დაუბეგრავი მინიმუმი ახალი წლიდან ამოქმედდება

დაუბეგრავი მინიმუმი ახალი წლიდან ამოქმედდება

წლის ბოლოს დამტკიცებული 2013 წლის ბიუჯეტის კანონის მიხედვით, მოქალაქეები, რომელთა წლიური შემოსავალი 6 ათას ლარს არ აღემატება, დაუბეგრავი მინიმუმის შეღავათით ისარგებლებენ. აღნიშნული მოქალაქეები წლის ბოლოს უკან დაიბრუნებენ წლის მანძილზე საშემოსავლო გადასახადის სახით გადახდილი საარსებო მინიმუმის 20 პროცენტს. რა მოცულობის ეკონომიას აძლევს მოსახლეობას ამგვარი ცვლილება და რა თანხა დააკლდება სახელმწიფო ბიუჯეტს?

პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოსულმა ახალმა ხელისუფლებამ 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი ისე გადაამუშავა, რომ ქვეყნის მოსახლეობას გადასახადების შემცირების ნაცვლად დაუბეგრავი მინიმუმი შესთავაზა. კერძოდ, ბიუჯეტის პირველი პროექტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადი 20-დან 18 პროცენტამდე მცირდებოდა, ასევე უნდა გაუქმებულიყო დივიდენდის 5 პროცენტიანი გადასახადი. ახალმა მთავრობამ უფრო მიზანშეწონილად მიიჩნია შეღავათი მიეცა იმ მოქალქეებისთვის, რომელთა თვიური შემოსავალი 500 ლარზე ნაკლებია. ამ ცვლილების შესახებ ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ამბობს:

”2013 წლიდან მნიშვნელოვანი სიახლე იქნება საშემოსავლო გადასახადში დაუბეგრავი მინიმუმის შემოღება, კერძოდ, მოსახლეობის იმ ნაწილს, რომლის წლიური შემოსავალი არ აღემატება 6 000 ლარს, შესაძლებლობა ექნება ხელფასის სახით მიღებული შემოსავლიდან 1 800 ლარზე გადახდილი საშემოსავლო გადასახადი დაიბრუნოს წლის დასრულების შემდგომ”.

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის ეს ინიციატივა ჯერ კიდევ პარლამენტში დამტკიცებამდე გააკრიტიკა საპარლამენტო უმცირესობამ. ”ნაციონალურმა მოძრაობამ” მმართველ უმრავლესობას დაუბეგრავი მინიმუმის გადასახადის პრინციპის უფრო ფართო ფენებზე გავრცელება შესთავაზა. დეპუტატი გიორგი ვაშაძე უმცირესობის ინიციატივას განმარტავს:

”და რა დააშავა, მაგალითად, ადამიანმა, რომელსაც აქვს ჯიხური და შემოსავალი აქვს 500 ლარი, ან რა დააშავა ადამიანმა, რომელიც სახლს აქირავებს და შემოსავალი აქვს 500 ლარი, ან კიდევ, მაგალითისთვის, ბაზრობაზე მდგომი ადამიანი, რომელსაც შემოსავალი აქვს 500 ლარი. ანუ ვფიქრობთ, რომ ეს ინიციატივა უნდა გავრცელდეს აბსოლუტურად ყველა კატეგორიაზე. და მეორე, ჩვენ ვფიქრობთ, მილიონამდე ოჯახმა რომ მყისიერი შედეგი იგრძნოს შემოსავლების ზრდის თვალსაზრისით, პარალელურ რეჟიმში 18 პროცენტამდე შემცირდეს საშემოსავლო გადასახადი”.

გიორგი ვაშაძის აზრით, გადასახადების ამგვარი შემცირება უფრო მეტ სტიმულს მისცემდა ინვესტორებს, რაც დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნისა და ეკონომიკის ზრდის საფუძველია. უმცირესობის წინადადება უმრავლესობამ არ გაიზიარა და ბიუჯეტის კანონი ისე დაამტკიცა, რომ დაუბეგრავი მინიმუმის შეღავათი მხოლოდ ხელფასის მიმღებ მოქალაქეებზე გავრცელდება და უცვლელი დარჩება საშემოსავლო გადასახადის განაკვეთიც.

ეკონომისტების გათვლებით, დაუბეგრავი მინიმუმის წესის დამკვიდრებით სახელმწიფო ბიუჯეტს დაახლოებით 170 მილიონი ლარი დააკლდება, ხოლო ის მოქალაქენი, რომლებსაც შეღავათი შეეხება, დღეში საშუალოდ 1 ლარს დაზოგავენ. დაუბეგრავი მინიმუმის უფრო დეტალური ანალიზი ”ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” ექსპერტმა ლაშა დოლიძემ მოამზადა:

”გადავიანგარიშეთ რამდენი იქნება ეს დღიურად. გამოდის სადღაც 98 თეთრი, რასაც უკან მიიღებენ ეს ბენეფიციარები. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ინიციატივა საკმაოდ კარგია და ნორმალურია, საბოლოო ჯამში, რეალური სარგებელი 98 თეთრით რომ განისაზღვრება, ეს საკმაოდ ცოტაა. იმის თქმა მინდა, რომ ამ შემთხვევაში საბიუჯეტო მანევრირების საშუალება არ იყო, არც ექნებოდა ხელისუფლებას და, საბოლოო ჯამში, ასეთი შეღავათი შეიძლება იყოს არსებითი, მაგრამ არა განმსაზღვრელად არსებითი ზოგადად საბიუჯეტო პროცესისთვის და დასაქმების თვალსაზრისით.”

ლაშა დოლიძე დასაქმების ზრდას არა სოციალურად ორიენტირებულ, არამედ უფრო მეტად ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიმართულ ბიუჯეტში ხედავს:

”ინფრასტრუქტურა საჭიროა იმისათვის, რომ რეალურად გაიაფდეს საქონელი, კონკურენციის ხარისხი გაიზარდოს და კიდევ ის არის, რომ დასაქმების სფერო იქმნება ინფრასტრუქტურაში”.

საქართველოს ახალი მთავრობა ინფრასტრუქტურის ხარჯების შემცირებას და შესაბამისი სამინისტროს გაუქმებას აპირებდა, თუმცა 2013 წლის მანძილზე ეს აღარ მოხდება.

რაც შეეხება დაუბეგრავი მინიმუმის შეღავათს, წლის მანძილზე ერთი მოქალაქის გადასახადებიდან ფინანსთა სამინისტროში მაქსიმუმ 360 ლარი დაგროვდება. მისი მიღება შესაძლებელი იქნება სათანადო დეკლარაციის შევსების შემდეგ. გამოთქვამენ ვარაუდს, რომ შედარებით მცირეშემოსავლიანი მოქალაქენი, მცირე თანხის უკან დასაბრუნებლად ბიუროკრატიულ პროცედურებს მოერიდებიან და შეღავათით არ ისარგებლებენ.