შინაგან საქმეთა სამინისტრო, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ფედერალური ბიუროს ჩართულობაზე მზაობას გამოთქვამს. ვახტანგ გომელაურის უწყებამ შესაბამისი წერილით უკვე მიმართა FBI-ს. ახლა უნდა გაირკვეს FBI-ს მონაწილეობას რა არეალი ექნება ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში. როგორც გარდაცვლილის დედა, თეონა თამაზაშვილი აცხადებს, საქმეში FBI-ს კონსულტანტის როლში ჩართვა ოჯახისთვის მიუღებელია. ითხოვს, რომ FBI-მ საქმე დეტალურად გამოიძიოს, რატომ დაიკარგა თამარი, რატომ ვერ მოიძებნა 5 დღის მანძილზე, რატომ წაიშალა კომპიუტერში ყველაფერი. for.ge-სთან საუბრისას „სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრი კონტროლის, საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე, ბესიკ ალადაშვილი არ გამორიცხავს, რომ FBI ოფიციალურად ჩაერთოს საქმის გამოძიებაში.
სად დაუშვა შს სამინისტრომ შეცდომა და იკვეთება თუ არა სპეცსამსახურების კვალი, ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ბესიკ ალადაშვილს ესაუბრა.
ფედერალური ბიუროს ჩართვას ითხოვს ოჯახი, საქმეში შემოდის შეყვარებული და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ საქმეს კერევან, ამიტომ თავშესაფარს ითხოვს. გოგონას გარდაცვალებიდან სამი კვირა გავიდა, გამოძიებისთვის დიდი დრო არ არის, მაგრამ ის დრო ნამდვილად არის, რომ პირველადი დასკვნა ჰქონდეს გამოძიებას. როგორ ფიქრობთ, ამ საქმეში არის კითხვის ნიშნები, რომელიც აუცილებელს ხდის ფედერალური ბიუროს ჩართულობას?
ბესიკ ალადაშვილი: მისი გაუჩინარებიდან იყო კითხვის ნიშნები, მაგრამ ახლა კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანია. რა მოცემულობა გვაქვს: პირველი - დაუდგენელია გოგონას გადაცვალების მიზეზი; მეორე - არაფერი მოგვცა მისმა მობილურმა, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპამდე ასეა; მესამე - არაფერი მოგვცა მისმა პირადმა კომპიუტერმა და დიდი ალბათობით არაფერს მოგვცემს; მოთხე - არაფერს გვაძლევს ვიდეო კამერები; მეხუთე - არაფერს გვაძლევს მოწმეთა დაკითხვა. არანაირი მონაცემები და ინფორმაცია ამ გოგონას გაუჩნარების შესახებ არ არის, რომელიც მოგვიანებით გარდაცვლილი იპოვეს. ფაქტია, რომ უფრო მეტი კითხვის ნიშანია, ვიდრე ეს იყო მაშინ, როდესაც ეძებედნენ.
რაც შეეხება აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ჩართულობას, მშობლებს, ალბათ, ვიღაცა უთითებს, არ ვიცი ვინ არის ეს ვიღაცა, რომელიც შეგნებულად აძლევს ფუჭ იმედს. ჯერ ერთი, ფედერალური ბიუროს მიერ თავის თანამშრომლების გამოგზავანა ასე მარტივად არ ხდება. თუ ჩაერთვება, ისიც, ალბათ, დისტანციურად და მოითხოვს საქმის მასალების, ექსპერტიზის დასკვნის და ნიმუშების გადაგზავნას. მისი პირადი კომპიუტერი და ტელეფონი თუ დამუშავდა, ანუ გასუფთავდა, აქ უკვე ვერც ერთი ვერ ნახავს ვერაფერს და ჩემი აზრით ეს იქნება ტყუილი, ფუჭი იმედები.
გავიხსენოთ ფედერალური ბიუროს დასკვნები - ავიღოთ ფრედ რუდოლფის გარდაცვალების საქმე, ეს მოხდა 1993 წელს, მაშინაც მათ ექსპერტიზის შეუსაბამობები არ აღნიშნეს, მოერიდნენ საერთაშორისო სკანდალს. იმიტომ, რომ ვუდროფი იყო ამერიკის დაზვერვის თანამშრომელი, რომელიც საქართველოში მუშაობდა და ჩვენ გვეხმარებოდა. ძალიან საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა, დიდი ალბათობით რუსეთის ხელით და ამერიკულ მხარეს მაშინ არ უნდოდა სიტუაციის დაძაბვა.
გავიხსენოთ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ფედერალური ბიუროს დასკვა, რომელიც დღესაც კამათის საგანია და ყველა თავისებურად კითხულობს იმ დასკვნას. სმიტების ოჯახის გადარდაცვალების საქმე, სადაც უამრავი შეკითხვაა, გვაქვს ფედერალური ბიუროს დასკვნა, მაგრამ არაფერს გვაძლევს. სამივე შემთხვევაში ფედერალური ბიუროს დასკვნა ჭეშმარიტებასთან ახლოსაც კი არ იყო, მხოლოდ იმიტომ, რომ სამივე შემთხვევა დიდ პოლიტიკას უკავშირდებოდა.
რაც შეეხება ამ გოგონას გარდაცავალების საქმეში ფედერალური ბიუროს ჩართვას, ვიმეორებ, ხელოვნურად გაზრდილად მეჩვენება მოლოდინები. არ ვიცი ეს ადვოკატისგან მოდის, თუ სხვა მხარიდან, მაგრამ ფაქტია, რომ ფედერალური ბიურო არასოდეს არ წავა ხელისუფლების წინააღმდეგ - იმ დასკვნების, იმ მიმართულებების და ვერსიების წინააღმდეგ, რაც გამოძიებას უკვე აქვს. ჩვენ არც ვიცით რა ე.წ. შეფუთვით გაიგზავნება ეს საქმე, რა კითხვები იქნება დასმული ფედერალური ბიუროს ექსპერტებისთვის. ის, რომ ფედერალური ბიუროს გამომძიებლები ჩამოვიდნენ, ოჯახთან დასხდნენ და ერთად დაიწყონ გამოძიება, ეს გამორიცხულია.
რაც შეეხება ახლ პერსონაჟსს, ანუ შეყვარებულს, 3 კვირის თავზე მისი შემოსვლა და საკმაოდ უცნაური განცხადებები, კიდევ უფრო ართულებს ამ საქმეს?
- ძალიან მძიმე სიტუაციაა. ბოდიში, არ მინდა სიტუაციას ჩრდილი მივაყენო, მაგრამ ლობჟანიძეს გამოსვლა კომიკურად მეჩვენება. ადამიანი ამბობს, რომ ჩვენ ტელეფონით არ ვუკავშირდებოდით ერთმანეთს, მოხოლოდ სოციალური ქსელით ვურთიერთობდითო, ეს ჩემი აზრით წარმოუდგენელია, სრულიად შეუძლებელია. ჩვენ უფრო ხშირად ვართ ტელეფონთან, ვიდრე კომპიუტერთან. ისეთი ნიუანსები არის მის განცხადებაში, რომ არასერიოზულია ამ ახალგაზრდას პასუხები. რაც შეეხება თავშესაფარის მოთხოვნას, უნდა თქვას ვინ ავიწროვებს და რატომ? სხვათა შორის, მას თვითონ რომ არ განეცხადებინა ის არის შეყვარებული, არავინ არ დაინტერესდებოდა ამ პერსონაჟით.
ძალიან ბევრს საუბრობრობენ ამ საქმეში სპეცსამსახურების ჩართულობაზე და ამაზე საუბრობს ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი. თქვენ იცით სპეცსამსახურების მუშაობის სტილი, როგორ ფიქრობთ, ამ საქმეში იკითხება სპეცსამსახურების კვალი? მისი გაუჩინარება, შემდეგ ტყეში გარდაცვლილ მდგომარეობაში პოვნა, ტელეფონში და კომპიუტერში ყველა მასალის წაშლა და ბოლოს უკვე შეყვარებულის გამოჩენა...
- მოდით ასეთი კითხვა დავსვათ - ტოვებს თუ არა კვალს ნებისმიერი მკვლელობა? რა თქმა უნდა, ტოვებს. არ არსებობს „იდეალური მკვლელობა“. მაგრამ აქ არის მეორე მხარე, როდესაც ადამიანს კლავს, ან თვიმთკვლელობის ინსცენირებას აკეთებს, თუნდაც კარგად იყოს გათვიცნობიერებული კვალის დაფარვაში, მისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და თითქმის შეუძლებელია ყველა კვალის მოსპობა. იმიტომ, რომ ადამიანები ძალიან ბევრ კვალს ტოვებენ. ძალიან ბევრ სივრცეში ხდება კვალის დატოვება და შემდეგ წაშლა. არ ვიცი გამოძიება მუშაობს თუ არა იმ ვერსიაზე, როგორიც არის პიროვნული, საყოფაცხოვრებო, ან შურისძიების ვერსია.
ერთი ვერსია, რაც არასად არ თქმულა და არავინ არ საუბრობს, მაგრამ საყურადღებო ვერსიაა - ყველა ამბობს, რომ ამ გოგონამ ვიღაცაზე იპოვა კომპრომატი, მაგრამ მასზე ხომ არ ჰქონდათ კომპრომატები? საფრანგეთში ყოფნის მონაკვეთი ავიღოთ, ხომ არ აშანტაჟებდნენ ამ გოგონას მთელი ამ პერიოდის მანძილზე? არ ვიცით, რა სახის კომპრომატი შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ მისი მოქმედება, იძულება, რომ რაიონში წავიდა, რაღაცას ეძებდა, ძალიან ჰგავს დაშანტაჟებული ადამიანის მოქმედებას და შიშს, რომ რაღაცას ვერ ამბობს. დავუშვათ, რომ ადამიანმა შემთხვევით გახსნა ვიღაცის ფაილები და ნახა რაღაცა, ამ შემთხვევაში მოქმედებების არეალი ფართეა და მას შეუძლია თავი გადაირჩინოს. მაგრამ თუ სხვას აქვს შენზე კომპრომატი, მაშინ, გააჩნია კომპრომატს, რადგან ის სხვა ყველაფერს გაკეთებინებს.
საკმაოდ საინტერესო და დასაფიქრებელი ვერსია არის გამოძიებისთვის...
- არ ვიცი ოჯახს მოეწონება თუ არა, მაგრამ ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება. აუცილებლად, ამ მიმართულებითაც უნდა მუშაობდეს გამოძიება. რაც შეეხება სპეცსამსახურების კვალს, ერთი, ან ორი ადამიანისთვის კვალის წაშლა, რაც არ უნდა პროფესიონალები იყვნენ, თავის კვალს მაინც ტოვებენ. მაგრამ თუ სპეცსამსახურია ჩართული, რა თქმა უნდა, აქ ყველაფრი წინასწარ არის დაგეგმილი და კვალის დატოვება ძალიან მინიმალურია. მისი აღმოჩენა მხოლოდ მაღალ პროფესიონალ გამომძიებელს და სამსახურს შეუძლია.
რაც ჩვენს შემთხვევაში საკმაოდ მინიმალურია...
- არ ვიცი ხელისუფლების პრობლემაა, თუ შეგნებულად აკეთებენ, მაგრამ ფაქტია, რომ ამ საქმეზე შს მინისტრის მოადგილის პირველი ბრიფინგი იყო შეცდომა. შეცდომა იყო, რომდესაც მინისტრის მოადგილემ დაასახელა აფთიაქი, ფსიქოლოგი და მედიკამენტი. თავიდანვე ასეთი ხელოვნური კვალის შექმნა და ამით დამთავრება არ შეიძლებოდა. მით უფრო, როდესაც ინფორმაციულ ვაკუუმში ვართ, ეს წარმოშობს ძალიან ბევრ სულელურ ვერსიას, წარმოშობს დაძაბულობას და მათ შორის პოლიტიკურ დაძაბულობას და ვხედავთ, რომ ეს საქმე ნელ-ნელა მიდის პოლიტიკური დაძაბულობისკენ. არ ვიცი, რაში აწყობდა ეს შსს-ს. ხომ შეიძლება კვირაში ერთხელ ჩატარდეს ბრიფინგი, თუნდაც ზოგადი, რომ ოჯახი ასე არ ანერვიულონ და საზოგდოება არ ამყოფონ ასეთ დაძაბულ რეჟიმში.
შაქარაშვილის მსგავსად, ამ საქმემაც მიიღო პოლიტიკური შეფერილობა, ორივე შემთხვევაში ამას გამოძიებამ შეუწყო ხელი, რადგან თავიდანვე გამოძიების მოქმედებაში იყო შეცდომა, რამაც გააჩინა უნდობლობა...
- რასაკვირველია, როდესაც აღმოაჩინეს ამ გოგონას ცხედარი, მეორე დღეს შს მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ წინა დღეებში იყო აფთიაქში, შეიძინა მედიკამენტი, ჰყავდა პირადი ფსიქოლოგი. ე.ი. ჯერ არ გვაქვს გარდაცვალების მიზეზი, არ არსებობს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და ამ დროს ასეთი განცხადება, რა თქმა უნდა, შეცდომაა. არ ვიცი, ასე რატომ ხდება. ისმის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა - ჩვენ არ გვაქვს ინფომაცია, რა ეტაპზეა გამოძიება, რა სამხილები და მტკიცებულებებია საქმეში, რას ამბობს ექსპერტიზა. მხოლოდ ადვოკატის განცხადებები გვაქვს, რომელიც ხშირად გაუგებია. ფაქტია, რომ გამოძიება იმ დოზით არ თანამშრომლობს ოჯახთან, რაც აუცილებელია. არა მარტო გამოძიება, ხელისუფლებამაც უნდა ითანამშრომლოს, რომ ამ ხალხს ვინმემ თავ-გზა არ აუბნიოს.
რაც უკვე ჩანს და ამითაც უნდა დაინტერესდეს გამოძიება?
- თუ შევხედავთ რომელ ტელევიზიებში არიან მიწვეული ოჯახის წევრები, რა კითხვებს უსვამენ დღეში რამდჯერმე, როგორმე პოლიტიკური ნიშნით მიიღონ პასუხი, ყველაფერი ცხადია. კი ბატონო, პოლიტიკური ელფერი მიიღო და როდესაც ამბობს ხელისუფლება, რომ ოპოზიციას უნდა ამ საქმის პოლიტიკური ნიშნით გამოყენება, ყველა ოპოზიციური პარტია აკეთებს ამას, მაგრამ ხელისუფლების ინტერესშია, რომ მაქსიმალური ინფორმაცია გასცეს, რათა არ მოხდებს ხელოვნური, თუ ნამდვილი ბურუსის შექმნა. ისედაც ეტყობა, რომ საქმე არის რთული, მაგრამ ამ რთულ საქმეში დამატებით ხელოვნური ბურუსის შექმნა, კიდევ უფრო გაართულებს ვითარებას. კომპიუტერის წაშლა, მამისთვის იმის თქმა, რომ თქვენი შვილი შარშია, ამ კაცს ხომ არ დაესიზმრა, სწორედ აქ არის ბურუსი.
მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ გამოძიებამ უნდა ითანამშრომლოს ოჯახთან, რომ არ მოხდეს საქმის პოლიტიზირება და გარეშე ხელების ჩართვა, რისი ნიშნები უკვე არის. ყველა შემთხვევაში შსს და პროკურატურა ამბობს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე კომენტარი არ გაკეთდება, შემდეგ უკვე საგამოძიებო მასალები ჩნდება მედიის ხელში, რაც უფრო ართულებს გამოძიებას...
- რა თქმა უნდა, და აქ ჩნდება ლეგიტიმური კითხვა - ვის აწყობს ყველა გახმაურებული საქმეების დაძაბვა? შიგნით, სახელისუფლებო გუნდში ხომ არ არის ფარული დაპირისპირება, ან საბოტაჟი? საერთო ჯამში, ეს ავნებს ქვეყანას და პირველ რიგში დღეს მოქმედ ხელისუფლებას და საკმაოდ სერიზულად. არ ვიცი, ეს არის არაპროფესიონალიზმის შედეგი, თუ შეგნებულად საქმის გაფუჭება, მაგრამ საბოლოო ჯამში, საქმის გაფუჭება იწვევს პოლიტიკურ დაძაბულობას, რისი პირველი ნიშნები უკვე არის. ასევე, ელექტორატის დაკარგვას, მით უფრო, რომ ორ თვეში არჩევნებია.
რატომღაც, არავის მოსვლია აზრად. (ყოველ შემთხვევაში, არ შემხვედრია).
თავიდანვე ისეთი იმიჯი შეუქმნეს ამ გოგონას - ჯერ ბიჭთან რომ არ გაუვლია... ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი რომ ჰყავდა, მაგრამ თვითონ მხოლოდ პროფესიულ განვითარებაზე რომ იყო კონცენტრირებული... ისეთი მაღალი კლასის პროგრამისტი იყო, ანაბარზე 75 ათასი ლარი რა სალაპარაკოა, 500 დოლარი უნდა ჰქონოდა საათშიო... მანქანაც ახლახან იყიდა და ძალიან ბედნიერი იყოო...
ამ ყველაფრის შემდეგ, მისთვის სრულიად უცხო სოფელში რომ ეძებს რაღაცას თუ ვიღაცას, მომწყვდეული ნადირივით გამწარებული რომ აწყდება აქეთ-იქეთ ხან ვიღაცის ჭიშკარს, ხან ჩიხს... ხმას რომ არავის სცემს, ზედ რომ არავის უყურებს და უცებ - ასეთი საშინელი ამბავი!
რა უნდა იფიქრო სხვა, თუ არა რომელიღაც ქვეყნის სპეცსამსახურები, რომელთაც სწორედ ასეთ უცნაურ და არალოგიკურ ადგილზე დაუნიშნეს შეხვედრა!..
თანდათან კი, როგორც მავლინებელ ხსნარში ჩაგდებულ ფოტოქაღალდზე, ისეთი დეტალები გამოიკვეთა მის ირგვლივ, წარმოსახვით სურათზე რომ არც მოიაზრებოდა...
P.S.
უკვე აღარ მიკვირს, საერთოდ რომ არაფერს უყვებოდა თავის მშობლებს და არანაირ პირად პრობლემას რომ არ უზიარებდა მათ!..