ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატს „ნაციონალური მოძრაობიდან“ როლანდ ახალაიას შესაძლოა სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდეს. ტელეკომპანია „მაესტროს“ ინფორმაციით, ამის შესახებ სამეგრელოს საოლქო პროკურორმა, ვალერი იოსავამ განაცხადა. ამის მიზეზად მან დაკითხვაზე ახალაიას გამოუცხადებლობა დაასახელა.
პროკურორის განცხადებით, როლანდ ახალაიას ძალიან მძიმე ბრალდება აქვს. ეს არის დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვის ფაქტები. ამ მძიმე ბრალდებას უნდა პასუხის გაცემა, ხოლო თუ ახალაია ამ კითხვებს პასუხს არ გასცემს, პროკურატურა დაკითხვაზე იძულებით ვერ მიიყვანს, ვინაიდან ის არის პარლამენტის წევრი.
ვალერი იოსავას თქმით, პროკურატურას ბრალი მომზადებული აქვს და დადასტურებულად მიაჩნია. ამიტომ მას მხოლოდ ის დარჩენია, რომ მის ზემდგომ ორგანოს მიმართოს, რათა მთავარმა პროკურატურამ პარლამენტს როლანდ ახალაიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნა წაუყენოს. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს სამეგრელოს პროკურატურა ახალაიასთვის ბრალის წაყენებას.
For.ge სამეგრელოს საოლქო პროკურორს, ვალერი იოსავას დაუკავშირდა, რათა გაერკვია, კონკრეტულად რას ედავება მისი უწყება დეპუტატ როლანდ ახალაიას.
ვალერი იოსავა: „როლანდ ახალაიას შემთხვევაში ბრალდების სამი ეპიზოდია, რომლებიც შემდეგ ერთ საქმედ გავაერთიანეთ. ამ სამ ეპიზოდში ცხრა დაზარალებულია.
ეს საქმეები ამ დაზარალებულების საფუძველზეა აღძრული?
- დაზარალებულების საჩივრების საფუძველზე არის აღძრული, ხოლო კიდევ ერთ ეპიზოდს ჩვენს მიერ სხვა საქმის გამოძიებისას წავაწყდით, ანუ ჩვენ სხვა საქმეს ვიძიებდით და იმ საქმეში როლანდ ახალაიას ბრალეულობა გამოიკვეთა. დაზარალებულების საჩივრებს რაც შეეხება, ეს ადამიანები წლების მანძილზე ჩიოდნენ. ყველა ეპიზოდი ქრთამის გამოძალვას ეხება, მათ შორის, ერთი არის შენობა-ნაგებობის იძულების წესით ჩამორთმევა.
ბატონო ვალერი, ალბათ, ეს ყველა ბრალდება როლანდ ახალაიას პროკურორობის პერიოდს ეხება და იქნებ გვითხრათ, როგორ ხდებოდა ამ ქრთამების გამოძალვა?
- დიახ, ეს მისი პროკურორობის პერიოდს ეხება. ერთ მაგალითს მოგიყვანთ და მიხვდებით, როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი. როდესაც ბრალდებულს საპროცესო შეთანხმებას უფორმებენ, მას აძლევენ საბანკო ანგარიშის ნომერს, რომელზეც საპროცესოსთვის გადასახდელი თანხა უნდა ჩარიცხოს. ამის პარალელურად, ბრალდებულებს აძლევდნენ მეორე ანგარიშის ნომერსაც და თუ ვთქვათ, საპროცესოს სანაცვლოდ პირველ ანგარიშზე 10 000 ლარი უნდა გადაერიცხა, მეორე ანგარიშზე 150 000 ლარი უნდა შეეტანა (ერთ შემთხვევაში ასე იყო). ამასთანავე, სანამ ეს 150 000 ლარი არ ჩარიცხა, მიუხედავად იმისა, რომ ის 10 000 ლარი უკვე გადახდილი ჰქონდა, საპროცესოს მაინც არ უფორმებდნენ, ხოლო როგორც კი ეს 150 000 ლარი გადაიხადა, ეს პიროვნება მესამე დღესვე პატიმრობიდან განთავისუფლდა.
ვისი ან რის ანგარიშია ეს მეორე ანგარიში, რომელზეც ბრალდებულებს თანხის ჩარიცხვას აიძულებდნენ?
- ეს არის ერთ-ერთი კერძო ფირმის ანგარიში.
ამ კერძო ფირმაში როლანდ ახალაიას ინტერესი იკვეთება?
- დიახ, არაოფიციალურად ეს ასეა, მაგრამ ამ შემთხვევაში ამას მნიშვნელობა არ აქვს. ყველა ვარიანტში ეს ქრთამის გამოძალვაა.
მთლიანად რა რაოდენობის თანხის გამოძალვაზეა საუბარი?
- ერთ ეპიზოდში არის 60 000 ლარი, მეორე ეპიზოდში - 150 000 ლარი, მესამე კი არის მშენებარე შენობა ქალაქ ფოთში.
ეს შენობაც საპროცესო გარიგების სანაცვლოდ გამოსძალეს ვინმეს?
- არა, ამ შემთხვევაში საქმე სხვანაირად იყო, უბრალოდ როლანდ ახალაიას მოეწონა ეს შენობა. გეტყვით, რაშიც არის საქმე, ქალაქ ფოთის მერია განთავსებულია ოთხსართულიან შენობაში, რომელიც სამი პიროვნების კერძო საკუთრებაშია. მერიას კი ამ ადამიანებისგან იჯარით აქვს შენობა აღებული. რადგან ფოთის მერიას საკუთარი შენობა არ აქვს, სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ მის გვერდით ახალი შენობა აეშენებინა. მშენებლობა დაიწყო და როლანდ ახალაიას ეს მშენებარე შენობა მოეწონა. დაიბარეს ის სამი პიროვნება (რომელთა საკუთრებაში არსებულ შენობაში არის ფოთის მერია განთავსებული) და უთხრეს, რომ ეს შენობა ფოთის მერიისთვის ეჩუქებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჭერით დაემუქრნენ. ის ადამიანები იძულებულები იყვნენ ეს მოთხოვნა შეესრულებინათ. ამდენად, ფოთის მერიას უკვე საკუთარი შენობა აქვს, ის მშენებარე შენობა კი აუქციონზე გაიტანეს და როლანდ ახალაიას დის შვილმა, თუ ძმის შვილმა (ზუსტად არ ვიცი) შეიძინა.
რაც შეეხება როლანდ ახალაიას დაკითხვაზე არ გამოცხადებას, პარლამენტის დეპუტატი არ არის ვალდებული, რომ მოწმის სახით დაკითხვაზე გამოცხადდეს?
- ვალდებულია, რომ გამოცხადდეს, მაგრამ გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ჩვენ არანაირი ზომების მიღება არ შეგვიძლია. ვინაიდან როლანდ ახალაია პარლამენტის დეპუტატია, ჩვენ მისი საკითხი ჩვენს ზემდგომ სტრუქტურაში (მთავარ პროკურატურაში) უნდა დავაყენოთ, ის კი ახალაიას პარლამენტიდან გამოიწვევს და ბრალდებას წაუყენებს.
რომელი მუხლით არის საქმე აღძრული და რა სასჯელს ითვალისწინებს იგი?
- ეს არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლი (ქრთამის გამოძალვა), რომელიც 11-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ამდენად, თქვენ ახლა ხელ-ფეხი შეკრული გაქვთ და სანამ როლანდ ახალაიას სადეპუტატო იმუნიტეტი იცავს, მის მიმართ ვერანაირ ქმედებებს ვერ გაატარებთ?
- მე ჩემი მოვალეობა მოვიხადე და ახლა უკვე ზემდგომმა უწყებამ უნდა იმოქმედოს.
როლანდ ახალაია მისი ოჯახის მიმართ პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს და ამბობს, რომ მზად არის ნებისმიერ კითხვას საჯაროდ გასცეს პასუხი.
- რას ნიშნავს საჯაროდ, დაკითხვა ტელეხიდის მეშვეობით მოვუწყოთ? ასეთი რამეს საპროცესო კანონმდებლობა არ იცნობს. საერთოდ, როლანდ ახალაია გამოცდილი კაცია და ჩვენთან დაკითხვაზე მოსვლა მის ინტერესში შედიოდა, რადგან მე მას ვერც ბრალს წავუყენებ და ვერც დავიჭერ. ამიტომ, მისთვის ყველაზე ხელსაყრელი იქნებოდა, მოსულიყო და ჩვენს ბრალდებებზე საკუთარი არგუმენტები მოეტანა. მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა მოსულიყო და როგორც მითხრეს, აპირებდა კიდეც, მაგრამ როგორც ჩანს, მრჩევლებმა ურჩიეს, რომ არ მოსულიყო. ალბათ, მას არგუმენტები არ გააჩნია, თორემ ხომ მოვიდოდა?