ქართული ღვინის მომავალი ამერიკელის თვალით

ქართული ღვინის მომავალი ამერიკელის თვალით

“საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების“ დარბაზში, “ღვინის კლუბის“ მორიგ ლექცია-სემინარზე, საზოგადოება კომპანია "ხოხბის ცრემლების" მფლობელის, ჯონ ვურდემანის მოსასმენად შეიკრიბა.

 

ამერიკის მოქალაქე ჯონ ვურდემანი 90-იანი წლებიდან საქართველოში, კერძოდ – სიღნაღში ცხოვრობს, სადაც დაოჯახდა კიდეც და ქართული ენაც ისწავლა. პროფესიით მხატვარია, მაგრამ ქართულმა ტრადიციულმა მეღვინეობამ იმდენად გაიტაცა, რომ უკვე ამ საქმეს თავისი პროფესიის გვერდით აყენებს.

 

“ქართული ღვინო დასავლურ ბაზარზე – სამომავლო პერსპექტივები" – ასეთი შინაარსის იყო ჯონ ვურდემანის ლექციის თემა. მისი თქმით, იაფფასიან ქართულ ღვინოს დასავლეთის ბაზარზე დამკვიდრების შანსი, პრაქტიკულად, არა აქვს. ბოლო წლებში დაბალ საფასო სეგმენტზე ე. წ. ახალი სამყაროს ღვინოები იმდენად მყარად იკიდებს ფეხს, რომ მათთან კონკურენცია შეუძლებელი იქნება.

 

სამაგიეროდ, ჯონ ვურდემანის აზრით, საქართველოს აქვს შანსი დასავლეთს პრემიუმ კლასისა და საშუალო საფასო სეგმენტზე გათვლილი ღვინოები შესთავაზოს. ამ ბაზარზე ქართულ მეღვინეობას აქვს ისეთი უპირატესობები, როგორიცაა:

 

1) უნიკალური ქართული ყურძნის ჯიშები, რომლებიც ღვინის გურმანებისთვის უცნობია, მაგრამ მათ სწორედ უცნობი ჯიშებით დაყენებული ღვინო უფრო აინტერესებთ; 2) ქვევრის და მეღვინეობის სხვა ტრადიციული მეთოდების გამოყენება, რაც ხაზს უსვამს ქართული ღვინის განსხვავებულობას და განსაკუთრებულობას.

 

ჯონ ვურდემანმა ისაუბრა ღვინის ტურიზმის განვითარების აუცილებლობაზე, რაც ქართულ ღვინოს კიდევ უფრო პოპულარულს გახდის, როგორც უცხოელი ტურისტებისთვის, ისე ღვინის ქართველი მოყვარულებისთვის.

 

ლექციის დასასრულს ჯონ ვურდემანმა “ღვინის კლუბის“ წევრებს და სტუმრებს “ხოხბის ცრემლების“ 7 დასახელების ღვინო და ერთიც “ჭაჭა“ გაასინჯა. ჩინური, ქისი, მწვანე, რქაწითელი, შავკაპიტო, თავკვერი, საფერავი – ამ უნიკალური ქართული ჯიშებით დამზადებულმა ღვინოებმა დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

 

ღვინის კლუბი