„ნიკოლა სარკოზის პირველი ქარიშხალი - აგვისტოს ომის დიპლომატიური კულისები“, - ამ სათაურით აქვეყნებს რადიო თავისუფლება საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის მემუარებს, რომელშიც აგვისტოს ომს დიდი ადგილი ეთმობა.
სარკოზი თავის მემუარებში წერს, რომ სააკაშვილს სურდა თანამემამულეთა ნაციონალურ გრძნობებზე ეთამაშა და საბოლოოდ რუსი დათვის გაღვიძება გამოუვიდა. საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ირწმუნება, რომ ამერიკის გარეშე სურდა ამ კონფლიქტის მოგვარება, რადგან ამერიკელები უფრო გაამწვავებდნენ სიტუაციას და გადაიყვანენ ამ კონფლიქტს ამერიკა-რუსეთის დაპირისპირებაში. სარკოზი ფიქრობს, რომ გაწონასწორებული პოზიცია ეკავა აგვისტოს ომის დროს, ალბათ, ამიტომაც რუსებს ქართველების მხარეს ეგონათ სარკოზი, ამერიკელებსა და ევროპელებს რუსების მიმართ ზედმეტად შემრიგებლურად მიაჩნდათ იგი. პუტინი იმდენად იყო წყობიდან გამოსული, რომ სააკაშვილის ხსენებისას პირჯვარს იწერდა. თუმცა ფაქტია, ამ შუამავლობის შემდეგ სარკოზის პუტინის მიმართ ნდობა ჩამოუყალიბდა.
რისი თქმა სურს სარკოზის ამ მემურებით? მთელ მსოფლიოს საქართველოს გადამრჩენელის როლს შეახსენებს, თუ მის მიმართ უმადურად განწყობილ სააკაშვილს მოაგონებს აგვისტოს ცხელ დღეებს? რა მოხდებოდა, აგვისტოს ომი რომ აგვერიდებინა თავიდან, ამის შესახებ for.ge-ს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრა.
სარკოზის აზრი სააკაშვილის შესახებ არაერთგვაროვანია. თქვენ როგორ აფასებთ სარკოზის როლს აგვისტოს ომიდან 12 წლისთავზე, იმ სარკოზის, რომელმაც მოგვიანებით მისტრალიც კი მიჰყიდა რუსებს, რადგან, ამ მემუარებს თუ დავეყრდნობით, კარგი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა პუტინთან, როგორც „სიტყვის შემსრულებელ კაცთან“?
- საერთოდ, მემუარულ ლიტერატურას ყოველთვის ძალიან ფრთხილი და ზომიერად კრიტიკული მიდგომა სჭირდება, ვინაიდან ეს არის ერთი ადამიანის სუბიექტური მოსაზრება. სარკოზი მანდ მთავარი შუამავალი, მომრიგებელი იყო, მაშინ სარკოზის ევროკავშირის თავმჯდომარის პოსტი ეკავა და, ბუნებრივია, სარკოზი ახლა თავისი როლის წარმოჩენას ცდილობს. რაც შეეხება ამერიკელებს, ყველას გვახსოვს, მანამდე ჩამოვიდა კონდოლიზა რაისი, რომელიც სააკაშვილს თმენის რეჟიმისკენ მოუწოდებდა. სიმართლის დასადგენად უნდა წარმოვიდგინოთ საქართველოს ნებისმიერი პრეზიდენტის მდგომარეობა - სააკაშვილი იქნებოდა ეს თუ ივანიშვილი. ძალიან კარგად მახსოვს ის პერიოდი, არაპირდაპირ ჩართულიც ვიყავი იმ პროცესებში, ვიცი, რაც ხდებოდა, ყოველდღიურად სახელმწიფო კანცელარიის წინ, სადაც მაშინ პრეზიდენტი იმყოფებოდა, ცხინვალის რეგიონის ქართული სოფლებიდან დელეგაციები იდგნენ პლაკატებით, „დაგვიცავით“. ორი კვირა კოკოითი ბომბავდა ქართულ სოფლებს, კულახმეტოვმა ოფიციალური წერილი მისწერა ეუთოს, რომ მე აღარ მემორჩილება ოსების მაშინდელი ე.წ. პრეზიდენტი - კოკოითიო, ანუ კულახმეტოვმა ხელი დაიბანა. ის, რომ თითქოს ქართულმა მხარემ იერიში მიიტანა რუს მშვიდობისმყოფელებზე, ეს ზღაპარია, ჭორია, არანაირად საქართველოს რუსი მშვიდობისმყოფელებისთვის წერტილოვანი იერიში არ უცდია. ამ დროს ქართული სოფლები მთლიანად დაბომბილი იყო, განსაკუთრებით, თამარაშენზე იყო იერიშები მიტანილი.
გარდა ამისა, ორი კვირით ადრე რუსეთმა ჩრდილო კავკასიაში, სწორედ ამ კონფლიქტის ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაიწყო იმ პერიოდისთვის ძალზე ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები. იმ ტერიტორიაზე არც მანამდე, არც შემდეგ რუსეთს წვრთნები არ ჩაუტარებია. ეს ტერიტორია არ არის ისეთი სტრატეგიული რუსეთისთვის, რომ იქ სამხედრო წვრთნები ჩაატაროს. რუსეთი ან ნატოსთან მოსაზღვრე ტერიტორიაზე ატარებს წვრთნებს, ან შორეულ აღმოსავლეთში, იაპონიასთან მოსაზღვრე ტერიტორიაზე. ჩვენთან კომპლექსურად არ შეუსწავლიათ, სად იყო ჩვენი დაზვერვა, რასაკვირველია, ყველაფერზე პასუხს აგებს პირველი პირი, ეს დაწერილი და დაუწერელი კანონია, რომ პასუხს აგებს და გადაწყვეტილებებს ღებულობს ნებისმიერი პირველი პირი, ნაპოლეონიდან დაწყებული, მაგრამ იმავე ნაპოლეონმა რატომ წააგო ვატერლოო? იმიტომ, რომ მის გვერდით აღარ იყვნენ ძველი გენერლები, ის აღარ ღებულობდა ინფორმაციას სრულად, ასე რომ, ერთი ადამიანი, გინდ გენიოსი იყოს, ომს ვერ იგებს. ნაპოლეონთან რა შედარებაა, მაგრამ სიტყვაზე ვამბობ, აგვისტოს ომის დროს სად იყო ჩვენი დაზვერვა? მოსკოვში ჩვენმა საელჩომ რა გააკეთა? ყველასათვის მოულოდნელი რატომ იყო ეს ომი? ეს ხომ არ იყო ტერორისტული აქტი, რომელსაც არავინ ელის და უცებ ბომბი ფეთქდება სადღაც. რუსეთის მთელი არმია ემზადებოდა საქართველოში შემოსაჭრელად და ეს ინფორმაცია ქართულ მხარეს უნდა ჰქონოდა. ამაზე ჩუმად არიან, რადგან ყველა ისინი თანამდებობებზე თუ არ არიან, ყოველ შემთხვევაში, კარგად არიან და მშვენივრად ცხოვრობენ. არ მუშაობდა მაშინ ჩვენი დაზვერვა, ვინ იყო მაშინ ჩვენი ელჩი? საკუთარი ბიზნესით იყო დაინტერესებული მოსკოვში. ძალზე კომპლექსურია ეს საკითხი.
გარდა ამისა, იმ პერიოდში ცხინვალის რეგიონი რუსებს პრაქტიკულად დაკარგული ჰქონდათ. მაშინ კამპანია იყო -„კოკოითი ფანდარასტ“, სანაკოევი რომ ჰყავდათ, ოსი, მერე იგი რუსეთში გაიქცა, ფსბ-ს აგენტი აღმოჩნდა, საშინელ ანტიქართულ განცხადებებს აკეთებდა. ანუ ჩვენი უშიშროების იმდროინდელი სამსახური სუსტი იყო. სამი კაცი მყავს მოწმედ, სამივე ცოცხალია, მე რომ ვეუბნებოდი სააკაშვილს, მიშა, დარწმუნებული ხარ, რომ რუსეთი არ ჩაერევა? - არა, აფხაზეთი რომ იყოს, აფხაზეთის საქმეებში ჩაერეოდა, მაგრამ ცხინვალის რეგიონი არ აინტერესებს რუსებსო. ეს აზრი იყო ჩვენთან. მაშინდელი პრემიერის, მერე ბანკირი რომ გახდა, განცხადება არ გახსოვთ? რუსეთი ამ საქმეში არ ჩაერევაო. საერთო განწყობა იყო ასეთი.
რუსეთიდან აწვდიდნენ არასწორ ინფორმაციას სააკაშვილს, რომ იგი პროვოკაციას წამოგებულიყო?
- რუსეთი მაღალპროფესიონალურად, ფეიკნიუსები რომ ჰქვია, დაახლოებით ასე, საქართველოში ქმნიდა აზრს, თითქოს არ აინტერესებდა ცხინვალის რეგიონი. თვით კოკოითიც კი მოტყუვდა ომის პირველ დღეებში, სახემოღრეცილი რომ ყვიროდა, „где обещанная помощь?“ ეგონა, გადამაგდეს რუსებმაო, ისე „მაღალპროფესიულად“ ჩაატარა რუსეთმა ეს ოპერაცია. გარდა ამისა, იმავე ტალიავინის კომისიაში 9 წევრი იყო, იქიდან 6 თუ 7 „გაზპრომიდან“ ღებულობდა ხელფასს, გერმანელი ექსპერტები, ალექსანდრე რარი და სხვები. ტალიავინის მოხსენებაში ბოლოში, სხვათა შორის, ეწერა, რომ რუსი ჯარისკაცების შემოჭრა ე.წ. სამხრეთ ოსეთში აღინიშნებოდა კონფლიქტამდეც. მართლაც, ვინ აკონტროლებდა როკის გვირაბს? ჩვენები არ აკონტროლებდნენ. ასე რომ, აგვისტოს ომი იყო რუსეთის ფსბ-ს მხრიდან, ენა არ მიბრუნდება, მაგრამ ფაქტია, ბრწყინვალედ დაგეგმილი პროვოკაცია, რაშიც ორივე ფეხით გაება იმდროინდელი საქართველოს ხელისუფლება, მაგრამ ბოლოს ყველა მკვდარი კატა პრეზიდენტს ჩამოჰკიდეს კისერზე.
ტალიავინის მოხსენებაში პირველი წინადადება ის იყო, საქართველომ დაიწყოო დაბომბვები და მორჩა, ამის მერე მეტს არავინ კითხულობდა იმ მოხსენებას. რუსეთმა ჩვენს საწინააღმდეგოდ ააფრიალა ეს მოხსენება, აი, პირველივე წინადადებაა - ქართულმა მხარემ დაიწყო ომიო. ამას ემატება დღევანდელი ჩვენი პრეზიდენტის წიგნი, 10-15-ჯერ ოფიციალურად მივმართე ზურაბიშვილს კითხვით, ვინ დააფინანსა მისი წიგნი? ჩვენთან ხომ არ არის ისე, როგორც კომუნისტების დროს იყო, რომ წიგნს მთავრობა აფინანსებდა. დღეს ავტორი თავად აფინანსებს წიგნს და ამისთვის სპონსორს ეძებს. ვინ დაუფინანსა ფრანგულ ენაზე დაწერილი წიგნი ზურაბიშვილს? დიდი ეჭვი მაქვს, პარიზში მოქმედმა რუსეთის კულტურულმა ცენტრმა, რომელიც ეიფელის კოშკის გვერდითაა განთავსებული და მეორე ცენტრი კიდევ პარიზის ღვთისმშობლის ეკლესიის გვერდითაა განთავსებული.
სააკაშვილის უშუალო პასუხისმგებლობაზე რას იტყვით? რატომ გაება ამ მახეში? რატომ არ უსმენდა მრჩევლებს? თუნდაც თქვენ, რომელიც აკავებდით მას?
- მე ეჭვი გამოვთქვი პირად საუბარში, მაშინ მე არავითარი ოფიციალური თანამდებობა არ მქონდა, უბრალოდ, სულ სხვა საკითხზე იყო შეხვედრა, ეს ის დღეები იყო, როცა იგრძნობოდა, რომ დღე დღეზე რაღაც უნდა მომხდარიყო, რადგან კოკოითი ბომბავდა და ბომბავდა ქართულ სოფლებს. აბა, წარმოიდგინეთ, პრეზიდენტი არ ჩარეულიყო ამ საქმეში, მაშინ იმდროინდელი ოპოზიცია, ცხინვალის რეგიონის ქართული მოსახლეობა რას იტყოდა? რომ საქართველოს მთავრობამ მიატოვა თავისი მოსახლეობა.
ამას იტყოდნენ, მაგრამ უფრო დიდი ზარალი იყო აგვისტოს სიცხეში დაყრილი გვამები, წითელი ხიდიდან გაქცეული მაღალჩინოსნები, გამოუცდელი რეზერვისტების ანაბრად ბრძოლის ბედის მიტოვება...
- რასაკვირველია, ისევე, როგორც აფხაზეთში ჩვენ ჯარი არ უნდა შეგვეყვანა, უნდა მოგვეთმინა, არის პერიოდი, როდესაც სტრატეგიული თმენა აუცილებელია, როცა იძულებული ხარ, ითმინო, რადგან შეიძლება რომანტიული იყოს მტერთან შებრძოლება და გმირულად დაღუპვა, მაგრამ შედეგი ქვეყნისთვის ათჯერ და ასჯერ უარესი აღმოჩნდეს. ასი სოფელი დავკარგეთ, ასი ქართული სოფელი განადგურდა, ადამიანური მსხვერპლი, ახალი ლტოლვილები მივიღეთ. აბსოლუტურად, რომელ რეზერვისტებზეა საუბარი, გენერლები მობილური ტელეფონით ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს და შავი ჯიპებით დაქროდნენ, რუსები ყველაფრის საქმის კურსში იყვნენ. რომელი ომი ეს იყო? არც გამოძიება არ ჩატარებულა. აფხაზეთის ომშიც ასე მოხდა, იმ პერიოდში ჩვენგან იყო პარტიზანული ომი, სახალხო ლაშქარი, არმია არ გვყავდა, იქიდან კი რუსეთის არმია, ფსბ, რუსეთის მთელი დაზვერვა გვებრძოდა. ერთხელ წამოვეგეთ ამ ანკესზე, როდესაც ჯარი შევიყვანეთ აფხაზეთში, ეს კიტოვანის კისერზეა, მაშინ შევარდნაძეს არავინ არაფერს ეკითხებოდა, ამის შემდეგ კი უკვე სააკაშვილის დროს ცხინვალის რეგიონში შევედით, უკვე სახელმწიფო გვქონდა, თითქოს უშიშროების სამსახურიც გვყავდა, დაზვერვის დეპარტამენტიც იყო, დიდ ხელფასებსაც იღებდნენ, მაგრამ არავინ აღმოჩნდა ისეთი, ეთქვა პრეზიდენტისთვის, ეს არ შეიძლება, მაშინ რუსეთს უნდა ვეომოთ, ჩვენი გულისთვის ამერიკა რუსეთს ომს არ დაუწყებს. საქართველოში ჩამოვიდა კიდეც კონდოლიზა რაისი, ის ომის დაწყების კატეგორიული წინააღმდეგი იყო, პირდაპირ უთხრა სააკაშვილს, ჩვენ ვერ დაგეხმარებით სამხედრო ძალითო. საბოლოოდ ამერიკა მხარში დაგვიდგა, გემი გამოგზავნა აქ, მართალია, იმ გემმა წყალი და პამპერსები ჩამოიტანა, მაგრამ მაინც დემონსტრაციულად ჩამოვიდა.
აგვისტოს ომი რომ არა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები ცხინვალის რეგიონში?
- ომის გარეშე მშვიდობიანად მაქსიმუმ ერთი წელი თუ გაძლებდა კოკოითის ხელისუფლება. ჩვენები ცხინვალში თავისუფლად შედიოდნენ, იმ პერიოდში პაატა ზაქარეიშვილი და მისი გუნდი ძალზე ნაყოფიერად მუშაობდნენ. პაატა წინააღმდეგი იყო ჯერ აფხაზეთში ჯარის შეყვანის და შემდეგ ცხინვალის რეგიონში ომის დაწყების.
*
"რუსეთის მთელი არმია ემზადებოდა საქართველოში შემოსაჭრელად და ეს ინფორმაცია ქართულ მხარეს უნდა ჰქონოდა."
?
ინფორმაცია ამის შესახებ მე მქონდა უცხოეთში (ჩვენი პრესის მეშვეობით) და მაგათ არ ექნებოდათ?!
ქართული მასმედია რომ დაწვრილებით აღწერდა, რა სახის წვრთნები მიმდინარეობდა ჩრდ. კავკასიაში... რომ წერდა, სამხედრო კონტინგენტს უკვე დაურიგესო ბროშურები, სახელწოდებით - "იცნობდე მტერს: საქართველო!"... არ იყო ნათელი, რისთვის იდგა მანდ 59-ე არმია?! (მოგეხსენებათ, დაზვერვა ყველაზე მეტ ინფორმაციას ლეგალური წყაროების ანალიზით იღებს. ვინ დაიჯერებს, რომ მიშამ და მისმა გარემოცვამ არ იცოდა ეს?!).
არსებობს არცთუ უსაფუძვლო ვარაუდი, რომ ეს იყო შეგნებული (და კარგად ანაზღაურებადი) ღალატი!... თუმცა, მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს მოუვიდათ თავქარიანობით: ეგონათ, რომ ამერიკის შიშით, რუსები ჩარევას ვერ გაბედავდნენ... და თუ მაინც გაბედავდნენ თავიანთი "ჟანგიანი ტანკებით", ქართული არმია სულ კუდით ქვას ასროლინებდათ! (გაიხსენეთ ომის წინა პერიოდის სააკაშვილისეული ბრავადა: " - ჩვენ გვყავს რეგიონში საუკეთესოდ გაწვრთნილი და ეკიპირებული არმია, რომელიც ნებისმიერ მტერს დაადგება ყელზე!!!").
როგორც დაადგა - ვნახეთ!
*
"ერთხელ წამოვეგეთ ამ ანკესზე, როდესაც ჯარი შევიყვანეთ აფხაზეთში, ეს კიტოვანის კისერზეა, მაშინ შევარდნაძეს არავინ არაფერს ეკითხებოდა..."
?
მშვენივრად იცით, რომ ეს არ არის სწორი!
კიტოვანის დამცველად ვერ გამოვდგები, მაგრამ აფხაზეთში, რკინიგზის დასაცავად, შევარდნაძის ბრძანებით შევიდა კიტოვანი!
მეტიც, როგორც მოწმეები ადასტურებენ, ის ითხოვდა, ორი დღე მაინც მომეცით, რომ მოვემზადოთო... მაგრამ არაო, შევარდნაძემ! - და კიდევ, არძინბა ჩააყენეთ საქმის კურსშიო!.. ( მოწმეები, მათ შორის სიგუა, ადასტურებდნენ, რომ კონკრეტულად არავითვის დაუვალებია არძინბას წინასწარი ინფორმირება! შესაბამისად, როგორც ხდება ხოლმე, არავისაც არ შეუბერტყია ყური...
მიადგა ასე ჩვენი ჯარი აფხაზეთს და გაიხსნა იქიდან ცეცხლი!..
(მაშინდელი მასმედიიდან ვიცი მე ეგ ყველაფერი და არ შეიძლება, თქვენ ჩემზე უკეთესად არ იცოდეთ!).
ახლა რა იპოვის, თორემ ნანახი მაქვს ვიდეომასალა, რუსი ტელეჟურნალისტების მიერ გადაღებული - რა ხდებოდა მაშინ იქითა მხარეს, ცხინვალში, რუსი სამშვიდობოების დისლოკაციის ადგილებში...
მტრისას!.. დიახ, მართლაც რომ... მ ტ რ ი ს ა ს !... მაგრამ მერე ზუსტად იგივე განმეორდა იმათ მტრისას, ანუ ჩვენს მხარეზეც :(((