არჩევნების მოახლოვებასთან ერთად, ჩვენი დასავლელი პატრნიორების მხრიდან ჭკუისდამრიგებლური შეგონებები და კატეგორიული ტონი კიდევ უფრო გახშირდა. პოლიტიკურ ტრიბუნაზე უკვე კარგად განირჩევა წინა ხელისუფლების სიმპათიით განმსჭვალული უცხოელი პოლიტიკოსები და ოფიციალური პირების მიერ გაკეთებული სტანდარტული განცხადებები, რომელიც წლების მანძილზე ქართული პოლიტიკის თანმდევად იქცა. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, მსგავსი ტიპის ქმედება, უკვე ჩვევაში გადაუვიდა, თუმცა, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ დემოკრატიას განახლებას მსგავსი შეხსენებები ყოველთვის სჭირდება.
რამაზ საყვარელიძე: უცხოელ მეგობრებს უკვე ჩვევაშიც გადაუვიდათ ყოველი არჩევნების წინ ასეთი განცხადებები. საქართველოს ამერიკა, როგორც ჩანს, ენდობა მის გეოპოლიტიკურ ორიენტაციაში, მაგრამ ის, რომ საქართველო დასავლეთის რამდენიმე საუკუნით ჩამოყალიბებულ დემოკრატიული სტანდარტებით იმოქმედებს, ამაში თავს უფლებას აძლევს, რომ არ ენდოს. ამაში არის რაღაც ლოგიკა და რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, ამ ლოგიკის სამართლიანობას თავად ამერიკის მდგომარეობა ადასტურებს. ამჟამად ტრამპი არ ენდობა არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას და არჩევნების გადადებაზეც კი დაიწყო ლაპარაკი. ამის მაგალითები ამერიკას აქვს და ეს გვიჩვენებს იმას, რომ დემოკრატიას მუდმივად უნდა ყურადღება და ზრუნვა. ეს წესით, ამერიკელებმა კარგად უნდა იცოდნენ. ასევე, ისიც უნდა იცოდნენ, რომ ეს ტონი არ უხდება იმ ურთიერთობებს, რომელიც დამყარებულია ამერიკასა და საქართველოს შორის. მაღალი რანგის პოლიტიკური ფიგურები და მაგალითად პომპეო, შედარებით ნაკლებად ხმარობენ ხოლმე ამ ტონს.
აქ ოპოზიციის გავლენა ხომ არ იგრძნობა?
- ოპოზიციის გავლენა იგრძნობა აქამდე გამოგზავნილ წერილებშიც, თუმცა ამით არაფერი არ გვაკლდება. მაგრამ ამ დამოკიდებულებით, ამერიკა უფრო მეტს კარგავს საქართველოში, ვიდრე საქართველო ამერიკაში.
სამაგიეროდ ოპოზიცია იყენებს კარგად ამერიკის ამ ტონს ხელისუფლების წინააღმდეგ...
- და აქამდე რაში გამოადგათ?
არჩევნების შედეგებზე ამ ყველაფრის ასახვაც არ არის გამორიცხული...
- არჩევნების შედეგებზე თუ ვილაპარაკებთ, ვეჭვობ საზოგადოება იყოს იმ დამოკიდებულებით, რომ რასაც ამერიკა იტყვის, იმ თვალით შეხედოს პოლიტიკურ პროცესებს, ასეთი ცალსახა რეაქცია მოსახლეობისა, ამ ტიპის განცხადებებზე, არ არის და არც არის მოსალოდნელი რომ იქნება.
ბოლო პერიოდში გართულებული კრიმინოგენული ვითარება, ასევე ჩვენგან დამოუკიდებლად განვითარებული ეკონომიკური კრიზისი და, ზოგადად, დამძიმებული ფონი, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მოქმედებს ადამიანებზე და აქედან გამომდინარე მათ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, ამ მოცემულობით, წარმატების რა შანსები აქვს მმართველ პარტიას?
- ოპოზიცია, ამ შემთხვევაში „ნაციონალურ მოძრაობას“ ვგულისხმობ, ცდილობს რომ შექმნილი კრიმინოგენული ვითარება გააიგივოს მათ დროს შექმნილ კრიმინოგენულ ვითარებასთან. იმიტომ, რომ ძალიან დიდი როლი ითამაშა მაშინდელმა კრიმინოგენულმა სიტუაციამ მოსახლეობის განწყობილებაზე, რომ გაეშვათ ნაციონალები ხელისუფლებიდან. ამ გამოცდილების გამოყენება უნდათ დღესაც, მაგრამ ერთია, როცა თავად ხელისუფლებაა მომხდარი დანაშაულებების ავტორი და მეორეა, როცა ხელისუფლება ვერ ახერხებს დანაშაულის აღკვეთას. ეს ორი სხვადასხვა რამე უნდა იყოს. ამიტომ, არ მგონია, რომ კრიმინოგენულ სიტუაციაზე აქცენტმა ის შედეგი მოუტანოს ოპოზიციას, რაც მოუტანა ივანიშვილის გუნდს, როგორც ოპოზიციას 2012 წელს.
ოპოზიციას რებრენდინგის გარკვეული მცდელობა ჰქონდა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ ბეგრაუნდი ამის საშუალებას არ იძლევა. პარალელურად, ვერ მოხდა შეთანხმება ერთიან კანდიდატზე. თუნდაც მომხდარიყო, ეს თუ შეცვლიდა არსებითად რაიმეს?
- დავუშვათ, მომხდარიყო შეთანხმება და მოხდებოდა ერთადერთი ის, რომ კანდიდატები ხმებს ერთმანეთს არ წაართმევდნენ, იყო ამაში რაღაც გონივრული მარცვალი, რომ მიზნად დაესახათ ამ გზით ხმების მაქსიმალური კონცენტრაცია, მაგრამ მეორე მხრივ, სოციოლოგიური გამოკითხვებით ჩანს, რომ ოპოზიციური პარტიების შტოს, რომელსაც ჰყავს სააკაშვილის მოყვარული ამომრჩეველი, ამ არ აქვს ის რეიტინგი, რათა გაიმარჯვონ დაპირისპირებებში. 40/15-ზე პროპორცია, გამოკვლევებით ამაზე ახლოს ოპოზიცია ვერ მიდის სახელისუფლებო პარტიასთან. იგივე პროპორცია არის მოსალოდნელი მაჟორიტარულ არჩევნებშიც, მიუხედავად იმისა ნაციონალური ტიპის ოპოზიციური სპექტრიდან ვინ იქნება კანდიდატი. ამიტომაც მეეჭვება, რომ მაგ სტრატეგიას ჰქონოდა შედეგი, ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ჯგუფებმა გადაწყვიტეს ყველას თავიანთი ხმები აეღოთ და არ წასულიყვნენ დათმობის პოლიტიკით, რადგანაც ეს პოლიტიკა მოიცავდა მარცხის მეტ რისკს.
რაც შეეხება სახელისუფლებო გუნდის მიერ წარდგენილ კანდიდატებს, რამდენად ძლიერი გუნდია რომელიც უზრუნველყოფს მმართველი პარტიის წარმატებას?
- მაშინ ასე ვთქვათ, რამდენად ძლიერი კანდიდატები წარადგინა ოპოზიციამ. კონკურენცია არის ორი ძალის ჭიდილი, ერთის ძალის სიდიდით შეიძლება შეფასდეს მეორე ძალა. სწორედ ახლა მოგახსენებდით, რომ თავის საუკეთესო ვარიანტშიც კი ვერ იღებს ოპოზიცია ხმების 15 პროცენტზე მეტს და რა კონკურენციაზეა ლაპარაკი? მეორე მხრივ, წარდგენილი ფიგურებიდან, არის ფიგურები, რომელზეც საზოგადოებისა და თვითონ ოპოზიციის აზრი საკმაოდ მაღალია, ამ შემთხვევაში იშვიათად მახსენდება ანალოგიური ძალის ფიგურები, ვგულისხმობ კახიშვილს, სერგეენკოს და ასე შემდეგ. ოპოზიციამ ერთადერთი მოახერხა ეთქვა, რომ არის ძველი სახეები და მაჟორიტარებში ჩასვა ის სახეები, რომლებიც ქართულ პოლიტიკაში კიდევ უფრო ძველებია. ასე რომ, თავისივე კრიტიკა რომ შეუტრიალო, თვითონ ოპოზიცია აღმოჩნდება არასახარბიელო მდგომარეობაში. ამიტომ, თუ მთლიანობაში გავაკეთებთ დასკვნას, მაშინ მაჟორიტარული ბრძოლა მეეჭვება, რომ წავიდეს მათ სასარგებლოდ, თუმც არ არის გამორიცხული, რომ ცალკეულ უბნებში ძალები გათანაბრდეს და პრინციპში, ალბათ, ბრძოლა სერიოზული იქნება. მეეჭვება, რომ გამარჯვება მოახერხონ ოპოზიციურმა კანდიდატებმა.
ეს რაც შეეხება უკვე ჩამოყალიბებულ ამომრჩეველს, რომელთა ხმები უკვე ამ ეტაპზე ფაქტიურად გადანაწილებულიცაა, უბრალოდ, საარჩევნო ყუთებთან მისვლა სჭირდებათ ამ ადამიანებს, მაგრამ არის შუალედური ხაზი, რომელიც არცთუ მცირეა. ისინი, დიდი ალბათობით, დარჩებიან ინერტულ მდგომარეობაში. მესამე ძალის ჩამოყალიბების იდეა, რასაც ალბათ, ეს სეგმენტი ელოდა, ფაქტიურად ლეგენდის დონეზე დარჩა. ეს კი ნამდვილად არ იქნება არჩევნების საბოლოო შედეგებისთვის სახარბიელო...
- ლეგენდის ვერსია, ალბათ, სამართლიანია. რაც შეეხება მესამე ამომრჩეველს, რომელსაც არც ერთი არ მოსწონს, ოპოზიციური პარტიების ასეთი სამიზნე არის სწორედ ის, რომ მოსახლეობის რაც შეიძლება დიდ ნაწილში დამკვიდრდეს განწყობილება, რომ არც ერთი ვარგა და არც მეორე. ამ ჩანაფიქრს თავისი ლოგიკაც აქვს და საარჩევნო სტრატეგიის მხრივაც არ არის გასამტყუნარი კერძოდ: თუკი მაგ პოზიციას დაიკავებს „ქართული ოცნების“ ამომრჩეველის დიდი ნაწილი, არ მივა არჩევნებზე, ამ შემთხვევაში, არჩევნებზე მისული ამომრჩეველი იმდენად მცირე შეიძლება იყოს, რომ ნაციონალების გულშემატკივრების კარგი მობილიზაციის შემთხვევაში, უკვე გათანაბრდეს შანსები ამ ტიპის ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“. ანალოგიური მდგომარეობა გვქონდა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, როცა ვაშაძისა და ზურაბიშვილის შანსები პრაქტიკულად გათანაბრდა. იქაც ეგ შემთხვევა იყო, ბევრმა გადაწყვიტა, რომ არც ერთი ვარგა და არც მეორე, დარჩნენ სახლში, ნაციონალებმა კი თავიანთ შემადგენლობას გაუკეთეს მობილიზაცია და გამოიყვანეს. შედეგები უკვე გათანაბრდა, კარგად გამოჩნდა ის, რომ მეორე ტურში უკვე როცა აზრზე მოვიდა „ოცნების“ ამომრჩეველი თუ რას აკეთებდა და მიხვდა, რომ მარტო თავისი განწყობილებით თუ იმოქმედებს, ამით იმის საწინააღმდეგო პოლიტიკას მიიღებს, ვიდრე სურდა. მხოლოდ ამის შემდეგ შეიწუხა თავი, გამოვიდა არჩევნებზე და შედეგი იყო მკაფიოდ განსხვავებული. აი, იმ პირველი ტურის მსგავსი შედეგის მიღება უნდათ ახლაც. ამიტომ, ეს ამომრჩეველი, რომელსაც არც ერთი არ მოსწონს, ძირითადად მუშაობს „ნაციონალურ მოძრაობაზე“.
მოხდა საკონსტიტუციო ცვლილებები, საარჩევნო კოდექსის ცვლილება, იმიტომ, რომ უკეთესი საარჩევნო გარემო შექმნილიყო და უფრო დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები მიგვეღო, მაგრამ როგორ ფიქრობთ, ეს ყველაფერი უზრუნველყოფს ორპოლუსიანობის დასრულებას თუ მივიღებთ უფრო მრავალფეროვან პარლამენტს, როგორც ეს იდეაშია დაგეგმილი?
- მრავალფეროვნება იქნება, მაგრამ პოლუსების რა მოგახსენოთ. მრავალფეროვნება, თითო პარტიიდან თითო კაცი რომ იყოს მაშინაც იქნება, მაგრამ პოლუსი უკვე ძალამ უნდა შექმნას. ამ შემთხვევაში, ძალის მატარებელი არ იქნება ბევრი პარტია, ძირითადად ეს იქნება ისევ „ქართული ოცნება“, ნაციონალურ ორბიტაზე მყოფი პარტიები და შეიძლება შეიქმნას მესამე ძალის ცენტრი, ვნახოთ როგორ გადალახავენ ბარიერს და როგორი გადანაწილება იქნება, მე ვგულისხმობ „პატრიოტთა ალიანსს“, „ლელო“-ს და იმ პარტიებს, რომელიც შეიძლება აღმოჩნდეს მესამეს როლში.