პრეზიდენტი პარლამენტს სამ თვეში დაითხოვს?!

პრეზიდენტი პარლამენტს სამ თვეში დაითხოვს?!

ბიძინა ივანიშვილი ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ინიციატივით გამოდის. მან პარლამენტის თავმჯდომარეს კანონპროექტის შემუშავება ურჩია, რომელიც პრეზიდენტს უფლებას მისცემს, მთავრობასთან ერთად პარლამენტი ექვსი თვის ნაცვლად, სამ თვეში დაითხოვოს, რის შემდეგაც დაინიშნება ხელახალი საპარლამენტო არჩევნები. მსგავსი ინიციატივა ელცინის რუსეთშიც მოქმედებდა, რაც პრეზიდენტს სამ თვეში მთავრობის დათხოვნის უფლებას ანიჭებდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ეხმიანება. დავით უსუფაშვილის განცხადებით, ის პუნქტი, რომელიც პარლამენტის ექვსი თვის განმავლობაში დათხოვნას კრძალავს, თითქოს პარლამენტის დაცვის პუნქტია, რალურად კი ის პრეზიდენტზე მუშაობს, ვინაიდან, "მას აქვს მიზეზი თქვას, მე ვერ დავითხოვ პარლამენტს და იძულებული ვარ, ერთპიროვნულად ვმართო ხელისუფლებაო". დავით უსუფაშვილის განცხადებით, ასეთ პირობებში პოლიტიკური პროცესი, შესაძლოა, უფსკრულის პირამდე მივიდეს. პრემიერ-მინისტრის ამ ინიციატივით კი კოალიცია "ქართული ოცნება" ასრულებს მთავარ დანაპირებს _ ძალაუფლება ხალხს!

უკვე ღიად საუბრობენ იმაზე, რომ პრემიერის შეთავაზება პრეზიდენტისთვის წამგებიანი იქნება, რადგან ახლა რომ არჩევნები ჩატარდეს, შეიძლება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 5 %-იანი ბარიერიც კი ვერ გადალახოს. შინაგან საქმეთა მინისტრი პრემიერის ინიციატივას, საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ, გენიალურს და შექმნილ ვითარებაში ერთადერთ სწორ სვლას უწოდებს.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ ამ ინიციატივით ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, პრეზიდენტი ანკესზე წამოეგოს, რადგან ივანიშვილმა იცის, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს და ახლა ცდილობს, პრეზიდენტი ამ ანკესზე წამოაგოს და  ისე გაბრიყვდეს, რომ არჩევნები სამ თვეში დანიშნოს. მეტიც, თუ ოპოზიციას პარლამენტში ახლა 50-60 კაცი ჰყავს, სამომავლოდ 15-20 დეპუტატი ეყოლება და ეს ძალიან კარგად იცის პრეზიდენტმა.  

„მე არ ვიცი, რატომ ჰგონია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ყველა წევრი დეგენერატია. რატომ ჰგონია, რომ ის ამ შეთავაზებას აჰყვება და ყელს გამოიჭრის, ჰარაკირს გაიკეთებს“, -აცხადებს სოსო ცინცაძე.

ერთი რამ ცხადია, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა პოლიტიკური პროცესების გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს. თუმცა რას ფიქრობენ ექსპერტები, ამის შესახებ For.ge პოლიტოლოგებსა და კონსტიტუციონალისტებს ესაუბრა.  

 

ექსპერტ გია ხუხაშვილის თქმით, ბოლო დროს პრეზიდენტი ისე უცნაურად იქცევა და ისეთ რამეს ლაპარაკობს, თითქოს, დაავიწყდა პოლიტიკური რეალობა. თუ მაინც სურს ძალების მოსინჯვა და მიაჩნია, რომ თურმე თვითონ აშენებდა ქვეყანას და ვიღაც ანგრევს, დაე, ეს ხალხის განწყობით შემოწმდეს. ამასთან, საზოგადოებამ რომ არ იფიქროს, რომ დღევანდელ ხელისუფლებას რაიმეს შიში აქვს, ვინმეს ეჭვი რომ არ შეეპაროს და არ ეგონოს, რომ პრეზიდენტის რიტორიკა რეალურია, დღევანდელი ხელისუფლება მზად არის, ხალხს კიდევ ერთხელ ჰკითხოს, თუ ვინ აშენებდა და ვინ ანგრევდა ქვეყანას.

„დარწმუნებული ვარ, არჩევნების შემთხვევაში, ნაცმოძრაობა 5 %-იან ბარიერსაც ვერ გადალახავს. როდესაც ისინი პოლიტიკურ დევნაზე ლაპარაკობენ და ამის გასაპროტესტებლად ხუთ კაცზე მეტს (ისიც ოჯახის წევრებს) ვერ აგროვებენ, ეს პირდაპირი სიმპტომია. თუმცა ვერ ვილაპარაკებ მთელი საზოგადოების სახელით. თუ ნაციონალებს ამის გადამოწმება უნდათ, აგერ, ბურთი და მოედანი, ჩატარდეს არჩევნები და ვნახოთ, რამდენი დარჩებიან პარლამენტში“,-აცხადებს გია ხუხაშვილი.

თუ რატომ არ შესთავაზა პრემიერმა პარლამენტს ეს ინიციატივა უფრო ადრე, ამის შესახებ გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ, ზოგადად, ქვეყანას სჭირდება სტაბილური გარემო და ასეთ სწრაფ არჩევნებში კარგი არაფერი არ არის. თუმცა იმ რიტორიკიდან და საბოტაჟიდან გამომდინარე, რასაც ყოფილი ხელისუფლება ეწევა, სადამდე უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი?!

ამასთან, ექსპერტის აზრით, ან დასავლეთმა კარგად უნდა ჩაიხედოს პროცესებში და გაგებით შეხვდეს, რაც საქართველოში ხდება და ვის აქვს ხალხის მიერ ნდობა მინიჭებული,  ან არადა, კიდევ ერთი არჩევნები უნდა ჩავატაროთ.   

საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორი კახა კახიშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილი სულ ბობოქრობს, მაგრამ, ვისაც დღეს ყველაზე ნაკლებად აწყობს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, ეს ნაცმოძრაობაა, რადგან 5 %-იანი ბარიერის გადალახვა მათთვის დიდი პრობლემა შეიძლება იყოს. ეს იციან ნაცმოძრაობის წარმომადგენლებმაც და ცოცხალი თავით რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არ დაუშვებენ.

კახა კახიშვილის თქმით, ნაცმოძრაობის გეგმებში იყო, რომ ექვსთვიან ვადაში ყველანაირ პრობლემას შეუქმნიდნენ „ქართულ ოცნებას“. ბუნებრივია, „ოცნებაც“ ვერ აახდენდა ყველა დაპირებას და ეს საზოგადოების გარკვეულ ნაწილში უკმაყოფილებას გამოიწვევდა. ამის შემდეგ მათ გეგმებში იყო მთავრობის დათხოვნა, სააკაშვილი დანიშნავდა თავის მთავრობას და მას მართავდა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებელ ორგანოში უმრავლესობა არ ეყოლებოდა, ყოველ შემთხვევაში, მინისტრთა კაბინეტი მაინც მისი იქნებოდა. ამიტომ დღეს „ქართული ოცნება“  საშუალებას აძლევს სააკაშვილს, თუ მთავრობის დათხოვნის სურვილი აქვს, დაითხოვოს, მაგრამ, ამავდროულად, დაითხოვოს პარლამენტიც, რადგან საბოლოოდ პარლამენტი ნდობას უცხადებს მთავრობას. ამიტომ, თუ მთავრობას ითხოვ, ის პარლამენტიც უნდა დაითხოვო, რომელმაც მას ნდობა გამოუცხადა.

„ყველას ყელში ამოუვიდა სააკაშვილის ბობოქრობა, რომ აპრილის თვეში რაღაცას ამზადებენ, რომ დაბრუნდებიან. საინტერესოა, უფრო ადრე რატომ არ შესთავაზეს სააკაშვილს ეს ინიციატივა? ალბათ, იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, პირველ რიგში, „ქართული ოცნება“ პარლამენტში დაკავებული იყო არა გლობალური საკითხებით, როგორიცაა კონსტიტუციური ცვლილებები და სააკაშვილისთვის ბერკეტების მოხსნის საკანონმდებლო ინიციატივები, არამედ პრეზერვატივების გაყიდვის ადგილის შერჩევით. ამის შემდეგ გადავიდნენ გლობალურ თემატიკაზე. ეს რიტორიკულად; მაგრამ, ალბათ, იმისთვის ემზადებოდნენ, რომ მათ სჭირდებოდათ ხმები კონსტიტიციური ცვლილებისთვის“,-აცხადებს კახა კახიშვილი და არ გამორიცხავს, რომ „ოცნების“ წევრებმა ერთგვარი მოთელვა გაიარეს, თუ ნაცმოძრაობიდან რამდენი ადამიანი მისცემდა ხმას ამ კანონპროექტს.

ამის მიუხედავად, კახა კახიშვილის აზრით, საჩქაროა კოტე კუბლაშვილის იმპიჩმენტის დაყენება, რაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის მსგავსად, კონსტიტუციით გართულებული პროცედურაა. არადა, დღევანდელი სასამართლო არ არის სასამართლო, ისევ ნაცმოძრაობის დანამატია, ოღონდ პროკურატურის ექო კი აღარ არის, არამედ პროკურატურის ანტიექოა.

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის აზრით, რეალურად, პრეზიდენტს არ აწყობს პრემიერის ინიციატივა. თუ პრეზიდენტი პარლამენტს დაითხოვს, მას ართმევენ უფლებას, რომ თვითონ დანიშნოს მთავრობა; ანუ ივანიშვილის მთავრობა შეინარჩუნებს ძალაუფლებას და ჩაატარებს არჩევნებს.

პოლიტოლოგის აზრით, ნაცმოძრაობა ისედაც წააგებდა არჩევნებს და, თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ იქნება წარმოდგენილი, მათთვის სრული კატასტროფა იქნება და 5 %-იან ბარიერსაც ვერ გადალახავენ.

„შესაძლოა, არჩევნების წინა პერიოდთან შედარებით, „ქართული ოცნების“ რეიტინგი ისეთი აღარ იყოს, მაგრამ ეს იმას აღარ ნიშნავს, რომ ნაცმოძრაობის რეიტინგმა აიწია. მათი რეიტინგი კიდევ უფრო დაეცა. გარდა ამისა, თუ პრეზიდენტი დათანხმდება პრემიერის ინიციატივას, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ამას აღიქვამენ, როგორც „ქართულ ოცნებაზე“ შეტევას და, საერთოდ, განადგურდება ნაცმოძრაობა, 3 %-საც ვერ აიღებენ. ამიტომ, თუ პრეზიდენტი დღეს კრიზისზე წავა, მან არჩევნები უნდა გააყალბოს ისე, როგორც 2008 წელს, 2010 წელს. ამისთვის მას სჭირდება აღმასრულებელი ხელისუფლება, რის გარეშეც მისთვის აზრი არ აქვს ამ არჩევნებს“,- მიიჩნევს ვახტანგ ძაბირაძე.

მისი აზრით, უკეთესი იქნებოდა, თუკი „ქართული ოცნება“ ამას მიხვდებოდა ოქტომბრის დასაწყისში და საქმეს აქამდე არ მიიყვანდა.

კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი ადასტურებს, რომ პრემიერის ინიციატივის განხორციელება შესაძლებელია, თუკი შეიცვლება კონსტიტუციის 51-ე პრიმა მუხლი, ანუ ეს მუხლი უნდა გადაისინჯოს.

„თუ პარლამენტი გადასინჯავს ამ მუხლს და შეიტანს ცვლილებას სრული შემადგენლობის ორი მესამედით (ასი დეპუტატის შემადგენლობით), მაშინ შესაძლებელი იქნება ამ პროცედურის განხორციელება. მე არ ვიცი, გამოიყენებს თუ არა პრეზიდენტი ამ უფლებას, რამდენად მიზანშეწონილია მისთვის ამ მუხლის გამოყენება, ან პარლამენტის დათხოვნა, ეს სხვა საკითხია, მაგრამ პროცედურულად ეს შესაძლებელია მას შემდეგ, რაც კონსტიტუციაში ცვლილება შევა“,-აღნიშნა ავთანდილ დემეტრაშვილმა. 

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრს ასეთი ინიციატივის უფლება არ აქვს, ეს უნდა იყოს მთავრობის ინიციატივა. თუმცა, მისი ინფორმაციით, პრემიერის ამ მოსაზრების საფუძველზე პარლამენტში ხდება კანონპროექტის შემუშავება და შეტანილ იქნება პარლამენტის წევთა უმრავლესობის ინიციატივით.