დიტო გელოვანი: ის ერთი და სხვა სამასსამოცდახუთი

დიტო გელოვანი: ის ერთი და სხვა სამასსამოცდახუთი

ხანდახან ძალიან სწრაფად ვივიწყებთ მომხდარს, თუნდაც დეტალებს, ერთი შეხედვით უმნიშვნელოს, მაგრამ მეორე შეხედვით – მნიშვნელოვანს. დრაკონი დასრულდა, დრაკონი ჯერ არ დამთავრებულა. შეხედავ – კურდღელია, დაილაპარაკებს – თხა, თვალებს დაკუსავს – ვირთხა, მაგრამ არის მასში რაღაც ძალიან გველური. ეგეთი არსება ჩვენში ცხრა წელზე მეტს ვერ ცოცხლობს. ამას ათი უნდა. გადავხედოთ გასულ სამასსამოცდახუთს და დავაფასოთ ის ერთი დღე, რომელმაც შეძრა ყველა სამასსამოცდახუთი რომელიც გავიარეთ და, როგორც ვხვდები, ჯერ კიდევ ვერ გაგვიაზრებია.

 

16 იანვარი. როგორც ზემოთ გითხარით, გასულ კვირაში სააკაშვილმა გორში საავადმყოფო გახსნა და თქვა, რომ „ქართულ პოლიტიკურ რეალობაში პოლიტიკური წარსულის ვამპირები, მუმიები, სხვადასხვა ურჩხულები ვეღარ დაბრუნდებიან“. იქვე ისიც თქვა, მუმიები მხოლოდ ფილმებში ბრუნდებიანო... ფილმებიდან, დეტექტივებიდან და სამეცნიერო ლიტერატურიდან ვიცი, რომ დამნაშავეები, განსაკუთრებით – მკვლელები, ყოველთვის უბრუნდებიან დანაშაულის ადგილს. ალბათ, ამას უნდა მივაწეროთ მიხეილ სააკაშვილის გახშირებული ვიზიტები გორში, თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საავადმყოფოები ბევრგან გაიხსნა და გორი მხოლოდ ერთ–ერთი გაჩერება იყო.

საავადმყოფოები ბევრგან გაიხსნა, ყველა სააკაშვილმა გახსნა და მადლიერმა ქართველმა ერმა მას ამის გამო „ატკრივალკაც“ კი შეარქვა. სააკაშვილი სხვადასხვა თანამდებობის პირების მოხსნითაც არის ცნობილი და „ატკრივალკსთან“ ერთად „პროპოშნიკის“ საპატიო წოდებაც რომ მივანიჭოთ, ვფიქრობ, ამით არაფერი დაშავდება. პროპკა, რომელმაც პროპოშნიკობას მიაღწია. ენაცვალოს თემური ბიძია...

30 იანვარი. მთელი გასული კვირის განმავლობაში ერთი და იგივე ძველ კადრებს ატრიალებდნენ „რუსთავი–2“ (დეზინფორმატ–2) და „იმედი“ (რომელიც ყველას ხოცავს და ბოლოს თვითონაც კვდება) – ობამა და სააკაშვილი ერთმანეთს ხვდებიან და ხელს ართმევენ, შემდეგ ჟურნალისტებთან გადიან და ისევ ართმევენ ერთმანეთს ხელს, სააკაშვილი იღიმება და ამ ღიმილისთვის ორი მიზეზი აქვს: 1. ობამამ მას ხელი ჩამოართვა; 2. რუსეთმა საქართველოს ჩამოართვა ტერიტორიები.

იმავე კადრებში, ბოლოს, ობამა და სააკაშვილი ერთმანეთს ართმევენ ხელს და აღნიშნული ტელევიზიები სიამოვნებით გვიფიქსირებენ, რომ სააკაშვილი არის ტომ კრუზზე მაღალი, ბრედ პიტზე უხვი, ტომ ჰენკსზე მდაბალი და ბევრად ლაშქარმრავალი, ვიდრე სილვესტერ სტალონე „რემბოში“, არნოლდ შვარცენეგერი „კომანდოში“ და ჩაკ ნორისი „მარტოხელა მგელში“ (აძინოკი ვოლკ).

6 თებერვალი. საზღვაო აკადემია, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი, მსოფლიო ბანკი, აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტი კალიფორნიაში, Basecamp-ის სამიტი კალიფორნიაში... – ეს რია–რიას ჩამონათვალია. რაც შეეხება ლაი–ლაის, აქ უკვე მრავალწერტილი ვერ გვიშველის და ვერც მრავალი მრავალწერტილი გვიშველის. თუმცა, ვფიქრობ, რამდენიმე მარგალიტს თუ გავიხსენებთ, არც ჩვენ გვეწყინება და არც შთამომავლობას.

„ერთხელ აეროპორტში მივდიოდი და ჩემმა მეგობარმა, რომელიც ჩემი პირადი მცველიცაა, მითხრა, რომ რადარზე ნახეს, როგორ იყო დამიზნებული ჩემს თვითმფრინავზე სრულ მზადყოფნაში მოყვანილი რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემა. ღილაკზე მხოლოდ ერთი თითის დაჭერა უნდოდა და თვითმფრინავი ჩამოვარდებოდა“ – რავარია? ტექნიკურ საკითხებს ნუ ჩავუღრმავდებით და ერთი ჰუმანიტარული შეკითხვა დავსვათ: სად ყავს მიშას მეგობრები?

„ერთხელაც გაფრენამდე ჩემთან მოვიდა ჩემი პრესმდივანი და ანერვიულებულმა მითხრა, რომ ჩემს თვითმფრინავს ჩამოაგდებდნენ, რადგან ყველა რუსული ვებგვერდი წერდა, რომ 40 წუთში გაფრენას ვაპირებდი“ – მაგარია! დავძენ, რომ ამ სიტყვების ავტორი ყოველ 40 წუთში აპირებს გაფრენას, მაგრამ ყოველ ნახევარ საათში აფრენს.

22 თებერვალი. „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილის განცხადებით, „ლეიბორისტული პარტია“ ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელმაც თეთრ სახლთან პროტესტის გამოხატვა გაბედა. როგორც ნათელაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში აღნიშნა, ამ დღით ძალიან ამაყობს. „როდესაც უცხო ენა არ იცი, დაზეპირებას ჯობს წაიკითხო. ვისაც „down the dictator“-ზე ეცინება, მიმაჩნია, რომ მინდორში დაგდებული მკვდარი დაკრეჭილი ვირია. პოლიტიკოსს თუ ხუმრობის ნიჭი არ აქვს, ის პოლიტიკოსად ვერ შედგება, მაგრამ დღეს ვცდილობ აღარ ვიხუმრო, რადგან ტელევიზიები ჩემს გამონათქვამებს მონდომებით ატრიალებენ, „ლეიბორისტული პატრიის“ საქმიანობას კი, არ აშუქებენ. თუ ჩემგან ბევრ ხუმრობებს ვეღარ მოისმენთ, არ გეწყინოთ“, – განაცხადა ნათელაშვილმა“.

აჰა... უყურე შენ?! ისე, კაცი არ მეგულება, ვისაც „down the dictator“-ზე გაეცინება, აი „დაუნ ვიზ დიქტეიტე“ სხვა ამბავია – მელია იცინის, იცინის, კვდება სიცილით. მელია რა იყო, „მინდორში დაგდებული მკვდარი დაკრეჭილი ვირი“ უნდა მეთქვა და ალალად დავამატებ: შალიკოს ხუმრობებზე ყოველთვის მეცინება და ერთადერთი ხუმრობა, რომელსაც ვერ ვიგებ ის არის, პარლამენტის წევრებად რომ ითვლებიან, ხელფასს რომ იღებებენ და, თუ არ ვცდები, ამ ორიოდე კვირის წინ, სამივლინებოც რომ მოითხოვეს.

აწყობილი აქვთ ცხოვრება და ამ აწყობილმა ცხოვრებამ იყო, ნათელაშვილს „თუ ბი, თუ ბი“ რომ წამოაცდენინა, თორემ ნახევარი საქართველო „თუ ბი, ორ ნოთ თუ ბი“–ს გაიძახის, ხოლო ნახევარზე ოდნავ ნაკლები – „ნოთ თუ ბი“–ს.

ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ რა გამოდის – ჩვენ, ყველანი, „მინდორში დაგდებული მკვდარი დაკრეჭილი ვირები“ ვართ? და შალვა ვიღაა? შალვა არის მინდორში დაგდებული მკვდარი, დაკრეჭილი ვირების თავისუფლებისა და ბედნიერებისათვის მებრძოლი მწუხარე სახის რაინდი.

27 თებერვალი. ჩემი მეგობარი სააგენტოს მასალების კითხვას ყოველთვის აქვს აზრი, მაგრამ ხანდახან „კურიერის“ და „ქრონიკის“ ყურებაც ღირს და მე ვუყურე, როგორ ესტუმრა გიგი უგულავა ავჭალაში მცხოვრებ მდინარაძეების ოჯახს და როგორ გადასცა ელექტროენერგიის 20-ლარიანი ვაუჩერი პირადად ოჯახის დიასახლისს. დიასახლისს ტაში არ შემოუკრავს და არც ვაშა უთქვამს, მაგრამ თქვა: „ეს ვაუჩერი დიდი შეღავათია ჩვენი ოჯახისთვის“.

სასისკი უყვარს ჩემ ბროლიასო და, საიდან მოვიტანო ამ შუაღმისას სასისკი, კალბასს არ შეჭამსო? ნამეტანი უყვარს კალბასიო და, აჰ – კალბასი დიდი შეღავათია ჩემთვისო... თავისთავად, ოცლარიანი ვაუჩერი ვერაფერიშვილი შეღავათი იქნება ვაკიჯვრიდან ავჭალაში ჩამოსახლებული მდინარაძეებისთვის, მაგრამ მთავარი ხომ ვაუჩერი არ არის? მთავარი გაგებაა!

შეღავათი კი ალბათ ის იყო, რომ ოჯახის უფროსი ან სამსახურში დააწინაურეს და ანაც, სამსახურიდან არ გაათავისუფლეს. ჯიბეში ჩაუდეს ვაუჩერი და არ ჩაუდეს იარაღი. ამ ქვეყანაში კაცი ციხეში რომ არ ზის, უკვე დიდი შეღავათია და თუ სამსახურიც აქვს – ძალიან მითუმეტეს.

5 მარტი. „2012 წელს საქართველოში ყოველი მეორე მოქალაქე დაზღვეული იქნება“ – განაცხადა გასულ კვირაში სააკაშვილმა, რომელიც პარლამენტში ვარდით მივიდა და ყველას გაუკვირდა, რომ არ მივიდა ველოსიპედით და შლოპანცებით. მივიდა ფეხით და ფეხსაცმელებით, და დახვდნენ კვერცხები. უფრო სწორად, უმრავლესობა იყო კვერცხი და უმცირესობა – კვერცხებთან გათანაბრებული.

„2012 წელს საქართველოში ყოველი მეორე მოქალაქე დაზღვეული იქნება“ – განაცხადა ცუდმა, გიჟმა და ბოროტმა და უამრავ ქართულ ოჯახში დაიბადა კითხვა: ნუთუ, მართლა?..

ნუთუ, მართლა ვიქნებით დაზღვეულები სააკაშვილებისგან, მერაბიშვილებისგან, დონაძეებისგან, წიკლაურებისგან, კუბლაშვილებისგან, ვარძელაშვილებისგან, კირკიტაძეებისგან... ნუთუ, მართლა?

არ დაიჯეროთ!.. სააკაშვილი არ დაგვაზღვევს, ჩვენ ერთმანეთი უნდა დავაზღვიოთ და ზემოთჩამოთვლილ პატივცემულ გვამებს და მძორებს, იმ ფილმისა არ იყოს, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვუთხრათ: „ჩვენ თქვენ პენსიით უგზრუნველგყობთ, ოღონდ ჯერ – მაკუმბა“.

12 მარტი. ჩოყლაყი რისი ჩოყლაყია? წამოაყრანტალებს რამეს და წავიდააა – აფრინდა ყვავი, აფრინდა! „იერუსალიმის ჯვრის ქართული მონასტრის დაბრუნებაზე, გამოსყიდვაზე სპეციალურად შექმნილი ჯგუფი მუშაობს... ისრაელში ჩემი პირველი ვიზიტის დროიდან დავაყენე ეს საკითხი. ახლა უნდა დადგეს საკითხი, რომ ჯვრის მონასტერი დაუბრუნდეს საქართველოს და ქართულ ეკლესიას“ – წამოაყრანტალა სააკაშვილმა და ატყდა ერთი ამბავი – ნინო კალანდაძემ სასწრაფოდ გამოიგონა, რომ „გრიგოლ ვაშაძემ იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საკითხი ისრაელში ვიზიტისას ოფიციალურად დასვა“; მიხეილ მაჭავარიანმა „საქმის წარმატებით დასრულების მოტივით“ სასწრაფოდ ენა გადაყლაპა; „ამ მუშაობის შედეგებს საზოგადოება მაშინ გაიგებს, როცა იქნება პირველი ხელშესახები შედეგები“ – თვალები გადმოკარკლა გოკა გაბაშვილმა.

იერუსალიმის პატრიარქმა ხელების გაასავსავა – პირველად მესმისო.

ეს რა ჭირი გვჭირს, ტო?

მაგრამ, ისიც ხომ არის ნათქვამი – ზოგი ჭირი მარგებელიაო?! ჰოდა, ამ ჭირში მარგებელი ის არის, რომ უამრავ საკითხში დაპირისპირებულმა ქრისტიანებმა და მაჰმადიანებმა ამჯერად საერთო ენა გამონახეს, საერთო აზრამდე მივიდნენ, ერთნაირი დასკვნები გამოიტანეს და სააკაშვილს და ნაციონალურ მოძრაობას ერთად ურჩიეს – ხელი მოისვითო.

26 მარტი. ზოგი წამალზე ზის, ზოგი ტყემალზე. ერთი ტყლაპი ვიცი, ტყემალზე და წამალზე ერთდროულად ზის, ბლის კურკებს და შპრიცებს ისვრის და ყველას ატყუებს, არქიტექტორი ვარო. არქიტექტორი არა – არქიტყექტორი, მატყუარა და ტყეში გაზრდილი. ტყეში და შიმშილში.

გაზაფხული მოიტყვანაო. მოიტყვანა არა – მოიყვანა. შემდეგ ზაფხულსაც მოვიყვანთ და ზაფხულს შემოდგომა მოსდევს. შემოდგომაზე იქნება ოქტობერფესტი და ოქტობერფესტის შემდეგ ვნახავთ, რაზე იჯდება ის, ვინც დღეს ტყემალზე და წამალზე ერთდროულად ზის.

ოქტობერფესტის შემდეგ ვნახავთ, მაგრამ რაღაც–რაღაცეები გასულ კვირაშიც ვნახეთ, კერძოდ ენდიაის კვლევის შედეგები. შედეგებს ყველანი გავეცანით და დეტალებზე აღარ შევჩერდები, უბრალოდ, ერთი რამ მენიშნა – ამ ძალიან ღრმად (ძალიან, ძალიან ღრმად!!!) პატივცემულმა ორგანიზაციამ შედარებით ობიექტური ციფრები დადო და ნეტავი რატომ? ალბათ, იგრძნო, რომ ხელისუფლების მხრიდან მის მიმართ გამოჩენილი პატივისცემის სიღრმემ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა.

დეტალებზე არ შევჩერდები–მეთქი, მაგრამ NDI-ის კვლევის მიხედვით, რესპონდენტთა 70% ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენას რომ ემხრობა, ეს ნამდვილად არ არის დეტალი, ეს უკვე ეგზიტპოლია და ამ პროცენტებზე ძალიან ბევრი ადამიანის რეაქცია ასეთი იყო: „ჰა, ჰა, ჰა... დაგერხათ, ტყლაპებო?!“ ხოლო ტყლაპების რეაქცია იყო ასეთი. ნიუსის სახით: „საპარლამენტო უმრავლესობაში ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის მსურველთა სიჭარბეს, ამომრჩეველთა მიერ ივანიშვილისთვის "განაჩენის" გამოტანის სურვილით ხსნიან. ამის შესახებ NDI-ის კვლევის შედეგების კომენტირებისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი უკანასკნელი პრორუსული ბასტიონია საქართველოში და სწორედ ამიტომ, მოსახლეობას სურს, მას არჩევნებში ჩართვის შესაძლებლობა მიეცეს და განაჩენი გამოუტანოს“.

რომელმა სირმანჯომ თქვა ეს სიტყვები – „მოსახლეობას სურს, მას არჩევნებში ჩართვის შესაძლებლობა მიეცეს და განაჩენი გამოუტანოს“? ეს სიტყვები ეკუთვნის ნუგზარ წიკლაურს, რომელსაც ზოგი წუგზარას ეძახის და ზოგიც ბოცოს. ეს არის ხმა პოლიტიკური საფლავიდან, იმ საფლავიდან, რომელზეც უკვე დიდი ბალახია ამოსული.

წუგზარაზე, საფლავზე და ბალახზე ერთი ანეკდოტი გამახსენდა – კახელმა თქვა, პაპაჩემის საფლავზე იმხელა ბალახი იყო ამოსული, ცხონებული ნუგზარა–პაპა სურათზე თითის წვერებზე იდგაო.

2 აპრილი. ნავაროს კანტორა კვლავ ფორმაშია, როგორც ჯამლეთ ხუხაშვილი იტყოდა - ჩვეული ოსტატობით.

გამოკითხულთა 54%-ს გიორგი თარგამაძე, 49%-ს ინგა გრიგოლია, 40%-ს კი ბიძინა ივანიშვილი მოსწონს; ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რესპონდენტთა 47% ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემდა, 10% კი - „ქართულ ოცნებას“; ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, 29% „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, 12% კი ბიძინა ივანიშვილს დაუჭერდა მხარს; NDI-ის კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 41%-ისთვის ყველაზე ახლოს „ნაციონალური მოძრაობაა“.

რა განსხვავებაა კახა ბენდუქიძესა და ლუის ნავაროს შორის? ბენდუქიძემ თქვა, ყველაფერს გავყიდი, სინდისის გარდაო, ხოლო ნავარომ აღნიშნა, მხოლოდ სინდისს გავყიდი და ყველაფერს ვიყიდიო. რა აქვთ საერთო ლუის ნავაროს და კახა ბენდუქიძეს? რა და - არც ერთს არ აქვს სინდისი.

9 აპრილი. ჩიკაგოს სამიტის წინ, ერთმა ქინძმა ჩინოვნიკმა (გვარი არ მახსოვს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს – ყველანი ქინძები არიან) რომელიღაც ნაციონალური არხზე (არ მახსოვს, როელზე, მაგრამ არც ამას აქვს მნიშვნელობა – ეგენიც ყველანი ქინძები არიან) თქვა, მართალია ნატოში არ მიგვიღებენ, მაგრამ უფრო მაგარი რამე მოხდებაო.

ვააა... მოდი და იმკითხავე. ნატოში არ მიგვიღებენ, მაგრამ ნატოს წევრობაზე მაგარი რა უნდა იყოს?! აფხაზეთს დაგვიბრუნებენ და თან ბოდიშსაც მოგვიხდიან? ეს მართლა მაგარი იქნებოდა, მაგრამ ეგ – ჩვენთვის და იმ ჩინოვნიკისთვის რა უნდა იყოს „უფრო მაგარი რამე“? ალბათ, შერონ სტოუნი ჩამოვა და ალბათ მოქალაქეობასაც მისცემენ. ეს ნაციონალები ვიღაც–ვიღაცეებისთვის ძალან იოლად იძლევიან რაღაც–რაღაცეებს. მაგალითისთვის, ავიღოთ (და ხრამში გადავაგდოთ) ნათია მოგელა–ნდები–ძე და მის შესახებ გავრცელებული ერთი ნიუსი:

„კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ნათია მოგელაძემ მიმდინარე წელს ხელფასზე მეტი პრემია მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა (IDFI) აქვეყნებს. IDFI–ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2011 წლის განმავლობაში საქართველოს კონტროლის პალატის ხელმძღვანელის, ლევან ბეჟაშვილის მიმართ გაცემულმა პრემიის საერთო ოდენობამ, 20 280 ლარი შეადგინა, თავმჯდომარის პირველი მოადგილის, შოთა თარხნიშვილის პრემიის საერთო ოდენობამ – 33 160 ლარი, თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის პრემიის საერთო ოდენობამ – 32 800 ლარი, დევი ვეფხვაძის პრემიის საერთო ოდენობამ კი 27 600 ლარი შეადგინა. ხოლო პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის, ნათია მოგელაძის მიმართ 2012 წლიდან 16 თებერვლისთვის გაცემულმა ხელფასმა 2000 ლარი, პრემიამ კი 2530 ლარი შეადგინა“.

ნათია მოგელაძეზეა ნათქვამი – მიეცი და მოგეცემაო.

23 აპრილი. ჩახვაძის იმ ცნობილი ჩასაქმების შემდეგ ის ტელევიზორი გადავაგდე, სუნი უდიოდა. სხვა ტელევიზორი ვიყიდე და ახლა ამ ტელევიზორის გადაგდებასაც ვაპირებ – გიორგი თრგამაძემ რაღაც თქვა და ჩემს „სასმსუნგს“ ეგრევე მძორის სუნი აუვიდა. რა თქვა? რა და – „ქრისტიან-დემოკრატებს ფაქტობრივად უკვე მზად გვაქვს საკანონმდებლო წინადადებების პაკეტი, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც უკავშირდება ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებას და საზოგადოებაში ისტორიულად მიღებული ზნეობრივი ნორმების, ტრადიციული ოჯახის პატივისცემას და იმის მცდელობას, რომ თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში, თავისუფლება ზნეობრიობასთან კონფლიქტში არ მოდიოდეს“.

ეს რომ სხვას ეთქვა... წესიერ სხვას, მაშინ სხვა იქნებოდა...

ტელევიზორი უნდა გადავაგდო – გადაწყვეტილი ამბავია. ვაღიარებ, ძალიან გამიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება. მინდა გითხრათ, რომ გიორგი თარგამაძემ ბადრი პატარკაციშვილის გადაგდების გადაწყვეტილება გაცილებით იოლად და გაცილებით სწრაფად მიიღო.

გასულ კვირაში მიხეილ მაჭავარიანმა სწრაფად, იაფად და ხარისხიანად გახსნა კონფერენცია – „ეთიკის კოდექსი და სტანდარტები პარლამენტის წევრებისთვის“. კობა ხაბაზი, ეკა ხერხეულიძე, ნუგზარ წიკლაური, ხათუნა ოჩიაური და სხვები ერთმანეთს ეკითხებოდნენ და მერე მაჭავარიანსაც კითხეს – ეთიკა რა არისო. მაჭავარიანმა უთხრა, ეგ რომ ვიცოდე, აქ კი არ ვიქნებოდიო. მაშ, სად იქნებოდიო?

იქნებოდა სადმე ლაბორატორიაში, ყაყაჩოს კანაფზე დაამყნობდა და არ იქნებოდა ისე, როგორც ახლაა – საქართველო რუსეთზე რომ დაამყნეს.

მაგათ დავამყნობთ ოქტომბერში!!! ოქტომბრამდე კი, ის დროა ატარებდნენ კონფერენციას „სისხლის სამართლის კოდექსი და პენიტენციალური სტანდარტები პარლამენტარებისთვის“.

30 აპრილი. გასულ კვირაში ამბავი გავიგეეე... აი,ისიც: „უკანასკნელ პერიოდში სომხეთში აქტიურად განიხილავენ ნოეს კიდობანის აგების საკითხს, რომელიც ბიბლიური ნაგებობის იდენტური სიდიდის იქნება. ერევანში გამომავალი გაზეთის „ექსპრესის“ ინფორმაციით, კიდობანი ერევანში გამარჯვების მოედანზე განთავსდება. პროექტის მიზანია შეახსენოს მსოფლიოს, რომ წარღვნის შემდეგ კაცობრიობამ სიცოცხლე სომხეთიდან, არარატის მთებიდან, დაიწყო. მიზნის განხორციელებაზე გავლენიანი სომხებისგან დაკომპლექტებული საინიციატივო ჯგუფი მუშაობს.

გამოცემა პროექტს „გაუაზრებელს“ უწოდებს და მსგავს იდეებს გაუმართლებლად მიიჩნევს. იგი ცდილობს ინიციატორებს შეახსენოს, რომ ქრისტიანების გარდა, არსებობს სხვა აღმსარებლობის ხალხი, რომლებიც ბიბლიურ თქმულებას არ იზიარებენ. მუსულმანებს, ბუდისტებსა და სხვა მრწამსის მიმდევრებს კაცობრიობის განვითარების ისტორია განსხვავებულად წარმოუდგენიათ. ამასთან, „ექსპრესი“ სვამს კითხვას, თუ რატომ უნდა იქცეს ებრაელი ნოე სომხურ ბრენდად.

მარტში საინიციატივო ჯგუფის პრეს-კონფერენციაზე გამოსვლისას სომეხმა მწერალმა მერუჟან ტერ-გულანიანმა განაცხადა, რომ „კიდობანი უფლის მიერ რჩეული ერისთვის ბოძებული გზავნილია, რომლის გახსნის დროც დადგა.“ ტერ-გულანიანის თქმით, კიდობანი საგანმანათლებლო ობიექტი იქნება, სადაც საღამოობით ლექციებს თვით ნოე წაიკითხავს. პროფესორის ბოლო ფრაზამ დამსწრე საზოგადოებაში მხიარულება გამოიწვია. ოთხსართულიანი შენობის სიმაღლის ნაგებობა „სომხეთის დედის“ მონუმენტს(„ქართლის დედის“ ანალოგი) და აზათუთიანის პროსპექტზე მდებარე ობელისკს გადაფარავს...“

კომენტარი ზედმეტია? ზედმეტია–მეთქი?! ჰა? ვერ გავიგე. არადა, გაგებაა მთავარი... ის თუ გაიგეთ, ამ ორი კვირის წინ თბილისელი სომხების საძმომ თბილისში დაბადებული ცნობილ სომხებისთვის მემორიალური დაფის გახსნა რომ მოითხოვა? ანაც, კიდევ რამდენიმე დღით ადრე ერთი გნიასი რომ ატეხეს, გენოციდის ამბავში ძეგლი დაგვადგმევინეთო!

იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ძაან შორს გაუბერეს – აქვეო, ავლაბარშიო. ვაჰ, მაგათი გამკვირვებია – ხომ აშენდა ავლაბარში სააკაშვილის რეზიდენცია! თბილისში დაბადებული ცნობილი სომხების მემორიალური დაფაც ეგ არის და გენოციდის მსხვერპლთა ძეგლიც, რომელშიც აბორტის მსხვერპლს დაუდევს ბინა.

7 მაისი. სააკაშვილის სტრიქონების გახსენება კი მართალა ღირს: „ჩემი გული, ჩემი სხეულის ყველა ორგანო, ჩემი მენტალიტეტის ძალიან დიდი ნაწილი, ეს არის აფხაზეთი და მთლიანად დასავლეთ საქართველო. მაგრამ მეორე ნაწილი ჩემი არსებობის არის აღმოსავლეთ საქართველო. ორივეში თავს ვგრძნობ წარმოუდგენლად მაგრად. წარმოუდგენელი აურა და ატმოსფეროა ანაკლიაში, ის არის ჩემი მიწა, მინდა, იქ მოაფინონ ჩემი ფერფლი, როცა აღარ ვიქნები. ასევე, ჩემი მიწაა კახეთი, სადაც სახლი მაქვს, და მთლიანად აღმოსავლეთ საქართველო“.

იმისი არ იყოს, სახლის კარებში „ტაბულა“ რომ დამხვდა და, რომ ჩემს სახლთან ნაგავს ნუ დაყრით-მეთქი - რომ ვიყვირე. ახლა რა ვქნა? დავიკავო ურნა და ვირბინო აქეთ-იქით, სად გადავყარო და რამე? არსებობს ადგილობრივი თვითმმართველობა და არსებობს დასუფთავების სამსახური. სააკაშვილის ფერფლსაც იმათ მიხედონ და, სხვა თუ არაფერი, საშიში ნარჩენების მისახედად გარემოს დაცვის სამინისტროც ხომ გვაქვს? ეგრე თუ გავყვებით, პროფკავშირებიც გვაქვს და მარტინა ნავრატილოვასაც ჰქონდა მკერდი.

14 მაისი. წკაპ... და კომპიუტერიდან ზურაბ ადეიშვილი ამოხტება, დააკვირდები – შეამჩნევ. წკაპ... და ხათუნა კალმახელიძე ამოანათებს. დიდი დაკვირვება არ არის საჭირო რაღაც–რაღაცების შესამჩნევად. წკაპ... და, შესაძლოა, მონიტორიდან თვით თავისუფალუნივერსიტეტმაისურიანმა კახა ბენდუქიძემ გადმოაბიჯოს; კიდევ წკაპ – კომპიუტერიდან ჯერ დოლი გადმოვარდება და შემდეგ – გოგა ხაჩიძე; წკაპ – რამაზ ნიკოლაიშვილს უნდა გადმოსვლა, მაგრამ მონიტორში თავი არ ეტევა. წკაპ და... ქლიბი გადმოვარდა. წკაპ და... კობა ხაბაზი იჭაჭება – გადმოსვლა უნდა, მაგრამ ნინა წკრიალაშვილი არ უშვებს. ავლაბარში წკაპაწკუპია...

„პარლამენტის გადასვლა მორგებული არის იმაზე, რომ... მთავრობა, რომელიც ერთ ადგილზე ვერ ჩერდება და გადაადგილდება... მარტო მე არ ვარ ეგეთი, ვაშაძე ორჯერ მეტად ეგეთია, ჩვენ გვყავს მინისტრები, რომლებიც კიდევ უფრო ეგეთები არიან – ფეხმარდები და მკვირცხლები, მაგრამ მთავრობები შეიცვლება და ეს არ უნდა იყოს მთავრობის ხასიათზე, რომ რომელსაც შეუძლია ერთ ადგილას იყოს, მეორე ადგილას იყოს და ყველგან იყოს, ეს შეიძლება ყოველთვის არ იყოს. ბოლოს და ბოლოს, ჩვენც რომ დავდინჯდებით, შეიძლება ჩვენც აღარ ვიყოთ ეგეთები. ამიტომ, ამის ერთადერთი გამოსავალი არის ელექტრონული მთავრობა, ანუ ვთქვათ, გინდათ მინისტრთან ლაპარაკი სასწრაფოდ, გულის გადაშლა - დააჭერ ღილაკს და მინისტრი ამოვა 3D-გამოსახულებით. ეს არ არის ფანტაზია“.

ვის მოუსმენია ასეთი 3D-ბილობა? ფეხმარდები და მკვირცხლები... ხელცქვიტებიც. ეგეთი, ორჯერ ეგეთი და კიდევ ეგეთები... ისეთები და იმნაირებიც. როგორი 3D-ბილი უნდა იყო, გოროზიასთვის და ვარძელაშვილისთვის გულის გადაშლა რომ მოგინდეს! გული მიგრძნობს, ეს 3D-ბილობა მალე 3D-გენერატობაში გადაიზრდება. გული მიგრძნობსა, რა... თვალი ხედავს, ყურს ესმის:

21მაისი. კიდევ ერთი სასიხარულო ინფორმაცია, ანუ „კიდევ ერთი ეპიზოდი დავით კეზერაშვილის ცხოვრებიდან: „საქართველოს ლატარიის კომპანია“ მომხმარებელს მორიგ სიახლეს სთავაზობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს, დღეიდან გაყიდვაშია ახალი მომენტალური ლატარიის ბილეთი „ტირი“, რომლის ღირებულება 1 ლარია, ხოლო მაქსიმალური მოგება - 2500 ლარი. თამაშის წესი მარტივია. „გადაფხიკეთ საფარი, გაარტყით მიზანს (•) და მოიგეთ შესაბამისი პრიზი; გაარტყით 3 მიზანს და მოიგეთ 1 ლარი; გაარტყით 4 მიზანს და მოიგეთ 2 ლარი; გაარტყით 5 მიზანს და მოიგეთ 5 ლარი; გაარტყით 6 მიზანს და მოიგეთ 10 ლარი; გაარტყით 7 მიზანს და მოიგეთ 50 ლარი; გაარტყით 8 მიზანს და მოიგეთ 2500 ლარი; გადაფხიკეთ 2X ველი და გააორმაგეთ მოგება“, - აცხადებენ საქართველოს ლატარიის კომპანიაში“.

წაგებული ომის მინისტრი და მისი უკვდავი სლოგანი – „შეეჩვიე მოგებას“. წაგებული ომის მინისტრი იცინის და გვთავაზობს ლატარიის ბილეთს სახელწოდებით „ტირი“. თუმცა, ის მომეწონა – გაარტყიო. გავარტყათ მიზანს ოქტომბრის ბოლოს და დავიბრუნოთ საქართველო ნოემბრის დასაწყისში.

„ბურთი და მოედანი აგერ არის და თუ კარგად და სწორად დაარტამენ და კარს კარგად დაუმიზნებენ, შეიძლება ერთი გოლიც კი შეაგდონ. თუმცა, თუ ასე გაგრძელდა, შორს ააცილებენ ამ კარს“, – გასულ კვირაში განაცხადა მედროვეთუხუცესმა გიგი წერეთელმა. ოეეე, გიგიიი!!! მიხეილ თავხელიძე და გიგა ნასარიძე აგერ არიან, აგერ არიან გია ნოდია და ზურაბ ჯაფარიძე. კარგად დაუმიზნე და გაარტყი! თქვენ კი გაგარტყათ „არმაგედონის“ ზანგმა!!!

4 ივნისი. სააკაშვილმა ყველის ქარხანა დაათვალიერა. „ჩვენი ყველი უნდა გადიოდეს ქსპორტზე. საფრანგეთს თუ გააქვს, ჰოლანდიას თუ გააქვს, ჩვენ რატომ არ უნდა გაგვქონდეს?“ – ტუჩები გამობურცა და თვალები ცრემლებით აევსო პრეზიდენტს, რომელიც საერთოდ არ ასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას. არადა, მართლაც საწყენია, მაგრამ აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია. მალე დადგება დრო – შეიცვლება ხელისუფლება, ამჟმინდელები გაფრინდებიან. წავლენ ნაციონალები, წავლენ ეროვნულ–დემოკრატები, წავლენ გიორგი თარგამაძეები, წავლენ ლეიბორისტები... და ჩვენ ამაყად ვიტყვით, რომ საქართველო არის სირების ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი მსოფლიოში.წავლენ მედროვეთუხუცესის ქვეშევრდომები – წვრილ–წვრილი მედროვეები... და ჩვენ ამაყად ვიტყვით, რომ საქართველო არის კვერცხების ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი მსოფლიოში.

11 ივნისი. გასული კვირა ჰილარი კლინტონმა გაგვიმრავალფეროვნა და კარგადაც გვაცინა, როდესაც ასეთი შეკითხვა დასვა: „რატომ არის, რომ 2012 წელს, თქვენი ქვეყანა, თქვენი ხელისუფლება, თქვენი მთავრობა ასე მნიშვნელოვანია ყველგან...“. მთავრობას და ხელისუფლებას გაეხარდათ, მაგრამ იმას, რაც ზვიად–პროვოკატორის ჰილარი ბიცოლამ იგულისხმა, ძალიან ზუსტად მიხვდა მთელი ქართველი კაცობრიობა და, სხვათა შორის – ქალობრიობაც.

რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი აჰმადინეჯადი? რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ასადი? რატომ არიან ასეთი მნიშვნელოვნები მუბარაქები, კიმ ჩენ ირები და მათი გოთვერანნი ძმანნი? უხაროდათ ქლიბებს – მაგარი ტიპები ვართო, მნიშვნელოვანებიო... კი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ოპერა, თეატრი, კინო... ხელოვნება – ზოგადად, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია საპირფარეშო და ტუალეტის ქაღალდი. „ლა სკალა“ რომ „ლა სკალაა“ იქაც კი არის ტუალეტი, რადგან მნიშვნელოვანია. ჰოდა, პროვოკატორის ბიცოლა სწორედ ამ სახის მნიშვნელობაზე საუბრობდა, როცა საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება ახსენა.

18 ივნისი. „საქართველომ ნატო-ში გაწევრიანების გზაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა“ - გახარებული იყო გია ბარამიძე, რომელმაც არც გასულ კვირაში დააკონკრეტა, თუ სულ რამდენი ნაბიჯი უნდა გადავდგათ ნატოსკენ და ამ ნაბიჯებში რამდენი (გეგმით და გეგმა-ვალდებულებით) უნდა იყოს „მნიშვნელოვანი“. ბარამიძეს არ უყვარს კონკრეტიკა. ბარამიძეს უყვარს აბსტრაქცია და პერფორმანსები ჰიჩკოკის სტილში. მაგ. „თბილი ცხედრები, ცივი არაყი და ცხელი კუბდარი“, ან „ზურამ ნარდი ითამაშა და გაზით გაიგუდა“ და ა.შ.

2 ივლისი. რაღა დროის კორტებია, იქ ხომ იუსტიციის სახლი შენდება, „ერთი ფანჯრის პრინციპი“ და რამე... „ერთი პარაშის პრინციპი“ - აი, რა ელის მაგათ, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ინიციატივას გუგული მაღრაძე, ქეთი დოლიძე და მედიაექსპერტები არ აიღებენ. გეუბნებით - ეგრეა და ეგრე რომ არის, ამას ესეც ადასტურებს: „NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაცია მედიას არჩევნების ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შესაბამისად გაშუქების რეკომენდაციას აძლევს. როგორც დელეგაციის ანგარიშშია ნათქვამი, მედიამ ხელმისაწვდომი უნდა გახადოს ამომრჩეველთა საგანმანათლებლო პროგრამები და უზრუნველყოს საარჩევნო სუბიექტებისთვის დებატების ხელმისაწვდომობა“. დაუჯერეთ ნავაროს, მოიქეცით ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის შესაბამისად და ოქტომბრის შემდეგ ის სამში გრძელი შეგვრჩება ხელში გილაურთან და მერაბიშვილთან ერთად რომ ტოვებდა დროშებითა და მინისტრებით მორთულ ტერიტორიას. ნავაროს შესახებ ყველამ იცით, ე.წ. ეთიკურ ჟურნალისტებზე კი სხვა დროს მოგიყვებით. მაგის დრო მალე მოვა.

9 ივლისი. ერთხელაც გავინავარდოთ ჩმი მეგობარი სააგენტოს უკიდეგანო საინფორმაციო ველზე: „პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მომავალ მონო თუ მრავალპარტიულ მთავრობაზე მსჯელობას, ბებიის ბაბუად გადაქცევაზე მსჯელობას ადარებს. ამის შესახებ ბაქრაძემ დღეს პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, პრემიერ–მინისტრისთვის უფლებების დელეგირების საკითხთან დაკავშირებით კანონპროექტის განხილვისას „ქრისტიან–დემოკრატი“ ლევან ვეფხვაძის საპასუხოდ განაცხადა. ბაქრაძემ ლევან ვეფხვაძეს მოუწოდა, ნუ მოახდენს თეორეტიზებას თემისას, თუ რა მოხდება ბებია რომ ბაბუად გადაიქცეს და რა შედეგი მოჰყვება ამას შვილებისა და შვილიშვილებისთვის“.

ბაბუაჩემს დავით ბაქრაძე რომ ჰქონოდა, ზეინკალი იქნებოდა. ბებიაჩემს დავით ბაქრაძე რომ ჰქონოდა, ბაბუაჩემი იქნებოდა. „ამ ხალხს რა ლიმონათი ეყოფა?!“ – იტყოდა ხოლმე ცხონებული ბაბუაჩემი (ლაღიძის ქარხანაში მუშაობდა), როდესაც ხედავდა, როგორ მოაბიჯებდნენ გლდანის რაიონის მშრომელები. „ამ ხალხს რა პანღური ეყოფა?!“ – ვფიქრობ მე, როდესაც ვხედავ კობა ხაბაზს, გოკა გაბაშვილს, ნუგზარ წიკლაურს და სხვებს, ანუ მათ, რომელთა ქონის შემთხვევაში ბებიაჩემი ბაბუაჩემად გადაიქცეოდა. იგივეს ვფიქრობ, როდესაც ვუსმენ გია თორთლაძეს და ვკითხულობ გურამ ჩახვაძის ნააზრევს.

16 ივლისი.– რა უბედური ქვეყანა ყოფილა, ჰოლმს... რა უბედური ხალხი...

– ჯერ სად ხართ, უოტსონ, ჯერ სად ხართ... მალე ტყიბულს საკუთარი გერბი ექნება, ორი კვერცხის და ერთი ქლიბის გამოსახვას აპირებენ – ძმები კუბლაშვილები და დავით ბაქრაძე...

– გასაგებია, ჰოლმს, მაგრამ ამ ყველაფრიდან რა დასკვნის გამოტანა შეიძლება?

– დასკვნა ერთია – „ნაციონალური მოძრაობა“ ისტორიის სანაგვეზე, სააკაშვილი და მისი ბანდა – ციხეში.

– ეს დასკვნაა თუ ოცნება.

– ეს არის ევროპული დასკვნა და ქართული ოცნება. ახლა კი, მოდით „როლინგებს“ მოვუსმინოთ, მერე კი ფეხბურთით დავტკბეთ. ქართველებმა თვითონ მიხედონ საკუთარ თავს. მთავარი დასკვნაც ეს არის.

30 ივლისი. ამბობენ, დაგინების ინსტიტუტი აღარ არსებობსო, მაგრამ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, საბჭოთა კავშირში ნამდვილად არსებობდა სექსი, საქართველოშიც ასევე, რამდენჯერაც არ უნდა ჩაისვაროს გურამ ჩახვაძემ, ნამდვილად არსებობს ელიტარული კორუფცია და, რაც შეეხება დაგინების ინსტიტუტს, ამ ინსტიტუტში შესაბამის უნარ–ჩვევებს ოთხი მილიონი ადამიანი ეუფლება. მტყუანის ასე, მტყუანის ისე, მტყუანს ის, მტყუანს ეს... აგინებენ პარტიას, მთავრობას, პარლამენტს, სასამართლოს... თუმცა, ჩვენი სინამდვილე ერთი თავისებურებით გამოირჩევა – რამდენსაც და რამდენიც არ უნდა აგინონ, დაუგეგმავი ორსულობა მხოლოდ ერთ ხანშიშესულ ქალბატონს ემუქრება. მთავარია, ბაზალეთის ტბის ძირას არ იმშობიაროს.

20 აგვისტო. საწყალი ვანო, საწყალი ჭია... გიგი წერეთელი კი არასოდეს შემეცოდება, ეგ მედროვეთუხუცესი, ეგა!!! როგორც სათაურებიდან გავიგე, მანტიორების უფროსი ხეთაგური კასირშების უფროსად გადაუყვანიათ, მანტიორების უფროსად კი ვახტანგ ბალავაძე გაუმწესებიათ. ასევე სათაურებიდან შევიტყე, რომ გასული კვირიდან მოყოლებული „დიმიტრი გვინდაძე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში იქნება ჩართული“. იქვე ასეთი სათაურიც აღმოვაჩინე: „ვანო მერაბიშვილი - გვინდაძე არის ყველაზე მაღალპროფესიონალი, ვინც დონორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა“.

ასეთი აღფრთოვანებით ერთი – სააკაშვილი საუბრობდა ვერა ქობალიას შესახებ და მეორე – ვანო მერაბიშვილს უციმციმებს თვალები, როდესაც დიმიტრი გვინდაძეს ახსენებს.

ლიბერტალიანელები და, ჯანდაბა მაგათ თავს!

27 აგვისტო. „გარდა ამისა, პრეზიდენტმა კონტროლის პალატის თავმჯდომარეობიდან გადადგომისა და კახელების გვერდში დგომის გამო დღეს ლევან ბეჟაშვილს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. „ძალიან მაგარი ჟესტი იყო კახეთის დასახმარებლად წამოსვლა. 10-დან 9 ადამიანი ამას არ გააკეთებდა, მაგრამ კახელები არ ვართ კარიერისტები. გიორგი კარგად მუშაობს, მაგრამ რაღაც სახის დახმარება მაინც სჭირდებოდა“. მე ვიცი, შენ რაც გჭირდება...

ამ ბოლო სიტყვების ნაწილის ციტირებას კიდევ ერთხელ მოვახდენ: „10-დან 9 ადამიანი ამას არ გააკეთებდა, მაგრამ კახელები არ ვართ კარიერისტები“. ჩოყლაყიზმის მწვერვალია. ჯერ ერთი, გაჭირვებაში ჩავარდნილ ადამიანს ათიდან ათი ადამიანი დაეხმარება, იმიტომაც ჰქვია მას ადამიანი და მეორეც – კახელები კარიერისტები არ ვართო... მოკლედ, სადაც ჩადის იქაურია და იმ საქმეს ემსახურება, რომელი საქმეც იქ არის პრიორიტეტული. კახეთში ვაზს უვლის, თუშეთში – ცხვარს, რაჭაში ლობიოს მოყვანას ასწავლის, სამეგრელოში – სიმინდისას... ჰოოო და, გამიგია გონიო თურქებითა და ბორდელებით გაივსოო და ძირითადი საქმიანობა გონიოში ბოზობააო. ჰოოო და, ჩავა, ალბათ, ამ დღეებში ერთი მავანთმავანი გონიოში და, ბოზობას დაიწყებს თუ ბოზობის სწავლებას, ამას მომავალი გვიჩვენებს.

3 სექტემბერი. ახლა კი წარმოგიდგენთ სამ კომკავშირელს: სტუდენტური დასაქმების პროგრამის სპიკერი მარიამ საჯაია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის თანამშრომელი მერი კოკაია და სამირა ისმაილოვა. ისინი 21–22 წლისები არიან, სხვა დროს ვიტყოდი გოგონები–მეთქი, ცოტა გაბრაზებულზე – ლაწირაკები–მეთქი, მაგრამ ახლა, როდესაც მოძმე სააგენტომ მაცნობა, რომ ისინი ნაცების საარჩევნო სიაში არიან, ალბათ ჯობს რამე სხვა სიტყვა მოვიფიქრო. ტრაწიანი მაიმუნები... არ ღირს, მაიმუნებმა რა დააშავეს? იქნებ, თქვენ დამეხმაროთ. პრინციპში, სააგენტო უკვე დამეხმარა – ნაციონალური მოძრაობის სია 155–კაციანიაო. სამ ცალ 21 წლის მდედრს 155–მამრიან სიაში რომ შეიყვან... მერი და მარიამი კიდევ ჰო – თანამდებობები აქვთ და გამოცდილებაც ექნებათ. სამირა ისმაილოვა ვინ უნდა იყოს? ერთადერთი, რაც ახლა თავში მომდის, ის არის, რომ მთელი მთავრობა და პარლამენტი თავის ნაშებიანად, მარნეულში მოლასთან რომ დარბიან, ალბათ იმ მოლას გოგოა.

მოკლედ, შოუყვანიათ და შოუყვანიათ!!! რაო, სოფოშკები–რაკუშკები, ხომ არ ეჭვიანობ, ჭუკლი?

10 სექტემბერი. „მთელი დღე ჩემს თავს ვეკითხები, რამ გამოიყვანა ქუჩაში ამდენი ხალხი. სხვადასხვა ციფრებს მეუბნებიან, მეუბნებიან, რომ მილიონამდე ადამიანი იყო გამოსული, არასოდეს ჩვენს ისტორიაში, არც ეროვნული მოძრაობის და არც ვარდების რევოლუციის დროს, ამდენი ხალხი ერთად არ დამდგარა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე განაცხადა“ – როგორი მოსაყოლია?! ამიტომ, ციტატა მოვიტანე.

ჰო... სპორტის სასახლეში ნაცბოზბანდის თავყრილობა გაიმართა და ყველას, ვინც სააკაშვილს სხვადასხვა ციფრებს ეუბნებოდა და 900 ათასზე ნაკლები არავის უთქვამს, მინდა მოკლედ და კონკრეტულად ვუთხრა: „თქვენ კი მოგხვდათ არმაგედონის ზანგის“.

8 ოქტომბერი. შემოსულმა გარეშე პირებმა დატოვეთ საქართველო – ოკუპანტებს ვგულისხმობ, მაგრამ ისეთებიც ხომ არიან, ოკუპანტები რომ არ არიან, მაგრამ ბევრიც რომ არაფერი უკლიათ! შინაური მტრები და რამე, მაგრამ მაინც ვერ ვხვდები, რა შუაშია „შინაური“. მტერი მტერია, უბრალოდ, ამათ ჩვენი კანონები ეხებათ, თავის მიერვე მიღებული კანონები, თვითონვე რომ იგდებდნენ მასხარად.

ისინი დგანან, ესენი გარბიან. გარბიან დაოთხილები. პირიქით ჯობს, და ეს არის შესასრულებელიც და აღსასრულებელიც. ამას აღმასრულებელის გასაგონად ვამბობ, თუმცა, იმედია, შეხსენენება საჭირო არ არის. იმ აღმასრულებლის გასაგონად ვამბობ, ჯერ რომ არ მოსულა და იმას უნდა შეუსრულონ, ჯერ კიდევ რომ აღმასრულებელია.

დაოთხილები გარბიან. გარბიან და გამორბიან. რაღაც აქვთ ჩაფიქრებული. არ ვიცი – რა, მაგრამ ვგრძნობ. აღა მაჰმად ხანმაც, სანამ თბილისს დატოვებდა, სულ ერთიანად დაანგრია და გადაწვა საქართველოს დედაქალაქი და ესენი ვითომ რით არიან იმათზე უკეთესები?

15ოქტომბერი. სათაურების შემდეგ, უპრიანი იქნება ერთი ნიუსის ერთი ნაგლეჯიც რომ შემოგთავაზოთ: „მოამბის“ წამყვანმა ნინო თოლორდავამ საზოგადოებრივი მაუწყებელი დატოვა. როგორც ნინო თოლორდავამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მან დააფიქსირა თავისი „სამართლიანი პროტესტი მაუწყებლის მიერ ბოლოდროინდელი მოვლენების გაშუქებასთან დაკავშირებით“.

საღოლ, სიმონ... სიმონ რა იყო?! საღოლ, ნინო და საღოლ ჯავრიშვილისა და ხეჩინაშვილის კლინიკებს, რომლებმაც ტელეცუნცულა ნინოს თვალი და ყური აუხილეს.

მოკლედ, სულ ვირთხები და ვირთხები და, რა ვიცი, ცოტა ხანში, იქნებ – სულ გმირები და გმირები. ვახო სანაიას და დოდოშკა ხურცილავას რომ ვუსმენდი, გული მეწვებოდა, თვალები კი ცრემლით მევსებოდა. თურმე, რამდენი აუტანიათ, რამდენი გადაუტანიათ... მათი ცხოვრება გმირობათა ერთი ჯაჭვია და რადგან „ცხოვრება ჩვენი აღსავსეა მოულოდნელობებით“, არც ის არის გამორიცხული, რომ...

არაფერია გამორიცხული. თან, დოდოშკამ (მაგიდის ქვეშ ნიჩურიკს ვაკეთებდიო) ხომ მოგვიწოდა, გვეყო ფარისევლობაო და რავი – გვეყო? ვიფიქრებ მე მაგაზე. დოდოშკას ეყო,მაგრამ იქნებ მე არ მეყო? ვიფიქრებ. ერთს სერიოზულად კიდევ წავიფარისევლებ და მხოლოდ ამის შემდეგ შევუერთდები გმირთა ვარამს, სადაც ვირები საკუთარ თავს არაბულ ულაყებად ასაღებენ.

22 ოქტომბერი. „ჩვენთვის, როგორც პარტიისთვის, ეს უნდა იყოს გაწმენდის, განახლების, ახალი ეტაპის დაწყების ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი“ – ჯერ კიდევ შუა კვირაში ამ სიტყვებით მიმართა სააკაშვილმა თვალებდაქაჩულ გოკა გაბაშვილს, გაბერილ ნუგზარ წიკლაურს, დამუნჯებულ კობა ხაბაზს და თვითმკვლელობას ბეწვზე გადარჩენილ ნინა წკრიალაშვილს. ოეჰჰ... რით ვერ განიწმინდეთ, თქვე კეთილმოწყობილებო? აღარც ბესო ჯუღელი, აღარც კობა ბექაური, აღარც მაია ნადირაძე, აღარც ბიძინა ბრეგაძე, აღარც ზაზა ბეგაშვილი... მე თუ მკითხავ, ნაციონალურ მოძრაობას ის უშველის, რაც ბავშვობაში ყველას წაგვიკითხავს. „კუზიან კვიცს“ ვგულისხმობ – ბებერმა ნამეძავარმა გაახალგაზრდავება რომ გადაწყვიტა, ადუღებულ წყალში რომ ჩახტა და რომ დაიფუფქა. თუმცა, ეგ ნებაყოფლობითია. რაც შეეხება გამოძიებას და სასამართლოს, ეგ სხვა საქმეა და მერე, როდესაც შუშაბანდებიან დაწესებულებაში აღმოჩნდებიან, დადგნენ და იყრანტალონ, გალიაში ბულბულები ვსხედვართო.

29 ოქტომბერი. გუშინ არტურ კონან დოილის „უკაცრიელი სახლი“ გადავმალე – ემანდ დევნილები არ შევარდნენ–მეთქი. მთელი ეს წლები თავისთვის იდო თაროზე, შევხედავდი და პროფესორი მორიარტი და პოლკოვნიკი სებასტიან მორანი მახსენდებოდა. გადავმალე, მაგრამ შიშს დიდი თვალები აქვს. მეშინია, რომ სახლს დაიკავებენ, მაგრამ დამკავებლებსაც ეშინიათ, ოღონდ სიბნელის – თელასის თანამშრომლები გაფიცვით იმუქრებიან. ეშინიათ შიმშილის – გაფიცვას ფოთის პორტის თანამშრომლებიც აპირებენ და რომც გადაიფიქრონ, პროდუქტი აქამდე მაინც ვერ ჩამოაღწევს – გაფიცვა რკინიგზელებსაც გადაუწყვეტიათ და ავტობანის მშენებლებსაც. ერთადერთი, ვისი გაფიცვაც არავის აღელვებს, „პირველი კავკასიურია“. მისი არსებობის შესახებ მხოლოდ ბიუჯეტიდან შევიტყეთ, ბიუჯეტი კი აბა რამდენმა იცის?

ვზივარ და შიშით ველი, როდის დაიკავებენ, როდის გადაკეტავენ, როდის გადმოკეტავენ, ანუ როდის გაიფიცებიან. ვზივარ და ვნატრობ: რა მოხდება, რომ ერთხელ არასამთავრობო ორგანიზაციებიც გაიფიცონ, უარი თქვან გრანტების მიღებაზე, უარი თქვან ყველაფრის კომენტირებაზე, უარი თქვან ყველაფერში ცხვირის ჩაყოფაზე, რადგან ცხვირები აქვთ მოუხოცავი, კომენტარები – უაზრო, ხოლო მადა – დაუოკებელი. მადა ფაქა...

5 ნოემბერი. „იყო სიბნელე და უკუნი. ამოვიდა მზე და გამოანათა. გაიხარა მშრომელმა ხალხმა“ – თქვეს გოგილიპარტელიანებმა და კახაოქრიაშვილებმა, დაიკაპიწეს სახელოები და შეუდგნენ ქართველი ერის ოცნებების ასრულებას.

90–იან წლებში იყო ბანკი „დრო“ და ბევრს ემახსოვრება, რომ მაშინდელი ტელევიზიებით აქტიურად ტრიალებდა ამ ბანკის სარეკლამო რგოლი: საათის ისარი ტრიალებს. ისარს ხან ნაჯახს ჩაკრავენ, ხან მშვილდიდან ესვრიან, ხელყუმბარებით შეუვარდებიან, ბომბს აუფეთქებენ, მჟავას მიასხამენ, აგინებენ... საათის ისარი კი, მაინც ტრიალებს, ტრიალებს და ჩნდება ტიტრი – „დროს ვერაფერი შეაჩერებს“.

 

ამ სლოგანში, რა თქმა უნდა, „ბანკი დრო“ იგულისხმებოდა, ამ ბანკს ვერაფერი შეაჩერებსო. და ახლა, როცა ამოვსების პირას მყოფ ჩეჩმას ვირთხები ტოვებენ, ასე მგონია, რომ დრო გაჩერდა და პოეტები რომ ამბობენ, „შეჩერდი, წამო, რა მშვენიერ ხარ“–ო, მინდა მთელი ხმით ვიბღავლო – როდემდე უნდა იყო შეჩერებული, შეჩემის შეჩერებულო!

12 ნოემბერი. და მეორე დღეს იყო ეს: „თეა თუთბერიძე და 20-მდე ახალგაზრდა, რომლებიც ძირითადად ზუგდიდიდან არიან ჩამოსულები, სასამართლოსთან ტრანსპარანტებით მივიდნენ. ტრანსფარანტებზე ქართულ და ინგლისურ ენებზე შემდეგი წარწერებია: „პატრიოტი ხარ, დაგიჭერენ“, „ბრალი ედებათ პატრიოტიზმში“, „დღეს პატრიოტიზმი დასჯადია“.

კი ღირს ამ ორი ნიუსის შესახებ უფრო დაწვრილებითი და ჩაღრმავებითი წიაღსვლები, რადგან როგორც ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იტყოდნენ, პრობლემა, ერთდროულად, ეპატაჟურიც არის და სენსიტიურიც და სენსიტიურობის ამბავში იყო ის, რომ როდესაც ბაჩო ახალაიას საკუთარმა ადვოკატმა უთხრა, „ქართული ოცნების“ წევრი ვარო (ქალიშვილი არ ვარო), თურმე, როგორც ადვოკატი ირწმუნება, ახალაიას არანაირი რეაქცია არ ქონია.

საინტერესო ის არის, რა რეაქცია ჰქონდა ბაჩოს, როდესაც გაიგო, რომ გარეთ თეა თუთბერიძე აქციას მართავდა? ადვოკატზე რომ არ ჰქონდა რეაქცია, ეს უკვე ვიცით და თუთბერიძეზე რა ჰქონდა – სანქცია, ტრანზაქცია თუ კიდევ რომელიმე სხვა „ქცია“? სიტუაციის მთელი პოეტურ–პიკანტური სენსიტიურობაც იმაში მდგომარეობს, რომ ბაჩომ გაიფიქრა: „ლამის სახლში შემოიჭრას თუთ...“.

3 დეკემბერი. წინა აბზაცის წერისას ერთმა იდეამ დამარტყა. რა იქნება, რომ შევქმნათ გეომეტრიის მუზეუმი, რომელშიც თვალსაჩინო ადგილს კათეტერების კოლექცია დაიკავებს და, ასევე, დავაარსოთ მედიცინის მუზეუმი, რომელშიც მსოფლიოში ყველაზე დიდი ჰიპოთენუზა გამოიფინება. ვფიქრობ, კარგი აზრია. ახლა, მოდური გამოთქმა რომ ვიხმაროთ, ბურთი გიორგი მარგველაშვილისა და დავით სერგეენკოს მოედანზეა. მათ შეუძლიათ იმეგობრონ, ითანამშრომლონ, იფიქრონ და აკეთონ ერთად და, ზემოთ ნიუტონს და რუსთაველს რომ შევნატროდი, ორ სიტყვით რამდენს გამოხატავენ–მეთქი, ახლა მინდა გითხრათ, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც ერთი სიტყვით შეუძლიათ მთელი ეპოქის შექმნა და ეს ეპოქა მათ გასულ კვირაში ერთი კონკრეტული სიტყვით შექმნეს. ეს სიტყვა არის „კოჰაბიტაცია“.

ახლა, რომ ვუფიქრდები, ძალიან მრცხვენია. უნდა ვაღიარო, რომ უამრავჯერ მითქვამს და დამიწერია „თანამშრომლობა“, „თანაარსებობა“ და სხვ. თურმე, სად ვბანაობდი!.. კოჰაბიტაცია და იმის ჯანი! თან, რა ტკბილად ჟღერს (განსაკუთრებით, ნინო ზურიაშვილის ბაგეებში) და რა უნივერსალურია! აი, მომისმინეთ: ჩვენ, ყველანი, ჩვენი მშობლების კოჰაბიტაციის შედეგად გავჩნდით; ჰიპოთენუზა ორი კათეტის (თუ კათეტერის?) კოჰაბიტაციის შედეგია და ა.შ.

10 დეკემბერი. მოდით, გუბაზ სანიკიძეს ჩვენც მოვუსმინოთ: „დღეს პარლამენტში ოპოზიცია არ არსებობს. თქვენ ოპოზიციაში ყოფნის მორალური უფლება უნდა მოიპოვოთ. აღიარეთ დანაშაული და მოიპოვეთ უფლება, რომ ოპოზიციაში იყოთ. საქართველოში სამართალმა პური ჭამა, სახელმწიფო წინ მიდის და ამას ვერავინ შეაჩერებს“.

ამბობენ, პური ასუქებსო. სამართალმა პური რომ ჭამა ეს კარგია, მაგრამ ზედმეტი პური არის ზედმეტი წონა, ხოლო ზედმეტი წონა იწვევს ნაადრევ სიკვდილს. პოლიტპატიმრებისა და პოლიტდევნილების სიას რომ გადავხედე, მივხვდი, რომ სამართალს საჭიროზე მეტი პური აქვს ნაჭამი. ამაზე საპარლამენტო უმრავლესობის სიაც მეტყველებს და... არ მინდა, ბატონო, გასუქებული და აქოშინებული სამართალი, 90–60–90 სამართალი მინდა.

17 დეკემბერი. თვითმფრინავის თემა ჯერ კიდევ ერთი თვის წინ მაშინ გააქტიურდა, როდესაც გაირკვა, რომ ერთი კიტრი ორ თვითმფრინავს გადაჰქონდა, ახლა კი, როგორც ირკვევა, კიტრის მარშრუტი ასეთი იყო: თბილისი–მილანი–პარიზი–ლონდონი–ნიცა–იამაიკა–ბარბადოსი–აკაპულკო... მრავალწერტილში მრავალი ის წერტილი იგულისხმება, რომელიც ჩვენთვის არის წერტილი რუკაზე, თორემ კიტრისა და მისი თანმხლები პომიდვრებისთვის ეს ის ადგილებია, სადაც, თუ მწნილი ხარ, ისე იკოტრიალებ ჯონჯოლში, რომ ნივრის სუნი არ აგივა.

წერტილებს აღარ ჩამოვთვლი, შორს წაგვიყვანს (ისე, მართლა წავიდოდა კაცი...), უბრალოდ, იმას გეტყვით რომ სააკაშვილის მოგზაურობას რაჭა–ლეჩხ... უკაცრავად, ნიცა–პარიზში, ფარდა ახადა და ნიღაბი ჩამოხსნა თავდაცვის სამინისტრომ. ჯერ, ისე თქვა – სხვათა შორის, მაგრამ როდესაც სააკაშვილის ირმამ (ნადირაშვილმა) გააპროტესტა, ტყუილიაო, ვაკო ავალიანმა სია აიღო და, პარიზით რომ დაიწყო და ლონდონით რომ გააგრძელა, აივანზე გავედი სიგარეტის მოსაწევად და რომ შემოვედი, სააკაშვილის წყალობით ავალიანი ჯერ კიდევ ბერმუდის კუნძულებზე იყო და კანარის კუნძულებზე აპირებდა გამგზავრებას.

24 დეკემბერი. „რამდენიც არ უნდა დაიჭიროთ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერ გაანადგურებთ“ – ეს სიტყვები გოკა გაბაშვილს ეკუთვნის. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც გოკა გაბაშვილი მართალს ამბობს. ვეთანხმები – რამდენიც არ უნდა დავიჭიროთ, ნაციონალურ მოძრაობას მაინც ვერ გავანადგურებთ. დაგითვლიათ, რამდენი კოღო, ბუზი, ვირთხა და ტარაკანა ნადგურდება ყოველწლიურად? მილიონობით! მაგრამ მაინც არიან. ბავშვი არ ვარ, მათი საბოლოო განადგურების იმედი რომ მქონდეს, ეს შორეულ 1986 წელს იყო, რომ მეგონა, გაივლიდა რამდენიმე წელი და კომკავშირლები აღარ იარსებებდნენ. კომკავშირი აღარ არის, მაგრამ „ექსპო ჯორჯიაში“ შეკრებილები მხოლოდ გარეგნულად არიან კრაკაძილები, თორემ მაგათში კომკავშირს რა მოკლავს? ჰოდა, ალბათ ამიტომაც თქვა მიხეილ ს–მ ეს სიტყვები: „იმ ხალხმა, ვინც ძალიან ჩქარობს, კარგად იცის ერთი რამ, რომ 2014 წელს მათ შანსი არ ექნებათ. უფრო მეტსაც გეტყვით, 2013 წლის ბოლოსაც არ აქვთ მათ შანსი“.

როდესაც ეს წავიკითხე, გამეცინა და დავიგინე, მაგრამ ერთია, როდესაც მე მეცინება და მეორე ის, თუ რას ამბობს დავით უსუფაშვილი: „თუ ეს ხალხი ჩვენ არ დავიცავით დღეს, ამ დღეში აღმოვჩნდებით ჩვენ ყველანი შემდგომში“.

როგორ მოგწონთ? არა, მართლა, როგორ მოგწონთ პარლამენტის თავმჯდომარის ეს სიტყვები. მეგონა, იტყოდა, ისე თუ მოვიქცევით, როგორც ეს ხალხი იქცეოდა, ამ დღეში აღმოვჩნდებით ჩვენ, ყველანიო.

რა დღეში? რა დღეში და, იმ დღეში, რა დღეშიც აღმოჩნდნენ ქუთაისში ჩაცუნცულებული სააკაშვილისთვის პატივისცემის დასადასტურებლად მისული აკაკი მინაშვილი და სხვები. აღარ გავიხსენებ, სრულიადაც არ იყო სასიამოვნო ის, რაც ვნახეთ, თუმცა ის, რომ სრულიადაც არ იყო სასიამოვნო, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს არ იყო ლოგიკური.