“მე ამაზე არაფერს ვიტყვი, რადგან არ მინდა კოჭლი იხვი ვიყო” – ასე პასუხობდა მიხეილ სააკაშვილი ერთი წლის წინ ჟურნალისტებს, როდესაც მას პრეზიდენტობის შემდგომ მისი გაპრემიერების შესაძლებლობის შესახებ უსვამდნენ კითხვებს. შარშან ამ დროს სააკაშვილი, ალბათ, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ერთი წლის თავზე თეთრ რაშზე (ანუ ღირსების დაბრუნებისკენ საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო-სახალხო ლტოლვაზე) ამხედრებული ბიძინა ივანიშვილი მას ნამდვილ „კოჭლ იხვად“ გადააქცევდა.
როგორც ცნობილია, „კოჭლი იხვი“ ამერიკული ფენომენია და შეერთებულ შტატებში პრეზიდენტებს ასეთი ფორმით მათი უფლებამოსილების ვადის მიწურულს მოიხსენიებენ. ბუნებრივია, ამერიკული „კოჭლი იხვი“ სულ სხვა მოვლენაა და სააკაშვილთან მისი გაიგივება, რბილად რომ ვთქვათ, მართებული ვერ იქნება. ამერიკული „კოჭლი იხვი“ არის ღირსეული პოლიტიკური ლიდერი, პრეზიდენტი, რომელიც, სულ მცირე, მახინჯი ავტოკრატიული და კორუფციულ-კრიმინალური რეჟიმის შემოქმედად არ მიაჩნია ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას. მოკლედ, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი „კოჭლობაც“ და „იხვობაც“ სულ სხვა დატვირთვითა და სიმძიმით ხასიათდება და ამ სიმპტომების „გაამერიკულება“ ყოველგვარ პერსპექტივას არის მოკლებული.
მეორე სიტყვათწყობა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ მდგომარეობას არცთუ იშვიათად მიუსადაგებენ, „მაოხრებელი გზირი“ ან „მაოხრებელი მკვდარია“. ამასთან დაკავშირებით, უნდა ითქვას, რომ ორი მიზეზის გამო, სააკაშვილს ბოლომდე ვერც მაოხრებელ მკვდარს შევადარებთ: ერთი, რომ სააკაშვილს დღეს ქვეყნისთვის გაცილებით ნაკლები ზიანის მოტანის რესურსი აქვს, ვიდრე თავის დროზე მაოხრებელ გზირს თავისი თანასოფლელებისთვის; მეორეც, სააკაშვილი პრობლემების შექმნაზე ფიქრობს არა გზირისეული „უანგარო“ მოტივით, არამედ მკვდრეთით აღდგომის სრულიად უპერსპექტივო სურვილით, რაც მის მავნებლობით პოტენციალს კიდევ უფრო ამცირებს.
არის კიდევ ერთი, მესამე ტერმინი, რომელიც ჩვენ ზეპირსიტყვიერებაში ბოლო ხანს მყარად დამკვიდრდა და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას უკავშირდება - „კოაბიტაცია“. კოაბიტაცია ფრანგული წარმოშობის ტერმინია და ქართულად თანაცხოვრებას ნიშნავს. ეს ტერმინი აღწერს მდგომარეობას, როდესაც სხვადასხვა პოლიტიკური კუთვნილების მქონე პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ერთმანეთში პოლიტიკური ძალაუფლების ორ მსხვილ პორციას ინაწილებენ.
ალეგორიული შედარება რომ მოვიყვანოთ, კოაბიტაცია ნიშნავს ერთ უღელში შებმულ ორ ხარს, რომლებიც ერთად ეწევიან გუთანს, ანუ ქვეყნის მართვის ჭაპანს. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, ეს ტერმინი კიდევ უფრო ნაკლებად მიესადაგება მიხეილ სააკაშვილს, ვიდრე, თუნდაც, ამერიკული „კოჭლი იხვი“ ან საბასეული „მაოხრებელი გზირი“. ჩვენ დღევანდელ სინამდვილეში, პრემიერ-მინისტრი არის ჯანმრთელი ხარი, რომელსაც სრულად აქვს გადაბარებული გუთნის გაწევის საპატიო ფუნქცია, იმავე უღელში შებმული პრეზიდენტი კი ძლივს ამოძრავებს ფეხებს და არათუ გუთნის გაწევაში დახმარება შეუძლია, პირიქით, ხელს უშლის და აფერხებს კიდეც გუთნის წინსვლას. მოკლედ, კოაბიტაცია, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით, ქართული პოლიტიკური სინამდვილისთვის სრულიად არააქტუალური ტერმინია.
თუმცა, არის კოაბიტაციის, იგივე თანაცხოვრების, ერთი საინტერესო გამოვლინება, რომელიც ქართული პოლიტიკისთვის განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს - ეს არის სააკაშვილის შინაგანი კოაბიტაცია:
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილში თანაცხოვრობენ „მაოხრებელი გზირი“ და „კოჭლი იხვი“. მის არსებაში „მაოხრებელ გზირს“ ამოძრავებს დაუძლეველი სურვილი, განხორციელდეს საბოტაჟი, შეიქმნას პრობლემები, ჩაბნელდეს ქვეყანა, გაღვივდეს კრიმინალი, აბუნტდეს ციხე, გაიყინოს პენსიები, გაჩერდეს ეკონომიკა და ა.შ. და ა.შ., რათა ხალხი დარწმუნდეს, რომ მასზე უფრო მაოხრებელი გზირებიც არსებობენ და ამით, მისი მკვდრეთით აღდგომის პერსპექტივა შეიქმნას. თუმცა, სააკაშვილისავე არსებაში თანამცხოვრები „კოჭლი იხვი“ „მაოხრებელ მკვდარს“ არ აძლევს არავითარ გასაქანს და მუდმივად ახსენებს, რომ მას რაიმე არსებითი პრობლემების შექმნის არავითარი რესურსი არ გააჩნია და რომ მისი მკვდრეთით აღდგომა მით უფრო შეუძლებელი რამაა.
სწორედ ეს შინაგანი წინააღმდეგობა აიძულებს საქართველოს ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტს, იყოს კიდევ უფრო არაადეკვატური და მიუღებელი, ვიდრე ის იყო, თუნდაც, უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებამდე. სწორედ სააკაშვილის შინაგანი კოაბიტაცია არის ის მტკივნეული ილეთი, რომელზეც ასე მყარად ჰყავს ბიძინა ივანიშვილს დაჭერილი თავისი „კოჭლი კოაბიტანტი“. ამ ილეთის წყალობით, სააკაშვილი უსათუოდ მიეცემა ქართული პოლიტიკის წარსულს 2013 წლის ოქტომბერში (ან უფრო ადრეც), რის შემდეგაც, ამერიკელი „კოჭლი იხვებისგან“ განსხვავებით, ის მარტოობის ასი წელიწადისთვის არის განწირული.
გახსენებაზე, „მარტოობის ასი წელიწადის“ მიხელ სააკაშვილზე გადმოთარგმნა რომ გვეცადა, მარკესის გენიალური რომანის ადაპტირებული ვერსია, ალბათ, ამ სიტყვებით დაიწყებოდა: „გაივლის წლები და შემოდგომის მოლოდინში კედელთან მდგომი მიხეილ სააკაშვილი იმ შორეულ საღამოს გაიხსენებს, დავით აღმაშენებელს რომ შეადარა თავი პირველად. მაშინ ჭორვილა ერთი პატარა სოფელი იყო...“