ვინ იქნება მერაბიშვილის ამალის შემდეგი მასპინძელი?

ვინ იქნება მერაბიშვილის ამალის შემდეგი მასპინძელი?

[მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი]

სამი თვის წინ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა, რომელსაც ქვემო ქართლში კუდის ნაცვლად კუდიანებს უწოდებენ, გამოიღვიძა. გამოღვიძება „მსხვერპლით“ დამთავრდა. ისევ მოგვიხდა თქვენი შეწუხებაო - უთხრა ჟურნალისტებს კუდის უფროსის მოადგილე იოსებ თოფურიძემ და მომზადებული ტექსტის კითხვა დაიწყო:

 

–„სამწუხაროდ, სახელმწიფო მოხელეები კვლავ აგრძელებენ ქრთამის აღებას. ჩვენი ყურაღების მიღმა არ დარჩება არც ერთი მექრთამე სახელმწიფო მოხელე!

 

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვემო ქართლში გატარებული ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების შედეგად ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს მარნეულის საკრებულოს თავჯდომარე აივაზ ისმაილოვი, რომელმაც მიწის ნაკვეთის პრივატიზირებაში  დახმარების სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით გამოსძალა 6 000 ლარი.

 

ასევე ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე ქამრან მუსაევი და სოფელ ოროზმანის რწმუნებული ფახრატ კურბანოვი. მათ ე.წ ნიხრი ქონდათ დაწესებული ქრთამის აღებაზე. ისინი 300 ლარად ყალბ დოკუმენტებს გასცემდნენ”,- განუცხადა თოფურიძემ ჟურნალისტებს.

 

დღეს კი ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქვემო ქართლში კუდი მექრთამეთა დაკავების მიზნით გამოღვიძებას კვლავ აპირებს. ყურაღების ერთ-ერთი ობიექტი ამჯერადაც მარნეული იქნება.

 

 აღმოჩნდა, რომ გამგეობაში შსს-ს დაუპატიჟებელი მისვლა მოულოდნელი არ იქნება მარნეულის გამგებლისთვის.  ზაზა დეკანოიძე გვიხსნის, რომ  ასეთი დაპატიმრებები გაგრძელდება მანამ, სანამ მათი საჭიროება იარსებებს. 

 

–„წინა, დაკავებები იყო შედეგი იმისა, რაც წლების მანძიზე მარნეულის რაიონში ხდებოდა. ზოგადად საჯარო მოხელეებისთვის ადვილი იყო სახელმწიფო ენის არ მცოდნე ადამიანებისგან, გარკვეული უკანონო დახმარების შედეგად ქრთამის  აღება.

 

ჩვენი საკრებულოს ხელმძღვანელის დაკავება ჩემთვის მოულოდნელობა იყო. მასში ეჭვი არ შემპარვია, თორემ თვითონ მივმართავდი სამართალდამცავებს.

 

მართალია, ჩვენ თანამშრომლებს დაბალი ხელფასები აქვს, მაგრამ ეს არც ერთს არ აძლევს ქრთამის აღების უფლებას. სამუშაოდან ისინი საწვავით და სასაუბრო ბარათებით არიან უზრუნველყოფილი. იმისი თქმა მინდა, რომ საქმის კეთების  საშუალება ყველას აქვს.

 

დაკავებებს და შსს-ს მუშაობას რაც შეეხება, ეს გაგრძელდება მანამ სანამ ამისი საჭიროება იარსებებს....  რაც შეეხება თქვენ კითხვას, ჩემი და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაპირისპირების შესახებ, საპასუხოდ გკითხავთ: როგორ ფიქრობთ ასეთი დაპირისპირების შემთხვევაში მე ამ თანამდებობაზე დამტოვებდნენ?“ – საუბრობს მარნეულის გამგებელი ზაზა დეკანოიძე.

 

დეკანოიძე ქვემო ქართლის რეგიონის გამგებლების იმ მცირე ჯგუფს მიეკუთვნება, რომელთანაც შეხვედრა და ინფორმაციის მიღება ჟურნალისტებს შეგვიძლია. მის დაპატიმრებას არ ვისურვებდით, თუმცა ამ საქმეს, როგორც ქვემო ქართლში ამბობენ კანონიც კი არ წყვეტს.

 

გადამწყვეტი რეგიონში მოქმედი გავლენის ჯგუფებია, რომლებიც ერთმანეთს ხანდახან „უჩალიჩებენ“. გაჩალიჩებას კი აკადემიური ენით „გატარებულ ოპერატიულ სამძებრო სამუშაოებს“ უწოდებენ.