"ჩინოვნიკებს ყველანაირი პრივილეგია ჩამოერთმევათ და ამოღებული თანხები სწორედ გაჭირვებული ხალხისკენ წავა. „დაჩები“, ყველანაირი მშენებლობები, ყველანაირი პრივილეგიები, რაც ჰქონდათ ჩინოვნიკებს, ყველაფერს ჩამოვართმევთ და გამოვაქვეყნებთ. არანაირი წყნეთი, არანაირი „დაჩები“, ყველაფერი გავაჩერეთ, ეს თანხები თქვენსკენ წამოვა“, - განაცხადა ცოტა ხნის წინ ბიძინა ივანიშვილმა და მართლაც, სოციალურად დაუცველებისთვის გამოიძებნა სახსრები დახმარების გასაორმაგებლად.
უნდა იყოს თუ არა ჩინოვნიკი პრივილეგირებული, პოლიტიკასა და სახელმწიფო სამსახურში ჩადგომა მექანიკურად ნიშნავს თუ არა ცხოვრების უკეთესად მოწყობას, გამდიდრების ყველაზე საუკეთესო და სწრაფ საშუალებას თუ სახელმწიფო სამსახურში ყოფნა უპირველესად მოვალეობაა. დაიმსხვრევა თუ არა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში ის სტანდარტი, რასაც ჩინოვნიკობა გულისხმობდა მრავალი წლის განმავლობაში - რამდენიმე ძვირადღირებულ ავტომანქანას, აგარაკებს, ფეშენებელური სახლების მშნებლობას, წილებს ბიზნესებში და ა.შ. ამ თემებზე ექსპერტი ვაჟა ბერიძე გვესაუბრება.
ბატობო ვაჟა, ცოტა არ იყოს მემარცხენე განცხადებაა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, მაგრამ სამართლიანობის თვალსაზრისით, როგორ ფიქრობთ, უნდა იყოს თუ არა ჩინოვნიკი პრივილეგირებული?
- მემარცხენე რამდენად არის ვერ გეტყვით, მაგრამ არის აბსოლუტურად რეალისტური და საღი განცხადება, რადგან მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის ჩანაფიქრი, ბოლო მოეღოს ჩინოვნიკების პრივილეგიებს და ხალხის ხარჯზე ფუფუნებაში ცხოვრებას, როდესაც თვითონ ხალხი სიღატაკეშია სავსებით სამართლიანია.
სახელმწიფო მოხელე, გნებავთ პოლიტიკოსი, დაუშვებელია, იმაზე ბევრად უკეთ ცხოვრობდეს, ვიდრე საშუალო სტატისტიკური ქართველი. ამიტომ ვთვლი, რომ აბსოლუტურად საღი მიდგომაა.
თანამედროვე მსოფლიოში მემარცხენე-მემარჯვენეობის კლასიკურმა გაგებამ აზრი დაკარგა. როდესაც ბრიტანეთს ლეიბორისტები მართავდნენ, მათი პოლიტიკა გაცილებით კონსერვატიული შეიძლებოდა ყოფილიყო, ვიდრე ახლა, კემერონის მოსვლის შემდეგ კონსერვატორების სოციალური პოლიტიკაა. ასე რომ, კონსერვატორები უფრო მემარცხენეებად მოგეჩვენებათ ვიდრე ლეიბორისტები იყვნენ, ხოლო ლეიბორისტები უფრო მემარჯვენეებად და კონსევატორებად ვიდრე იყვნენ ადრე კონსერვატორები. ასე რომ, ეს ბუნებრივი პროცესია.
მინდა ხაზი გავუსვა, რომ ბიუროკრატია მართავს, ბიუროკრატიის გარეშე სახელმწიფო არ არსებობს. ბიუროკრატია არის სახელმწიფოს ხერხემალი, რა თქმა უნდა, არა მპარავი და არაკორუმპირებული ბიუროკრატია არის სახელმწიფოს ფუნქციონირების ხარისხის მაჩვენებელი. მაგალითად, ამ მხრივ სანიმუშოა ბენილუქსის, სკანდინავიის ქვეყნები, იგივე, გერმანია, ანუ განვითარებულ ქვეყნებში ბიუროკრატიაც სანიმუშოა.
სამაგიეროდ, ეროვნული ტრაგედიაა ბიუროკრატია რუსეთისთვის, სადაც არის ფაქტობრივად, კლეპტოკრატიის ელემენტები და კორუფცია ყოველდღიური მოვლენაა. პრივილეგიები არადემოკრატიულ ქვეყნებში ჩინოვნიკს აქვს ყოველთვის.
დემოკრატიულ ქვეყნებში მათ აქვთ სოლიდური ხელფასი, რითაც სოლიდურად შეუძლიათ ცხოვრება, ოღონდ კერძო სექტორში იმავე კვალიფიკაციით საქმიანობა მათთვის უფრო მაღალანაზღაურებადია, ვიდრე სახელმწიფო სექტორში. სახელმწიფო სექტორში სოციალური დაცულობის მექანიზმები ევროპაში უფრო მეტია და ზოგჯერ არჩევანის წინაშეც კი დგას კვალიფიციური სპეციალისტი გერმანიაში, რადგან კერძო სექტორში მეტს უხდიან, ვიდრე სახელმწიფო სექტორში და ბევრი კერძო სექტორში ამჯობინებს დარჩენას.
იქ სადაც არჩევანი არ არის, მაგალითად, საქართველოში, დასაქმების ლამის ერთადერეთი სფერო ბოლო წლების განმავლობაში იყო სახელმწიფო სამსახური - საბიუჯეტო სფერო. პრივილეგიებიც ყოველთვის ჰქონდა ბიუროკრატიას საქართველოში.
ბიუროკრატიის პრივილეგირებულობის თემა ახალი არ არის საქართველოსთვის გვახსოვს შევარდნაძის ჩინოვნიკები, რომლებსაც ოფიციალურად საშუალო ქართველზე მეტი შემოსავალი არ ჰქონდათ, თუმცა სწრაფად მდიდრდებოდნენ. სააკაშვილი სწორედ ამის გამოსასწორებლად მოვიდა ხელისუფლებაში და ჩინოვნიკები კორუმპირებულები რომ არ ყოფილიყვნენ, მაღალი ხელფასები დაუნიშნა. თუმცა ვხედავთ, რომ ამით ეს პრობლემა არ გადაჭრილა...
- ჩინოვნიკებს პრივილეგიები ჰქონდათ საბჭოთა პერიოდშიც - ისინი იყვნენ ერთადერთი სოციალური ფენა საბჭოური ცხოვრების პირობებში. ჩინოვნიკობის თანმდევი პროცესი იყო ავტომანქანები თავის ფასში და აგარაკები წყნეთსა თუ ოქროყანაში და ა.შ.
ეს იყო საკმაოდ სოლიდური საბჭოური პრივილეგიები და მისი დაკარგვა ძალიან გაუჭირდათ მაშინდელ ჩინოვნიკებს. შემდეგ მოვიდა გამსახურდია, მაგრამ მისი ბიურიკრატია არც ჩამოყალიბებულა, იმდენად ცოტა ხნის განმავლობაში იყო ხელისუფლებაში. შემდეგ იყო შევარდნაძე, რომელსაც ჰქონდა საბჭოური მენტალობა, წესიერების და ბიუროკრატიის აღქმისა და მის დროს ხელფასები იყო ძალიან დაბალი. თვითონაც დაბალ ხელფასს იღებდა. ადამიანებს, ბუნებრივია, აქვთ გარკვეული მოთხოვნილებები და ამის გამო ყველა გადასული იყო რაღაც სხვა დამატებითი, უპირატესად უკანონო წყაროების მოძიებისკენ.
სხვათა შორის, მე ვიყავი იმ ჯგუფის წევრი, რომელმაც მოამზადა სახელფასო პოლიტიკის რეფორმა და შევთავაზეთ შევარდნაძეს, მოემატებინა სახელმწიფო მოხელეებისთვის ხელფასები, მათ შორის პარლამენტის წევრებისთვის, რომ მათ არ ეფიქრათ საკუთარ ბიზნესებზე, გვერდით შემოსავლებსა და ბიუჯეტის ძარცვაზე. მაშინ მან ამაზე უარი თქვა და განაცხადა, ვისაც არ უნდა, წავიდეს სახლშიო.
ბევრი კეთილსინდისიერი ადამიანი ხელისუფლებიდან კერძო სექტორში წავიდა, სხვათა შორის, ასეთებიც იყვნენ იმ პერიოდში, მაგრამ 1999-2000 წლებიდან უკვე ჭაობი გახდა ხელისუფლება, ლამის ტოტალური კორუფცია გამეფდა, რამაც შემდეგ გამოიწვია ე.წ. „ვარდების რევოლუცია“.
თუმცა შემდეგ მივიღეთ კორუფციის უკვე სხვა სახეობა...
- აბსოლუტურად განსხვავებული იყო სააკაშვილის მიდგომა, უფრო რეალისტური, იმ თვალსაზრისით, რომ ხელფასების გაზრდა გადაწყდა და სახელმწიფო მოხელეებს და პოლიტიკოსებს იმდენი ხელფასი ჰქონოდათ, არ ეფიქრათ ქრთამსა და კორუფციაზე.
საბოლოოდ, ამანაც მიიღო საპირისპიროდ რადიკალური და მახინჯი ფორმა. ხელფასები გაიზარდა არაადეკვატურად საზოგადოების სოციალური კეთილდღეობის გათვალისწინებით. განსაკუთრებით ე.წ. მარეგულირებლებში ეს მკაფიოდ გამოიხატა, სადაც 20-30 ათასლარიანი ხელფასები დღემდე არსებობს.
ახლახანს გამოვლინდა, რომ თურმე საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოშო 40-ათასიანი ხელფასებიც ყოფილა. ასეთ სამეთვალყურეო საბჭოებში 40-50 კაცი მაინც მუშაობდა და ისინი ძირითადად, ხელისუფლებასთან დაახლოებული პარლამენტარები იყვნენ, რომლებიც ხელფასის გარდა ასეთი შემოსავლებითაც იყვნენ დაჯილდოებულები.
ყველასათვის ცხადია რა რაოდენობის პრემიები, სხვათა შორის, ძალზე ეშმაკურად შემოღებული პრემიები ჰქონდათ მინისტრებს, მათ მოადგილეებს, სამოხელეო აპარატს, პარლამენტის წევრებს და ა.შ.
აქ მეორე უკიდურესობაში გადავვარდით - როდესაც სამოხელეო აპარატს ასეთი ხელფასები ჰქონდა, გაეროს მონაცემებით, 62% მოსახლეობისა ცხოვრობს სიღატაკის ზღვარს მიღმა. როდესაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი სიღატაკის ზღვარს მიღმაა, არ შეიძლება სამოხელეო სექტორს ასეთი ფანტასტიკური ხელფასები ჰქონდეს.
ნაციონალებმა მიაღწიეეს იმას, რომ დაბალ ეშელონებში კორუფცია აღმოიფხვრა, სამაგიეროდ ტოტალური გახდა ელიტური კორუფცია და ამის უამრავი ფაქტი შეიძლება მოვიძიოთ. იგივე კონკურენციის გაქრობასთან, იმპორტის მონოპოლიზებასთან ერთად, ეს ყველაფერი პირდაპირ და ზოგჯერ ირიბად მიუთითებს იმაზე, რომ პრივილეგიები სააკაშვილის პერიოდის ბიუროკრატიასაც ჰქონდა და საკმაოდ წონადი პრივილეგიები.
ამ პრივილეგიებში შესაძლოა ე.წ. „დაჩები“ აღარც კი არის მოდური, მაგრამ სამაგიეროდ, არის მოგზაურობა უცხოეთში და მისი დაფინანსება, ხშირად არასამსახურებრივი მიზნით დაფინანსებული თანხებიც გვხვდება, როგორც თბილისის მერის, უგულავას ლას-ვეგასში მოგზაურობის შემთხვევაში. ასეთი ფაქტი ოყო უამრავი და ასეთი არაპირდაპირი პრივილეგიები უამრავი ჰქონდა იმ ნაცელიტას, რომელიც ხელისუფლების სათავეში მოვიდა.
ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ეს ყველაფერი აღარ იქნება...
- ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ამ ყველაფერს ბოლო უნდა მოეღოს. აბსოლუტურად მისაღებია, თუმცა ერთი პატარა რემარკი მინდა გავაკეთო. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს ზომიერად, სახელმწიფო მოხელის ხელფასი უნდა იყოს მისი აუცილებელი საჭიროების მოგვარებისთვის თანაზომადი, რომ მაგალითად, მინისტრს ან რაიონის გამგებელს აუცილებელი მომსახურებისა და საჭიროებებისათვის, კვება-ჩაცმა და ქალაქში თავისუფლად გადაადგილება შეეძლოს.
თუმცა ამ ეტაპზე ლაპარაკია აგარაკებსა და მათ მშენებლობებზე...
- არ მგონია მარტო ეს იგულისხმებოდეს. აგარაკები და მშენებლობები თუკი სახელმწიფოს ხარჯზე აქვს ბიუროკრატიას, არ მგონია, მასშტაბებით დიდი იყოს. მაგრამ თუ არის, რა თქმა უნდა, უნდა ჩამოერთვათ სახელმწიფო მოხელეებს.
როდესაც მსგავსი პროცესი წამოიწყო სააკაშვილმა და ყოფილი ჩინოვნიკებისთვის ქონების ჩამორთმევა დაიწყო, საზოგადოება გაკულაკებაზე ალაპარაკდა, ახლაც ხომ არ იქნება ასეთი საფრთხე?
- რატომ გაკულაკება? მოცემულ შემთხვევაში საუბარია არა კერძო საკუთრების ჩამორთმევაზე, არამედ სახელმწიფოს მიერ მინიჭებული გარკვეული პრივილეგიების ჩამორთმევაზე კასტისთვის, რომელსაც ისედაც ძალიან მაღალი ხელფასები აქვთ.
ეს ხომ არ გამოიწვევს დასავლეთის მხრიოდან კრიტიკას, რომ აი, ახალი ხელისუფლება ყოფილ ჩინოვნიკებს ავიწროებს. ძალიან ბევრია ერთ ლარად გაყიდული აგარაკები, სახლები, ავტომანქანები და ეს ყველაფერი სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს აქვთ მიღებული. ისიც კი გააკეთა სააკაშვილის მთავრობამ, რომ მოსამართლეებს დაურიგა ერთ ლარად სახლები...
- ეს ყველაფერი უნდა გადაიხედოს. ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა გავითვალისწინოთ დასავლეთის ცივილიზებული სამყაროს აზრი, ევროკავშირის ქვეყნების, აშშ-ს პოზიცია, მაგრამ ამავე დროს მკაფიოდ უნდა ვუთხრათ ჩვენს მოკავშირეებს, რომ საქართველო არ არის მაიმუნების ვოლიერი, სადაც გარედან აკვირდებიან და თუ მზესუმზირას მიირთმევენ ევროპაში, ჩვენც უნდა გავიმეოროთ.
რაც მისაღები აქვთ, ეს არის არაკორუფციული გარემო, სახელმწიფო მოხელეების აბსოლუტური თანაზომადობა, ეს ყველაფერი უნდა გადმოვიღოთ, მაგრამ იმის შიშით, რომ ვაითუ დასავლეთში ეს ისე არ აღიქვან, როგორც საჭიროა, ამის შიშით ჩვენ არაფერი მოვიმოქმედოთ. ასეთი მიდგომა არ გვექნება და უნდა გავაკეთოთ ის, რასაც ქართული საზოგადოება მიიჩნევს აუცილებლად. მისი აბსოლუტური უმრავლესობა თვლის, რომ როდესაც მინისტრს აქვს ხელფასი რამდენიმე ათასი ლარი, პენსია 100 და 120 ლარი არ უნდა იყოს.
ბიძინა ივანიშვილის თავის გამოსვლებში ახსენებდა სოციალური სამართლიანობის აღდგენასაც, ალბათ, ეს ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს, თუმცა, ალბათ, ეს პროცესი საკმაოდ რთული იქნება...
- ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილს აქვს შესანიშნავი შანსი, რომ პირველად იყოს ხალხის მიერ მართული ქვეყნის ხელმძღვანელი. საქართველოში აქამდე ხალხს ქვეყანა არ უმართავს არც შევარდნაძის დროს არც მანამდე და არც მას შემდეგ. ამიტომ ივანიშვილს აქვს ამისი შანსი და ხალხი არ მოითმენს იმას, რომ ენერგეტიკის მარეგულურებელს, რომელიც ფაქტობრივად არაფერს არ აკეთებს და ახლაც, სხვათა შორის, დენისა და გაზის ტარიფთან დაკავშირებულ დისკუსიაში სართოდ არ გამოჩენილან, რატომ უნდა ჰქონდეს 30 ათასი ლარი ხელფასი? ეს აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელია როგორც ხალხისთვის ასევე ჩემთვის, როგორც ერთი, რიგითი მოქალაქისთვის.
თავის დროზე ეს კომისიები იმისთვის შეიქმნა, რომ ხალხის ინტერესი დაეცვათ, მერე შეეცვალათ ფუნქცია...
- ეს მარეგულირებლები თავის დროზე ჩვენი ამერიკელი მეგობრების რჩევით შეიქმნა. მათ ენიჭებოდათ საკმაოდ სერიოზული ფუნქცია, აბსოლუტურად დამოუკიდებლები უნდა ყოფილიყვნენ მთავრობისგან და სხვადასხვა სფეროში მიმდინარე პროცესების კოორდინაცია მოეხდინათ.
თუმცა, შემდეგ როგორც ხდება, სააკაშვილის ხელისუფლებამ აბსოლუტური დიქტატი დაამყარა და დაიმორჩილა, მათ პირდაპირი რეგულირების ფუნქცია არ ჰქონდათ, ყველაფერს მართავდა სააკაშვილის მთავრობა. უბრალოდ, ასტრონომიული ხელფასები დარჩათ, რამაც არანაირი შედეგი არ მოიტანა და ეს მარეგულირებლები საერთოდ ანაქრონიზმად იქცა.
ჯანდაცვის მინისტრმა უკვე გააკეთა განცხადება, რომ გარკვეულ სფეროებში გამოთავისუფლებულმა ხარჯებმა სოციალური დახმარებების გაორმაგების საშუალება მისცა სახელმწიფოს. როგორ ფიქრობთ გამოთავისუფლებული თანხები სერიოზულად დაეხმარება ხელისუფლებას აღებული სოციალური ვალდებულებებვის შესრულებაში?
- რა თქმა უნდა, დაეხმარება, რადგან ხელისუფლებას ის დაპირებები აქვს შესასრულებელი, რაც ხალხს მისცა. ჯანდაცვა, სოციალური სფერო, პენსიები, ამ ყველაფერს დიდი თანხები სჭირდება. სერიოზული თანხებია გამოსაძებნი იმისათვისაც, რომ თითოეული მოქალაქე იყოს დაზღვეული და ხელმისაწვდომი იყოს ჯანდაცვა. როგორც ეს ხელისუფლება ამბობს,ოჯახის ერთი წევრის ავად გახდომა არ უნდა აჩანაგებდეს ოჯახს.
ძალიან ბევრი ჩანაფიქრია და ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ფინანსები სჭირდება. ეს დაზოგილი სახსრები, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს სოციალური ვითარების დასტაბილურებას. თუმცა, ეს პრივილეგიების ჩამორთმევა არ უნდა გახდეს შევიწროების და ბიუროკრატების გაღატაკების საფუძველი. ამ ყველაფერს ფაქიზი, ფრთხილი მიდგომა სჭირდება და დარწმუნებული ვარ, მთავრობა საზოგადოებაასთან ერთად ამ პროცესს ფრთხილად მიადევნებს თვალყურს.