საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, გია ჭანტურიას მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ, გენდირექტორის პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდა. ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ ღია კონკურსში მონაწილეობის სურვილი 143 კანდიდატმა გამოთქვა, რომელთაგან მეორე ტურში 5 კანდიდატი გადავიდა. ესენი იყვნენ გიორგი ბარათაშვილი, თინათინ რუხაძე, ნათია აბრამია, მეგი თავდუმაძე და ნიკოლოზ მახარაშვილი, თუმცა საბოლოოდ კონკურსში გიორგი ბარათაშვილმა გაიმარჯვა.
საზმაუწყებლის გენდირექტორის პოზიციაზე გიორგი ბარათაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით როგორც გენდირექტორობის სხვა კანდიდატებს, ასევე ქართულ საზოგადოებასაც უამრავი კითხვა გააჩნია. არხის თანამშრომელთა ნაწილმაც გამოთქვა პრეტენზია გენდირექტორის ვაკანსიაზე შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი მოულოდნელად მიჩუმათდა.
რა ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელზე და რატომ ვერ გაიმარჯვა კონკურსში გენდირექტორობის კანდიდატმა, რომელსაც არასამთავრობო სექტორი უჭერდა მხარს, ამ თემებზე for.ge-ს მედია-ექსპერტი, ლელა კურდღელაშვილი ესაუბრება.
ლელა კურდღელაშვილი: „ბოლო წლებში, რაც საზოგადოებრივი მაუწყებელი შეიქმნა, არსებობს ასეთი პრაქტიკა, რომ რეალურ კანდიდატებს კონკურსის დასრულებამდე ნახევარი საათით, ან სულ რამდენიმე საათით ადრე შეაქვთ ხოლმე განაცხადი, ასე მოხდა კინწურაშვილის შემთხვევაში და იგივე განმეორდა გიორგი ბარათაშვილის შემთხვევაშიც. ამიტომ გარკვეულ ჯგუფებში გაჩნდა იმის მოლოდინი, რომ სწორედ ბარათაშვილი დაიკავებდა გენდირექტორის თანამდებობას. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი საუბრობდა, რომ შემოვიდოდა ნათია აბრამიას კანდიდატურა, რომელიც სიტუაციას აჭრიდა.
გიორგი ბარათაშვილის გასვლა მოსალოდნელი იყო, მაგრამ შემდეგ ერთი საინტერესო რამ მოხდა. თუ გახსოვთ, როდესაც მეორე ტურში, ანუ საბოლოოდ გამარჯვებული კანდიდატი უნდა დასახელებულიყო, ბორდმა გადაწყვეტილების გამოცხადება უცებ გადაიფიქრა და მეორე დღისთვის გადადო. რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, ბორდი საერთო კანდიდატზე ვერ შეთანხმდა და საკმაოდ შეფიქრიანებულიც იყო, რადგან იცოდნენ, რომ თუ გიორგი ბარათაშვილს გაიყვანდნენ, ეს საზოგადოებაში ბევრ კითხვებს გააჩენდა. მოგეხსენებათ, საზოგადოებამ მანამდე გენდირექტორობის კანდიდატების სატელევიზიო დებატები იხილა, რომელიც მაინც მონოლოგის ფორმატში მიმდინარეობდა და ჩვენ ვერ დავინახეთ, რომელ კანდიდატს რა კონცეფცია ჰქონდა, მაგრამ ნათია აბრამია მაინც ყველაზე ჩამოყალიბებული იყო. პირადად ჩემი მოსაზრება თუ გაინტერესებთ, ამ ხუთი კანდიდატის დებატებთან დაკავშირებით რაც ეთერში ვიხილე, მე არც ერთი კანდიდატი არ მომეწონა და ჩემი კოლეგების ნაწილის პოზიციაც ასეთი იყო.
საბოლოო ჯამში მეორე დღეს ბორდმა გიორგი ბარათაშვილი გამოაცხადა კონკურსში გამარჯვებულად, მაგრამ მანამდე ნათია აბრამიას ბიოგრაფიასთან დაკავშირებით გაჩნდა გარკვეული შეფერხება (წმინდა ტექნიკური ხასიათის), თუმცა მე ამაზე მეტად არ დავკონკრეტდები და არ ვიტყვი, რა ხმები გავრცელდა, რადგანაც ამაზე არც ბორდი საუბრობს და არც თავად ნათია აბრამიას გაუკეთებია ამ საკითხზე განმარტება. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, თავად იმ ხუთი კანდიდატიდან ერთ-ერთის მიერ იყო ნათიას საქმიან ბიოგრაფიასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები დასმული. აქ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მართალია საზოგადოება ბორდისგან არ ელოდა სამართლიან გადაწყვეტილებას, რომელიც საზოგადოებისთვის იქნებოდა მისაღები, თუმცა გიორგი ბარათაშვილის დანიშვნას არანაირი ვნებათაღელვა არ მოჰყოლია, ეს თემა იმ დღესვე აფეთქდა და რამდენიმე საათის შემდეგ ჩაქრა.
სოციალურ ქსელებში ნათია აბრამიას განცხადება გავრცელდა, სადაც იგი მოუწოდებს იმ ადამიანებს, ვისაც მის საქმიან ბიოგრაფიასთან დაკავშირებით რაიმე ეჭვები აქვს, რომ ჩავიდნენ მის სამუშაო ადგილზე და ნახონ, რა პირობებში მუშაობს. ამდენად როგორც ჩანს, კითხვები გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, მართლაც მუშაობს თუ არა აბრამია იქ, სადაც მან თქვა (ბი-ბი-სი)
- ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით, მართლა არ ვიცი და სხვათაშორის მე თვითონ ნათია აბრამიას ერთ-ერთი მხარდამჭერი ვიყავი, სოციალურ ქსელში ჩატარებულ გამოკითხვაშიც მას დავუჭირე მხარი. უბრალოდ მიმაჩნია, რომ როდესაც ჟურნალისტი ხარ და შენს მიმართ ასეთი კითხვები ჩნდება, უნდა გამოხვიდე და ეს საკითხი საზოგადოებას უფრო გასაგებად აუხსნა და არა ის, რომ კარგი იქნებოდა, აქ რომ ვყოფილიყავი, მაგრამ რადგან არ ამირჩიეთ, მე წავედი. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდს მაინც უნდა გაეკეთებინა რაიმე განმარტება, როდესაც ასეთი კითხვები ჩნდება, რადგან ბოლოს და ბოლოს მედია-საშუალებაზეა საუბარი.
საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ბორდის გადაწყვეტილებას არავინ აპროტესტებს და ყველას აქვს ასეთი პოზიცია - ჩვენ ხომ ვიცოდით, რომ ასე მოხდებოდა, რომ ბორდი არასწორ გადაწყვეტილებას მიიღებდა.
რა ხდება თქვენი აზრით, რატომ არის ასეთი სიჩუმე ამ საკითხთან დაკავშირებით?
- არ ვიცი, ბორდის ერთ-ერთი წევრის, მელაძის განცხადება გავრცელდა, სადაც ის განმარტავს, რომ გიორგი ბარათაშვილი უფრო მისაღები კანდიდატურა იყო, რადგან მან პროცესი იცის. სიმართლე გითხრათ, მე ვფიქრობ, რომ მოცემულ სიტუაციაში ბარათაშვილი შესაძლოა მართლაც საუკეთესო კანდიდატურა იყოს და გეტყვით რატომ. წმინდა რაციონალური თვალსაზრისიდან გამომდინარე მიმაჩნია, რომ შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციაში ის ალბათ ყველაზე ნაკლებად გაამწვავებდა ისედაც უკიდურესად დაძაბულ პოლიტიკურ ფონს.
ეს ასეა, მაგრამ საზოგადოებრივი მაუწყებელი პრაქტიკულად ისევ იმ პოლიტიკის გამტარებელი იქნება, რასაც გია ჭანტურიას დროს აკეთებდა
- საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ - ამ ბორდს გარკვეულ დროში გასდის ვადა. ამიტომ ბორდისა და მისი თავმჯდომარის არჩევის საჭიროება რამდენიმე თვეში მაინც დადგება. დანამდვილებით ვიცით, რომ არსებობს ამხელა დავალიანება, ასევე დანამდვილებით ვიცით, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში რესტრუქტურიზაცია მაინც უნდა მოხდეს. მეტსაც გეტყვით, საზოგადოებრივ მაუწყებელს წელს სეზონი ფაქტობრივად არ დაუწყია, ანუ მას მაყურებლისთვის ახალი ბადე არ შეუთავაზებია, როდესაც ეს ოქტომბრიდან ხდება ხოლმე. ეს გასაგებია, რადგან ისინი თვითონ იყვნენ მოლოდინის რეჟიმში, თუ რა მოხდებოდა არჩევნების შემდეგ და წასასვლელად ხომ არ გაუხდებოდათ საქმე. არჩევნების შემდეგ კი საზოგადოებრივ მაუწყებელში ფინანსური შემოწმება შევიდა, რაც მე სწორად მიმაჩნია, რადგან მასთან დაკავშირებით უამრავი კითხვა არსებობს და არა მხოლოდ გარედან. თავად ამ ტელევიზიის ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც გაბედავს საუბარს, დაგიდასტურებთ, რომ ეს კითხვები სულ არსებობდა. უბრალოდ ეს ადამიანები გასაგები მიზეზების გამო სდუმან, მათ ამ თემაზე საუბრის შემთხვევაში მაშინვე სამსახურიდან გამოუშვებენ.
თუმცა საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილი მაინც ალაპარაკდა და თქვეს, რომ არხზე 260 მკვდარი სულია, ანუ არიან ადამიანები, რომლებიც გაფორმებულები არიან, მაგრამ არ დადიან სამსახურში და უბრალოდ ხელფასი ერიცხებათ. გარდა ამისა, საზმაუწყებლის ჟურნალისტების საინიციატივო ჯგუფმა პარლამენტსაც მიმართა და გენდირექტორის პოზიციაზე კონკურსის შეჩერება მოსთხოვა
- იქ არა მხოლოდ მკვდარი სულების პრობლემაა. როგორც მოგახსენეთ, სეზონი არ დაწყებულა, ფინანსური შემოწმების შედეგად კი დავალიანებაც აღმოჩნდა, დადგა რესტრუქტურიზაციის საკითხი, რადგან სახელფასო ფონდი არის შესამცირებელი. საუბარია იმაზე, რომ ძალიან ბევრი თანამშრომლის გაშვებას აპირებენ და ეს ყველაფერი ვიღაცამ უნდა გააკეთოს, ანუ ვიღაცამ უნდა შეასრულოს შავი სამუშაო მანამ, სანამ კანონით დადგება ბორდის არჩევის დრო. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ შეირჩა ადამიანი, რომელიც გარკვეულ დარტყმებს თავის თავზე აიღებს. ვფიქრობ, რომ გიორგი ბარათაშვილი იქნება გარდამავალი ხიდი, რომელზეც გარკვეული საკითხები გადაივლის. ამ დროს კი მომზადდა კანონპროექტი ახალი საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ, რომელშიც ბორდის არჩევის წესებიც შეიცვლება და უფრო გასაგები გახდება. არასამთავრობო ორგანიზაციები უკვე აყენებენ ამ საკითხს. ამიტომ ვფიქრობ, რომ სადღაც სექტემბრისათვის კიდევ ბევრი რამ შეიცვლება, თუმცა შესაძლოა პროცესები უფრო დაჩქარდეს კიდეც.
არსებობს ინფორმაციაც, რომ მართალია ბარათაშვილი იმ ადამიანებს შორის არის, ვინც აქამდეც მართავდა საზოაგდოებრივ მაუწყებელს, მაგრამ მას გარკვეული კავშირი აქვს „ქართულ ოცნებაში“ მყოფ ადამიანებთანაც.
რას გულისხმობთ „ქართულ ოცნებასთან“ კავშირში?
- არსებობს ინფორმაცია, რომ ბარათაშვილს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან აქვს კავშირი. ამიტომ ეს ისეთი კანდიდატია, რომ „ქართული ოცნებიდანაც“ მისი დანიშვნა არავის გაუპროტესტებია. ამდენად, ვინაიდან საზოგადოებრივ მაუწყებელში ფინანსური საკითხებია გასარკვევი, საშტატო განრიგი არის გადასახედი და კიდევ სხვა საკითხებია მოსაგვარებელი, ვფიქრობ, რომ ეს გარკვეულწილად მოსამზადებელი სამუშაოა იმისათვის, რომ ახალი ტიპის საზოგადოებრივი მაუწყებელი შექმნან, რომელიც უფრო მობილური იქნება.
საინტერესოა, რომ ამ პერიოდში ყველაზე მეტად არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურობდნენ და მათი კანდიდატი ვერ გავიდა. დაახლოებით იგივე მოხდა სახალხო დამცველის კანდიდატურასთან დაკავშირებითაც. ნათია აბრამია შეგვიძლია არასამთავრობოების კანდიდატად მივიჩნიოთ, მაგრამ იგი ვერ გავიდა. ესეც ალბათ იმის მანიშნებელია, რომ არასამთავრობო სექტორის პოზიციები საზოგადოებაში მაინცდამაინც ძლიერი არ არის. ახლა როგორც მოგახსენეთ, არასამთავრობო ორგანიზაციებს კანონპროექტი აქვთ პარლამენტში შეტანილი და ძალიან მაინტერესებს, რა ბედი ელის მას. ეს არის კანონპროექტი, რომლითაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის არჩევის წესები იცვლება. ამით გაირკვევა, საზოგადოებრივი მაუწყებელი დარჩება საზოგადოებას, თუ სამოქალაქო სექტორს, რომელიც შემდეგ გარკვეული პროცესების ინიცირებას მოახდენს. ყოველ შემთხვევაში დღესდღეობით არასამთავრობოებს ასეთი გავლენა არ აქვთ. ამას მოწმობს ეს ორი შემთხვევა (სახალხო დამცველის და საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის დანიშვნა).
რაღაც პერიოდის შემდეგ უკვე შევძლებ ვთქვა, საზოგადოებრივ მაუწყებელში ვისი პოლიტიკური ინტერესი გავიდა. იქ არის რამდენიმე საკვანძო პოზიცია და ძალიან საინტერესოა, რას გააკეთებს გიორგი ბარათაშვილი მისი დანიშვნიდან უახლოეს პერიოდში. მნიშვნელოვანია, როგორი იქნება მისი დამოკიდებულება საინფორმაციო სამსახურისადმი. არავინ არ თქვას, რომ გია ჭანტურია საინფორმაციო სამსახურის პოლიტიკაზე რაიმე გავლენას ახდენდა. საინფორმაციო სამსახურის უფროსი ხათუნა ბერძენიშვილი ახერხებდა იმას, რომ ჭანტურიასგან დამოუკიდებელი ყოფილიყო და არც ბორდს ეკითხებოდა არაფერს. ბერძენიშვილს დამოუკიდებელი პოლიტიკა მიჰყავდა, ოღონდ საკითხვია, ვისგან დამოუკიდებელი? მოდით გადავხედოთ უახლოეს წარსულს, თუ როგორ იმართებოდა „რუსთავი2“-ის, „იმედის“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურები. ეს იყო ერთი „ვიორსტკა“, ჩამოწოდებული თემებით, ჩამოწოდებული სახეებით და ეს პირდაპირ პრეზიდენტის კანცელარიიდან მოდიოდა. რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია კონკრეტული მითითებების შესახებ, ვინ და რასთან დაკავშირებით უნდა ჩაწერილიყო და ა.შ. ეს პროცესი „ზევიდან“ იმართებოდა. ამიტომ საინტერესოა, როგორი იქნება გიორგი ბარათაშვილის უახლოესი ნაბიჯები საინფორმაციო სამსახურთან დაკავშირებით.
აქვე ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა აღვნიშნო. მიმაჩნია, რომ გენდირექტორობის ხუთივე კანდიდატმა, რომელიც მეორე ტურში გადავიდა, ერთი სერიოზული შეცდომა დაუშვა, რის გამოც ისინი ჩემთვისაც ბოლომდე მისაღები კანდიდატები ვერ იყვნენ. როგორც აღვნიშნეთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის არჩევასთან დაკავშირებით პოლიტიკოსები საერთოდ არ აქტიურობდნენ, ყველაზე მეტს ხმაურობდნენ არასამთავრობოები და მედია. ამ ფონზე საზოგადოებრივ მაუწყებელში შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც გენდირექტორის არჩევნებამდე განცხადება გამოაქვეყნა და ამ ადამიანებმაც იგივე თქვეს, რასაც არასამთავრობოები ამბობდნენ, კერძოდ, რომ ამ ბორდის პირობებში შეუძლებელია ისეთი კანდიდატი იქნეს არჩეული, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს და საზოგადოებას გამოადგება. ამ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ამ ბოდრმა ორი გენერალური დირექტორი აირჩია და ვერც ერთმა კანონით მისთვის გათვალისწინებული ხუთწლიანი ვადა ბოლომდე ვერ იმუშავა (საუბარი იყო ყუბანეიშვილსა და ჭანტურიაზე). რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვთ არხზე შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით, თუმცა იმ ხუთი კანდიდატიდან ამ ადამიანებთან შეხვედრით არც ერთი დაინტერესებულა. ეს იყო ყველაზე ნიშანდობლივი, რომ რაღაც ვერ იქნებოდა ისე, როგორც საჭირო იყო. როდესაც სადღაც მოდიხარ, ახალი აგურებით ვერ ააშენებ სახლს, ძველი აგურების გამოყენება მოგიწევს. რა თქმა უნდა, იქ არის ბალასტიც, მაგრამ საზოგადოებრივ მაუწყებელში, როგორც ჟურნალისტებს შორის, ასევე ტექნიკურ ჯგუფშიც არის რამდენიმე ადამიანი, რომელზეც ვერავინ იტყვის, რომ არ არის პროფესიონალი. გენდირექტორობის კანდიდატები კი, როდესაც დებატებისას საუბრობდნენ, ცხადი იყო, რომ არხზე არსებულ რეალობას არ იცნობდნენ. ამიტომ მივხვდი, რომ მათგან რომელიმე რომ დანიშნულიყო, ისინი ისეთი პრობლემების წინაშე აღმოჩნდებოდნენ, რომელთა არსებობის შესახებ არც კი იციან.
ამ ლოგიკით გიორგი ბარათაშვილი მართლაც ყველაზე მისაღები კანდიდატურაა, რადგან ის ამ არხზე მუშაობდა და კარგად იცის, იქ რაც ხდება
- დიახ, მან იცის იქ რა ხდება, მაგრამ მეეჭვება, რომ ბარათაშვილმა რამე შეცვალოს. შესაძლოა, მან მხოლოდ რამდენიმე საკვანძო ფიგურა მოხსნას, მაგრამ ესეც ხმაურს გამოიწვევს. საზოგადოებრივი მაუწყებელი დღეს არ არის ის, რაც მე 2004 წელს დავტოვე. მაშინ ეს იყო სახელმწიფო ტელევიზია, რომლის დირექტორიც უშუალოდ პრეზიდენტის მიერ ინიშნებოდა. დღეს მას ჰყავს გენდირექტორი, ბორდი, საინფორმაციო სამსახურის უფროსი და კიდევ რამდენიმე გავლენიანი ჟურნალისტი, რომელსაც თავისი პოლიტიკური გემოვნება აქვს და რომელსაც დირექტორიც ხელს ვერ ახლებს. ამიტომ დირექტორს ამ პირობებში მუშაობა გაუჭირდება. იგი ბორდს წინააღმდეგობას ვერ გაუწევს, ასევე გაუჭირდება საინფორმაციო სამსახურის უფროსთან ურთიერთობაც და ვერ შეეხება ბრენდ-ჟურნალისტებსაც. ამიტომ გიორგი ბარათაშვილის საქმიანობაც არ იქნება ადვილი, თუ ის დამოუკიდებლად მუშაობას შეეცდება, თუმცა ძალიან ადვილი იქნება, თუკი ის ვიღაცეებზე დამოკიდებულად იმუშავებს.“