„ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“

„ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“

მდუმარე დეპუტატები ამ მოწვევის პარლამენტისთვისაც არ არის უცხო. 21 დეპუტატს 2019 წელს სიტყვით გამოსვლის უფლებით საერთოდ არ უსარგებლია. მათ შორის არიან ირაკლი აბუსერიძე, ლევან ბეჟანიძე, რუსლან გაჯიევი, სამველ მანუკიანი, გიორგი მოსიძე, ერეკლე ტრიპოლსკი, ვიქტორ ჯაფარიძე და სხვანი.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშშია ნათქვამი, პასიურ დეპუტატთა გვერდით გვყოლია სუპერაქტიური დეპუტატებიც, მათ შორის, ყველაზე აქტიურად სიტყვის უფლებით უსარგებლია ანრი ოხანაშვილს, ეკა ბესელიას, ლევან გოგიჩაიშვილს, გიგა ბოკერიას, თინა ბოკუჩავას.

ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში ახალი არ არის, როცა დეპუტატები მდუმარებაში იღებენ ხელფასს. კერძოდ, 2017 წელს მიკროფონი საერთოდ არ ჩაურთავს კობა ნაყოფიას, ენზელ მკოიანს, რამაზ ნიკოლაიშვილს და სხვებს. იგივე ტენდენცია გაგრძელდა 2018-შიც, სადაც სიტყვით გამოსვლით 30 დეპუტატს არ შეუწუხებია თავი, მათ შორის, ზემოთ დასახელებული დეპუტატებიც არიან.

არჩილ თალაკვაძე შეეცადა დეპუტატთა მდუმარებაშიც ეპოვა დადებითი მომენტები და აღნიშნა, ეს დეპუტატები საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებენო. თუმცა რა სარგებლობა მოაქვთ მდუმარე დეპუტატებს და ცალკეული დეპუტატის ალაპარაკებას სრული მდუმარება ხომ არ სჯობს? for.ge ამის შესახებ ანალიტიკოსებს ესაუბრა.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ მდუმარე დეპუტატები არ უნდა გვყავდნენ. დეპუტატად იმიტომ ვირჩევთ ადამიანს, რომ მან კანონშემოქმედებით საქმიანობაში მიიღოს მონაწილეობა, საპარლამენტო დებატებში ჩაერთოს, ქვეყნის პოლიტიკის ფორმირებაზე ზეგავლენა მოახდინოს, პოზიცია დააფიქსიროს, საკუთარ ამომრჩეველს აჩვენოს, რომ პარლამენტში უსაქმოდ არ ზის და ტყუილად ფულს არ იღებს.

„ამიტომაცაა, რომ მე, პირადად არ მომწონს პროპორციული სისტემა, რადგან პროპოციული სისტემა იმის საშუალებას იძლევა, მომავალ პარლამენტშიც გვყავდეს ასეთი მდუმარე დეპუტატები, რომლებიც სიით არიან გასულები და არ გრძნობენ პასუხისმგებლობას საკუთარი ამომრჩევლის წინაშე. თუმცა გვყავს მაჟორიტარი დეპუტატებიც, რომლებიც ასევე მაინცდამაინც არ გამოირჩევიან სიტყვაუხვობით, ალბათ, ისინიც არიან მოხვედრილნი ამ მდუმარე დეპუტატების სიაში. ვიცი რამდენიმე მაჟორიტარი დეპუტატი, რომელსაც არანაირ დებატებში მონაწილეობა არ მიუღია და არც საკანონმდებლო ინიციატივა განუხორციელებია. მაგრამ მაინც, როდესაც მაჟორიტარი დეპუტატი ხარ და შენი ამომრჩეველი გიდგას ზურგს უკან, უბრალოდ, მორალური უფლება არ გაქვს, ასეთ მდგომარეობაში იმყოფებოდე“, -აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე და არ იზიარებს მოსაზრებას, რომ მდუმარე დეპუტატები საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებენ.

მისი აზრით, დეპუტატი შეიძლება რეგიონისთვის რაღაცას მართლაც აკეთებდეს, ცალკეულ პროექტებს ახორციელებდეს, მაგრამ ეს რამდენად არის დეპუტატის საქმე?! ეს, ალბათ, უფრო თვითმმართველობის ორგანოების საქმეა.

„კი ბატონო, დეპუტატმა უნდა იზრუნოს თავის ამომრჩეველსა და რეგიონზე, მაგრამ დეპუტატი მაინც პოლიტიკოსია და პოლიტიკის ფორმირებაში უნდა მიიღოს მონაწილეობა. ასე რომ, პარლამენტში სიჩუმე ამ დეპუტატების სასარგებლოდ არ მეტყველებს. მათ მიერ გაკეთებული საქმე ერთია და მეორეა უშუალოდ შეასრულონ მათზე დაკისრებული პარლამენტარის ფუნქცია“.

ანალიტიკოსი, ამასთან, იხსენებს, რომ ყველა მოწვევის პარლამენტს ახსოვს მდუმარე დეპუტატები და რატომ კეთდება აქცენტი მაინცდამაინც ამ პარლამენტზე, არავინ იცის. განა წინა მოწვევისა და მასზე უფრო ადრე მოწვევის პარლამენტში ვინმეს დაუთვლია მდუმარე დეპუტატთა რაოდენობა? ხომ შეიძლება იმაზე გაცილებით მეტი ყოფილიყო, ვიდრე ამ პარლამენტში? „ამიტომ აღნიშნულ არასამთავრობო ორგანიზაციას სხვა მოწვევის პარლამენტშიც აქტიურად უნდა დაეთვალა მდუმარე დეპუტატები“.

მოძრაობა „დაბრუნების“ თავმჯდომარე, აფხაზთა კრების ერთ-ერთი ლიდერი მალხაზ პატარაია მიიჩნევს, რომ მდუმარე დეპუტატების არსებობა სამარცხვინოა, ამას სამართლებრივ შეფასებას ვერ მივცემთ, რადგან არ არსებობს მარეგულირებელი ნორმა, ან სანქცია, რომ ძალით აალაპარაკონ დეპუტატი, რომელიც მდუმარებასა და ნეტარებაშია. ამას უნდა მიეცეს მორალური შეფასება. ადამიანს ირჩევს ხალხი პარლამენტში წარმომადგენლად იმისთვის, რომ მან ილაპარაკოს. პირველ რიგში, პარლამენტი სალაპარაკო ორგანოა.

„თუ ხმა არ ამოუღიათ, ეს ჩვენი პარლამენტარიზმის დიდი უბედურებაა და ნიშნავს, რომ არ არის ჩვენი საზოგადოება დემოკრატიულად სასურველ დონეზე განვითარებული. სხვა შემთხვევაში, ჩვენ რომ ასე არ ვიყოთ, დეპუტატები ამას ვერც გაბედავდნენ. ცალკეულ დეპუტატებს ხმის ამოღება არც სჭირდებათ, თავის ბიზნესგეგმებს აწყობენ. ჩვენი არც ერთი პარლამენტი ამ თვალსაზრისით არ ბრწყინავდა. ეს ერთგვარი ტენდენციაა, ჯერ ერთი, თვითონ ეს დეპუტატები არიან უპასუხისმგებლოები, რადგან საკუთარ ამომრჩეველს არ ელაპარაკებიან პარლამენტიდან. არა მგონია, უცხოეთშიც იყვნენ ასეთი დეპუტატები, რადგან ეს პარლამენტარიზმის პრინციპს ეწინააღმდეგება, სიტყვა „პარლამენტი“ ლაპარაკიდან მოდის. თუმცა ძალიან ბევრი ვინმე, ვინც იქ ლაპარაკობს, არ ბრწყინავს, სჯობს, ხმა არ საერთოდ არ ამოიღონ, ისეთ სისულელეებს ამბობენ. თანაც, ზოგიერთი პარლამენტარი მაჟორიტარია, ე.ი. პირდაპირ ხალხი ირჩევს და როგორ შეიძლება სიტყვა არ თქვან? თუმცა პარლამენტარებზე რა უნდა ვთქვათ, როცა გვეშინია, პრეზიდენტმა რაღაც ისეთი არ თქვას და არ ილაპარაკოს, რომ საქვეყნო საქმე დააზიანოს“, - აღნიშნა მალხაზ პატარაიამ.

 

 

 

 

Katana . მაქვს იდეა: დეპუტატებმა იმუშაონ სახლიდან!
როცა ხმა იქნება მისაცემი, ონლაინ-რეჟიმში დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია, დანარჩენ დროს კი მიხედონ საკუთარ ბიზნესებს და აკეთონ ფული (ამისთვის არ იკლავენ თავს იქ მოსახვედრად?!)
ბესელია-ბოკერია-ბოკუჩავები კი სადმე ერთ ოთახშიც კარგად გალანძღავენ ერთმანეთს, - საამისოდ სულაც არ არის საჭირო პარლამენტის ამხელა შენობის შენახვა სახელმწიფოს ხარჯზე.
4 წლის უკან
Katana . ისე, პარლამენტარობას სამსახური არ ჯობია! - ზიხარ შენთვის, ლობირებ საკუთარ ბიზნესს და სახელმწიფო კიდევ აქეთ გიხდის 2000-ლარიან ხელფასს... თან ბენზინის ფულს გაძლევს იმდენს, მთელი შენი საახლობლო მუქთად დაკატაობს... პენსიის დრო დაგიდგება და მაღალი პენსია გარანტირებული!..
მოკლედ, თუ გინდა ბავშვი დალოცო, უნდა უთხრა, პარლამენტარი გამხდარიყავიო! :)
4 წლის უკან