ის, რაც ხდება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ძალიან მძიმეა. ანდრო ბარნოვის მისვლის შემდეგ უნივერსიტეტის კადრი ერთმანეთს დაუპირისპირდა. როგორც For.ge-სთან საუბარში ამავე ფაკულტეტის თანამშრომლები აცხადებენ, ანდრო ბარნოვი ვიღაცას პრემიას, ვიღაცას ხელფასის მომატებას დაჰპირდა, ვიღაცა კი თვალში არ მოუვიდა. მის მიერ ასე ძმაკაცობით დანიშნულმა კადრმა უკვე „ვერხი“ აიღო და ძველი თანამშრომლები გაუსაძლის პირობებში ჩააგდეს.
„აქ მუშაობა შეუძლებელია, თუ ე.წ. „ანდროს ბანაკში“ არ მოიაზრები. მისი მომხრეობაც ძალიან პირობითი ცნებაა, რადგან რაღაცას გამოელიან და იმიტომ არიან ანდროს მომხრეები და არა ის, რომ მისი სამოქმედო გეგმა მოსწონთ. ამ ადამიანის მოსვლის დღიდან თანამშრომლების ჩანაცვლების მცდელობა დაიწყო. პირველ შეხვედრაზე 15 თანამშრომელი დაგვიბარა და გვითხრა, ამდენი რა საჭირო ხართ, იანვრიდან გაცხრილვა უნდა მოხდესო“, - აცხადებს ამავე ფაკულტეტის ერთ-ერთ თანამშრომელი.
მეორე თანამშრომლის თქმით კი, ანდრო ბარნოვმა მათთან საურთიერთოდ 11 ადამიანი მოიყვანა. უფრო მეტიც, მათ გარდა არცერთ ფაკულტეტს არ ჰყავს „ეიჩარი“ ანუ კადრების უფროსი, ფინანსისტი, იურისტი. ერთ-ერთმა მათგანმა, სახელად ნანამ, თანამშრომლებს დაავალა, მომავალი სემესტრის ცხრილები ოქტომბრის თვეში მზად უნდა იყოსო, რაც, როგორც წესი, არ ხდება, რადგან ცხრილზე მუშაობა რთული პროცესია. როდესაც ამან პროტესტი გამოიწვია, ამ ქალბატონმა თქვა, ეტყობა, გასაგებად ვერ გითხარით, თუ არ ჩამაბარებთ ცხრილებს, დატოვებთ სამსახურებსო.
უნივერსტეტის თანამშრომლები გაოცებულნი არიან, რადგან ამას ამბობს ადამიანი, რომელიც არასდროს ყოფილა ფაკულტეტის თანამშრომელი. ის იყო „ჰესპის“ გრანტის ფარგლებში მოყვანილი. საერთოდაც, ამ 11 ადამიანიდან ყველა ამავე გრანტის, სოროსის ფონდის გრანტის ფარგლებშია მოყვანილი.
ჩვენი ინფორმატორების თქმით, ანდრო ბარნოვმა სტუდენტების გარკვეულ ნაწილთან ურთიერთობის დალაგებაც მოახერხა. ამბობენ, ისინი ჩართო გრანტის პროგრამაში და მათ ფულს უხდის. საუბარია 10-12 ახალგაზრდაზე, ისინი მას აქტიურად უჭერენ მხარს. უკვე გახმიანდა, რომ ბარნოვი ფიქრობს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის გაუქმებასაც. თუმცა მას მკაფიოდ უთხრეს, რომ ვერცერთ მიმართულებას ვერ გააუქმებს ვერც დეკანი, ვერც საბჭო, ვერც რექტორი და, თუკი პროგრამის დახურვა იქნება საჭირო, თვითლიკვიდაციას გამოაცხადებს აკადემიური პერსონალი. სხვანაირად გაუქმება არ შეიძლება, თუმცა ბარნოვი ამ საკითხებზე მაინც გადის კონსულტაციებს.
რამდენადაც ცნობილია, თსუ-ს რექტორი სანდრო კვიტაშვილი და ანდრო ბარნოვი მეგობრები არიან, კვიტაშვილმა მასზე აიღო პასუხისმგებლობა და პირად საუბრებში უთქვამს კიდეც, მე ჩავთვალე, რომ ბარნოვი აქ განახორციელებს რეფორმებს, ბარნოვი ჩემი მეგობარია და ხელს არ მოვაწერ მის წინააღმდეგო.
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის თანამშრომლები კიდევ ერთ დარღვევაზე საუბრობენ. საუბარია ამავე ფაკულტეტის დეკანად ფაკულტეტის საბჭოს მიერ რევაზ ჯორბენაძის არჩევაზე, თუმცა უნივერსიტეტის რექტორმა აქაც თავისი ფავორიტის - ანდრო ბარნოვის მხარე დაიჭირა და რევაზ ჯორბენაძეს უარი განუცხადა.
თავიდან კი უნივერსიტეტის რექტორატს რატომღაც ეგონა, რომ დეკანის არჩევნების დღეს ქვორუმი არ შედგებოდა და არჩევნების ბოიკოტირება მოხდებოდა. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც რევაზ ჯორბენაძეს მხარს უჭერდნენ, ყველანაირად შენთან ვართ, მაგრამ დეკანის არჩევნებზე ვერ მოვალთო. თუმცა, ფაკულტეტის საბჭოს წევრებზე მუქარისა და სპეცსამსახურების მუშაობის მიუხედავად, ქვორუმი მაინც შედგა და რევაზ ჯორბენაძე აირჩიეს.
გვესაუბრება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი, დეკანის მოადგილე რევაზ ჯორბენაძე.
- 21 დეკემბერს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე დეკანის არჩევნები ჩატარდა, რომელსაც, როგორც წესი, ატარებს ფაკულტეტის საბჭო. ქვორუმი იყო, ვიყავით ორი კანდიდატი. ფაკულტეტის საბჭომ ამირჩია ფაკულტეტის დეკანად, შემდეგ ეს უნდა დაემტკიცებინა რექტორს. უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლი არეგულირებს ამას, სადაც რექტორი იღებს გადაწყვეტილებას ან დანიშვნის, ან მოტივირებული უარის შესახებ. რექტორის ბრძანებით, დაიწერა მოტივაცია, რომელიც, ჩემი აზრით, სამართლებრივდ გაუმართავია, სუბიექტურადაა შედგენილი და დირექტიულად მიღებული გადაწყვეტილებაა, რასაც ვაპროტესტებ. ფაკულტეტს აქვს თავისი დებულება, რომელიც უნდა შეცვლილიყო, მაგრამ ვერ მოესწრო. ამიტომ, 30 ნოემბერს ჩატარდა ფაკულტეტის საბჭოს კრება, რომელზეც არჩევნებისთვის წესი მივიღეთ. შესაბამისად, ამ წესმა ჩაანაცვლა არსებული ძველი წესი დეკანის არჩევნებთან დაკავშირებით. სხვა შემთხვევაში, დეკანის არჩევნები ვერ ჩატარდებოდა. უნივერსიტეტის წესდებასთან შესატყვისობაში მოხდა სწორედ ახალი წესის მიღება, ამ წესის ინიციატორი კი იყო თვითონ დეკანის მოვალეობის შემსრულებელი ანდრო ბარნოვი, რომელიც დღესაც ასრულებს მოვალეობას. ფაკულტეტის საბჭომ ყველა წესის დაცვით ამირჩია და ჩემს დასამტკიცებლად ცნობა მიაწოდა რექტორს. სამი დღის შემდეგ, რექტორმა გამოსცა ბრძანება N 17/01-03-ე, რომელშიც უარს ამბობს ჩემს დეკანად დანიშვნაზე.
რა მოტივაციით თქვა თქვენს დანიშვნაზე უარი?
- იმ მოტივით, რომ ფაკულტეტს უნდა ემოქმედა ძველი დებულებით და არა ახალი წესით, რაც იურიდიული ლაფსუსია. ვითხოვ, რექტორმა შეცვალოს თავისი ბრძანება და გაითვალისწინოს ფაკულტეტის საბჭოს წარდგინება, რომლითაც მე გავიმარჯვე.
ფიქრობთ, კვიტაშვილი დაინტერესებულია ანდრო ბარნოვის ამ თანამდებობაზე დანიშვნით?
- ბინძური კამპანია გაიმართა ჩემს წინააღმდეგ, აკადემიურმა საბჭომ არ დაუშვა ანდრო ბარნოვი არჩევნებზე, ამიტომ სამი კანდიდატიდან ორი დავრჩით. სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ უზარმაზარი მანქანა აამუშავეს ჩემს წინააღმდეგ, რომ საბჭოს წევრები არ მოსულიყვნენ, ჩაშლილიყო დეკანის არჩევნები და მედიაშიც დეკლარირებას ახდენდნენ, რომ ჩაიშლება არჩევნებიო. კვიტაშვილის მოტივაციის შესახებ არაფერი ვიცი. მას როცა შევხვდი და განვუცხადე, რომ უკან არ დავიხევდი, მითხრა, ყველაფერი კარგადაა. მეტი შეხვედრა არ მქონია, ძალიან სწრაფად მოხდა მისი გადაწყვეტილების დადება საიტზე. ამიტომ ვფიქრობ, ეს სუბიექტური გადაწყვეტილება იყო.
ანუ კვიტაშვილი აშკარად უჭერს მხარს ბარნოვს?
- ასე გამოდის, რადგან დღესდღეობით ბარნოვი ისევ აგრძელებს დეკანის მოვალეობის შესრულებას. ვერ გეტყვით, მისი მეგობარია, თუ მისი კადრია, მაგრამ რაღაცით მაინც უპირატესობა მიანიჭა.
თუ გავითვალისწინებთ, რომ თვითმმართველობებში ყოფილ ხელისუფლებას თავისი კადრი ჰყავს, რა გასაკვირია, რომ ასევე სურდეთ უნივერსიტეტშიც? თქვენი დაწუნება პოლიტიკური ნიშნით ხომ არ მოხდა?
- არცერთ პოლიტიკურ დაჯგუფებას არ ვეკუთვნი. ჩემი წარდგინება მოხდა პროფესორთა თხოვნით, მეც მქონდა ამის შინაგანი მოტივაცია, რადგან აუტანელი პირობები იყო ფაკულტეტზე. რეალისტურად ვუყურებ მოვლენებს და, რაც ქვეყანასა და ხალხს წაადგება, სწორედ იმ პოლიტიკას ვუჭერ მხარს. ამდენად, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის მომხრე არ ვყოფილვარ.
რას გულისხმობთ, როცა აცხადებთ, რომ ფაკულტეტზე აუტანელი პირობები ანდრო ბარნოვის შემდეგ შეიქმნა?
- იყო კონფლიქტები, დაპირისპირება თანამშრომლებს შორის, ზოგიერთ მდივანს, სპეციალისტს პრიორიტეტი დაუწესდა, ზოგს კი - არა. ეს გამოიხატა ბიუჯეტის გადაცემის დროსაც, სადაც ზოგს ხელფასები მოემატა, ზოგს- არა. რაც ის მოვიდა, ადმინისტრაციაში მოხდა დაპირისპირება. მეც იგნორირებული ვიყავი, ბოლო წუთებში, როცა საარჩევნო კამპანიას ვეწეოდი და ვხვდებოდი პროფესორებს, ყველაზე მეტი საქმე სწორედ მაშინ მომცეს, თუმცა არსებობს დეკანის მეორე მოადგილეც, რომელსაც არაფერი ევალებოდა. ანდრო ბარნოვის მომხრეებს სურდათ, ჩაშლილიყო დეკანის არჩევნები, იმის მიუხედავად, რომ ის არ იღებდა მონაწილეობას არჩევნებში. სხვათა შორის, ჩემმა კოლეგებმა, ფსიქოლოგებმაც კი პროტესტი გამოთქვეს და მათი პროტესტი მიმართული იყო აკადემიური საბჭოს მიმართ, რატომ არ დაუშვით მესამე კანდიდატიო, მაგრამ ეს ირიბად ჩემს წინააღმდეგ იყო მიმართული.
ანდრო ბარნოვი დეკანის არჩევნებში მონაწილეობას თავიდან რატომ არ იღებდა?
- თავიდან იღებდა მონაწილეობას, მაგრამ ჯერ უნდა დაამტკიცოს აკადემიურმა საბჭომ, იქ მაქსიმუმ სამი კანდიდატი უნდა დასახელდეს, შემდეგ ფაკულტეტის საბჭომ უნდა განიხილოს. იქ ისე მოხდა, ხმა გაიყო და ვერ გავიდა.
სექტემბერში ანდრო ბარნოვსა და სტუდენტებს შორის მკვეთრი დაპირისპირება იყო. ახალგაზრდებს მიაჩნდათ, რომ იგი ხელისუფლების კადრი იყო და სპეციალურად თავს მოახვიეს ფაკულტეტს. ამავდროულად, ანდრო ბარნოვი სტუდენტის რანგში იყო თქვენს ფაკულტეტზე. აქედან გამომდინარე, რამდენად კვალიფიციური კადრია და რამდენად საჭიროა იგი უნივერსიტეტისთვის?
- გეთანხმებით, ის ჩვენი დოქტორანტი იყო. დღევანდელი გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ მისი მოსვლის შემდეგ დაიძაბა სიტუაცია. საქმე იქამდეც მივიდა, რომ მისმა მომხრეებმა ფაკულტეტი დაყვეს. „მაესტროს“ ეთერში მისმა მომხრე ერთ-ერთმა ქალბატონმა, პროფესორმა, ფაკულტეტის მთლიანი კადრი პროგრესულად და არაპროგრესულად მოაზროვნეებად შეაფასა. ეს მოხდა დეკემბერში, დეკანის არჩევნების ჩატარებამდე, რაც კონფლიქტის, ესკალაციის მაღალი საფეხურია.
ანდრო ბარნოვის მოსვლიდან კარგა ხანი გავიდა. მის მიმართ სტუდენტების განწყობა ხომ არ შეცვლილა?
- სტუდენტები დაბნეულნი იყვნენ, რადგან ვერ გაერკვიათ, რა ხდებოდა ფაკულტეტზე. მათ შორის იყო დაპირისპირება და მიმხრობის სურვილი. სტუდენტებთან უკვე ხუთი წელია, ვმუშაობ და მათთან საქმიანი და მეგობრული დამოკიდებულება მაქვს. არ მოვითხოვ მათგან, გამოვიდნენ მიტინგებზე და რაიმე გააპროტესტონ.
თუ გავითვალისწინებთ, რომ თავის დროზე სტუდენტებისთვის უნივერსიტეტის არაორგანული ნაწილი იყო ანდრო ბარნოვი, როგორ ფიქრობთ, როგორ მოახერხა მან თავის დამკვიდრება?
- ანდრო ბარნოვს ჰყავს ფავორიტი სტუდენტები და, ასევე, - მარგინალებად მიჩნეული სტიდენტები, რომლებიც ყველაფერს აპროტესტებენ. ვიღაც არის ბარნოვის მომხრე, ვიღაც_სხვისი მომხრე, მაგრამ არა მაინცმადამინც რეზო ჯორბენაძის მომხრე. ასე გამოკვეთილად მომხრე სტუდენტები მე არ მყავს. ახალგაზრდები ძალიან რეალისტურად აღიქვამენ, რაც ხდება უნივერსიტეტში. ჩემს კონცეფციაშიც ასე მქონდა ჩადებული, რომ სტუდენტებთან დიალოგისთვის უნდა შემეწყო ხელი.
თუ ალექსანდრე კვიტაშვილმა არ გადახედა მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რას აპირებთ?
- ვითხოვ, გადახედოს არასამართლებრივ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართლებრივი გზა მექნება დარჩენილი. სხვათა შორის, მის განცხადებაში არც ის წერია, რომ მე გასაჩივრების უფლება მაქვს. იურისტების საკმაოდ დიდი გუნდი მყავს, რომლებსაც შეუძლიათ, გვერდში დამიდგნენ. მე ვიცავ არა მარტო ჩემს ღირსებას, არამედ ამომრჩეველთა უფლებას, რომლებმაც მხარი დამიჭირეს. 18-დან 16-მა მომცა ხმა. ერთი ხმა ბათილად ცნეს, ერთი ხმა მისცეს სხვა კანდიდატს.
თუ გიცდიათ ანდრო ბარნოვთან დალაპარაკება?
- ანდრო ბარნოვთან საქმე არ მაქვს, თუ რაიმე დავალებაა, მავალებს ხოლმე. არჩევნების შემდეგ შემიმცირდა დავალებები, მაგრამ ის მაინც იბრძვის და დღემდე ინარჩუნებს ფაკულტეტის დეკანის პოზიციას.