ოპოზიციაში, არჩევნების მოახლოვებასთან ერთად, კონკურენცია იზრდება და შესაძლოა, მიღებული შეთანხმება, თბილისში, საერთოდ, მაჟორიტარულ კანდიდატებთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნის ქვეშაც დადგეს.
დააყენებს თუ არა „ლელოს“ გადაწყვეტილება ოპოზიციური პარტიების შეთანხმებას დარტყმის ქვეშ, ეს უკვე, ერთ კვირაში გახდება ცნობილი, როდესაც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრა შედგება.
მართალია „ლელოს“ გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა ოპოზიციის რიგებში გარკვეული უკმაყოფილება მაინც გამოიწვია. „ლელომ“ კანდიდატები იმ ოლქებშიც წარადგინა, სადაც ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა ერთიან კანდიდატებზე შეთანხმდა. „ლელო“ კონკურენციაში შევიდა ყველა იმ კანდიდატთან, ვისზეც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეკრებილები შეჯერდნენ, მათ შორის არის ნიკა მელია და ელენე ხოშტარიაც.
სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის ბოლომდე, ან მომავალი კვირის დასაწყისში უნდა გაიმართოს ოპოზიციის შეხვდერა, სადაც საბოლოოდ უნდა ჩამოყალიბდნენ სხვადასხვა პარტიები ღიად დატოვებულ ოლქებში ერთიან კანდიდატებზე შეჯერდებიან თუ დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ამ დაპირისპირებაში ყველა ერთმანეთის კონკურენტია და „ქართული ოცნების“ გარდა ოპოზიცია არჩევნებისთვის ერთმანეთისთვის ხმების წართმევას შეეცდება. მისი აზრით, „ოცნებისთვის“ ყველაზე ხელსაყრელია, რაც უფრო მეტ ხმას წაართმევენ ერთმანეთს, ამით ის უფორ იხეირებს. თუმცა საყვარელიძე ფიქრობს, რომ „ლელოს“ მხადამჭერები, შესაძლოა, „ოცნებაზე“ განაწყენებული ელექტორატი აღმოჩნდეს. ამიტომაც მმართველი გუნდისთვის საფრთხეს არა ნაციონალები და ევროპელები წარმოადგენენ, არამედ „ლელო“, რომელმაც შესაძლოა, მმართველ გუნდზე განაწყენებულები თავისკენ მიიზიდოს.
„ოცნების“ ხმების მიზიდულობა შესაძლოა, როგორც „ლელოს“, ასევე ალეკო ელისაშვილსაც აღმოაჩნდეს. აი, ამ თავყრილობაში კონკურენტები „ოცნებისთვის“ ახლა ეს ორი პარტია უნდა იყოს. რაც შეეხება ევროპელების განაწყენებას, რომ შესაძლოა „ლელოს“ კანდიდატებმა მათ ხმები წაართვან, ნაკლებად დამაჯერებელი მგონია, რადგანაც მათი ამომრჩეველი სხვაა და „ლელოსი“ სხვა. მათ უფრო ნაციონალების უნდა ეშინოდეთ, რადგანაც ერთი ელექტორატი ჰყავთ და ერთმანეთის სერიოზული კონკურენტები არიან.
თუმცა „ლელო“ ახლა სამი მიმართულებიდან იღებს დარტყმებს. ერთი - მას ემტერება „ოცნება“, ხმების წართმევის შიშით, ხოლო ნაციონალები და ევროპელები მას ებრძვიან იმის გამო, რომ ალტერნატიულ ძალად არ ჩამოყალიბდეს. შუალედური პარტიები, რომლებიც არც ერთ პოლუსს არ მიეკუთვნებიან, ახლა ყველასთვის საშიშები არიან. ვიცით, ჩვენს ქვეყანაში ბევრი ჩამოუყალიბებელი ამომრჩეველია, რომლის გადაბირებასაც ყველა ცდილობს. ამიტომ, ასეთ შუალედურ პარტიებს და ლიდერებს უფრო მეტი შანსები აქვთ“, - ამბობს საყვარელიძე for.ge-სთან.
ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს კი მიაჩნია, რომ მიუხედავად გაერთიანებისა და რაღაცაზე შეთანხმებისა, ოპოზიციაშიც ყველა ერთმანეთის კონკურენტია. ძაბირაძე ფიქრობს, რომ ოპოზიციაში ყველაზე რადიკალური დაპირისპირება „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის იქნება. მისი აზრით, მათ საერთო ამომრჩეველი ჰყავთ და ორივე მათგანი ამ ერთიანი ელექტორატის განკარგვისთვის იბრძოლებს. ამიტომ მათ შორის საკმაოდ დიდი კონკურენცია იქნება. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ამასთანავე ორივე მათგანი შეეცდება რომ „ლელოს“ დაუპირისპირდეს, რადგან საზოგადოებისთვის ალტერნატიულ ძალად არ ჩამოყალიბდეს.
„ორივე ეს დიდი ოპოზიციური პარტია არაფრით არ დაუშვებს ერთმანეთთან კონკურენციის პარალელურად „ლელოს“ სახით ახალი პოლიტიკური ძალა ჩამოყალიბდეს, რომელსაც გარკვეული სახის რეიტინგი ექნება. ოპოზიციური ფლანგზე ცოტა ხანში საკამოდ მძიმე დაპირისპირება დაიწყება. როდესაც საუბარია მესამე ძალის მოთხოვნაზე, საზოგადოება ამ ძალას ეძებს,
მით უმეტეს არჩევნებისთვის ჩამოუყალიბებელი ამომრჩეველი, რომელიც საბოლოო სიტყვას ამბობს. თუმცა „ლელოს“ თუ უნდა ეს ხალხი თავისკენ გადაიბიროს, მაშინ უფრო აქტიური და ხისტი საარჩეევნო კამპანია უნდა დაიწყოს. მას უნდა თუ არ უნდა, ამ ამომრჩევლის გულის მოსაგებად, როგორც „ოცნებას“, ასევე ნაციოანლებს და ევროპელბეს უნდა დაუპირისპირდეს. გარდა ამისა, ამ პარტიას თემატიკაც შესაცვლელი აქვს და პიარიც დასაგეგმი. ჯერჯერობით ის ოპოზიციური ელექტორატისთვის მიზიდულობის ცენტრს არ წარმოადგენს. რაღაც სიმპათიები არსებობს, თუმცა ეს საკმარისი არ არის“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.
რაც შეეხება პატარა პარტიებს, რომლებიც „ძალა ერთობაშიას“ სახით არიან გაერთიანებული, ძაბირაძე ამბობს, რომ თუკი ისინი ნაციონალებთან ერთად იქნებიან, მაშინ თითო-თითო კაცი პარლამენტში შევა. თუმცა „ნაციონალურ მოძრაობას“ რამდენად აწყობს ამდენი მანდატის ჩუქება მათთვის, ცოტა გაუგებარია. მისი აზრით, „ძალა ერთობაშია“-ში გაერთიანებულ პარტიების უმრავლესობას 1%-იანი ბარიერის გადალახვის შანსიც არა აქვთ. ძაბირაძე ფიქრობს, რომ ლეიბორისტებს, „პატრიოტთა ალიანსს“ თავისი ელექტორატი ჰყავთ და პარლამენტში შესვლას დიდი ალბათობით შეძლებენ. ასევე 1%-იანი ბარიერის გადალახვა გიორგი ვაშაძეს და ალეკო ელისაშვილს არ უნდა გაუჭირდეს. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ საკმაოდ ჭრელი და მრავალპარტიული პარლამენტი გვეყოლება, სადაც 8 პარტიამდე მაინც უნდა შევიდეს.