და დეკემბერში დუშეთისა და თიანეთის სატყეო უბნებზე საველე გასვლები განახორციელა.
დარგის სპეციალისტები რეგიონის ტყეებში არსებულ მდგომარეობას საგანგაშოს უწოდებენ. უკვე დეგრადირებულია უბნები, სადაც ტყის სიხშირე კრიტიკულ ზღვარს ქვემოთაა. ბოლო პერიოდამდე, მათ შორის, ოქტომბრის არჩევნების შემდეგაც ხეები მასობრივად, ყოველგვარი კონტროლის გარეშე იჩეხებოდა.
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, მამულ მამულაშვილის თქმით, თიანეთის გამგეობა, საკუთარი ძალებით ტყეების უკანონო ჭრის გაკონტროლებას იწყებს.
„რა რესურსიც გაგვაჩნია, ვცდილობთ, რამენაირად მაინც შევაჩეროთ ჩვენი ტყეების მასიური ჩეხვა. 90-იანი წლებიდან დაწყებული, თიანეთის ტყეებიდან ყოველწლიურად აუარებელი ხე-ტყის მასალა და შეშა გადის, თითქმის ისე, რომ რაიონის ბიუჯეტში ერთი თეთრი არავის გადაუხდია“, - აცხადებს მამულ მამულაშვილი.
მოსახლეობა განსაკუთრებულ ყურადღებას თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ ჭრებზე ამახვილებს. დუშეთის რაიონის სოფელ კენჭაკლდეში მცხოვრები გოგი ჭიკაიძის თქმით, მისი სოფლის მიმდებარედ, თითქოსდა „საჯარისო ნაწილების შეშით უზრუნველყოფის მიზნით“ წარმოებულმა ჭრებმა ტყეების სრული განადგურება და წყაროების დაშრობა გამოიწვია.
„წყაროები თითქმის მთლიანად დაშრა. სამხედრო პოსტებზე მიაქვთო, მაგრამ ვინ არიან, ამდენი ხე–ტყე სად მიაქვთ და რაში სჭირდებათ, ვერ გაგვიგია“, - ამბობს გოგი ჭიკაიძე.
აღნიშნულთან დაკავშირებით, OECI-მ თავდაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროებს უკვე მიმართა. ოფიციალური წერილების მიღების შემდეგ, საკითხის კვლევაში დარგის სპეციალისტები ჩაერთვებიან და შესაბამის რეკომენდაციებს მოამზადებენ.