„სააკაშვილი და მისი გუნდი, როგორც პოლიტიკური მოვლენა, უნდა დასრულდეს“

„სააკაშვილი და მისი გუნდი, როგორც პოლიტიკური მოვლენა, უნდა დასრულდეს“

საქართველოს პრეზიდენტი ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ერთ ნაწილს ვეტოს დაადებს, რადგან თვლის, რომ საშიში დამნაშავეების უდიდეს ნაწილს უშვებენ. გარდა ამისა მას შენიშვნები აქვს ე.წ პოლიტპატიმრების სიასთან დაკავშირებითაც, რადგან არც ერთ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციას არ უთქვამს, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არსებობენ.

„ბელორუსში 5 პოლიტპატიმარია, ჩრდილოეთ კორეაში - 11 და საქართველოს პარლამენტი ამბობს, რომ საქართველოში 200 პოლიტპატიმარია. ვის ვაწონებთ ამით თავს?! ვაცხადებთ, რომ ვართ არასერიოზული ქვეყანა და თუ ვინმემ სერიოზულად მიიღო ეს განცხადება, მაშინ გამოდის, რომ ვყოფილვართ ბირმა, ბელორუსი და 70-იანი წლების დიქტატორები... როდესაც ასეთ პატიმრებს უშვებ, ეს, ან ჩემს ჯინაზე კეთდება - და მაშინ კიდევ გავიგებ, ან პირდაპირ რუსეთის დაკვეთით“- განაცხადა სააკაშვილმა.

სტუდენტებთან შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებიც გააკრიტიკა, როგორც მან თქვა, უკმაყოფილოა პრივატიზაციისა და სხვადასხვა პროექტების შეჩერებით.

„მთავარი, რაც ჩვენ არ უნდა გამოვასხივოთ არის ის, რომ დედა არ უნდა ვუტიროთ ეკონომიკას“.

სააკაშვილი თვლის, რომ დღეს, თუნდაც, ელიავას ბაზრობაზე, ეკონომიკური აქტიურვობა საგრძნობლად არის შემცირებული. „თუ შენ თვითონ ამბობ, რომ 3 წელი ზრდა არ გექნება, მაშინ ბიზნესმენმა შენი რისკი რატომ უნდა გაიზიაროს?! თუ შენ თვითონ არ გაქვს რწმენა შენი ქვეყნის მომავლის, შემდეგი, მინიმუმ სამი წელი, რანაირად გინდა, რომ ვიღაც სხვას ჰქონდეს რწმენა, რომელიც რეალურ სამუშაო ადგილებს ქმნის“? - განაცხადა სააკაშვილმა.

რამდენად სამართლიანია საქართველოს პრეზიდენტის ბრალდებები და შენიშვნები ახალი ხელისუფლებისადმი, ამ თემაზე პროფესორი ლადო პაპავა გვესაუბრება.

ბატონო ლადო, სააკაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ქვეყანაში შეჩერებულია ეკონომიკური ზრდა, თუმცა, უცნობია, რა მონაცემებს ეყრდნობა. თქვენი შეფასებით, ეკონომიკური სტაგნაცია მართლაც მოსალოდნელია, თუ ეს არის უბრალოდ, პოლიტიკური ოპონენტის კრიტიკა?

- სააკაშვილის ამოცანაა, რომ დაამძიმოს სიტუაცია, დაზაფროს მოსახლეობა, შექმნას უარყოფითი განწყობა ახალგაზრდობაში. თვლის, რომ ახალგაზრდობა არ არის ჩართული ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში და ინფორმაციას სრულად არ ფლობს. სხვა თუ არაფერი, პარლამენტმა ამას წინათ დაამტკიცა 2013 წლის ბიუჯეტი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მხრიდან საბოლოო ხელმოწერას ელოდება, რომ საბოლოოდ იქნას მიღებული. ამ ბიუჯეტის განმარტებით ბარათში წერია, რომ ბიუჯეტი აგებულია იმ პროგნოზზე, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 2013 წელს უნდა იყოს 6%. თან აქვე მიწერილია, რომ ეს არის კონსერვატიული მიდგომა, ანუ მთავრობა სულაც არ გამორიცხავს, რომ უფრო ოპტიმისტური სცენარითაც განვითარდეს სიტუაცია, მაგრამ 6%-იანი ეკონომიკური ზრდა საკმაოდ მაღალი ზრდაა.

სააკაშვილის ის განცხადებაც, რომ თითქოს, ივანიშვილის მთავრობა აქცენტს არ აკეთებს ეკონომიკის ზრდაზე, არ შეესაბამება სიმართლეს. სხვა თუ არაფერი, პარლამენტმა ეს უკვე მიიღო.

თუმცა, ერთი მომენტია, როდესაც პარლამენტი ბიუჯეტს იღებდა, „ნაციონალური მოძრაობა“, პროტესტის გამოსახატავად, მისი გუნდის წევრების დაკავების გამო არ ესწრებოდა სხდომებს, მაგრამ ეს არაფერს არ ცვლის.

პრეზიდენტი საუბრობს გარკვეული პროექტების შეჩერებაზეც...

- ივანიშვილს ან მისი მთავრობის რომელიმე წევრს არასდროს არ უთქვამს, რომ ის რომელიმე არაუაზრო პროექტს აჩერებს. უფრო მეტიც, ახალი ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური დაიღალა კიდეც ერთი და იგივე ხასიათის განმარტებებით, მედიაში იმის თაობაზე, რას აპირებს მთავრობა, რა პროექტები აქვს.

არანაირი დაბნეულობა ბიზნესში არ არის, რადგან ივანიშვილი შეხვდა ბიზნესმენებს, ვიდრე ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრი გახდებოდა და უთხრა, რომ არანაირი ზეწოლა და ჩარევა არ იქნებოდა და ბიზნესმენებს მოუწოდა, რომ შეეჩვიონ სამართლიანი წესებით ბიზნესის წარმოებას. ასე რომ, ჩემთვის ესეც გაუგებარია, რატომ აკეთებს სააკაშვილი ასეთ განცხადებას.

გარდა ამისა, სააკაშვილი ამბობს, რომ ეკონომიკასდედა არ უნდა ვუტიროთ“, დაუროთი თუ არ მიადექი ეკონომიკას და ისე არ ანგრიე, როგორ შეიძლება 0%-იანი ზრდა მიიღო“. სააკაშვილმა არ იცის, რა ხდება ქვეყანაში თუ შეგნებულად შეჰყავს შეცდომაში საზოგადოება?

- რა თქმა უნდა. როგორც გითხარით, ბიუჯეტის შესახებ კანონში ზრდაც არის ჩადებული და ამის მიხედვით შემოსავლების ზრდაც. მიჭირს კომენტარის გაკეთება, რადგან არაადეკვატური განცხადებებია.

რაც შეეხება ყარსი-ახალქალაქის პროექტის შეჩერებას, მსგავსი რამ არავის უთქვამს, თუმცა სააკაშვილი აცხადებს, რომ 20 ათასი ადამიანი უმუშევარი რჩება ამ პროექტის შეჩერების გამო...

- ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მიმართ ივანიშვილმა გარკვეული სკეპტიციზმი გამოხატა, მაგრამ მაშინაც კი არ უთქვამს, რომ ის აჩერებს ამ პროექტს. შემდეგ, მოგვიანებით მან უკვე დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზაობა, რომ ამ პოროექტის განხორციელებას ყველანაირად შეეწყოს ხელი. ჩემთვის ესეც გაუგებარია, ამ შემთხვევაში, სააკაშვილი რატომ  ამბობს კიდევ ერთხელ ტყუილს. ალბათ, ეს ყველაფერი გათვლილია იმაზე, რომ ხალხი შეიყვანოს შეცდომაში.

რაც შეეხება  ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის პროექტს, კითხვები თავიდანვე არსებობდა, მაგრამ სააკაშვილის მთავრობას საზოგადოებისათვის არანაირი განმარტება არ გაუკეთებია. არ ვიცით, რას მიიღებს საქართველო, ქართული პორტები მართლაც დაკარგავენ ფუნქციას თუ არა...

- შემიძლია გითხრათ ის, რომ ამ საკითხზე საერთოდ არ უსაუბრია სერიოზულად „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობას, ეს ფაქტია. მაგრამ აქ მეორე მომენტსაც უნდა გაესვას ხაზი. ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა - საუბარი იმაზე კი არ უნდა იყოს, პორტები რას დაკარგავენ, არამედ საუბარი უნდა მიდიოდეს, რომ ჩვენი სატრანსპორტო ფუნქცია გაიზარდოს, რაც შეიძლება მეტი სატვირთო ნაკადები წამოვიდეს საქართველოზე და რაც მეტი სატრანსპორტო საშუალება იქნება, მით უკეთესია. უფრო კონკურენტული გარემო შეიქმნება. ჩვენ მონოპოლისტი არც რკინიგზა გვჭირდება და არც პორტები. ისინი არიან ურთიერთშემავსებელი, ამიტომ, ამას საკმაოდ პერესპექტიულად ვუყურებ და მივესალმები ამ რკინიგზის გახსნას.

თანაც, ეს ვალი, რომელიც არის აღებული ქართული მხარის მიერ, არ არის საქართველოს სახელმწიფოს ვალი. ეს არის თვითონ ამ რკინიგზის ვალი და მან თავისი ოპერაციებით უნდა დაფაროს. ასე რომ, ეკონომიკური თვალსაზრისითაც საკმაოდ გააზრებულია.

სააკაშვილს არც ის მოსწონს, რომ ტარიფი მხოლოდ 3,5 თერთით მცირდება, მისი შეფასებით, ეს უმნიშვნელო კლებაა...

- თვითონაც შეემცირებინა, სხვას რომ აკრიტიკებს, თვითონ რა მისცა ხალხს და რა შეუმცირა? გაძვირების მეტი არაფერი გვახსოვს და მერე, სამათხოვროდ, ვაუჩერებს გადაუგდებდა ხოლმე ხალხს. ეს იყო მაგისი ეკონომიკური პოლიტიკის თავი და ბოლო. აქ უკვე იმაზე კი არ არის საუბარი, 3,5 თეთრით მცირდება, უფრო ნაკლებით თუ მეტით, აქ საუბარია არის, ჩემი აზრით იმაზე, რომ ივანიშვილის მთავრობის მხრიდან არის მზაობა, რომ რაღაც რესურსი იპოვოს და მოსახლეობას შეუმსუბუქოს მდგომარეობა. ამ დროს ქილიკი და დაცინვა მიუღებელია, რადგან სააკაშვილისგან ხალხს გაძვირების და სამათხოვრო ვაუჩერების მეტი არაფერი ახსოვს.

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მუდმივად გვაყვედრის სააკაშვილი იმას, რომ ბიუჯეტი გაზარდა როგორც ამბობს 11-ჯერ...

-  აქაც ტყუილია, არანაირი 11-ჯერ ზრდა არ არის, რადგან რეალურად, ბიუჯეტი გაზრდილია 5,5-ჯერ. მეორე - მთავრობის ამოცანაა, რომ ბიუჯეტი იზრდებოდეს. სწორედ იმისთვის აირჩია თავის დროზე ხალხმა „ნაციონალური მოძრაობა“, რომ მას ქვეყნისთვის მიეხედა. შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირმა“ რომ ვერ მიხედა ქვეყანას, იმიტომ მოხდა ის, რაც მოხდა - „ვარდების რევოლუცია“.

ბიუჯეტის ზრდა მაშინ რის ხარჯზე მოხდა, როგორც მახსოვს, ჩრდილოივანი ეკონომიკიდან გამოტანილი თანხებით, ანუ ეს ფული ქვეყანაში არსებობდა...

- ბიუჯეტის ზრდა რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით მოხდა. პირველი, რომ დამყარდა წესრიგი საბიუჯეტო სექტორში და ვალდებულება შემოვიდა, რომ ქრთამი კი არ გადაეხადათ, არამედ ბიუჯეტში შეეტანათ გადასახადები. ეს პრაქტიკულად იყო არალეგალური საქმიანობის ლეგალიზაცია, რომელმაც ლომის წილი შეიტანა ბიუჯეტის ზრდაში და ეს ძალიან კარგია.

ამას დაემატა მეორე კომპონენტი - ქვეყანაში იყო ეკონომიკური ზრდა და ამის შედეგადაც იზრდებოდა ბიუჯეტი. და კიდევ ერთი, ეს იყო საგადასახადო პოლიტიკაში შეტანილი ცვლილებები.

ნუ დაგვავიწყდება, რომ 2005 წლიდან ამოქმედდა ახალი საგადასახადო კოდექსი, სადაც ყოფილმა პრემიერმა, აწ განსვენებულმა ზურაბ ჟვანიამ მოახერხა, 21 სხვადასხვა სახეობის გადასახადი სამჯერ შეემცირებინა და 7 სახეობის გადასახადამდე დაეყვანა. გადასახადების განაკვეთები შემცირდა და ეს ყველაფერი იყო პოზიტიური, რამაც სტიმული მისცა როგორც ეკონომიკის ზრდას, ასევე ბიუჯეტში გადასახადების მობილიზებას.

დღეს სააკაშვილი აპელირებს იმაზე, რომ ჩვენ თუ ვიყავით კორუმპირებული მთავრობა და ჯიბეში ვიდებდით ფულს, მაშინ ბიუჯეტს ვერ გავზრდიდითო....

- ერთი მეორეს არ გამორიცხავს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თუ არის ისეთი მასობრივი კორუფცია, როგორიც იყო გამეფებული შევარდნაძის პრეზიდენტობის ბოლო პერიოდში, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა იხდიდა ქრთამს და ბიუჯეტში გადასახადები თითქმის არ შედიოდა. ასეთ შემთხვევაში, კორუფცია ხელს უშლის ბიუჯეტის შესრულებას.

ის კორუფციული სქემა, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ დანერგა, ეხებოდა არა ქრთამის აღებას, არამედ დაფუძნებული იყო ელიტარულ კორუფციაზე, როდესაც მსხვილ ბიზნესს აკონტროლებდა თვითონ ხელისუფლება. ამიტომ, ის მზად იყო, გადაეხადა ბიუჯეტში გადასახადები და კანონს არ არღვევდა. იმიტომ, რომ მას ბიზნესში კონკურენტი არ ჰყავდა და გარანტირებული ჰქონდა ტენდერებში, სხვადასხვა პრივატიზაციის პროცესში, სახელმწიფო შესყიდვებში გამარჯვება. ამიტომ, მას არ ჰქონდა პრობლემა, რომ გადასახადი არ გადაეხადა.

უფრო საინტერესო რამესაც გეტყვით, არ არსერბობს დიქტატორული რეჟიმი, სადაც არ შესრულდება ბიუჯეტი და არ არის მზარდი. აბა არ გადაიხადოს ვინმემ?! მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იმავდროულად იქ არ არის კორუფციული გარიგებები, განსაკუთრებით ამ ელიტარული კორუფციის გათვალისწინებით.

სააკაშვილიც დანაციონალური მოძრაობაც“ ხშირად სვამს ასეთ კითხვას, სად არის ის 50%-ანი წილები, რომელსაც, თითქოს, ისინი ჯიბეში იდებდნენ და თუ ეს ასეა, მაშინ რატომ არ განახევრდა ბენზინისა და გაზის ფასები...

- ეს არის პოლიტიკური ფანდი. მე არ ვიცი, რატომ უნდა გაიაფებულიყო ეს პროდუქტები ასე. გარკვეული გაიაფება ნავთობპროდუქტების ბაზარზე უკვე მოხდა მას შემდეგ, რაც ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში. დანარჩენი ეს არის იაფფასიანი პროვოკაცია და შანტაჟი, თანაც ძალიან იაფფასიანი.

გასაგებია, რატომ შეხვდა მაინც და მაინც ახალგაზრდობას, სტუდენტობას და მათთან თქვა ეს ყველაფერი. 8-9 წლის წინ ეს სტუდენტები ბავშვები იყვნენ და არ ახსოვთ, რა დაპირებები ჰქონდა სააკაშვილს ამ პერიოდში, თორემ ჩემი თაობის ხალხს რომ შეხვედროდა, ან უფრო ახალგაზრდებს, შესანიშნავად შეახსენებდნენ რას პირდებოდა ხალხს და როგორ არ შეუსრულებია არაფერი.

ელაპარაკე ახლა 20 წლის ახლგაზრდებს, რომლებიც 8-9 წლის წინ 11-12 წლის ბავშვები იყვნენ. რა თქმა უნდა, ასეთ საზოგადოებასთან ტყუილის თქმა უფრო ადვილია. ეს სულაც არ აკნინებს ამ ახალგაზრდებს, უბრალოდ, მინდა ავხსნა, რატომ არის სააკაშვილისთვის ბავშვებთან ლაპარაკი უფრო ადვილი.

გარდა ეკონომიკის კრიტიკისა, სააკაშვილმა განაცხადა, რომ ვეტოს დაადებს ამნისტიის ნაწილს, როგორც ჩანს, განსაკუთრებით პოლიტპატიმრების თემამ გააღიზიანა, მან შედარებაც კი გააკეთა, რომ მაშინ როდესაც ბელორუსს სულ 5 პოლიტპატიმარი ჰყავს, როგორ შეიძლება საქართველოს ჰყავდეს 200 პოლიტპატიმარი. სააკაშვილი თვლის, რომ ამნისტიის პროექტი მის წინააღდეგ არის მიმართული...

- ძალზე მარტივია ამისი ახსნა, პრეზიდენტმა ამას ხელი რომ მოაწეროს, ეს ნიშნავს იმის აღიარებას, რომ მას ჰყავდა პოლიტპატიმრები. ანუ, ეს პრაქტიკულად არის აღიარება, რომ მისი რეჟიმი იყო ავტორიტარული, დიქტატურისკენ მიმავალი. პოლიტიკურ თვითმკვლელობას ნიშნავს მისთვის ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა.

მეორე მხრივ, თუ ხელი არ მოაწერა, უფრო მეტ უკმაყოფილებას შექმნის, რადგან იმ ხალხის პირველი მტერი ისევ სააკაშვილი გამოდის, რომელიც ამ დოკუმენტის მიღებას ბლოკავს. თუმცა დოკუმენტს ხელი რომ მოაწეროს, აღიარებს, რომ პოლიტპატიმრები ჰყავდა, ამიტომ, ხელს არ მოაწერს. თუმცა პარლამენტს გააჩნია მისი ვეტოს დაძლევის მექანიზმი და სამწუხაროდ, ეს ადამიანები, რომლებიც ელოდებიან გათავისუფლებას, დროებით ისევ რჩებიან მოლოდინში.

რაც შეეხება პოლიტპატიმრების რიცხოვნობას, ვერ ვიტყვი, ყველა არის თუ არა პოლიტპატიმრის სტატუსის ღირსი, მაგრამ ერთი რამ ფაქტია - იმის გამო, რომ საქართველოში იყო საკმაოდ მკაფიოდ ჩამოყალიბებული აგრესიული ავტორიტარული რეჟიმი, ეს არის მიზეზი იმისა, რომ ამდენი პოლიტპატიმარი გვყავს.

ერთი ფაქტი მინდა გავიხსენო. სააკაშვილს პოლიტიკური დევნილები რომ ჰყავდა, ამისი ნათელი დასტურია თუნდაც ის, რომ ისეთ პიროვნებას, როგორიც არის თემურ ბასილია, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, მისმა ხელმძღვანელობამ, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც აშშ-ს ადმინისტრაცია იყო სააკაშვილისა და მისი რეჟიმის უპირობო მხარდამჭერი, თემურ ბასილიას მისცა პოლიტიკური თავშესაფარი.

პოლიტიკური თავშესაფარი ნიშნავს იმას, რომ ის იყო ამ რეჟიმისგან დევნილი. სწორედ ამიტომ მისცა აშშ-მ მას თავშესაფარი. უფრო მეტიც, რამდენჯერმე სცადა საქართველოს მთავრობამ ბასილია ჩამოეყვანა საქართველოში, ბასილია არასდროს არ დამალულა, ის ყოველთვის იყო აშშ-ს დედაქალაქში, ვაშინგტონში და ამერიკას მაშინაც კი არ გადაუცია საქართველოსთვის, როცა მიშა სააკაშვილი სრულ ფავორში იყო.

რამდენ დოკუმეტსაც უნდა მოაწეროს ხელი, ერთი არგუმენტი მაინც არის თემურ ბასილიას სახით. როგორ მოხერხდა, რომ დემოკრატი მიხეილ სააკაშვილის პირად მტერს, თემურ ბასილიას (ასეთი შეფასებაც გაკეთდა), აშშ-მ, რომელიც იყო სააკაშვილის მხარდამჭერი, მისცა პოლიტიკური თავშესაფარი? ამიტომ ვამბობ, რომ რამდენიც უნდა ითვალთმაქცოს სააკაშვილმა, მას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე, სახელი უკვე აქვს გატეხილი და ეს დაადასტურა აშშ-მაც, როდესაც 2011 წელს თემურ ბასილიას მისცა პოლიტიკური თავშესაფარი.

რაც შეეხება ვახტანგ მაისაიას, სააკაშვილი მას რუსეთის აგენტს უწოდებს...

- საკითხავია, ვინ ვისი აგენტია. ახლა ირკვევა, რომ „ინტერ რაოსთან“ იყო შეკრული მთელი მისი (სააკაშვილის) გუნდი. ამ კომპანიის ხელმძღვანელად „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები დაინიშნენ, გახსოვთ, ალბათ, არსოშვილის მისვლა. როგორ მოხდა, რომ არსოშვილი დანიშნა რუსულმა კომპანიამ? როგორ მოხდა, რომ მერე ეს კომპანია გასცემდა პრემიებს, აფორმებდა რაღაც კონტრაქტებს და აშკარად რაღაც კორუფციულ გარიგებებს ჰქონდა ადგილი? როგორ მოხდა ასე „ჩახუტება“ რუსულ კომპანიასთან?

როდესაც ბასილიაზე ვლაპარაკობ, ამას ვამბობ იმიტომ, რომ არსებობს ოფიციალური გადაწყვეტილება და მას მიანიჭა პოლიტიკური თავშესაფარი. სხვა ადამიანებზე რაც არ ვიცი, იმას ვერ ვიტყვი, მაგრამ არსებობს ფაქტები და ფაქტები ჯიუტია, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდის წევრები საკმაოდ ინტენსიურად ახერხებდნენ კრემლთან დაახლოებულ რუსულ გიგანტურ კომპანიებთან თანამშრომლობას და ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია „ინტერ რაო“.

ამნისტიასთან დაკავშირებით სააკაშვილი თავის გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ თურმე, გარეთ უშვებენ პედოფილებს, სახელმწიფო გადამტრიალებლებს და რუსეთის ჯაშუშებს, „მაგრამ ჯერ საღ აზრზე ვარ და ამას ხელს არ მოვაწერო“...

- ნუ მოაწერს, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ხელს იმის გამო არ აწერს, რომ არ აღიაროს პოლიტპატიმრების ყოლა. ეს მისთვის აღიარებაა, მაგრამ მეორე მხრივ, ამით იზრდის მტრებს და სააკაშვილის ნებისმიერი ასთი გამოსვლა საზოგადოებაში იმის განწყობას ქმნის, რომ სააკაშვილი და მისი გუნდი, როგორც პოლიუტიკური მოვლენა, მალე საქართველოში უნდა დასრულდეს. მინდა დავიჯერო, რომ ეს მოხდება 2013 წელს.

ბოლო ერთი კვირაა, სააკაშვილი ძალიან მწვავე განცხადებების რეჟიმზე გადაერთო, ეს რითი აიხსნება?...

- ჯერ ერთი, შეტევაზე სურთ გადასვლა იმიტომ, რომ ეგებ შეტევით რაღაცას გამორჩნენ, მეორე - შეტევა თავდაცვის კარგი მექანიზმია - იქით შეედავე და მეტი შეგრჩება. უბრალოდ, არ უნდა, რომ ყველა ციხეში წავიდეს და ყველას პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს და თუ შეძლებენ და პოლიტიკურ რეანიმაციასაც მოახერხებენ, ხომ უკეთესი. მაგრამ როგორც ვხედავ, ღვთის მადლით, ამისი შანსი მათ სულ უფრო და უფრო ნაკლები რჩებათ.