თამარ ბაჩალეიშვილის მანქანაში აღმოჩენილ მცირე ზომის ფურცელზე არსებული ჩანაწერი - „ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“, თავად თამარ ბაჩალიაშვილის მიერ არის შესრულებული. ასეთია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა. შემთხვევის ადგილზე ნანახი ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომანქანა იყო დაკეტილ მდგომარეობაში. ავტომანქანის გასაღები კი მოთავსებული იყო უკანა სავარძელზე, რის გამოც ავტომანქანის გაღება მოხდა ოჯახის წევრების მიერ წარმოდგენილი სათადარიგო გასაღებით. ასევე, გადამოწმდა თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ანგარიშები. ერთ-ერთ ბანკში თამარ ბაჩალიაშვილის ანაბარზე ირიცხება 75 000 ლარი.
ამასთანავე შს სამინისტრომ გაასაჯაროვა თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერიდან ამოღებული ინფორმაციის ნაწილი, რომლითაც ირკვევა, რომ ავტომანქანაში აღმოჩენილი მედიკამენტები და გაუჩინარების წინა დღეს, GOOGLE–ის საძიებო სისტემაში მის მიერ მოძიებული მედიკამენტების ნაწილი ერთმანეთს ემთხვევა. შსს–ს შუალედური ინფორმაციით, ბაჩალიაშვილი ვიკიპედიაში თვითმკვლელობის მეთოდებთან დაკავშირებით ინფორმაციას კითხულობდა.
გარდა ამისა, სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მიღებული იქნა კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიმდინარეობაშიც მონაწილეობდა ოჯახის ადვოკატი. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი „ეფლის“ მარკის პორტატული კომპიუტერის მეხსიერებაში აღმოჩენილი იქნა ფოტო–ვიდეო ფაილები და კომპიუტერის მეხსიერებაში ვებ-გვერდებზე შესვლის ისტორია.
ექსპერტიზის დასკვნის და დათვალიერების ოქმის თანახმად, 2020 წლის 17 ივლისს, გაუჩინარების წინა დღეს 18:36 საათზე თამარ ბაჩალიაშვილი შესულია „ფეისბუქის“ გვერდის დახმარების განყოფილებაში, სადაც მითითებულია არის ვებ გვერდის სათაური – What will happen to my Facebook account if I pass away? რაც ქართულად ნიშნავს – რა მოუვა ჩემს ფეისბუქის ანგარიშს თუ მე გარდავიცვლები? ამავე წუთზე გუგლში თამარ ბაჩალიაშვილის მიერ ჩაწერილი და მოძებნილია შემდეგი ტექსტი facebook cancel account after death – რაც ნიშნავს: ფეისბუქის ანგარიშის გაუქმება სიკვდილის შემდეგ.
ამავე დასკვნის თანახმად, 2020 წლის 18 ივნისს, გაუჩინარებამდე ერთი თვით ადრე – 00:16:37 საათზე თამარ ბაჩალიაშვილის მიერ გუგლის საძიებო სისტემაში ჩაწერილია სიტყვები: best ways for suicide – რაც ქართულად ნიშნავს: საუკეთესო გზები თვითმკვლელობისთვის. იმავე დღის 00:15:51 საათზე იგი შესულია საინფორმაციო ხასიათის ვებ-გვერდ ვიკიპედიაზე – გვერდზე მიწერილი აქვს სათაური – Suicide methods – Wikipedia, რაც ქართულად ნიშნავს: თვითმკვლელობის მეთოდები, აღნიშნული ლინკის გახსნის შედეგად იხსნება ვიკიპედიის სტატია სათაურით: Suicide methods, სადაც მოცემულია ინგლისურ ენაზე სტატია, რომელშიც აღწერილია თვითმკვლელობის სხვადასხვა მეთოდები.
დასკვნის მიხედვით, კომპანია, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, შპს „ზეგ“ დარეგისტრირდა 2015 წლის 30 დეკემბერს. დირექტორი თამარ კობერიძე. საწყის ეტაპზე 100%–იანი წილის მესაკუთრე იყო ნიკოლოზ გეჯაძე, ხოლო 2018 წლის 30 იანვრიდან 100%–იანი წილის მესაკუთრეა აბრაჰამ რაიხბახი. ამ ეტაპზე დგინდება, რომ კომპანია „ზეგ“ არ ოპერირებს საქართველოში და მისი საქმიანობა დაკავშირებულია საერთაშორისო შეკვეთებთან. კომპანიის საქმიანობის შესწავლის მიზნით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.
ასეთია გამოძიების შუალედური დასკვნა თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე, გრძელდება გამოძიება, მიმდინარეობს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზები. გამოძიების პირველად დასკვნას არ ენდობა გარდაცვლილის მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი, რომლის განცხადებით, თვითმკვლელობის სავარაუდო ვერსია გამორიცხულია.
„თვითმკვლელობის თემა უნდა დავივიწყოთ. ეს გამორიცხულია. ადამიანს, რომელსაც ოჯახში პრობლემა არ აქვს, ყველაფერი აქვს, არის სიცოცხლით სავსე, საზღვარგარეთ წასვლას აპირებს. ვეკითხებოდი, არაფერს არ იძახდა – თამუნა, რა მოგდის შვილო, ვიღაც ხომ არ გაშანტაჟებს, ან ხომ არ გაშინებს. ტიროდა და არაფერს არ მეუბნებოდა. ეტყობა შიშის ქვეშ იყო. სანამ არ გავიგებ, ალბათ, მოვკვდები“, – განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.
გამოძიების ვერსიას არ იზიარებს ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი. მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საგამოძიებო უწყებას გადაწყვეტილი აქვს, გამოძიება თვითმკვლელობის მიმართულებით წაიყვანოს.
„მთელი ლეპტოპი არის აბსოლუტურად გაუბედურებული. წაშლილია ყველაფერი და ეს არის მიმართება და გზა იქითკენ, რომ ამათ გადაწყვეტილი აქვთ, არ გამოიძიონ საქმე და პირდაპირ ამყარებს ინფორმაციას, რომ ხელს აფარებენ ამ ბავშვის მიერ იმ ინფორმაციის ფლობას და მკვლელობას, რაც მის მიმართ იქნა გამოყენებული. გადაწყვეტილება აქვთ მიღებული, რომ არანაირი გამოძიება არ ჩატარდეს, არანაირი ჯგუფი არ გამოვლინდეს, ვინც მკვლელობა ჩაიდინა და აქვთ გადაწყვეტილება მიღებული, რომ თვითმკვლელობის იქით არაფერს გამოიძიებენ“, – აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.
თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი ვარაუდობს, რომ წერილი, რომელიც სამართალდამცველებმა მანქანაში აღმოაჩინეს, მის შვილს სხვებმა დააწერინეს. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მისი შვილის გარდაცვალების საქმე მზაკვრულად დაგეგმილია.
„წერილი, სავარაუდოდ, დააწერინეს. ეს ძალიან მზაკვრულად იყო დაგეგმილი და ყველაფერი ერთ და ორ დღეში არ კეთდებოდა. თვეების განმავლობაში ხდებოდა ამ მზაკვრული გეგმის შემუშავება და ისიც იყო გამოკვლეული, ჩემს შვილს ანგარიშზე ჰქონდა თუ არა თანხა. სავარაუდოდ, დააწერინეს. ჩემი შვილი იმდენად ჭკვიანი იყო, ისედაც მიხვდებოდა, რომ რამე რომ შემთხვეოდა მაინც ოჯახი გამოვიყენებდით იმ თანხას, ამას დაწერა რად უნდოდა?! უბრალოდ, ეს სჭირდებოდათ იმიტომ, თვითმკვლელობის ვერსია რომ გამართლებული ყოფილიყო. ვიცოდი, რომ ჩემი შვილი აგროვებდა თანხას და საზღვარგარეთ უნდოდა სწავლა. იცოდა, რომ ჩვენ ამის საშუალება არ გვქონდა. რასაც შრომობდა, აგროვებდა“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.
გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა მთავარ პროკურორთან შეხვედრაზე მიიღეს დაპირება, რომ გამოძიებაში ფედერალური ბიურო ჩაერთვება და რომ საგამოძიებო პროცესში ყველა კითხვას პასუხი პროკურატურის ზედამხედველობის ქვეშ გაეცემა. შეხვედრაზე ირაკლი შოთაძემ ოჯახს უთხრა, რომ გარდა თვითმკვლელობისა, გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანისა და თვითმკვლელობის ინსცენირების ვერსიითაც მინდინარეობს. რამიშვილის განცხადებით, პროკურატურაში წარუდგინეს დოკუმენტები, რომ ფედერალური ბიუროს მოთხოვნის თაობაზე განცხადება გადაგზავნილია.
„წარმოგვიდგინეს დოკუმენტები, მოსამართლის განჩინებები, რომ გადაგზავნილია უკვე მოთხოვნები და ჩართულობა იქნება. თუმცა ეს გარკვეულ დროსთან იქნება დაკავშირებული. რადგანაც ეს გარკვეულ ვადებთან არის დაკავშირებული, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს საფუძველი იქნება სიმშვიდის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ შეიძლება დავწყნარდეთ. მოვითხოვეთ, რომ დაჩქარებული წესით მოძიებული იყოს ისეთი აპარატი, სადიაგნოსტიკო, რომელიც გამოიკვლევს, როდის მოხდა უკანასკნელად ავტომობილის დაქოქვა, გადაადგილება“, – აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.
ირაკლი შოთაძის გარდა, ოჯახი ითხოვს პრემიერ–მინისტრთან შეხვედრას. თუმცა მთავრობის მეთაური ოჯახს გამოძიების დასრულების შემდეგ შეხვდება. გიორგი გახარიას განცხადებით, არავის მისცემს უფლებას გაგრძელდეს პოლიციის და მართლმსაჯულების სისტემის დელეგიტიმაციის პროცესი, რაც მისივე შეფასებით, დღეს უპასუხისმგებლო ადამიანების მიერ ხორციელდება.
„მე, როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ვალდებული ვარ, პატივი ვცე ინსტიტუტებს. მე მშობლებთან ერთად ველოდები გამოძიების დასრულებას. მე არავის მივცემ უფლებას გაგრძელდეს პოლიციის და მართლმსაჯულების სისტემის დელეგიტიმაციის პროცესი, რაც დღეს ხორციელდება ჩვენს თვალწინ. ჩვენ ყველას, თითოეულ მოქალაქეს, ყველა ადამიანს უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის დელეგიტიმაცია, რასაც დღეს უპასუხისმგებლო ადამიანები მიზნობრივად ახორციელებენ, პირველ რიგში, არის უდიდესი რისკი ჩვენი შვილების უსაფრთხოებისთვის ხვალ.
ამიტომ არავის ამის შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მშობლებთან ერთად ყოველდღიურად ველოდები გამოძიების შედეგებს. რა თქმა უნდა, არანაირი პრობლემა, მას შემდგომ, რაც გამოძიება დასრულდება, შეხვედრის მე არ გამაჩნია. ეს არის ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის პასუხისმგებლობა ქვეყნის, ინსტიტუტების და მშობლების წინაშე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ამ საქმეში უცნაურად გამოჩანდა მოქალაქე ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც აცხადებს, რომ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულია. ამბობს, რომ შეყვარებულს მხოლოდ სოციალური ქსელით ეკონტაქტებოდა და გაუჩინარების შემდეგ, მასთან დარეკვა არც უცდია. აცხადებს იმასაც, რომ გარდაცვლილთან ერთად გადაღებული ფოტოები და ვიდეოები აქვს, რასაც აუცილებლად გაასაჯაროვებს. ლობჟანიძე ამბობს, რომ საქართველოში თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს და მას პრივატულ საუბრებში სწორედ შვედეთში წასვლა ურჩიეს.
ლობჟანიძე შსს–სთვის დამატებითი ჩვენების სახით ინფორმაციის მისაწოდებლად სამინისტროში თავისი სურვილით მივიდა, თუმცა იმის გამო, რომ შესაბამისი პროცედურა არ ჰქონდა დაცული, ჩვენების მიცემა ვერ მოახერხა. როგორც ლობჟანიძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, მას გამოძიებისთვის კონკრეტული პირის, მიშო იაკობიძის შესახებ სურდა ინფორმაციის მიწოდება. ბაჩანა ლობჟანიძის განმარტებით, მიშო იაკობიძემ თამარ ბაჩალიაშვილის სამძებრო სამუშაოები თავისი სახსრებით აწარმოა.
„როგორც მიშო იაკობიძემ მითხრა, სამძიმრის დღეს, თამარს ეძებდა თავისი სახსრებით ორშაბათ–სამშაბათს და მე მიჩნდება კითხვა, რაღაც ალიბი უნდა ჰქონოდა ურთიერთობის, რომ ასეთი აქტი გაეკეთებინა. ასევე, მე მანამდე, სანამ სამძიმარი იქნებოდა, ვნახე მიშო იაკობიძის „სთორი“, სადაც არის ინსტაგრამის მინაწერები, სადაც თამარი ამბობს, რომ კარგი იყო რაღაც ურთიერთობა თუ რაც იყო და მერე ეუბნება, რომ არ გაგრძელდება ასე, ანუ უარს ეუბნება. მიმოწერის სქრინი მიშა იაკობიძის „სთორიზე“ იდო. მე უნდა გამეკეთებინა დამატებითი ჩვენება ამ და სხვა თემაზე“, – განაცხადა ბაჩაბა ლობჟანიძემ.
ბაჩანა ლობჟანიძე ბაჩალიაშვილის საქმეზე არაერთხელ არის დაკითხული. ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მისი სუბიექტის დადგენის საკითხი, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე კიდევ გაგრძელდება. გარდაცვლილის დედა სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ბაჩანა ლობჟანიძე შსს–ს მიერ იქნა მიგზავნილი, რომ ჩემი შვილი სახლიდან გაეტყუებინა.
„ბაჩანა ლობჟანიძე არის ჩანერგილი პიროვნება, მოგზავნილი. როცა დავრეკე, ის ბრძანდებოდა შსს–ში“, – აცხადებს თეონა თამაზაშვილი.
გამოძიებას ჩვენება მისცა გარდაცვლილის პირადმა ფსიქოლოგმა, ქეთი კობალაძემ, რომლის განცხადებით, პაციენტს დეპრესიული პერიოდი არ ჰქონდა, ასევე მასთან საუბარში არ უხსენებია ელექტროშოკი. ფსიქოლოგი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე პაციენტისა და ფსიქოლოგის ურთიერთობიდან გამომდინარე დეტალებზე არ საუბრობს.
ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, კარგად იცნობს გარდაცვლილის პირად ფსიქოლოგს, რომელიც როგორც ფსიქოლოგი ძალიან სანდოა. მისი თქმით, სწორია, როდესაც ფსიქოლოგი გადაჭარბებეს არიდებს თავს, მაგრამ ყველაზე საინტერესოა ის, რომ დიდი დისტანცია არის ამ მოვლენასა და ფსიქოლოგთან ვიზიტს შორის. შესაბამისად, რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ძნელია იმაზე საუბარი, რა გამოირიცხება და რა არა.
„ამ მხრივ სურათი ბევრს არაფერს იძლევა. მე, მიმაჩნია, რომ თუ გამოძიებას ჰყავს ფსიქოლოგები, მათ უნდა შეისწავლონ ფოტო და ვიდეო მასალები, რომელიც გარდაცვლილის კომპიუტერში იქნა აღმოჩენილი. ძალიან დიდი მასალაა და ამ მასალაში რაღაცა ინფორმაცია იქნება. ფსიქოლოგი ყვება, რომ დეპრესიას არ უჩიოდაო, ეს ამცირებს თვითმკვლელობის ვერსიას, მაგრამ გააჩნია, როდის იყო ეს დიალოგი და რა ტიპის თემაზე იყო.
როგორც წესი, თვითმკვლელობის ტენდენცია დეპრესიის ფონზე უჩნდება ადამიანს. იქ სულ ერთია, პიროვნული აშლილობაა, თუ პიროვნული სირთულეები, დეპრესიმადე მიდის და მერე უჩნდება ცხოვრებიდან გასვლის ტენდენცია. გასარკვევია ისიც, როგორი იყო მისი თვითშეფასება. ობიექტურს არ ვგულისხმობ, სუბიექტურზე ვსაუბრობ, როგორ განიცდიდა თავის თავს, ბედნიერად, უბედურად, იღბლიანად, თუ უიღბლოდ, ამ საკითხებასაც აქვს მნიშვნელობა.
აქ უკვე იმის გახსნაა საჭირო, რამდენად გაიხსნა ფსიქოლოგთან და რა იყო იმ ფოტო-გალერეაში; რამდენი იყო საკუთარი ფოტო-პორტრეტის რაოდენობა, სხვების და ა.შ. საკუთარი ფოტო–პორტრეტი ინდიკატორია იმისა, რა დამოკიდებულება ჰქონდა ამ ადამიანს საკუთარი თავის მიმართ“, – ამბობს რამაზ საყვარელიძე.
რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გარდაცვლილს ერთხელ უკვე ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა, ფსიქოლოგის განმარტებით, თუკი ასეთი მცდელობა იყო, მაშინ დიდი შანსია, რომ პიროვნებაში ჩადებული იყო თვითმკვლელობისკენ მიდრეკილება.
„ამავე დროს, ძალიან საყურადღებო და საინტერესოა ანალიზისთვის ის უზარმაზარი ფოტო-მასალა, რომელიც მის კომპიუტერში იყო. ჩვეულებრივ, ანალოგიური რაოდენობის ფოტო-მასალა იშვიათად არის კომპიუტერში. ანალიზისთვის საინტერესოა რა შინაარსის ფოტო იყო მისი ინტერესის საგანი. ამ და ბევრი ანალოგიური მასალის მერე, მეტ-ნაკლებად შეიძლება მიახლოება ვერსიასთან, იყო თუ არა თვითმკვლელობა. მარტო ის, რომ ოჯახში არ არის კომფორტული განწყობა, საკმარისი არ არის. იმიტომ, რომ ანალოგიური ოჯახები ბევრია.
თუმცა, თუკი მგრძნობიარეა ადამიანი, მაშინ შეიძლება მცირე წალაპარაკებამაც კი სუიციდური ტენდენცია გაუჩინოს, თუკი მიდრეკილია სუიციდისკენ. თუმცა, თვითმკვლელობა შეიძლება გამოწვეული იყოს მკაფიო მიზეზის გამო, ყოველგვარი ფსიქიკური დარღვევის გარეშე. მორალური კრიზისი, დილემა, რომლისგანაც ადამიანმა გამოსავალი ვერ იპოვა და იმდენად დაამძიმა ამ დილემამ, რომ მისგან განთავისუფლების სხვა გზა, გარდა თვთმკვლელობისა, ვერ ნახა. ასეთი გზაც არსებობს“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
არ ვიცი, მას რა როლი აქვს მთელ ამ ტრაგიკულ ამბავში, მაგრამ შემიძლია თამამად განვაცხადო: ერთი მე ვარ სალომე სამადაშვილზე შეყვარებული და მეორე ეგ იყო თამუნა ბაჩალიაშვილის შეყვარებული!
დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი ფსიქოლოგი, რომელიც ნახავდა, როგორ პასუხობს ჟურნალისტის კითხვებს, როგორ გამაღიზიანებლად "ბუქსაობს", როგორ უაზროდ და უადგილოდ იკრიჭება , როგორ მატყუარა ბავშვივით იჭიჭყნება წარამარა... იტყვის, რომ ეს ბიჭი ცრუობს!
ც რ უ ო ბ ს !