"მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო ხელისუფლების მესვეურნი აცხადებდნენ, სასამართლო ხელისუფლებას მოსახლეობის 68% ენდობაო, ყველამ ძალიან კარგად იცოდა, რომ ეს ისევე ფორმალური ციფრები იყო, როგორ ფორმალურადაც სასამართლო იყო დამოუკიდებელი. ახლა რა უნდა გავაკეთოთ: რასაკვირველია, უსამართლოდ არავის არ უნდა მოვექცეთ. ეს ცალსახაა. მაგრამ ის, რომ საჭიროა ინსტიტუციურად სასამართლო ხელისუფლება შეიცვალოს, ეს სახეზეა. ის ადამიანი, რომელსაც არავითარი დანაშაული არ აქვს ჩადენილი, რასაკვირველია, ამ კორპუსში იქნება და იმუშავებს; მეორე საკითხი: იმ ადამიანებს, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს, რასაკვირველია, ვერც მე და ვერც თქვენ ვერ გაასამართლებთ. ისევ სამართლიანი სასამართლო პროცედურებით უნდა მოხდეს იმ ადამიანებისაგან სასამართლო ხელისუფლების გაწმენდა", - აცხადებს ნინო გვენეტაძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "სასამართლო დამნაშავე მოსამართლეებისგან უნდა გათავისუფლდეს".
"რეალურად არის საკადრო პრობლემაც. რასაკვირველია, ასევე არის ის არასწორი სტრატეგია, რომელიც დღევანდელ სასამართლო ხელისუფლებას უჭირავს. ის გარკვეულწილად ცდილობს, დააიმედოს მოსამართლეები, რომ ისინი ხელშეუხებლები არიან, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ხელშეუხებელი არავინ არის, მათ შორის, არც მოსამართლე. არავითარი გარანტია არ ჩაიდო კანონში. ხელშეუხებელი არ არის მოსამართლე, როცა ის კანონს არღვევს. ამიტომ ეს პროცედურები იქნება განხორციელებული. შეიძლება, მტკივნეულიც იყოს, მაგრამ კიდევ ერთი, თუნდაც აკვიატებულ ფრაზად ჩამითვალეთ: სამართლიანობა უნდა აღდგეს ამ ქვეყანაში. აი, ეს არის მთავარი. საზოგადოება, რომელმაც ამ არჩევნებზე ხმა ახალ ხელისუფლებას მისცა, საპარლამენტო უმრავლესობისგან სამართლიანობის აღდგენას ელოდება. ამ მხრივ სასამართლო თუ სათანადო დონეზე ვერ იქნება და იმ სტანდარტს ვერ უპასუხებს, რასაკვირველია, პრობლემებს შექმნის", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნინო გვენეტაძე.
"რაც შეეხება "ნაციონალური" უმცირესობის მტკიცებას, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველოში ციხეში გმირები მიდიან, მე ვიქნები უდანაშაულობის პრეზუმფციის დამცველი და გეტყვით, რომ მათი გმირობისა და და დამნაშავეობის საკითხი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. ამიტომ წინმსწრებად, მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის პროცედურები მიმდინარეობს, ამ ეტაპზე და შემდგომაც გამამტყუნებელ განაჩენამდე მათ უდანაშაულობის პრეზუმფცია იცავს. ამიტომ თვითონ ოპოზიციაც რომ იყოს თანმიმდევრული და ადამიანის უფლებების დამცველი, მათ შორის, მათი გუნდის წარმომადგენლებიც, ისინი ასეთ განცხადებებს ჯერჯერობით არ გააკეთებდნენ. ამით ისინი სასამართლოს გარკვეულ ზეწოლას უკეთებენ და ცდილობენ, საზოგადოებრივი აზრი თავიანთ სასარგებლოდ გადახარონ, თუმცა, ვფიქრობ, ეს მათთვის სასარგებლო სულაც არ არის. უფრო მეტ გაღიზიანებას იწვევენ ისინი საზოგადოებაში. თუ, ისინი, მიუხედავად სამართლებრივი პროცედურებისა, უფრო იმედიანად იქნებიან და საზოგადოებას ამით გაუწევენ ოპონირებას, თუ დადასტურდება ამ ადამიანების უდანაშაულობა სასამართლოში, მე ვფიქრობ, უფრო კონსტრუქციულნი და მოგებულნი იქნებიან საზოგადოების შეფასებებშიც, იმიტომ რომ წინმსწრებად რაიმე პოლიტიკური დასათაურება მოვლენებისა მხოლოდ პოლიტიკური დარჩება", - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "რამდენად სწორად გაკეთდა აქცენტი დასავლეთში გარკვეული პირების მიერ საქართველოში წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით?" - პასუხობს:
"გააჩნია, განცხადებებს ვინ აკეთებს, იმიტომ კი არა, რომ მე ოპონენტების მიმართ აგრესიული ან უარყოფითი შეფასებები მაქვს. ჩვენ ყველა შეფასება უნდა მოვისმინოთ ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც. დღევანდელ ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ადეკვატური რეაგირების ეფექტური მექანიზმები და, ვფიქრობ, გამოხატვის ფარგლებში კრიტიკაც მოსათმენია".