შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ მორაგბეს სახაზინო ადვოკატი დაიცავს

შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ მორაგბეს სახაზინო ადვოკატი დაიცავს

გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ, არჩილ გაგნიძეს საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნა. გადაწყვეტილება გენერალურმა პროკურატურამ მას შემდეგ მიიღო, რაც გაგნიძის ადვოკატებმა საქმის მასალები არ ჩაიბარეს. პროკურატურამ ადვოკატსაც და ბრალდებულსაც საქმის მასალები გადასცა, მაგრამ მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე გააფრთხილა.

ბრალდებული მორაგბის, არჩილ გაგნიძის უფლებადამცველები პროკურატურის გაფრთხილებას მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე პროტესტს უცხადებენ და გაუთქმელობის ხელწერილზე ხელი არ მოაწერს. გაგნიძის ადვოკატის, ვასილ მამულაშვილის განცხადებით, პროკურატურის ეს პროცედურა ემსახურება იმას, რომ დაცვის მხარეს ჩამოერთვას შესაძლებლობა ისაუბრონ საქმეში არარსებულ მტკიცებულებებზე. მისი თქმით, გზის მოჭრა არის ის აბსურდული ვერსია, რომელიც არაფრით არ დასტურდება და ვერ დადასტურდება სასამართლოშიც.

როგორც ცნობილია, პროკურატურამ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე „ტოიოტა ქამრის“ 5 მგზავრის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეზე ბრალი დაუმძიმდათ - ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს. გიორგი შაქარაშვილის მკვლეობის საქმეზე საერთო ჯამში დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრუწლოვანია. ყველა მათგან აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

რაც შეეხება პროკურატურის გადაწყვეტილებას, 19 წლის ფეხბურთელის სასტიკ მკვლეობაში ბრალდებული მორაგბის, არჩილ გაგნიძისთვის საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშვნას, ადვოკატი, ვასილ მამულაშვილი აცხადებს, რომ ეს არის ყოვლად უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც არღვევს ბრალდებულის უფლებებსა და ინტერესებს.

„ეს გადაწყვეტილება არის ყოვლად უკანონო. მოტივი იყო, რომ თითქოს დაცვის უფლება ირღვეოდა და პროკურატურა თითქოს ზრუნავს ბრალდებული არჩილ გაგნიძის უფლებების და ინტერესების დაცვაზე. რეალურად, მათ მისი უფლებები დაარღვიეს. ბრალდებულს არ ესაჭიროებოდა ახალი ადვოკატი, ვინაიდან ჩვენი პოზიციები შეთანხმებულია და ეს არის ყოვლად უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც არღვევს ბრალდებულის უფლებებსა და ინტერესებს. ჩვენ დაცვის უფლებას ვერ შეგვიზღუდავს ვერც ერთი პროკურატურა, მასალებზე წვდომა მაინც გვექნება და გავაგრძელებთ მისი უფლებების დაცვას,“ - ამბობს ვასილ მამულაშვილი.

ბრალდებული მორაგბის კიდევ ერთი ადვოტაკი, ალექსანდრე კობაიძე ამბობს, რომ ახალი მასალები არ აქვთ ამ საქმეში წარმოდგენილი, არანაირი ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, პროკურატურის სურვილია, მონურად მოაწერინონ ხელი თავისივე დაშვებულ შეცდომებზე. კობაიძის თქმით, საქმის ახალი მასალების მიღებაზე უარის თქმა არ ნიშნავს იმას, რომ მათ მტკიცებულებებზე წვდომა არ ექნებათ.

„დღეს პროკურატურა ცდილობს, რომ ადვოკატებს პირი ამოგვიკეროს, რასაც არ შევეგუებით, ვაპირებთ, რომ ვიბრძოლოთ და შევიდეთ ამ ბრძოლაში. პროკურატურამ გამოგვიცხადა ომი და ახლა ცდილობს ამ ომშიც უსამართლოდ მოიქცეს. ახალი მასალები არ აქვთ ამ საქმეში წარმოდგენილი, არანაირი ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს, უნდათ მონურად მიგვიყვანონ და ხელი მოგვაწერინონ თავისივე დაშვებულ შეცდომებზე. ამას ჩვენ არ გავაკეთებთ, ვაპირებთ, რომ ვიდავოთ სამართლებრივად და ვიქნებით ღია საზოგადოებისთვის.

მართალია, ჩვენ ამ ეტაპზე უარს ვამბობთ ინფორმაციის გადმოცემის შესახებ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მტკიცებულებებზე წვდომა არ გვექნება და ყველა ის მტკიცებულება, რომელიც საქმეში არსებობს, იქნება საჯარო და ხელმისაწვდომი ყველასთვის. თუ რა ფორმით მოვიპოვებთ მტკიცებულებებს, ეს ჩვენი საადვოკატო სტრატეგიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია“, - აღნიშნა ალექსანდრე კობაიძემ.

წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ თვლის, არასრულწლოვანი ა.ქ. როგორც მისი უფლებადამცველი აცხადებს, იმ მასალებში, რაც გამოყოფილ საქმეშია, არ არსებობს მტკიცებულება, რომ მის დაცვის ქვეშ მყოს ჯგუფურ მკვლელობაში მონაწილეობა მიეღოს. მილერი ხარებავას შს სამინისტრომ საქმის ახალი მასალები გადასცა და გაუთქმელობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, ვინაიდან საქმეში არასრულწლოვნები ფიგურირებენ და გამოყოფილ საქმეზე გამოძიება არ დასრულებულა.

„გადმოგვცეს საქმის ახალი მასალები, უნდა წავიდეთ ოფისში და იქ ვნახოთ რა ტიპის მასალებია. გამოყოფილ საქმეზე რა მასალები დაემატა, ნამდვილად ვერ გეტყვით. მოვაწერე ხელი გაუთქმელობაზე, საქმეში არასრულწლოვნები ფიგურირებენ და რადგან გამოყოფილ საქმეზე გამოძიება არ დასრულებულა, საქმის მასალების გავრცელებას მოვერიდოთ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს, იმ მასალებში რაც გამოყოფილ საქმეშია, მტკიცებულება, რომ მას ჯგუფურ მკვლელობაში მონაწილეობა მიეღოს, არ არსებობს“, - აღნიშნა მილერი ხარებავამ.

დანაშაულს არ აღიარებს საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი ვახტანგ ჩიქოვანი. ბრალდებულის ინტერესების დამცველი, თეიმურაზ მაისურაძე ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი შაქარაშვილს არ გაკიდებია.

„მასალებში ახალი არაფერი არ არის და არც შეიძლება რომ იყოს. შუალედური დასკვნები არ შეიძლება იყოს ბრალის წაყენების საფუძველი ასეთ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე. 20 მტკიცებულებიდან ერთი ხომ მაინც უნდა იყოს კატეგორიული. არც ერთი კატეგორიული მტკიცებულება არ არის. თავად ვერ შეძლეს ობიექტური გამოძიების წარმოება, ვერ მოიყვანეს კომპეტენტური ექსპერტები და ახლა ეძებენ.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ გამოკიდებია შაქარაშვილს და საერთოდ, „ნახალოვკელები“ ამბობენ, რომ ჩვენ არ მოგვიკლავს და ამ ბიჭის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაფერი არ ვიცითო. ვინ ამბობს, რომ ვახტანგ ჩიქოვანი შაქარაშვილს გაეკიდა? რაც არ იცის, რა უნდა აღიაროს, მათი მხრიდან ეს საერთოდ არ მომხდარა, ვიღაც ბრალს სდებს ამ ადამიანებს და არ უნდათ სიმართლის დადგენა“, - აღნიშნა თეიმურაზ მაისურაძემ.

ადვოკატი ამტკიცებს, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალი არის დაუსაბუთებელი, აბსურდული, ვარაუდის საფუძველიც არ არსებობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჩიქოვანი იქ მონაწილეობდა. მისი თქმით, მხოლოდ ეს არის საკმარისი იმის მტკიცებად, რომ გამოძიება არის აბსურდული.

„ვახო ჩიქოვანი საერთოდ არ ყოფილა იქ, სადაც ე.წ. მკვლელობის ადგილია. ბრალს უყენებენ ახალგაზრდა ბიჭის მკვლელობაში, ეს ნიშნავს, რომ საერთოდ გამოძიება არ მიმდინარეობს სწორად. ის გვიან ჩავიდა დაბადების დღეზე, საჩუქარი მიუტანა და გამოვიდა გარეთ, რადგან ის არ სვამს. შემდეგ, ვახო ჩიქოვანი ცემეს. ვახო ჩიქოვანი ფიზიკურად ვერ გამოეკიდებოდა შაქარაშვილს და ვერც ვერავის. იქიდან რომ წამოვიდა, გზაში 2-ჯერ ცუდად გახდა, პირველად რომ ცემეს, სისხლი მოსდიოდა, გაწუწული იყო. იმხელა ჭრილობა ჰქონდა, თითი ჩადიოდა.

ნაცემი 19 წლის ახალგაზრდა ბიჭი, სულიერად შერყეული წარმოიდგინეთ, გაუბედურებული ძლივს ჩამოვიდა სახლში. არსად წასვლას არ აპირებდა, როცა ნახეს, რომ გაუბედურებული იყო ბიჭი, ადგნენ, ვინ არიან, წავიდეთ, ვნახოთო. არავინ წასულა იქ, როგორც დამსჯელი რაზმი, ჩვეულებრივად მოიკითხეს. გიორგი შაქარაშვილი „მგლის მუხლის“ კაცი იყო, მაგარი ბიჭი იყო ვერავინ დაეწეოდა. ამირხანაშვილიც ამბობს თავის ჩვენებაში და ახვლედიანიც, რომ შაქარაშვილი ისე გაიქცა, ვერ მოვკარით თვალი სად გაიქცაო“, - ამბობს თეიმურაზ მაისურაძე.

სასტიკად მოკლული ფეხბურეთელის ოჯახი თვლის, რომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია, დანაშაულის ჩამდენი პირები სწორად არიან პასუხისგებაში მიცემული. ოჯახს ამ ეტაპზე გამოძიებასთან არანაირი პრეტენზიები არ აქვს, თუმცა მოითხოვს დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას. ადვოკატის მირიან ნიკოლაძის განცხადებით, მტკიცებულებებით დადგინდა, რომ გარდა „ტოიოტას“ მარკის ავტომობილის 5 მგზავრისა, სხვა პირები ფიზიკურად ვერ ჩაიდენდნენ აღნიშნულ დანაშაულს.

„დაზარალებული ოჯახი მოითხოვს დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას და ოჯახი ბოლომდე თვალყურს მიადევნებს აღნიშნულ პროცესებს არა მხოლოდ სასამართლოში, არამედ შემდგომ, სასჯელის მოხდის პერიოდშიც, რომ არ მოხდეს ისეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევები, როგორიც არაერთხელ ვიხილეთ, ვგულისხმობ პირობით ვადამდე გათავისუფლებას და შეწყალებას.

ოჯახი საუბრობდა 6 მგზავრზე, თუმცა ჩვენ ვაფიქსირებდით პოზიციას, რომ მეექვსე მგზავრთან დაკავშირებით მიმდინარეობდა სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, რომელსაც უნდა დაედასტუნებინა ან უნდა გამოერიცხა აღნიშნული პირის ქმედება.

ოჯახს სურს, რომ უდანაშაულო პირები არ დაისაჯონ. ოჯახს, მხოლოდ დამნაშავეების დასჯა და სიმართლის დადგენა სურს. ვიდეო კადრებში ჩანს, რომ მძღოლიც გადმოდის მანქანიდან, თუმცა ის შემთხვევის ადგილზე 6 წუთზე მეტ ხანს არ იმყოფებოდა და ჩვენი ოჯახის პირადი მოსაზრებაა, რომ 6 წუთში ბოლომდე მონაწილეობის მიღება ბავშვის განზრახ მკვლელობის ფაქტში ცოტა რთული ამბავია“, - აცხადებს მირიან ნიკოლაძე.