რა მოუტანა ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციას მოჩვენებითმა თავშეყრამ და რატომ დაჩქარდა მათი გაყრის პროცესი? ეკლექტური ოპოზიციის სისუსტე რაშია, ვინ ურევს სიტუაციას, რატომ ვერ ახერხებენ ერთიანობას და აქაც „ქართული ოცნების“ ხელი ხომ არ იგრძნობა?
ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე მიიჩნევს, რომ ეს ეკლექტური გაერთიანება შედგა იმის გამო, რომ გარკვეული სიგნალები მოვიდა დასავლეთიდან გარკვეული ძალების მიერ, რომ ეს ხელისუფლება უნდა შეცვლილიყო. ამიტომ შეიყარა ერთად ეს გაერთიანება. პარალელურად, გვახსოვს მათი რიტორიკა, როგორ დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ხელისუფლება შეიცვლებოდა, ჰქონდათ ამის იმედები, მაგრამ, როცა იმედები არ გამართლდა და შეიცვალა სიტუაცია, აღმოჩნდა, რომ ყველა თავისი ინტერესების გატარებას შეუდგა.
„გასაგებია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველაზე მეტი ელექტორალური რესურსი აქვს და რაში სჭირდება, წამოიკიდოს პოლიტიკური მკვდრები, შესაბამისად, „ნაცმოძრაობა“ შეუდგა თავისი დღის წესრიგის განხორციელებას. დანარჩენებიც იმავე გზას დაადგნენ, პატარ-პატარა ერთკაციანი პარტიები ცდილობენ, იპოვონ ადგილი „ნაცმოძრაობის“ ჩრდილქვეშ, თუმცა „ნაცმოძრაობას“ ისინი არ სჭირდება. ანუ ერთიანობის ილუზია საჭირო იყო იმისთვის, რომ შეექმნათ წარმოდგენა დასავლეთში, რომ ყველა გაერთიანდა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, მაგრამ, როცა „ქართულმა ოცნებამ“ ყველა პირობა შეასრულა, რასაც ისინი აყენებდნენ, ოპოზიციონრებიც თავის მიერ დაგებულ ხაფანგში აღმოჩნდნენ. სწორედ მაშინ ეს კოალიცია დაიშალა. გარდა ამისა, კიდევ ცალკე საკითხია, როგორი იდიოტური შეცდომები დაუშვეს ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა ამ პოლიტიკურ ბრძოლაში“, - აცხადებს სოსო მანჯავიძე ჩვენთან საუბრისას.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ როლს მათ დაშლაში, ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნება“ ყველანაირად შეეცდებოდა მის წინააღმდეგ გაერთიანებული პოლიტიკური კონგლომერატის დაშლას. ამისთვის არსებობს მეთოდები და „ქართული ოცნება“ გამოიყენებდა კიდეც ამ მეთოდებს. ეს არის „საიდუმლო“, რომლის შესახებაც მთელმა საქართველომ იცის, თუ ვინ რა თამაშს თამაშობს და ვინ არის მიბმული ვისთან. ამას ნებისმიერი ხელისუფლება გამოიყენებს, ეს არის ხელისუფლების შენარჩუნების მეთოდი, რომელსაც მთელ მსოფლიოში იყენებენ.
ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ეს ოპოზიცია ჰგავს იმ ბავშვების შემადგენლობას, რომლებთანაც მასწავლებელი შედის და ამბობს, „ვიღაც ურევს“. რეალურად, ამ ოპოზიციაში მთელი აღრევა რომ ხდება, ეს ფაქტია.
ანალიტიკოსის აზრით, „ქართული ოცნების“ ხელი ოპოზიციის დაქსაქსვაში არ იგრძნობა, ქოცები თავიანთ პრობლემებში ისე არიან ჩაფლულნი, ოპოზიციისთვის მოიცალონ, ამის თავიც არ აქვთ. აქ რეალურად არის ოპოზიციურ ძალებს შორის სიჭრელე. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილმა, როგორც ჩანს, აიღო გეზი, რომ არავის არ გაუნაწილოს თავისი ნაჭერი, ანუ სააკაშვილს პოლიტიკური სიმსუნაგე დაეწყო. კიდევ ერთი ნიუანსია, სააკაშვილის მიმართ ამერიკელების და დასავლეთის მხრიდან ყოველგვარი ინტერესი დაკარგულია. რეალურად, დასავლეთი დებს ფსონს ორ პოლიტიკურ ძალაზე, ეს არის „ლელო“ და „ევროპული საქართველო“.
„ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციიდან ჩარკვიანისა და ვაშაძის გამოსვლა და მათი გაერთიანება პირდაპირი ინდიკაციაა, რომ „ნაცმოძრაობამ“ ფაქტობრივად თვითონვე არია სიტუაცია შეგნებულად, თვითონვე მოიცილა ის ბალასტი, რომელიც მას ჰყავდა ერთკაციანი პარტიების სახით, ედპ იქნებოდა, თუ „ჩვენ თვითონ“, ანუ „ნაცმოძრაობასაც“ სერიოზული დისკომფორტი შეექმნა ამ პარტიების გამო. თაკო ჩარკვიანს კიდევ თავისი ამბიციები აქვს და „ევროპულ საქართველოს“ ცალკე ამბიციები. როგორც ჩანს, ბოკერია ელოდება, რომ ვაშინგტონიდან ექნება მხარდაჭერა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ოცნებობს. ამავდროულად, ვაშინგტონში მეორე დაჯგუფებაზეც - „ლელოზეც“ არის გაკეთებული აქცენტი და საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები. ფაქტობრივად, ერთიანი ოპოზიცია, ე.წ. შალვა ნათელაშვილის შტაბბინის პარტიების კოალიციის სახით, დაიშალა მარტივ მამრავლებად და ყველა მათგანი ცდილობს, დამოუკიდებლად შევიდეს პარლამენტში. ამან შეიძლება შეამციროს „ქართული ოცნების“ პოტენციალი, რაოდენ პარადოქსიც არ უნდა იყოს, რადგან „ქართულ ოცნებას“ უფრო ერჩივნა, ოპოზიცია ყოფილიყო ჰომოგენური, გაერთიანებული, ჰომოგენურ ოპოზიციას უფრო დაამარცხებდნენ, ვიდრე მარტივ მამრავლებად დაშლილ ოპოზიციას“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.
მისივე მოლოდინით, შესაძლოა, ყველა პარტიამ 1%-ზე მეტი მიიღოს და „შეჯლიგინდეს პარლამენტში“ და ჩვენ მივიღოთ ისეთივე მოზაიკური პარლამენტი, როგორიც იყო 1992 წლის პარლამენტი.
„რესურსები შეიძლება გაიფანტოს და ამან სერიოზული პრობლემები შექმნას. ვეჭვობ, ძალიან დაბალი აქტიურობა იქნება ამ არჩევნების დროს. როგორც ჩანს, 80% გულგაციებულია არჩევნების მიმართ და ჩამოუყალიბებელია, ვის მისცემს ხმას“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.
უკაცრავად ბ-ნო მაისაია, ვფიქრობ მართებული იქნებოდა გეთქვათ: " ოპოზიცია ჰგავს საბავშვო ბაღის იმ ბავშვების შემადგენლობას, რომლებთანაც მასწავლებელი შედის და ამბობს, „ვიღაც ჰაერი გააფუჭა"!
თუმცა ესენი ჰაერს კი არ აფუჭებენ, წამლავენ!