„ბიზნესმენებს ნოტარიუსის ტელეფონი მხოლოდ დღის განმავლობაში დასჭირდებათ“

„ბიზნესმენებს ნოტარიუსის ტელეფონი მხოლოდ დღის განმავლობაში დასჭირდებათ“

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მის ორთვიან მუშაობას აჯამებს და ამბობს, რომ ამ ორი თვის განმავლობაში მისი ყველაზე დიდი მიღწევა არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებული გახდა და იგი კონკრეტულ ადამიანთა ჯგუფების ფუფუნებაზე მორგებული აღარ არის. ამასთანავე, ბიუჯეტი უფრო გამჭვირვალე გახდა, რადგან 1 მლრდ 400 მლნ ლარის მოცულობის მუხლი - „სხვა ხარჯები“ ახლა დეტალურად არის გაწერილი.

ნოდარ ხადურის თქმით, 2013 წლის ბიუჯეტი ერთი თვის განმავლობაში შეიცვალა და მისი პრიორიტეტები გახდა ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, განათლება და გარემოს დაცვა. აქვე ფინანსთა მინისტრი ხაზს უსვამს, რომ ახალი ხელისუფლება ერთი თეთრითაც არ ამცირებს რეალური ინფრასტრუქტურული პროექტების (გზები, ნაპირსამაგრი სამუშაოები, წყალგაყვანილობა, ენერგოგადამცემი ხაზები და ა.შ.) დაფინანსებას. ამასთანავე, პრაქტიკულად გაორმაგებულია ბიუჯეტიდან ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობისა და რეაბილიტაციის ხარჯები, რაზეც 450 მლნ ლარი დაიხარჯება. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ახალმა ხელისუფლებამ არა მხოლოდ 2013 წლის, არამედ 2012 წლის ბიუჯეტიც შეცვალა.

„მოგეხსენებათ, წინასაარჩევნოდ წინა ხელისუფლებამ ძალიან ბევრი არამიზნობრივი ხარჯი გასწია. მათ შორის ეს გაკეთებული იყო მომავალი ვალდებულებების ხარჯზე და ისეთი პრობლემები რომ არ შექმნილიყო, რომელთა შექმნაც საკმაოდ რეალური იყო, ჩვენ გადავწყვიტეთ, თავდაცვის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს და განათლების სამინისტროსთვის დამატებითი ასიგნებები გამოგვეყო. მათ შორის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს 50 მლნ ლარი გამოეყო იმისათვის, რომ უკვე წელს დაწყებულიყო ტრაქტორების შეძენა, რომლებიც საგაზაფხულო სამუშაოებში ჩაებმება. ის ცნობილი ტრაქტორები, რომლებიც გზის პირას არიან განლაგებულები, გზიდან მინდვრებში გადაინაცვლებენ“, - აცხადებს ნოდარ ხადური.

მისი თქმით, საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ორი კვირის განმავლობაში მუშაობდა და ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრის გათვალისწინებით, მომავალ წელს საქართველოს ეკონომიკის მინიმუმ 6%-იანი ზრდა იქნება. აქვე ხადური განმარტავს, რომ მომავალ წელს საქართველო ინვესტორებისთვის ძალიან მიმზიდველი იქნება და ამიტომ მთავრობა ეკონომიკის ბევრად უფრო მაღალი ზრდის ტემპსაც ელის. საქართველოს ბიუჯეტი დაგეგმილია 6%-იან ეკონომიკურ ზრდაზე, 3.5%-იან ინფლაციასა და ბიუჯეტის დეფიციტის მთლიან შიდა პროდუქტთან 2.8%-იან მოცულობაზე, რაც ხადურის განცხადებით დიდი მიღწევაა, რადგან 2012 წელს ეს მაჩვენებელი 3.5%-ს შეადგენდა.

მინისტრი ამბობს, რომ ასეთი ოპტიმისტური მოლოდინების გაკეთების საშუალებას რამდენიმე გარემოება აძლევს. კერძოდ, ბიზნესმენებს ხშირად ხვდება და მათი დიდი ნაწილი მინისტრთან შეხვედრისას აღნიშნავს, რომ დეკემბერში მათი ბიზნესის ბრუნვა გაიზარდა. მინისტრის თქმით, ეს იმის დამსახურებაა, რომ ბიზნესი სახელისუფლო წნეხისგან განთავისუფლდა, რაც ქვეყანაში პირდაპირი ინვესტიციების შემოდინებასაც ხელს შეუწყობს. და ბოლოს, ხადურის თქმით, ინვესტიციების გაზრდის მხრივ ასევე მნიშნელოვანია ის სამი საინვესტიციო ფონდი, რომელთა თაობაზე პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება.

„ბიზნესმენებს ნოტარიუსის ტელეფონი მხოლოდ დღის განმავლობაში დასჭირდებათ და ისიც მხოლოდ კარგი საქმეების საკეთებლად. დამეწრმუნეთ, მათ აღარ მოუწევთ ქონების ვიღაცისთვის ჩუქება და გადაფორმება. გაიხსნება ბაზარი და ცნობილია, რომ დღეს რუსეთის ბაზარზე ქართული ციტრუსი შევიდა. ყველაფერ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ინვესტიციები გაიზრდება, დასაქმდება უამრავი ადამიანი და ეკონომიკის ზრდა ბევრად იმაზე მეტი იქნება, ვიდრე ჩვენ ვვარაუდობთ“, - ამბობს მინისტრი.

ხადურის თქმით, მისი უწყება ბიუჯეტის გარდა საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებებზეც მუშაობს და საგადასახადო კოდექსში რამდენიმე სერიოზული ცვლილება უკვე შევიდა, რაც ბიზნესს (განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს) შეუწყობს ხელს. კერძოდ, სალარო აპარატის ჯარიმა 500-დან 200 ლარამდე შემცირდა. ამასთანავე, შემოსავლების სამსახურს უფლება მიეცა, რომ პირველ ჯერზე მეწარმე გააფრთხილოს და არ დააჯარიმოს. ასევე შემცირდა ჯარიმები ზედნადებთან დაკავშირებით, შემცირდა საურავებიც (0.07%-დან 0.06%-მდე). გარდა ამისა, საგადასახადო კოდექსში არსებული ბევრი ისეთი ნორმა განიმარტა, რომელიც ორმაგი წაკითხვის საშუალებას იძლეოდა. ამასთანავე, ფინანსთა მინისტრის თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება არის ის, რომ თუ საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში აქამდე ყადაღა დაედებოდა ადამიანის ნებისმიერ შემოსავალს, პირველი იანვრიდან ინკასო არ დაედება პენსიებს და შემოსავალს საარსებო მინიმუმის (150 ლარის) ქვემოთ.

ნოდარ ხადურის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ მისი უწყების მუშაობა იყოს გამჭვირვალე და ამისთვის რამდენიმე ნაბიჯი გადაიდგა. ერთ-ერთი იყო ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის „სხვა ხარჯები“ გაშიფრულია და საზოგადოებას აქვს შესაძლებლობა, გაიგოს, რა არის ეს „სხვა ხარჯები“, რის გაკეთებასაც გასული წლის განმავლობაში ვერ მივაღწიეთ. ამასთანავე, ფინანსთა სამინისტროში შეიქმნება სამი სხვადასხვა საკონსულტაციო საბჭო. გუშინ ერთ-ერთი ასეთი საბჭოს სხდომა იყო, კერძოდ, ნოდარ ხადური მსხვილ ბიზნესმენებს შეხვდა და მისი თქმით, ასეთი შეხვედრები საკმაოდ ინტენსიური იქნება. მეორე საბჭო მცირე და საშუალო ბიზნესმენებით იქნება დაკოპლექტებული, ხოლო მესამე საბჭოში იქნებიან მეცნიერები და ექსპერტები.

ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან საგადასახადო ადმინისტრირებასთან დაკავშირებით ხშირია დავები და იმისათვის, რომ ეს პროცესი უფრო გამჭვირვალე იყოს, ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების საბჭოში მოწვეული იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ისინი ამ მოწვევას აქტიურად გამოეხმაურნენ და ნოდარ ხადურს მიაჩნია, რომ არასამთავრობო სექტორის დავების საბჭოში მონაწილეობით ამ საბჭოს მუშაობა ბევრად უფრო გამჭვირვალე გახდება. მინისტრის თქმით, ათამდე არასამთავრობო ორგანიზაცის სურს საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მიღება, თუმცა ზოგიერთ მათგანს საკუთარი აუდიტორული სამსახურები აქვთ და მათ ფინანსთა სამინისტრო უარს ეტყვის, რადგან ინტერესთა კონფლიქტი არ იყოს.

ნოდარ ხადურის თქმით, მისი და ზოგადად ახალი მთავრობის პოზიციაა, რომ ბიზნესი ხელისუფლების წნეხისაგან გათავისუფლდეს და მისი ფუნქციონირებისთვის ქვეყანაში რაც შეიძლება კომფორტული გარემო შეიქმნას.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომავალ წელს ეკონომიკური ზრდა უფრო მეტი იყოს, ვიდრე ჩვენ ვპროგნოზირებთ. აქვე გეტყვით, რომ პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ მისიებთან, ვგეგმავთ ძალიან საინტერესო პროცესებს. ფინანსთა სამინისტროს აქვს ფინანსური აკადემია და ეს ინსტიტუტი გვეხმარება იმაში, რომ არა მხოლოდ ფინანსთა სამინისტროში, არამედ მთლიანად საჯარო სექტორში დასაქმებულთა კვალიფიკაცია მუდმივად ავამაღლოთ. ჩვენ გადავდივართ ე.წ. პროგრამულ ბიუჯეტზე. ვითომ სამი წელია ასეთ ბიუჯეტზე ვართ გადასულები, მაგრამ დღეს ძალიან სერიოზული სამუშაოს ჩატარება გვიწევს იმისათვის, რომ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ პროგრამული ბიუჯეტი გვქონდეს. ამ შემთხვევაში მნიშნელოვანია ყველა საჯარო უწყებაში დასაქმებული ადამიანების გადამზადება“, - ამბობს ფინანსთა მინისტრი.

მისი თქმით, სამინისტრომ ე.წ. მოხალისეთა სამსახური გააუქმა. ეს იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც მოსახლეობაზე დაკისრებული ჯარიმებიდან 100 ლარს ღებულობდნენ და ამიტომ, დაინტერესებულები იყვნენ, რაც შეიძლება მეტი ჯარიმა გამოეწერათ. ნოდარ ხადური აცხადებს, რომ ახალი ხელისუფლებისთვის მთავარი არა ჯარიმებით ბიუჯეტის შევსება, არამედ ქვეყანაში საგადასახადო წესრიგის დამკვიდრებაა და ამიტომ, მისი უწყება დაჯარიმებაზე კი არა, არამედ პრევენციაზეა ორიენტირებული. აქვე მინისტრი ამბობს, რომ კონტრაბანდასთან ბრძოლა გაძლიერდა. კერძოდ, სექტემბერ-ოქტომბერში კონტრაბანდული სამართალდარღვევის 298 შემთხვევა იყო აღოჩენილი, ხოლო ნოემბერ-დეკემბერში ამ მიმართულებით გამკაცრებული კონტროლის შედეგად გამოვლენილი ფაქტების რაოდენობა 518-მდე ავიდა. ასევე მინისტრის თქმით, ფალსიფიცირებული პროდუქციის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახური ამუშავდა.

ნოდარ ხადურის თქმით, მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს სერიოზული პრობლემა ჰქონდათ სალარო აპარატებთან დაკავშირებით. კერძოდ, კომპანიამ, რომელიც სალარო აპარატებს ემსახურება, რატომღაც გადაწყვიტა, რომ მეწარმეებისგან მთელი წლის მომსახურების თანხა (60 ლარი) ერთად აეღო, რამაც მცირე და საშუალო მეწარმეებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. სამინისტრომ ამ კომპანიასთან მოლაპარაკება აწარმოა და შეუთანხმდა, რომ ეს გადასახადი წელიწადში ორჯერ, ანუ 30-30 ლარობით იქნება გადახდილი.

ფინანსთა მინისტრი განათლების სამინისტროს დაფინანსების ზრდაზეც საუბრობს.

„2013 წელს განათლების სამინისტროს დაფინანსება 70 მლნ ლარით იზრდება, რაც შესაძლებლობას იძლევა, რომ ხელფასები ოდნავ, მაგრამ გაიზარდოს. პენსიებთან დაკავშირებით, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ აპრილიდან პენსიები 125 ლარი, ხოლო სექტემბრიდან 150 ლარი გხდება. ასევე ყველა დანარჩენი პენსია დაახლოებით 100 ლარამდე გაიზრდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მთავარი დაპირება - ჯანმრთელობის დაზღვევა თებერვლიდან უკვე ამოქმედდება. ამ მიმართულებით ბიუჯეტში თანხების რაოდენობა პრაქტიკულად ორჯერ არის გაზრდილი“, - აღნიშნავს ხადური.

იგი თავს იკავებს კომენტარისგან კომპანია „კვარციტში“ ფინანსურ შემოწმებასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ ამაზე საუბარი რამდენიმე დღის შემდეგ შეეძლება.

ნოდარ ხადური აცხადებს, რომ ახალი ხელისუფლება აღარ აიღებს დიდ ვალებს და განსაკუთრებით დიდ პროცენტებში. მისი თქმით, მომავალ წელს მთავრობა აზიის განვითარების ბანკისგან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან და მსოფლიო ბანკისგან გარკვეულ სესხებს აიღებს, მაგრამ ეს მხოლოდ საინვესტიციო პროექტებია, ანუ ის პროექტები, რომლებიც მოხმარდება გზების მშენებლობას, წყალგაყვანილობას, ელექტროგადამცემ ხაზებს და ა.შ.

„ჩვენ მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად სესხების აღებას არ ვაპირებთ“, - აცხადებს ფინანსთა მინისტრი.

მისი თქმით, მთავრობა აპირებს, რომ მომავალ წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდს ვალი დაუბრუნოს. ამაზე დაახლოებით 360 მლნ ლარია გათვალისწინებული, რომლის ნაწილითაც მთავრობა ევროობლიგაციებს გაისტუმრებს (დაახლოებით 63 მლნ დოლარი), ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდს დაახლოებით 250 მლნ ლარს გადაუხდის იმ სესხისთვის, რაც მან საქართველოს 2008 წელს მისცა.