ჩაერთვება თუ არა 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებაში ამერიკის ფედერალური ბიურო და რა ფორმით? ოჯახი კვლავ დაჟინებით ითხოვს, რომ ექსპერტიზის პასუხები და საქმის მასალები მათი მხრიდან გადამოწმდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. მიუხედავად იმისა, რომ მათ მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განუცხადათ, რომ ამერიკის ფედერალური ბიუროს საქმეში ჩასართველად პროცედურები უკვე დაწყებულია, ქვეყნის პირველმა პოლიციელმა ვახტანგ გომელაურმა მოულოდნელად განაცხადა, რომ FBI საქმეში მაშინ ჩაერთვება, თუკი გამოძიებას მათი დახმარება დასჭირდება - „ესეც ექსპერტიზის ნაწილში მოხდება“.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქართველოში ამერიკის ფედერალური ბიუროს ჩართვა პრემიერის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეშიც მოხდა, ასევე სმიტების საქმეში, სადაც ქართულ მხარეს ამერიკელები ყველა მიმართულებით დაეთანხმნენ - ამერიკული სტრუქტურა ქართულ მხარეს ტელეფონის, კომპიუტერის გახსნაში დაეხმარა და ფოტოაპარატიდან წაშლილი ფოტოები აღდგინეს. FBI ასევე ჩართული იყო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეშიც.
For.ge-სთან სპეციალისტები ამბობენ, რომ ამერიკის ფედერალური საგამოძიებო ბიურო გამოძიების მოთხოვნით მხოლოდ ესპერტიზის ნაწილში ჩაერთვება. სხვა მიმართულებით მისი მონაწილეობა კანონმდებლობით წარმოუდგენელია. სპეციალისტები ამბობენ, რომ ოჯახს გასაგებად უნდა აუხსნან, რომ ისინი მხოლოდ იმ მასალებს გადახედავენ, რომელიც ჩვენი გამომძიებლების მიერ საქმეში დევს. ამის მიხედვით კი, დასკვნას გამოიტანენ და ქართულ მხარეს რეკომენდაციას მისცემენ. შეუძლიათ დაეხმარონ ტელეფონის, კომპიუტერის, სოციალური ქსელების და ფოსტის გახსნაში. ამიტომაც არ უნდა გვეგონოს, რომ თითქოს ამერიკის ფედერალური ბიურო საქართველოში რაიმე სახის საგამოძიებო მოქმედებებს ჩაატარებს.
იურისტი ლია მუხაშავრია for.ge-სთან ამბობს, რომ ბაჩალიაშვილის საქმის ირგვლივ იმდენი კითხვა გაჩნდა FBI ჩართულობა მინიმუმ ნდობას მაინც გააჩენს. მისი აზრით, შსს-მ გოგონას გარდაცვალების შესახებ ვერსიის დასახელება იჩქარა და იმდენი არათანმიმდევრული მოქმედებები ჩაატარა, რეალურად, თვითმკვვლელობაც რომ დადასტურდეს, მას ოჯახი და საზოგადოება მაინც არ დაუჯერებს. ამიტომ მათთვისვე უკეთესი იქნება, რომ საქმის რაღაც ნაწილში FBI ჩაერთოს.
„ხელისუფლებას ახლა წინასაარჩევნოდ ნამდვილად არ უნდა აწყობდეს პასუხგაუცემელი კითხვები და საქმე, რომლის მიმართაც გარდაცვლილის ოჯახს კითხვები აქვს და არ ენდობა. თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის ინტერესში უნდა შედიოდეს, რომ ამ საქმეზე რეალობა დადგინდეს და ნდობა გაჩნდეს. ახლა რასაც ვუყურებთ, მგონია, რომ გამოძიება კითხვებს საზოგადობასაც და ოჯახსაც თავად უჩენს. დავიწყოთ იქიდან, როდესაც პირველად ბრიფინგი ჩატარდა და გამოძიების პირველივე ეტაპზე ითქვა, რომ თვითმკვლელობა იყო. ასე მარტივად საქმეს შეხედო და ყველანაირი ექსპერტიზის და მტკიცებულებების გარეშე ეს ამტკიცო, უკვე უნდობლობას აჩენს. ასევე, რა რჯით, როდესაც ტელეფონს და კომპიუტერს, როგორც ადვოკატი ამბობს, წინასწარ ხსნიან. ასევე მაღალჩინოსანი პოლიციელის ზარი მამასთან და იმის თქმა, რომ მისი შვილი შარშია. შემდეგ მისი გაუჩინარება იმ მწყემსთან ერთად, რომელმაც გოგონას ცხედარი აღმოაჩინა. დრონის ჩანაწერები, საიდანაც ზუსტად უნდა გავიგოთ, იდგა თუ არა მანქანა იქ 4 დღის განმავლობაში, სადაც გოგონას ცხედარი იპოვეს. ამის ჩვენებაც უსაშველო გახდა. ანუ ბევრი მარტივი პროცედურაა, რომელიც დროში იწელება“, - ამბობს იურისტი for.ge-სთან.
მისივე თქმით, უწყებას შეუძლია FBI ჩართოს როგორც ექსპერტიზის ნაწილში, ასევე საგამოძიებო პროცესში. მას გადაუგზავნოს ყველა მასალა და თუკი სადმე გამოძიებაში ღია ხვრელები იქნება, ისინი მისი დადგენის რეკომენდაციას გასცემენ. ტექნიკურად შესაძლებელი გახდება კომპიუტერიდან წაშლილი მასალების აღდგენა. ასევე „ფეისბუქის“ გახსნა და მისი გვერდის აღდგენა. იმის დადგენა ვინ გააუქმა ბაჩალიაშვილის „ექაუნთი“. ასევე მაღალ დონეზე შეუძლიათ ავტომობილის ექსპერტიზა, რომლის შემოწმებაც დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს. ეს ყველაფერი რაც უფრო დროში გაიწელება, ბევრი დეტალის დადგენა მით უფრო გართულდება.
უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსი ბესიკ ალადაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ FBI ქვეყნის შიგნით მოქმედი სტრუქტურაა და ის სხვა ქვეყნის გამოძიებაში მხოლოდ მაშინ ერთვება, როდესაც საქმე მისი ქვეყნის მოქალაქეს ეხება ან რომელიმე პარტნიორი ქვეყანა მას დახმარებას ექსპერტიზის მიმართულებით სთხოვს. ალადაშვილი ამბობს, რომ ბაჩალიაშვილის საქმეში ამერიკის ფედერალური ბიურო თუ ჩაერთვება, ეს იქნება დახმარება, ტელეფონის გახსნაში, კომპიუტერიდან წაშლილი მასალების აღდგენაში. თუ საჭირო გახდება ავტომობილის ექსპერტიზაში. თუმცა ანალიტიკოსი ამბობს, რომ მისი ექსპერტიზა ქართველ ექსპერტებსაც თავისუფლად და უპრობლემოდ შეუძლიათ.
ალადაშვილის აზრით, ოჯახის შეცდომაში შეყვანა არ უნდა მოხდეს და მათ კარგად უნდა აუხსნან, რომ FBI-ის გამომძიებლები საქართველოში არ ჩამოვლენ, მოწმეების დაკითხვას არ დაიწყებენ და საგამოძიებო მოქმედებებს არ ჩაატარებენ. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ეს, ჯერ ერთი, ჩვენს კანონმდებლობაში არ ჯდება და წარმოუდგენელია მათ თავად რაიმე საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარონ. ისინი მხოლოდ ქართული მხარის მიერ გადათარგმნილ მასალებს გაეცნობიან და ამის საფუძველზე გასცმენ რეკომენდაციებს, დამატებით რა სახის ღონისძიებები ჩატარდეს და თავის მოსაზრებებს გამოთქვამენ.
„შეგვიძლია ასევე მივმართოთ, რომ სამედიცინო ექსპერტიზაში დაგვეხმარონ. სხვა ფორმით ისინი საქმეში ვერ ჩაერევიან. დღეს მინისტრმა გომელაურმაც, ალბათ, ამ ფორმით დახმარებაზე გააკეთა აქცენტი, რომ თუკი დაგვჭირდება, დავიხმარებთო. ოჯახს კარგად უნდა აუხსნან და შეცდომაში არ უნდა შეიყვანონ, რა ფორმით მოხდება ამერიკის ფედერალური ბიუროს ამ საქმეში ჩართვა.
FBI ასევე შესაძლოა დავიხმაროთ ავტომობილის ექსპერტიზაში. კომპიუტერიდან წაშლილი ფაილების აღდგენაში. ტელეფონთან დაკავშირებით თუ რამეს ჩვენი სპეციალისტები ვერ შეძლებენ. სხვა ფორმით ისინი საქმეში ვერ ჩაერთვებიან. FBI აქ გამოძიებას ხელახლა ვერ დაიწყებს, მოწმეებს ვერ დაკითხავს და საგამოძიებო მოქმედებებს ვერ ჩაატარებს. ისინი შეისწავლიან მხოლოდ ჩვენი სამართალდამცველების მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს და საქმის მასალებს. ამის შემდეგ კი, კონკრეტულ დასკვნას გამოაგზავნიან“, - ამბობს ალადაშვილი for.ge-სთან.
მისივე თქმით, ბევრი გაურკვეველი და პასუხგაუცემელი კითხვაა, რომელიც გარკვეულ ეჭვებს აჩენს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ დღემდე უკვე ნანახი უნდა გვქონდეს დრონის ჩანაწერები და კითხვაზე პასუხი ავტომობილი მიტანილია თუ ის ამ ხნის განმავლობაში იქ იდგა. უნდა ჰყვადეთ ადგილობრივები დაკითხულები, რომლებმაც უნდა დაადასტურონ ან უარყონ ის გარემოება, ამ ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა თუ არა ვინმე ამ პერიოდში და შენიშნეს თუ არა ავტომობილი.
ალადაშვილს უკვირს რა გახდა ბაჩალიაშვილის მარშუტის დადგენა, როცა ტელეფონის ანძების ამონაწერიდან ამის გარკვევა სულ რაღაც სამ დღეშია შესაძლებელი. ასევე - ავტომობილის ექსპერტიზა, რომელიც მაშინვე დახურულ გარემოში უნდა მომხდარიყო და გაერკვიათ ავტომობილი რა მიმართულებიდან შემოვიდა. ეს კიდევ დამატებით ინფომაციას მისცემდა გამოძიებას გარდაცვლილი ამ ხნის განმავლობაში სად იმყოფებოდა.
„ყველაზე მთავარი დეტალი ის არის, რომ არ ვიცით, ჯერ კიდევ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზი რა არის. რით არის ის მკვდარი. როგორც ჩანს, ექსპერტიზას ამის დადგენა იმის გამო უჭირს, რომ მიცვალებული ამ ხნის განმავლობაში დახურულ ავტომობილში უჰაერობაში იმყოფებოდა. ვიღაცამ ეს განგებ ხომ არ გააკეთა, რადგანაც იცოდა, რომ შემდგომ ექსპერტიზას გარდაცვალების მიზეზის დადგენა გაუჭირდებოდა. ძალიან ბევრი დეტალია, რომელზეც გამოძიებამ პასუხი უნდა გასცეს.
რატომ იყო გოგონა ფეხშიშველი? რატომ ეცვა სახლიდან გასვლის დღეს სხვა ტანსაცმელი და გარდაცვლილს სხვა? რა ნივთები იყო ავტომობილში? საბარგულის შემოწმება მოხდა თუ არა? ასევე ავტომობილში ხომ არ იყო სხვა პირის დნმ-ის კვალი, თმის ღერი და ანაბეჭდები? ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც ამ ყველაფერზე პასუხი ჩვენმა გამომძიებლებმა უნდა თქვან და ამაზე ამერიკის ფედერლური ბიურო რაიმე დასკვნას მხოლდო მაშინ გასცემს, როცა ჩვენები უკვე მოპოვებულ მასალებს გადასცემენ“, - ამბობს ალადაშვილი for.ge-სთან.