2012 წელი გაფიცვების თანხლებით იწურება

2012 წელი გაფიცვების თანხლებით იწურება

2012 წელი ისე როგორ დასრულდებოდა, რომ წინასაახალწლო დღეებში რამდენიმე კარგად ორგანიზებული გაფიცვა არ ჩატარებულიყო. ამჯერად, ასპარეზზე რეგიონებში დასაქმებული ადამიანები გამოვიდნენ. რუსთავსა და თელავში გამართულ აქციებს საკმაო ხმაური მოჰყვა, თუმცა გაფიცულების სასარგებლოდ ჯერ არაფერი გადაწყვეტილა.

რუსთავში ბრიტანულ-ინდური მინიმეტალურგიული საწარმო „ჯეოსტილის“ 300-მდე თანამშრომელი უკვე რამდენიმე დღეა გაფიცულია. ისინი საწარმოს ადმინისტრაციის შენობასთან იკრიბებიან და გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლებთან ერთად შრომითი პირობების გაუმჯობესებისა და ხელფასების გაზრდის მოთხოვნებს აყენებენ. მათ მემორანდუმიც შეიმუშავეს და საწარმოს ინდოელ ხელმძღვანელს გადასცეს.

გაფიცული მუშები აცხადებენ, რომ სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას მანამდე არ აპირებენ, სანამ დირექცია ხელფასების გაზრდაზე თანხმობას არ მისცემს.

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენელი ლავრენტი ალანია „ინტერპრესნიუსთან“ საუბარისას აცხადებს, რომ „ჯეოსტილის“ ინდოელი ხელმძღვანელობა გაფიცული ადგილობრივი მუშების ნაცვლად, საწარმოში დასაქმებულ ინდოელებს 24-საათიანი გრაფიკით ამუშავებს. ზომას „ჯეოსტილის“ ხელმძღვანელობამ საწარმოს გაჩერების თავიდან არიდების მიზნით მიმართა. ალანიას აზრით, სახეზეა ტრეფიკინგი, რაც ყოვლად დაუშვებელია.

პროფკავშირები ქარხნის დირექტორისგან საჯიფ ბიჰარისგან საწარმოში დასაქმებული ადგილობრივი მუშახელის ხელფასების გაზრდას ითხოვს. მათი მოთხვონის შესრულებამდე თანამშრომლები გაიფცვას არ შეწყვეტენ.

პროფკავშირების ინფორმაიით, ადმინისტრაციას, მუშებსა და პროფკავშირებს შორის გამართული მოლაპარაკებები ჯერჯერობით უშედეგოა. როგორ წარიმართება მოლაპარაკებები წინასაახალწლო დღეებში, ძნელი სათქმელია.

არანაკლებ დაძაბული ვითარებაა თელავში, სადაც დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ოქტომბრის სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვენ. მათ აქციის გამართვა გადაწყვიტეს და თავდაპირველად, თელავის საკრებულოსთან უნდა გამართულიყვნენ, თუმცა დასუფთავების სამსახურის მანქანები კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა შეაჩერეს, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ამის შემდეგ აქცია საკრებულოსთან მაინც ჩატარდა.

დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები მათ ხელმძღვანელ ალექსანდრე ბალუაშვილს რამდენიმე ბრალდებას უყენებენ, საკრებულოს თავმჯდომარეს დიმიტრი ბოჭორიძეს კი მის მფარველობაში ადანაშაულებენ. ისინი ბალუაშვილის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელის შეტანას აპირებენ. მანამდე კი მას კაბინეტის კარი აუჭედეს.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დიმიტრი ბოჭორიძის განცხადებით, ჯერჯერობით, გაურკვეველია როდის მიიღებენ ინფრასტრუქტურის და დასუფთავების სამმართველოს თანამშრომლები სახელფასო დავალიანებას.

„დასუფთავების სამმართველოს ბიუჯეტის მიმართ 500 ათას ლარზე მეტი ვალი აქვს, შესაბამისად, შემოსავლების სამსახურმა მის ანგარიშებს ინკასო დაადო. მისი ფუნქციები დროებით შპს „კეთილმოწყობას“ გადაეცა. სწორედ მათ აქვთ ხელშეკრულება წლის ბოლომდე და თანამშრომლებიც ამ შპს-ში გადავიდნენ.

სასამართლო წესით დაიწყება გადახდისუუნარობის წარმოება, რომლის ფარგლებში მოხდება ინფრასტრუქტურისა და დასუფთავების სამმართველოს ქონების რეალიზაცია. ამის შემდეგ კი ბიუჯეტის დავალიანების დაფარვა და მათი ხელფასების გაცემა, მაგრამ ეს როდის იქნება ნამდვილად არ ვიცი“, - აღნიშნა ბოჭორიძემ.