„სააკაშვილმა მარტვილში დესანტი გადასხა“

„სააკაშვილმა მარტვილში დესანტი გადასხა“

მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი კახა მიქაია "მარტვილში სიტუაციის დაძაბვას „ნაციონალებს“ უკავშირებს. მისი თქმით, შეხლა-შემოხლის პროვოცირება აკაკი მინაშვილის, ნუგზარ წიკლაურისა და ირმა ნადირაშვილის ცინიკურმა დამოკიდებულებამ გამოიწვია.

მარტვილში აქციის მონაწილეები გამგებლის გადადგომას უკვე რამდენიმე კვირაა ითხოვენ. ამის გამო მარტვილის საკრებულოს შენობაც პიკეტირებული იყო. იქაურები აცხადებენ, რომ მარტვილის გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარისთვის სოლიდარობის გამოსახატად ჩასულმა ნუგზარ წიკლაურმა და აკაკი მინაშვილმა ხალხი უფრო გააღიზიანა, რადგან მათ უთხრეს, გამგეობის შენობაში აუცილებლად შევალთო. თავის მხრივ, ნაციონალი დეპუტატი ირმა ნადირაშვილი ირწმუნება, რომ მარტვილელებმა მათ კრიმინალები უწოდეს და მათთან საუბარი არ ისურვეს.

For.ge კახა მიქაიას ესაუბრა.

ბატონო კახა, რა ხდება მარტვილში?

- უკვე ერთ თვეზე მეტია, მარტვილში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ეს გახლავთ სამოქალაქო პროტესტი, სადაც ძველი ზვიადისტები, ინტელიგენციის ნაწილი და უბრალოდ, მოქალაქეები დაუპირისპირდნენ გოროზიას კლანს. თქვენ იცით, რომ ახალაიებთან ერთად გოროზია მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი იყო. მათ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით ადამიანის უფლებების დარღვევაში, მარტვილელთა მიწების წართმევაში. ამდენად, სამოქალაქო პროტესტი ადეკვატური იყო, რადგან არჩევნების შემდეგ გოროზიების ატანა წარმოუდგენელია მარტვილის რაიონში. მიხეილ სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა და დღემდე ყველაფერს აკეთებს, რომ გოროზიების კლანი შეინარჩუნოს მარტვილში. მან ზაზა გოროზია სამეგრელოს გუბერნატორად დააბრუნა, ხოლო მისი ძმა ზაალ გოროზია საკრებულოს თავმჯდომარეა, გამგებელი კი არის მამუკა დანელია. 

გოროზიასა და დანელიას გადადგომის მოთხოვნით მარტვილის გამგეობის შენობის წინ ადგილობრივების შიმშილობამ რა შედეგი გამოიღო?

- დიახ, თითქმის ცხრა დღის განმავლობაში ათი ადამიანი შიმშილობდა, მაგრამ გოროზიას კლანმა უკან არ დაიხია, არც მარტვილის საზოგადოებამ დაუთმო. ახლა ასეთი სიტუაციაა, რომ საახალწლოდ შეთანხმება შედგა, რაშიც პოზიტიური როლი მიუძღვის შინაგან საქმეთა სამინისტროს. აქაურები შეთანხმდნენ, რომ გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები დაბრუნდებოდნენ შენობაში, აღდგებოდა მუშაობა, დაარიგებდნენ ხელფასებს. თუმცა, ამ შეთანხმებას ხელი შეუშალა და ფაქტობრივად, ჩაშალა სააკაშვილის მიერ მარტვილში გადმოსხმულმა დესანტმა წიკლაურის, ნადირაშვილის, მინაშვილისა და სერგო რატიანის შემადგენლობით. ისინი უაღრესად ცინიკურად მოექცნენ აქციის  მონაწილეებს, რამაც მათი გაღიზიანება გამოიწვია და ფაქტობრივად, ჩაშალა შეთანხმება.

რას გულისხმობთ ცინიკურ დამოკიდებულებაში - სიტყვიერ შეურაცხყოფას?

- სიტყვიერი შეურაცხყოფაც იყო, აგდებული საუბარი. ამან მოქალაქეების პროტესტი გამოიწვია. თანაც, ასეთი შეთანხმება იყო, რომ გოროზიასა და დანელიას გარდა ყველანი შედიოდნენ შენობაში და აღდგებოდა საკრებულოსა და გამგეობის მუშაობა. მათ ეს იუკადრისეს. სააკაშვილი ყველანაირად ცდილობს სიტუაციის დაძაბვას, რაც უკვე გამოჩნდა. რაც შეეხება ე.წ. კოჰაბიტაციას, ერთი რამ ფაქტია, გოროზიებთან, ახალაიებთან - ამ კრიმინალებთან კოჰაბიტაცია წარმოუდგენელია, რადგან საზოგადოების თვალში სწორედ ეს კოჰაბიტაცია გამოიწვევს „ოცნების“ დისკრედიტაციას. დარწმუნებული ვარ, სააკაშვილის ხელისუფლება და თავად სააკაშვილი კოჰაბიტაციის საფარქვეშ ცდილობს ახალი ხელისუფლების დისკრედიტაციას. ახლა უკვე მარტვილელები ელოდებიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს პარლამენტიდან. დარწმუნებული ვარ, რომ გონიერი და ვაჟკაცი ხალხი ამას ისე დაარეგულირებს, რომ სააკაშვილის წისქვილზე არ დაასხამს წყალს.

სხვათა შორის, აკაკი მინაშვილი აქტიურობდა ქუთაისშიც, როცა პრეზიდენტის ჩასვლისას იქ შეხლა-შემოხლა მოხდა.

- ახლაც ეს ადამიანები იმიტომ შეარჩია პრეზიდენტმა, რომ ესენი არიან ე.წ. დამრტყმელი ძალა. თორემ წიკლაურის და მათი პარტიის სხვა წევრთა რეიტინგი ნულზე დაბალია. სააკაშვილი წიკლაურის იმედად დარჩა.

მაგრამ ამ ადამიანების სამეგრელოში გაგზავნა ხომ არაპოპულარული ნაბიჯი იყო? პრეზიდენტი ხომ უნდა მიმხვდარიყო, რომ უფრო მეტ აგრესიას გამოიწვევდა?

- სწორედ ამაზე ითამაშა სააკაშვილმა. მან ძალიან კარგად იცოდა, რომ აგრესიას გამოიწვევდა. დაპირისპირება, შეხლა-შემოხლა დარჩა მის იარაღად საკუთარი ხალხისა და საზოგადოების წინაშე. მან სპეციალურად შეარჩია ისინი, რომ პროვოკაცია გამოეწვია, მომხდარიყო ფიზიკური დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და ნაციონალებს შორის, მაგრამ არც პოლიცია, არც მარტვილის საზოგადოება ამას არ წამოეგო და სააკაშვილს ჩაეშალა გეგმები. სააკაშვილი არ არის ისე ბრიყვი, რომ არ იცოდეს, რა გაღიზიანებას გამოიწვევს წიკლაური, მინაშვილი და ნადირაშვილი ხალხში. კოჰაბიტაციის მომხრე ვარ, მაგრამ თანაცხოვრება შეიძლება მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიტიურ ნაწილთან, რომელიც, ფაქტობრივად, არ არსებობს. დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს, როგორმე ნაციონალების პოზიტიურ ნაწილთან ჰქონდეს კოჰაბიტაცია, მაგრამ ვიმეორებ, ასეთი პოზიტოური ნაწილი არ არსებობს. ეს შესანიშნავად იცის სააკაშვილმა, ისევ პიარზეა აგებული ეს ყველაფერი და დასავლეთსა და საკუთარ მოსახლეობასაც აჩვენებს, რომ „ოცნებას“ არ სურს კოჰაბიტაცია, თანაცხოვრება.

რეგიონებში, თვითმმართველობებში ისევ ნაციონალები არიან და ფიქრობთ, რომ ეს არის ხალხის  გაღიზიანების მიზეზი

- დიახ, საკრებულოები და გამგეობები ისევ ნაცმოძრაობითაა დაკომპლექტებული, მაგრამ ერთი რამაა საინტერესო, „ოცნების“ გამარჯვების შემდეგ იმდენად შეიცვალა სიტუაცია, რომ ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე ნაციონალების დარჩენა შექმნილი სიტუაციის არაადეკვატურია. გოროზიებისა და ახალაიების მოთმენა აღარ შეიძლება. ამიტომ, ნაცმოძრაობის ნარჩენებისადმი მოქალაქეების პროტესტი სამართლიანია.

ქართული ოცნებისგამარჯვებიდან სამი თვე გავიდა. სამეგრელოში შიშის დაძლევა ურთულესი აღმოჩნდა. დღესდღეობით ადგილობრივი მოსახლეობის განწყობა როგორია, მოლოდინი გაუმართლდათ?

- ყველაზე მთავარია ის, რომ სამეგრელოში ახლა აღარ არის შიში. მოგეხსენებათ, 1-ელ ოქტომბერს სამეგრელოში დამარცხდა „ოცნება“ და ამის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ შიში ვერ გატყდა. თქვენ გახსოვთ ბიძინა ივანიშვილის განცხადება „თავისუფალ დემოკრატთა“ ყრილობაზე, როდესაც მან თქვა, ჩვენ რაღაც დავაკელით, მოგვატყუეს, რაღაც ისე არ არის და გამოკვლევა სჭირდება ამ ყველაფერსო. აბსოლუტურად ვეთანხმები ბატონ ბიძინას, ეს დროული განცხადებაა, რადგან სამეგრელოში მართლა მოიგო ნაცმოძრაობამ, მიუხედავად გაყალბებებისა. ბატონ ბიძინას სამეგრელოში გამარჯვების დიდი იმედი ჰქონდა, მაგრამ ეს არ მოხდა. თქვენი მონა-მორჩილი ამაზე დიდი ხანია საუბრობდა, არჩევნებამდეც ვამბობდი, რომ სამეგრელოში გამარჯვება „ოცნებას“ ძალიან გაუჭირდებოდა, რადგან სამეგრელოში კონცენტრირებული იყო სააკაშვილის ხელისუფლების ის ნაწილი, რომელიც ასოცირდებოდა ძალადობასთან, ადამიანის უფლებების დარღვევასთან, ადამიანების გატაცებასთან. ამიტომ, არ გამკვირვებია, რომ „ოცნება“ დამარცხდა სამეგრელოში. ეს ერთი მხარეა, მაგრამ მეორეცაა, სამეგრელოს საზოგადოება გამარჯვებისთვის სათანადოდ მზად არ იყო. სამეგრელოში „ოცნება“ ძალიან სუსტი იყო და შიშის გატეხვა ვერ შეძლო. ახლა უკვე ხელისუფლებაში „ოცნებაა“ და ცვლილებები დაიწყო მთელ საქართველოში, ამას არ ჩამორჩება სამეგრელოც და საბოლოოდ გატყდება შიში, სამეგრელო დაიბრუნებს საკუთარ სახეს და ნომალურ ცივილიზებულ პოლიტიკურ ცხოვრებას.

ახალაიების გარეშე არ შეიძლება სამეგრელოს თემამ ჩაიაროს.

- ახალაიების გარეშე მეც „არ შემიძლია“.

როლანდ ახალაიას დაკითხვაზე დაბარებას როგორ უყურებენ სამეგრელოში?

- ეს სამართალდამცავთა კომპეტენციაა, თუმცა ახალაიებთან ასოცირდება ყველაფერი უკეთური, რაც სამეგრელოში მოხდა. როლანდ ახალაია განაგებდა ყველა უწყებას სამეგრელოში, მის გარეშე ბუზიც ვერ გაიფრენდა. ამიტომ არ უნდა გაუკვირდეს არავის, რომ როლანდ ახალაია დღესაც მთავარი ფიგურანტია, რადგან მის მიერ დამონებული და შეშინებული იყო სამეგრელო. მთავარია ახლა სამართლიანობის განცდა დაბრუნდეს.       

არჩევნებამდე სამეგრელოში გამოჩენილი უკანონო შეიარაღებული რაზმის წევრები ამჟამად სად იმყოფებიან? თავის დროზე ამის შესახებ თქვენც აცხადებდით, ირაკლი ალასანიასთან ერთად.

- ამის შესახებ პირველად მე ვთქვი. ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციაზე დიტო ჩუბინიძემაც გააჟღერა ამის შესახებ. შვიდი თვის განმავლობაში ვამბობდი ამას, მოგვიანებით, ირაკლი ალასანიას განცხადების შემდეგ მოხდა ამ თემის აქტუალიზაცია, რასაც მივესალმე. ვეთანხმები ირაკლი ალასანიას, რომ ამ ადამიანების ოფიციალურ სტრუქტურებში ინკორპირება უნდა მოხდეს, მაგრამ ერთიცაა, კრიმინალების ინკორპირება ოფიციალურ სტრუქტურებში ნამდვილად არ შეიძლება. მე მაინც მომხრე ვარ, გაირკვეს და გამოძიებულ იქნას, როგორ და რა ფინანსებით შექმნა ახალაიამ სააკაშვილის ბრძანებით, არაფორმალური ბანდფორმირებები, რომლებიც მხოლოდ სააკაშვილ-ახალაიას ბრძანებებს ასრულებდნენ.     

სად არიან ახლა ეს ბანდფორმირებები? არ ჩანან სამეგრელოში?

- ახლა აღარ ჩანან, მაგრამ ყველაფერ ამას სიცხადე სჭირდება.

ბაჩო ახალაიას დაკავებას როგორ შეხვდნენ მეგრელები? - საბედნიეროდ, ახალაიების კლანი დასრულდა და განწყობა უკვე ნორმალურია სამეგრელოში.

თუმცა, ამას წინათ თითო-ოროლა ადგილობრივი გამოვიდა ახალაიას დამცველად.

- სხვათა შორის, ბაჩო როცა დაიჭირეს, მეც იქ მივედი, სულ 40 კაცი იყო შეკრებილი, ისიც როლანდ ახალაიას მეზობლები, და კიდევ მასხარაშვილი, რომელმაც ბაჩო ახალაიას ცოტნე დადიანი უწოდა.

ცოტნე დადიანი მეგრელებისთვის, ისევე, როგორც მთელი საქართველოსთვის ეროვნული გმირია, ამდენად, როგორ აღიქვეს მეგრელებმა ახალაიასა და ცოტნე დადიანის გაიგივება?

- ეს იყო შეურაცხყოფა. ერთგან კიდეც ვთქვი ეთერში, თუ ბაჩო ახალაიას უწოდეს ცოტნე დადიანი, გუნავას შეიძლება უწოდონ დემეტრე თავდადებული და თეა თუთბერიძეს - ქეთევან წამებული. მასხარაშვილისა და მისნაირებისგან ესეც არ გამიკვირდება.