მთავრობას ტურიზმზე ხელი საბოლოოდ არ აუღია

მთავრობას ტურიზმზე ხელი საბოლოოდ არ აუღია

იანვრის ბოლოს ტურიზმის ეროვნულ სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება, თუმცა კანდიდატი ჯერ ცნობილი არ არის. ახალი მთავრობისთვის ტურიზმი სიტყვიერად ისევ პრიორიტეტულ მიმართულებათა შორისაა, მაგრამ მათი დამოკიდებულება წინა ხელისუფლებისაგან აბსოლუტურად განსხვავებულია. ამ კუთხით საბიუჯეტო დაფინანსებაც შემცირებულია და ადგილობრივი ტურიზმის გასარეკლამებლად  განსაკუთრებული ღონისძიებები იგეგმება.

ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ტურიზმს ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს მიმართულებათა შორის ჯერ კიდევ მოიხსენიებს, იმის გათვალისწინებით, რომ ამ დარგს დასაქმების კუთხით და ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით დიდი პოტენციალი აქვს.

კვირიკაშვილის განმარტებითვე, ტურიზმის პროგრამებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი და ის როგორც რეგიონალური განვითარების პერსპექტივებს, ისე ახალი ტურისტული პროექტების შექმნას, მცირე საინფორმაციო ცენტრები გახსნასა და პერსონალის გადამზადებას მოხმარდება.

“მინდა, რომ მითქმა-მოთქმას ბოლო მოეღოს ტურიზმის დაფინანსების შემცირებასთან დაკავშირებით. ტურიზმი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება იქნება”, - აცხადებს კვირიკაშვილი.

მინიტრთან ერთად საქმის მოთავე წესით და რიგით ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე უნდა იყოს, მაგრამ მისი პოსტი აგერ უკვე რამდენიმე დღეა ვაკანტურია. სააგენტოს თავმჯდომარემ მაია სიდამონიძემ გადადგომის შესახებ განცხადება 26 დეკემბერს დაწერა. ახალი ხღმძღვანელი კი არ დანიშნულა.

“ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პოსტზე მოლაპარაკება ორ კანდიდატთან მიმდინარეობს”, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, ვისთან აწარმოებს ეკონომიკის სამინისტრო მოლაპარაკებას. კანდიდატებისგან საბოლოო პასუხი ძველით ახალი წლისთვის იქნება ცნობილი.

სიდამონიძემ კი თანამდებობას საკუთარი სურვილით დატოვებს.  მიუხედადვა იმისა, რომ ცოტა ხნის წინ იგი ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის სურვილს თავად გამოთქვამდა, პოზიცია რადიკალურად შეიცვალა. ტურიზმის ექსშეფი ამტკიცებს, რომ შეთავაზება კერძო სექტორიდან აქვს.

“ჩემი გადაწყვეტილება, საქართველოში ჩამოვსულიყავი, იყო ნამდვილად სწორი იქედან გამომდინარე, რომ ძალიან კარგ დროში ვმუშაობდი საქართველოს ტურიზმის განვითარების მხრივ. ტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი სფერო იყო ამ წლების განმავლობაში და რა თქმა უნდა ჩემთვის იყო დიდი პატივი, ვყოფილიყავი თანამონაწილე ამ პროცესში. ახლა კი ვფიქრობ, უკვე კერძო სექტორში არის საკმაოდ ბევრი შესაძლებლობა, რომ მოვახდინო თვითრეალიზაცია ამავე მიმართულებით.

ვრჩები ტურიზმის სექტორში, ინდუსტრიაში. ამ პროფესიის ადამიანები აუცილებელი არ არის მარტო სახელმწიფო სტრუქტურაში მოღვაწეობდნენ.

2013 წლის სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებაში მეც ვმონაწილეობდი. მინდა ვთქვა, რომ უმეტესი პროექტი აბსოლუტურად ყველა განხრით გრძელდება. არის გარკვეული მიმართულებები, რომლებიც ახალ ხელისუფლებას აქვს. ეს ბუნებრივიცაა. როდესაც ახალი ხელმძღვანელობა მოდის, მას აქვს ახალი ხედვა გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. არის შეცვლილი გარკვეული მიმართულებები, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ რაც იყო ძირითადი პროექტები, ისინი 2013 წელს ნამდვილად გრძელდება”, - აღნიშნა მაია სიდამონიძემ.