რაში დაიხარჯა თბილისის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 130 მილიონი ლარი

რაში დაიხარჯა თბილისის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 130 მილიონი ლარი

„თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული ფონდების მხრიდან არ ხდებოდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობის გამოყენება, რაც აღნიშნული თანხების გაუმჭვირვალედ ხარჯვას უწყობდა ხელს. თანხების სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის გვერდის ავლით ხარჯვა კიდევ უფრო ზრდიდა აღნიშნული თანხების ხარჯვის დროს შესაძლო კორუფციული სქემების გამოყენების ალბათობას“, - ნათქვამია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ ჩატარებული კვლევაში, რომელიც თბილისის ისტორიული ნაწილების რეაბილიტაციის პროცესში თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული ფონდების მონაწილეობას ეხება.

კვლევა მოიცავს ინფორმაციას 2008-2012 წლების სახელმწიფო ბიუჯეტებით გათვალისწინებული სხვადასხვა სახის ფონდებიდან თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული ააიპ „ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდისა“ და ააიპ „თბილისის განვითარების ფინდისთვის“ გადაცემულ საბიუჯეტო სახსრების შესახებ.

როგორც საიას მიერ მოპოვებული ინფორმაციიდან ირკვევა, თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული ფონდები დაფინანსებას საქართველოს 2008-2012 წლების სახელმწიფო ბიუჯეტებით გათვალისწინებული ისეთი ფონდებიდან იღებდნენ, როგორიცაა საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი და საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი. საინტერესოა, რომ „საიამ“ მოიპოვა საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის განკარგულებების ის ნაწილი, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით საიდუმლოს წარმოადგენდა, თუმცა არც „საიასთვის“ და არც სასამართლოსთვის პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ წარმოუდგენია განკარგულებების საიდუმლოდ მიჩნევის დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტაცია.

„საიას“ ინფორმაციით, სამართლებრივი აქტების შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ უშუალოდ „ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდსა“ და „თბილისის განვითარების ფონდს“ 2008-2012 წლებში, სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ორი ფონდიდან ჯამში სულ 129 980 893 ლარი გადაერიცხათ, საიდანაც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი 47 102 000 ლარის უშუალო ადრესატი „ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდი“ იყო. ხოლო საქართველოს მთავრობის განკარგულებების საფუძველზე გაცილებით მეტი, 82 878 893 ლარი თბილისის განვითარების ფონდს გადაერიცხა (მათ შორის მარტო ერთი განკარგულებით 70 მილიონი ლარი). თბილისის განვითარების ფონდმა თანხები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მიიღო.

„საიას“ მიერ მოპოვებული პრეზიდენტის განკარგულებების ტექსტი ყველგან ერთნაირია და მასში დაკონკრეტებული არ არის, რა სამუშაოების ჩასატარებლად ირიცხება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მილიონობით ლარი. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 20 ნოემბრის N762 განკარგულება, სადაც ვკითხულობთ:

„ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით, „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ქალაქ თბილისის მერიას „ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდისათვის“ გადასაცემად გამოუყოს 2 000 000 (ორი მილიონი) ლარი“.

ეს არის პრეზიდენტის განკარგულება, რომელშიც არ ჩანს, კონკრეტულად რაში უნდა დაიხარჯოს ეს ორი მილიონი ლარი. ანალოგიურია იმ რამდენიმე განკარგულების ტექსტიც, რომლებითაც ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან რამდენიმე ათეული მილიონი ლარია გამოყოფილი. ასეთივე ბუნდოვანია საქართველოს მთავრობის განკარგულებები, რომლებზეც ზემოთ იყო საუბარი. არც ამ განკარგულებებში არ არის დაკონკრეტებული თანხის ხარჯვის მიზნობრიობა.

საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების პროექტის დაფინანსების მიზნით ააიპ „ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდსა“ და თბილისის მერიას 2008 წელს 2 000 000 ლარი გადაერიცხა, 2009 წელს - 40 102 000 ლარი, ხოლო 2011 წელს - 11 000 000 ლარი.

გარდა თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებულ ფონდებში გადარიცხული თანხებისა, თბილისის ისტორიული ნაწილების რეაბილიტაციის მიზნით თანხები გადაერიცხა ასევე ქ. თბილისის მერიასაც. კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თბილისის მერიამ მარტო 2010 წელს 6 000 000 ლარი მიიღო, ხოლო იმავე თბილისის მერიას, თბილისში რიყის ტერიტორიის სამუშაოების დაფინანსების მიზნით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს მთავრობამ 14 700 000 ლარი გადურიცხა. სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თბილისის განვითარების ფონდში 2011 წელს 70 000 000 ლარი გადაირიცხა, ხოლო 2012 წელს - 12 878 893 ლარი.

„საიაში“ აცხადებენ, რომ საზოგადოებისთვის დღემდე არ არის ცნობილი, თუ როგორ და რა ფორმით ხდებოდა თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული ფონდების მხრიდან განხორციელებული სამუშაოების შესრულების მიზნით შესაბამისი კომპანიების შერჩევა. ამასთან, თბილისის მერიას დღემდე არ გაუსაჯაროებია ფონდების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველწლიურად თბილისის მერიაში წარდგენილი ანგარიშები, რაც საბიუჯეტო სახსრებიდან მიღებული თანხების კანონის მოთხოვნათა შესაძლო დარღვევით ხარჯვის შესაძლებლობას კიდევ უფრო ზრდის. ამიტომ „საია“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს თბილისის მერიას, რომ გაასაჯაროვოს და ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი გახადოს თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული ფონდების მიერ წლების განმავლობაში თბილისის მერიაში წარდგენილი ანგარიშები.