შს მინისტრი ამბობს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება მიდის და ღიად ვერ ვისაუბრებს, თუმცა ვფიქრობს, რომ გახმაურებული საქმის გამოძიება მალე დასრულდება. ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში საქმეში FBI სავარაუდოდ, ექსპერტიზის მიმართულებით ჩაერთვება. ესეც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გახდება ამის საჭიროება, თუმცა, ჯერჯერობით, გომელაურის განცხადებით, საქმეზე ქართველი გამომძიებლები მუშაობენ.
თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ხუთდღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა. ოჯახს გამოძიების ოფიციალური ვერსიის - თვითმკვლელობის არ სჯერა. გარდაცვლილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი დარწუნებულია, რომ ახალგაზრდა პროგრამისტი სახლიდან გაიყვანეს და მოკლეს.
For.ge ჯუმბერ ბაჩალიაშვილს ესაუბრა.
საზოგადოებრივი ინტერესი ამ საქმის მიმართ ძალიან დიდია. შს მინისტრის განცხადებით, საქმეზე გამოძიება მიდის და ფიქრობს, რომ მალე დასრულდება. ბატონო ჯუმბერ, რა ინფორმაცია გაქვთ, რა ეტაპეა გამოძიება?
ჯუბმერ ბაჩალიაშვილი: რა ვითარებაც იყო18 ივლისს, დღესაც იგივე ვითარებაა. საქმე წინ არ წასულა და თითქმის დასასრულისკენ როგორ წავა, როდესაც საქმის გამოძიება არც დაუწყიათ. როგორც დაზარალებულებს არც ერთ შეკითხვაზე პასუხი არ მიგვიღია. ამიტომ დავდივართ და ვიხვეწებით, გაგვცენ პასუხი. იძახდნენ რომ ინფორმაციას მოგაწვდითო, მაგრამ არაფერს არ გვეუბნებიან. ახლა გამოდიან და იძახიან, რომ დასასრულისკენ მიდისო, როგორ შეიძლება ასეთი უღმერთობა?!
ამას ამბობს შს მინისტრი, რომლის განცხადებით ამ საქმეზე გამოძიება მიდის...
- როგორ მიდის გამოძიება, როდესაც ყველა დამნაშავეს ხელს აფარებენ?! ჩვენ ვაწვდით ინფორმაციას და ვეხვეწებით გამოიძიეთ, მაგრამ კაციშვილი ხმას არ იღებს. გაჩუმებული არიან და თან რაღაცა სიბინძურეებს ავრცელებენ. შვილები ხომ ჰყვათ, ხომ გაზარდეს თვითონაც შვილები, ღმერთის არ ეშინიათ? ჩემი შვილი გავიდა სახლიდან და მომიკლეს. ვთხოულობ, მითხრან რატომ მომიკლეს შვილი, ამ კითხვაზე პასუხს ვერ ვიგებ და როგორ უნდა თქვან, რომ დასასრულისკენ მიდის საქმეო?! ვინც დასაკითხი იყო, არ დაკითხეს, ყველას ხელს აფარებენ.
ვის აფარებენ ხელს, შეგიძლიად დაასახელოთ?
- ბაჭულაშვილს, აფციაურს, იმ მწყემს, რომელიც გაქრა, ექსპერტი საერთოდ გაჩუმებულია. უამრვაი კითხვაა - მანქანა იქ არ იყო, როგორ მოიტანეს და დადეს მანქანა იმ ადგილას... რომელი ერთი გითხრათ. გამცენ პასუხი, ამ 25 დღის განმავლობაში თუ რამე გაუკეთებიათ. ტყუილად მივდივართ შსს-ში, ზღაპრებს გვიყვებიან და მოვდივართ უკან.
ბატონო ჯუმბერ, როდესაც ამ კითხვებს სვამთ, გამომძიებელი რას გეუბნებათ?
- იგივეს იმეორებს - მიდის გამოძიება, ამის მოსასმენად მივდივართ და მოვდივართ უკან.
არ ჰკითხეთ გამომძიებელს რატომ არ დაკითხეს აფციაური, ბაჭულაშვილი, ან სად არის მწყემსი და დაკითხეს თუ არა?
- კი ბატონო, მაგრამ პასუხი არ არის. ან, იმ ბაჭულაშვილმა რატომ მითხრა, რომ შენი გოგო ძალიან დიდ შარშიაო? დროზე ეთქვა, შეიძლება რამე გვეშველა. ზუსტად, იმ დიდ შარში რომ იყო, იმიტომ მომიკლეს. ბაჭულაშვილი, რომელიც რუსთავის პოლიციაში მუშაობს, ეთქვა რა შარში იყო ჩემი შვილი. ასეთ ადამიანებს რატომ ამუშავებენ პოლიციაში? ასეთი პოლიციელი ბევრ ნამუსიან პოლიციელს უკარგავს ხალხი ნდობას.
არ კითხეთ ლადო ბაჭულაშვილს, რომელიც ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეა, რა შარში იყო თქვენი შვილი და რა იცოდა მან ამის შესახებ, ან საიდან იცოდა შარში იყო თუ არა?
- დამაცადე, დამაცადეო, -კარგი მერე გადმოგირეკავ, ხელს არ შეგიშლი-თქო. მერე არ გვიპასუხა, საერთოდ არ გამოვიდა ტელეფონით კონტაქტზე. მერე მითხრეს შვებულებაში არისო.
ამ საკითხზე რას გეუბნებათ გამოძიება?
- არაფერს. გენისპექციამ დაკითხა და უთქვია, რომ ტყულია, არაფერი არ მითქვამსო და ამით გაჩერდნენ.
მაგრამ გამოძიებას ძალიან ადვილად შეუძლია გაარკვიოს შედგა თუ არა თქვენს შორის სატელეფონო კომუნიკაცია...
- მე წავედი და მაგთიდან ამოვაღებინე ჩანაწერი. ოთხჯერ, თუ ხუთჯერ არის დარეკილი. ამიტომ ვამბობ, რომ საიდანაც დასაწყები იყო დაკითხვა, იქიდან უნდა დაეწყოთ. პირველ რიგში ის უნდა დაკითხულიყო, რატომ მითხრა, შენი შვილი ძალიან დიდი პრობლემის წინაშე არისო. დროზე რომ ეთქვა, შეიძლება რაღაცა მეშველა, რაღაცა გამეკეთებინა, რომ გადამერჩინა შვილი. ე.ი. იცის რაღაცა. არ გვითხრა რა პრობლემა ჰქონდა, ალბათ, დაემუქრნენ, ეს რა წამოგცდაო და ამის მერე დაიკარგა, გაჩუმდა.
სპეციალისტები უსაფრთხოების საკითხებში უშვებენ შესაძლებლობას, რომ თამუნას გაუჩინარებაში, გარდაცვალებაში და შემდეგ უკვე როგორც განვითარდა პროცესები, ე.წ. შეყვარებულის შემოყვანა, შესაძლოა, იყოს სპეცსამსახურების კვალიც. ბატონო ჯუმბერ, თქვენც იზიარებთ სპეცსამსახურების ჩართულობას ამ საქმეში და რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი მკვლელობა?
- კი, კი, წინასწარ დაგეგმილია. სახლიდან გავიდა ჩემი შვილი და უკან უნდა მობრუნებულიყო. 2 საათითაც რომ მიდიოდა, თან მიჰქონდა კომპიუტერი. დიდი ზეწოლის ქვეშ იყო ჩემი შვილი, ყოველთვის ვეხვეწებოდი, ვემუდარებოდი - შვილო რა გჭირს, მითხარი... არაფერს არ იძახდა სახლში. ეტყობა, ემუქრებოდნენ, ხმა არ ამოიღო. ეს იყო დაგეგმილი. ან იქ როგორ მოხვდა, ვინ გაიტყუა ჩემი შვილი, იმ საღამოს, რატომ ჩაქრა შუქი იმ სოფლებში სადაც მერე მანქანა გამოჩნდა? გზა რომ არ გადაეკეტათ, მანქანა არ გამოჩნდებოდა. გზა გადაიკეტა, სოფლებში შუქი ჩაქრა, რომ არავის დაენახა როგორ მოიტანეს მანქანა და დადეს იქ. ამიტომ, არ ეშინიათ, როდესაც საუბრობენ თვითმკვლელობაზე, შვილები ხომ ჰყავთ, ღმერთი მიწასთან გაასწორებს ყველა იმ ადმიანს, ვინც ამ საქმეს ხელს აფარებს.
დაახლოებით მაინც თუ იცით, ვისი ზეწოლის ქვეშ იყო?
- ვერ გეტყვით. არც სამსახურს გამოვრიცხავ, არც იმ ბიჭს გამოვრიცხავ, რომელიც ახლა გამოვიდა და ამბობს, რომ მიყვარდაო.
საერთოდ ვინაა ბაჩანა ლობჟანიძე?
- არ ვიცი, ვინ არის. შსს-ში საშვის გარეშე ადის და ჩამოდის. მისი განცხადების საფუძველზე იწყებენ კომპანია „ZEG“-ის თანამშრომლების სახლის ჩხრეკას.
თამუნას, რომ შეყვარებული ჰყოლოდა, ოჯახის წევრები ამას ვერ გაიგებდით?
- ეს ბიჭი შემოგდებულია იმისათვის, რომ კვალი არიოს. სამსახურის შესახებ არაფერს არ იძახდა სახლში, მაგრამ შეყვარეული რომ ჰყოლოდა, ალბათ, ეტყოდა დედამისს, ძმას მაინც ვერ ეტყოდა.
რაც შეეხება FBI-ის ჩართულობას, ირაკლი შოთაძე შეგპირდათ, რომ FBI ჩაერთვება გამოძიებაში, მაგრამ ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ თუ საჭირო იქნება ფედარული ბიუროს ჩართვა, სავარაუდოდ, ექსპერტიზის მიმართულებით ჩაერთვება, თუმცა ამის აუცილებლობა ჯერჯერობით არ არის, რადგან ამ ეტაპზე გამომიებელები მუშაობენო...
- კი, გამომძიებლები მუშაობენ, ოთახში სხედან, საუბრობენ თავიანთ მდგომარეობაზე, მაგრამ გამოძიება „მიდის“. საქმეც მაგაშია, 25 დღე გავიდა და არც ერთ შეკითხვაზე პასუხი არ გვაქვს. ჩვენც ხომ ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ, ჩვენც ხომ ქართველები ვართ? შვილი მოგვიკლეს, ვითხოვთ გამოიძიონ და გვითხრან, ვინ არის მკვლელი. მომიკლეს შვილი, რომელიც საამაყო იქნებოდა საქართველოსთვის... მაჩალიკაშვილს რაღაცა დააბრალეს, სარალიძე რა დღეში ჩააგდეს და ახლა ჩემს შვილზე გადმოვიდნენ. შემდეგ ვისი რიგია ღმერთმა იცის. ამიტომ, ძალიან ვთხოვ ამ ხელისუფლებას, ვის კომპეტენციაშიც არის გამოძიება, გამოიძიონ ჩემი შვილის საქმე. ცოცხალი თავით არ დავნებდებით, რომ გავიგოთ სიმართლე, რა ვითარებაში და როგორ მოკლეს ჩემი შვილი.
ნუ იგონებენ რაღაც სიბინძურეებს. 24 წელია მყარი ოჯახი მაქვს, მეზობლებმაც იციან, რომ არაფერი არ მოკლებიათ. რაღაცას მიკიბ-მოკიბავენ. მოძალადე ალაბთ თვითონ არიან. ოჯახში რომ პატარა შელაპარაკება იყო, ბავშვი რა შუაშია, ბავშვს საერთოდ არ ეხება, საერთოდ არ იცოდა ეს ბავშვმა. 12 წლის წინ რა იყო, იმას კი ნუ იძიებენ, 18 ივლისს რა მოხდა, ეგ უნდა გამოიძიონ. დამკვეთი ვინ არის, შემსრულებელი ვინ არის, ეს გამოიძიონ. ჩემი შვილი ხელის გულზე მყავს გაზრდილი, არაფერი არ დამიკლია არასოდეს.
თქვენზე აქცენტირებას აკეთებენ იმიტომ, რომ თამუნას მკვლელობა გადაფარონ ამით?
- დიახ. ყველა ოჯახშია პატარა კამათი და რა შუაშია ეს ჩემი შვილის საქმესთან? შეიძლება ქუჩაში ჩხუბი მომივიდა ბიჭებთან და თამუნა რა შუაშია? ამით თავიანთ უნამუსობას ამტკიცებენ და იმ ორმოში თვითონ ჩავარდებიან. სახლში არაფერი პრობლემა არ ჰქონდა, მისთვის ვშრომობდით, ყველაფერი ჰქონდა, მაგრამ სახლში შემოდიოდა უხასიათოდ, გარეთ ჰქონდა პრობლემა, ზეწოლის ქვეშ იყო, ემუქრებოდნენ. ცოცხალი თავით არ დავანებებ თავს, სანამ არ იტყვიან, ვინ გაიყვანა, ვინ ემუქრებოდა და ვინ მოკლა.
როდესაც საუბრობენ სპეცსამსახურების ჩართულობაზე, საუბრობენ ამერიკულ სპეცსამსახურებზე, მათ შორის აზერბაიჯანულზე. გარდა იმისა, რომ თქვენი შვილი მუშაობდა ამერიკულ კომპანიაში, რამე კავშირი გქონდათ აზერბაიჯანთან?
- ჰერეთში დავიბადე, საინგილოში დავამთავრე ქართული სკოლა. ბავშვი აქ დაიბადა, ორ წელიწადში ერთხელ მიდიოდა ბებიასთან, რა შუაშია აზერბაიჯანი? აქცენტი გადააქვთ სხვაგან, რა შუაშია ეს საერთოდ. ნამუსი იქონიონ და გამოიძიონ ეს საქმე, რომ გავიგო რა ვითარებაში და ვინ მოკლა ჩემი შვილი, ამის გაგების მეტი არაფერი მინდა. მერე მზად ვარ მოვკვდე.
P.S. ჯუმბერ ბაჩალიაშვილთან სატელეფონი ინტერვიუს დასრულების შემდეგ, ჩვენ დაგვიკავშირდა თეონა ბაჩალიაშვილი, თამარ ბაჩალიაშვილის დედა, რომელსაც აინტერესებდა რა თემებზე ვესაუბრეთ მის მეუღლეს, რატომ ვიკითხეთ სპეცსამსახურები და მათ შორის აზერბაიჯანი.
თეონა ბაჩალიაშვილი: მაინტერესებს რა თემაზე ესაუბრეთ ჩემს მეუღლეს, რა სპეცსამსახურები, რა ამერიკა, რა აზერბაიჯანი. მე მაინტერესებს, ვინ მოგცათ ინფორმაცია?
for.ge: თქვენ საუბრობთ გარდაცვალების საეჭვო გარემოებაზე, შესაბამისად, სპეციალისტების ნაწილი არ გამორიცხავს ამ საქმეში სპეცსამსახურების კვალს. თქვენი შვილი მუშაობდა უცხოურ კომპანიაში, რომლის საქმიანობა არის საიდუმლო, შესაბამისად, არ გამორიცხეს, რომ შესაძლოა, აქ იყოს სპეცსამსახურების კვალი, მათ შორის ამერიკულიც და აზერბაიჯანულიც, ეს არის ვერსია, ვარაუდი...
ამერიკა გასაგებია, ამერიკულ კომპანიაში მუშაობდა, მაგრამ აზერბაიჯანი რა შუაშია? არ გიხსენებიათ სომხეთი და რა კონტექსტში ახსენებთ აზერბაიჯანს, ეს მაინტერესებს.
for.ge: შეიძლება იყოს აზერბაიჯანულიც, ამერიკულიც, ეს არის ვერსია, რომელზეც სპეციალისტები საუბრობენ. დავსვი კითხვა და, მგონი, არაფერი დამიშავებია?
- არა, არ დაგიშავებიათ. მე უბრალოდ ვთქვი, რატომ ითქვა აზერბაიჯანი და არ ითქვა სომხეთი...
აქ ჩვენი საუბარი დასრულდა, რადგან თეონა ბაჩალიაშვილი მისი მეუღლის ინტერვიუს გამო, საშინლად გაღიზიანებული დარჩა...