დასავლეთ საქართველოში დაფიქსირებულმა ძლიერმა მიწისძვრამ ექსპერტები და საზოგადიება კიდევ ერთხელ აალაპარაკა სამშენებლო პროცესში არსებულ მძიმე ვითარებაზე. ასოციაციაში „მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე“ მიიჩნევენ, რომ საფრთხე ყოველდღიურად მატულობს. მათი უგულებელყოფა კი, თვითმკვლელობის ტოლფასია.
ასოციაციის თავმჯდომარე ანზორ საკანდელიძე ხელისუფლებას მშენებლობის სამინისტროს აღდგენის თხოვნით მიმართავს. სამინისტროს შექმნის აუცილებლობა გამოწვეულია იმ არალიცენზირებული და სიცოცხლისთვის სახიფათო მშენებლობების შესაჩერებლად, რომლებიც პოსტსაბჭოთა სივრციდან დღეს მხოლოდ საქართველოში ფიქსირდება.
„არ არსებობს მშენებლობების მარეგულირებელი ორგანო, რომელიც პასუხიმგებელი იქნებოდა მშენებლობების კანონიერებაზე და უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე. ამიტომ, მოვუწოდებთ ახალ ხელისუფლებას გამოასწოროს შევარდნაძე-სააკაშვილის ხელისუფლებების მიერ დაშვებული შეცდომა და აღადგინოს მშენებლობის სამინისტრო“, - განაცხადა ანზორ საკანდელიძემ.
მისივე თქმით, საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე მშენებლობები არის სახიფათო როგორც თავად მშენებლებისთვის, ისე შემდეგში ამ შენობებში შესული ხალხისთვის.
კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობაა ისეთ ახლადაშენებულ კორპუსებში, რომელთა აშენება გარკვეული დროის განმავლობაში შეჩერებული იყო და შემდეგ მოხდა მისი დასრულება. როგორც წესი, საქართველოში ე.წ. მიტოვებული მშენებლობების კონსერვაცია არ ხდება (რადგან ეს დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული), შესაბამისად, დროთა განმავლობაში ნახევრად აგებული შენობა ძლიერ ამორტიზაციას განიცდის და მწყობრიდან სწრაფად გამოდის. წლების შემდეგ ამგვარი მშენებლობის გაგრძელება და საცხოვრებლად ექსპლოატაციაში გადაცემა ყოვლად დაუშვებელია.
„სეისმური თვალსაზრისით, ყველაზე საშიში ზონებია მთიანი რეგიონები, რომელიც ადრე 8-ბალიანები იყო და ახლა 9 ბალამდე ავიდა. საფრთხე გაიზარდა თბილისშიც, სადაც ადრე 7-ბალიანები იყო, ახლა კი 8-მდე ავიდა. ზოგადად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველო მიწისძვრების თვალსაზრისით ძალზე აქტიურ და საშიშ ზონაში შევიდა.
2010 წლიდან ქვეყანაში საპროექტო ბალიანობა ერთი მაჩვენებლით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 7 ბალზე დაპროექტებული შენობა-ნაგებობები უნდა გადაპროექტებულიყო, მაგრამ ეს პროცესი ჩანასახშივე ჩაკვდა. არადა, ქვეყანა, რომელიც სეისმურად საშიში ზონაშია, იქ დაგეგმილმა ყველა პროექტმა სეისმური უსაფრთხოების თვალსაზრისით სპეციალური ექსპერტიზა უნდა გაიროს, მაგრამ საქართველოში ექპერტიზის სამსახურიც კი გაუქმდა და ბოლო წლებში შენობები ყოველგვარი შემოწმების გარეშე შენდება“, - აცხადებს საკანდელიძე.
მისი თქმით, ეს ეხება, როგორც ქართულ, ისე უცხოურ სამშენებლო კომპანიებს. ვინაიდან ქვეყანაში არ ფუნქციობს მშენებლობის სამინისტრო (რომელიც ამ საკითხებს არეგულირებდა), ამიტომაც, არათუ სეისმოუსაფრთხოებას, არამედ მშენებლობის ხარისხსაც კი არავინ ამოწმებს.
„როდესაც ასეთი არეული ე.წ. საკანონმდებლო ბაზაა (რომელსაც ფორმალურად ჰქვია ეს სახელი), მშენებლობას ყველა ისე აწარმოებს, როგორც მისთვის არის მომგებიანი. კერძოდ, შემოსულ სამშენებლო კომპანიებს უფლებას აძლევენ აქ მოქმედი სამშენებლო ნორმებითა და კანონებით ისარგებლონ, რაც არც ერთ ქვეყანაში (მათ შორის, პოსტსაბჭოთა სივრცეში) არ ხდება, ყველა ქვეყანაში არსებობს მშენებლობის სამინისტრო, რომელიც ამ სფეროს არეგულირებს. ახლა ვთხოვეთ ახალ ხელისუფლებას, მიხედოს ამ საქმეს, მათ მივაწოდეთ ოპტიმალური ვარიანტი”, - ამბობს ანზორ საკანდელიძე.
„ბიპიაის“ ინფორმაციით, მთელი მსოფლიოს მეცნიერები მუშაობენ, რათა როგორმე მოახდინონ პრევენცია დამანგრეველი მიწისძვრებისგან მიღებული სავალალო შედეგების თავიდან ასაცილებლად. ყველა ნორმალური ქვეყნის ხელმძღვანელობა ცდილობს, ნომინალური მსხვერპლი მიიღოს, საქართველოში ამაზე არავინ ფიქრობს. არადა, თუ მშენებლობების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკა არ შეიცვლება, ძალიან ცუდ შედეგს მივიღებთ.
„წლებია უკვე ვამბობთ, რომ კავკასიის ქედზე რღვევები დაიწყო, რის გამოც მიწისძვრები გახშირდება და ბიძგების სიმძლავრის მომატება გარდაუვალია. ამაზე საუბრობდა, გეოფიზიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, აკადემიკოსი ჭილაძეც.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა მხოლოდ 20%-ით არის დაცული, რაც იმას ნიშნავს, რომ 7-8-ბალიანი მიწისძვრის შემთხვევაში ქვეყანაში არსებული შენობა-ნაგებობების 20% გადარჩება“, - აცხადებს სამშენებლო ასოციაციის თავმჯდომარე.
ცალკე საკითხია ის, რომ საქართველოში არ ხდება სამშენებლო მასალების ექსპერტიზა და ეს ყველაფერი მხოლოდ დეველოპერთა კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების ერთობლიობა კი არცთუ შორეულ მომავალში მძიმე შედეგებს მოიტანს.