აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის თანახმად, ხვალ რომ არჩევნები იყოს, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ მოსახლეობის 33%-ის პირველი არჩევანი იქნებოდა. შემდეგ მოდის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 16%-ით. მას მოსდევს „ევროპული საქართველო“ 5%-ით, შემდეგ მოდის პარტია „ახალი საქართველო“ და „პატრიოტთა ალიანსი“.
საზოგადოებრივი აზრის ამგვარად გადანაწილების ფონზე, ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობენ, რომ 2020 წლის არჩევნებზე ხელისუფლება ორპოლუსიანობის გაძლიერებაზე იმუშავებს, რაც გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმების მიღებაში დაეხმარება. მათი აზრით, მოცემული კვლევა რამდენად სანდოა, ან - არა, ამაზე დავა რთული იქნება, თუმცა ძირითადი ტენდეცია, რომ „ოცნება“ გამოკითხვების მიხედვით ლიდერობს, რეალობას შეესაბამება. მათი აზრით, ამის მიზეზი ორი გარემოება შეიძლება იყოს. ერთი ის, რომ მოსახლეობამ დაინახა ამ პანდემიის პირობებში „ოცნების“ ხელისუფლებამ კარგი კრიზისმენეჯმენტი გამოავლინა და მეორე - ოპოზიცია სრულიად არაადეკვატურად იქცევა. ამის გამო კი ამომრჩეველი მას აღარ ენდობა და ვერ ხედავს ძალას, რომელიც ქვეყანას უკეთესი მიმართულებით წაიყვანს.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ კვლევა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული საკარანტინო შეზღუდვების პერიოდში ჩატარდა, რამაც მის შედეგებზე გარკვეული გავლენა იქონია. მათი აზრით, ეს კვლევა, ფაქტობრივად, კოვიდზე არის მიბმული და მოლიდინი აქვთ, რომ არჩევნებმადე ეკონომიკური კრიზისის გამო „ოცნების“ რეიტინგი კიდევ უფრო დაიკლებს.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან ამბობს, რომ მსგავსი კვლეები არჩევნებამდე არაერთი დაიდება, ამიტომაც რთულია ამ კვლევებიდან რაღაც საერთო სურათი გამოვიტანოთ, ამ კვლევებს კონკრეტული ორგანიზაციები ატარებენ, რომელთაც კონკრეტული ინეტერესები აქვთ. მიუხედავად ამისა ანლიტიკოსი ფიქრობს, რომ ყველა მათგანში „ქართული ოცნება“ ძალიან დიდი უპირატესობით ლიდერობს. არჩევნებზე უშუალოდ რა ციფრებში და პროცენტებში გადაიზრდება ეს ლიდერობა, ამას, ზუსტად, მხოლოდ არჩევნების შედეგებით გავიგებთ.
„მოსახლეობა ამ კორონავირუსის გამო დაზაფრულია. ასევე კრიმინალის მატებით და რამდენიმე რეზონანსული საქმის გამო ატეხილი აჟიოტაჟის გამო. მიუხედავად ამისა, ჩვენ როგორც ვხედავთ, მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მაინც მმართველი გუნდისკენ იხრება. ამას თავისი ახსნა აქვს, რადგანაც მმართველი გუნდის ალტერნატივა საზოგადოებაში უარყოფით პროცესებთან ასოცირდება. იგივე ეს არის „ნაციონალური მოძრაობა, „ვროპული საქართველო“, ასევე მათი სხვა განშტოებები.
ხოლო ახლად შექმნილი პარტიები, მაგალითად „ლელო“, რომელიც ალტერნატივად წარმოაჩენს თავს, ჯერჯერობით, მან ეს ვერ მოახერხა. პარტიამ თავისი პოლიტიკურ კომუნიკაციაში საზოგადოებასთან რამდენიმე სერიოზული შეცდომაც დაუშვა. თუ „ქართულმა ოცნებამ“ რამე ფატალური შევდომა არ დაუშვა არჩევნებამდე, მან შეიძლება 40%-ზე მეტი აიღოს. ამ შემთხვევაში მას უკვე კოალიცური მთავრობის შექმნა აღარ დასჭირდება“,-ამბობს ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, თუკი სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის არჩევნებამდე კიდევ გამწვავდება, ამას მოსახლეობა უკვე არა „ოცნებას“ დააბრალებს, არამედ პანდემიით გამოწვეულ პრობლემებს. თუკი ელექტორატის ერთი ნაწილი ამ ეკონომიკური კრიზისის გამო „ოცნების“ მიმართ უარყოფითად განეწყო, „ნაციონალები“ და „ევროპელები“ დარმწუნებულები იყვნენ, რომ ეს ხმები მათკენ არ წავა.
„ვერც ერთი პარტია საზოგადოებას რეალისტურ დაპირებებს ვერ აძლევს. აბსოლუტრად არარეალური წინადადებებით შემოდიან, რითაც საზოგადოებას კიდევ უფრო აბნევენ. მათი ფაქტობრივი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი კი რევანშით, რეპრესიებით და დაჭერებით იმუქრება. მე მგონი მოსახლეობას ხელმეორედ იგივე პერიოდში გავლა აღარ უნდა“, - ამბობს ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან საუბარში.
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კი ფიქრობს, რომ ამ კვლევაში ტენდეციების სწორად არის გამოკვეთილი, რადგანაც ხელისუფლებამ ამ პერიოდის განმავლობაში პოზიციები გაიმყარა. მისი თქმით, ეს არ არის მხოლოდ კორონავირუსით გამოწვეული შედეგი, ამას ოპოზიციის არაადეკვატურობა დაემატა. ანალიტიკოსი ვარაუდობს, სწორედ ამ ორმა ფაქტორმა განაპირობა ის, რომ დღეს ხელისუფლება უკეთესად გამოიყურება ვიდრე ეს ადრე იყო.
„ოპოზიციის არგუმენტები გასაგებია, რადგანაც თვითკრიტიკულობას ჩვენი პოლიტიკური ელიტა ყოველთვის მოკლებული იყო. მიზეზს სხვა რამეში კი არ უნდა ეძებდნენ, თავადაც რომ პრობლემა აქვთ, ამას არ ამბობენ. რა თქმა უნდა, ეკონომიკურ კრიზისს შეუძლია ეს მონაცემები შეცვალოს. თუმცა აქ არის ერთი გარემოება, ხელისულება მოსახლეობას ეუბნება: მე ვარ კარგი კრიზისმენეჯერი და თუ მე ხელისუფლებაში არ ვიქნები პანდემიით მოკვდები.
ხოლო ოპოზიცია ხალხს აშინებს, რომ ჩვენ თუ არ მოვალთ ხელისუფლებაში, შიმშილით მოკვდებითო. შესაბამისად უპირატესობას პარტიები იმისდა მიხედვით მიიღებენ, საარჩევნოდ რა სახის შიში უფრო დომინანტური იქნება. გამომდინარე იქიდან, რომ პოზიტიურ დღის წესრიგს არავინ არ აყალიბებს და ყველაფერი შიშის გენერირებაზე აქვთ აგებული, ვფიქრობ, ხელისუფლებას აქაც გარკვეული უპირატესობა აქვს. თუ სიკივდილის შიში დარჩა, ხომ კარგი და შიმშილის შიშიც რომ შემოვიდეს, მმართველ გუნდს ბევრი ინსტუმენტი აქვს იმისთვის, რათა ამომრჩეველი იაფად იყიდოს“, - ამბობს ხუხაშვილი for.ge-სთან.
მისივე თქმით, „ოცნებამ“ თუ დაინახა, რომ ამ მიმართულებით კიდევ უჭირს, მაშინ მხოლოდ 200 და 300 ლარის დარიგებით არ შემოიფარგლება, ვიღაცას კიდევ რაღაცას გადაუგდებს. ამიტომაც ოპოზიციას ამ იწილო-ბიწილოს ურჩევნია, საკუთარი პრობლემები სწორად გააანალიზოს და დღის წესრიგი შექმნას, დაარმწუნოს ამომრჩეველი, რომ მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ამომრჩეველი უკეთესად იცხოვრებს. ხუხაშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია ამას, ჯერჯერობით, არათუ ვერ ახერხებს, არამედ ამ მიმართულებით არც კი მუშაობს.
„რაც შეეხება ახლად შექმნილ პარტია „ლელოს“ მეთოდოლოგიური თვალსაზრისით ყვლაფერს სწორად აკეთებს. ინფრასტრუქტურას ქმნის, მხადამჭერებს არეგისტრირებს, პარტიის წევრებს ატრეინინგებს, ოფისებს ხსნის. თუმცა პოლიტიკა ასეთი რამ არის, ერთია შენ კარგი შემადგენლობა შექმნა, მაგრამ მეორეა ის დაძრა. შეიძლება ყველაფერი ძალიან ლამაზად გამოიყურებოდეს, მაგრამ ეს მხოლოდ ვიზუალური ნაწილია. ეს რომ ამოძრავდეს, ორთქლმავალი გჭირდება, რომ ეს ყველაფერი ჩაიბას და „ა“ წერტილიდან „ ბ“ წერტილამდე მიიყვანოს. ჯერჯერობით ასეთი გენერატორი ამ სისტემას არა აქვს. დრო არის დარჩენილი და ვნახოთ, ჩამოუყალიბებელი ამომრჩეველი საით წავა. ამ ტიპის ამომრჩეველს არც წარსული უნდა „ნაციონალების“ სახით და არც აწყმო „ოცნების“ სახით, მომავლის არჩევანს ეძებს და ამ ბაზარზე შეთავაზება მწირია. ვნახოთ ვინ რას შეძლებს“, - ამბობს ხუხაშვილი for.ge-სთან საუბარში.