ვანო მერაბიშვილი, რომელიც ნაციონალური ხელისუფლების „ხერხემალი“ იყო, დღეს მისი თანაგუნდელებისთვის სასურველი ფიგურა აღარ არის. პატიმრობიდან განთავისუფლებული მერაბიშვილი მის პოლიტიკურ მომავალს „ნაციონალურ მოძრაობას“ უკავშირებდა. მეტიც, საკუთარი კანდიდატურის დაყენებას ახალციხეში აპირებდა, დარწმუნებული იყო, რომ არჩევნებს მოიგებდა, რადგან მშობლიურ რეგიონში საკმარისი ავტორიტეტი აქვს, მაგრამ მისი ადგილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ აღმოჩნდა. ყოფილ შს მინისტრს კარი მიუხურეს „ევროპულ საქართველოშიც“. შესაბამისად, მერაბიშვილის გეგმა განუხორციელებელი დარჩა.
ვანო მერაბიშვილმა სოციალური ქსელით საზოგადოებას აცნობა, რომ არ იქნება პარლამენტის წევრი და არც რომელიმე თანამდებობას დაიკავებს მომავალ მთავრობაში, არამედ ჩაერთვება ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ასევე ამბობს, რომ ოპოზიციიდან პოლიტიკური ვაჭრობაზე, მანდატებისა და სკამების გადანაწილებაზე უფრო ხშირად საუბარობენ, ვიდრე საზოგადოებისთვის ალტერნატივის შეთავაზებაზე.
„ამ არჩევნებში გადამწყვეტი იქნება არა ის, რას იზამს „ქართული ოცნება“, რადგანაც ის უკვე გუშინდელი დღეა, გადამწყვეტი იქნება ის, თუ რამდენად შევძლებთ ჩვენ, საერთო ეროვნული მიზანი დავაყენოთ საკუთარ კარიერაზე, პირად ამბიციებზე მაღლა, ვიბრძოლოთ არა საკუთარი თავისთვის, არამედ ქვეყნის მომავლისთვის. დღეს, სამწუხაროდ, ოპოზიციიდან უფრო ხშირად ისმის პოლიტიკური ვაჭრობა, მანდატებისა და სკამების გადანაწილებაზე საუბარი, ვიდრე საზოგადოებისთვის ალტერნატივის შეთავაზება. განახლებული „ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთადერთი ძალა, რომელსაც შესწევს უნარი, გადამწყვეტი როლი შეასრულოს ამ ბრძოლაში, დაასრულოს არჩევნები გამარჯვებით და ხალხს დაუბრუნოს მომავალი“, - წერს ვანო მერაბიშვილი.
მერაბიშვილის ტონი დაუწუნა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ და აღნიშნა, რომ ეს არის არა ვაჭრობა, არამედ კონსულტაციები. მისი თქმით, პოლიტიკური პროცესი არის - ვაჭრობაც, გარიგებაც, კონსულტაციაც და სამწუხაროდ, ცუდმა პარტიებმა იციან გადაგდებაც.
„ეს არის პოლიტიკური ცხოვრება. ჩვენ ამ საარჩევნო ციკლში პატიოსნად მოვედით, არავინ მოგვიტყუებია და პარტიებთან უპრეცედენტო გარიგება გავაკეთეთ დედაქალაქის სახით. სიტყვა - „ვაჭრობას“ მაკომპრომიტირებელ გამონათქვამად არ განვიხილავდი. რაც შეეხება პოლიტიკურ ვაჭრობაზე გამონათქვამს, ეს იყო უკვე ამ პოლიტიკური პროცესიდან გათიშული ადამიანის, უკვე ნეიტრალური, გაბრაზებული ადამიანის გამონათქვამი, რომ მეტი კონსოლიდაცია არის საჭირო ოპოზიციას შორის. ეს შეიძლება სამომავლოდაც გაფრთხილება იყოს, რომ მთავარია, არა ვაჭრობა, არამედ კონსოლიდაცია, რომ ხელისუფლება შევცვალოთ. ბუნებრივია, როცა არჩევნები დამთავრდება, მთავრობის ფორმირებაში იქნება სხვადასხვა ინტერესები გამოხატული. გინდ, ამას ვაჭრობა უწოდეთ და გინდ, შესაბამისი ზომით პრეტენზიების გამოთქმა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილი იმ პიროვნებათა რიგს განეკუთვნება, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მმართველობა სადისტური მეთოდების გამოყენებით მართებული იყო. ის დანაშაულებები, რაც ხდებოდა, იმისთვის იყო საჭირო, რომ წესრიგი ყოფილიყო ქვეყანაში.
„დანაშაულებებთან მიმართებაში რაიმე ბოდიშის თქმის ან სინანულის დემონსტრირებისთვის არც ვანო მერაბიშვილი და არც ბევრი ადამიანი, ვინც მასთან ერთად მართავდა ამ ქვეყანას, მოწოდებული არ არის. ასეთ პირობებში რა განცხადებას გააკეთებს, როგორ შეაფასებს მიმდინარე პროცესებს, ნამდვილად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მით უმეტეს ბრძოლა კონკრეტულ პოლიტიკურ ოპონენტებთან, ვისაც ის ასახელებს, შეიძლება სამართლებრივად ლეგიტიმურია, მაგრამ არალეგიტიმურია მორალურად. მან გარკვეული პერიოდი უნდა აიღოს, რომ ჩაფიქრდეს - რას აკეთებდა, რისთვის დაისაჯა და არის თუ არა ეს სასჯელი ობიექტური, რომელიც მის მიმართ იქნა გამოტანილი“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.
მისი თქმით, ადამიანები, ვინც დღეს პოლიტიკურ რევანშზე საუბრობენ, თითოეული მათგანი არც ერთი ნიშნით საზოგადოებას იმის საფუძველს არ აძლევენ, რომ უკეთესი პირობა ექნებათ თუკი, ოდესმე, ხელისუფლებაში მოვლენ.
ვოლსკის პოზიციას იზიარებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე, რომლის შეფასებით, პარტიებისთვის წამგებიანია მერაბიშვილის შესრუტვა, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მთავარი შემსრულებელი იყო მერაბიშვილი.
„მერაბიშვილს უფრო მეტი ნეგატივი აქვს, ვიდრე პოზიტივი. ძალიან ბუნებრივი სვლა იყო ამ პარტიებისგან, რომ მათ არ უნდათ მერაბიშვილი. მით უფრო არჩევნების წინ, როდესაც მუდმივად ლაპარაკობენ იმაზე, რომ იციან რა შეცდომები დაუშვეს, მაგრამ უნდა შეიცვალონ და ამავე დროს ვანო მერაბიშვილი გყავდეს სიაში, ეს წამგებიანია. ამიტომ ყველა არიდებს თავს ამ კანდიდატის მხრადაჭერას და დასახელებას, რაც ბუნებრივია. როგორც ჩანს, მერაბიშვილიც ხვდება, რომ მისი სიაში ყოფნა უფრო წამგებიანია, ვიდრე დივიდენდის მომტანი, ამიტომ განერიდა პროცესებს, რაც სწორი გადაწყვეტილებაა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ქართულ პოლიტიკაში ბევრი რამ სიმბოლოებზე არის აწყობილი, 9-წლიანი რეჟიმის ერთ-ერთი სიმბოლო კი იყო მერაბიშვილი. მისი თქმით, ვისაც არ სურს გაახსენონ 9 წელი და მით უფრო არჩევნების წინ, ბუნებრივია, ეცდებიან მერაბიშვილისგან დისტანცირებას.
„გადაქაჩვა არ ვიცი, მაგრამ გადაკოცნა ჯერ კიდევ არ არის საქართველოში რაიმეს გარანტი. გადაკონცები უდაოდ იყო, მაგრამ თავისკენ გადაქაჩვის პროცესი არც ერთ პარტიას არ გამოუვლენია მაშინაც, როდესაც მერაბიშვილი ციხეში იყო და არც მაშინ, როდესაც გამოვიდა. მერაბიშვილი წამებულ გმირად გაცილებით უფრო აწყობდათ, ვიდრე გარეთ გამოსული.
ვისაც არ სურს გაახსენონ 9 წელი, ბუნებრივია, მერაბიშვილისგან დისტანცირებას შეეცდება. ეს იცის მერაბიშვილმა და ამიტომ ამბობს, რომ არც ერთ თანამდებობას არ დაიკავებს, მაგრამ როდესაც აცხადებს, რომ იბრძოლებს ივანიშვილის წინააღმდეგ, ხელს მხრებზე გადაიდებს და ისე იბრძოლებს?! თვითონ მერაბიშვილის ეს ომახიანი ბრძოლის კიჟინა არის ღიმილის მომგვრელი, თორემ დანარჩენი გასაგებია“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე იმ მიზეზებზე საუბრობს, რატომაც არ უნდა „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ მერაბიშვილთან ურთიერობა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ სწორედ მერაბიშვილს და მის მოადგილეებს აკისრებს პასუხისმგებლობას იმ პროცესებზე, რომელიც 2012 წლის არჩევნების წინ განვითარდა ქვეყანაში და რომელმაც გამოიწვია ის შედეგი, რომელიც დადგა. კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის ცვლილება.
რამდენად სწორად აკისრებენ პასუხისმგებლობას, მანჯავიძეს განცხადებით, ეს ცალკე საკითხია. მეორე, რის გამოც ყოფილ შს მინისტრთან ურთიერთობა არ უნდათ, მისი თქმით, ეს არის მისი შერყეული იმიჯი და მისი, როგორც რეპრესიული რეჟიმის სიმბოლოს იმიჯი, რაც ბუნებრივია, მომგებიანად არ მიაჩნიათ პარტიის რებრენდიგისთვის.
„ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, რომ „განახლებულია“ და ბოდიში მოიხადა, თქვა, რომ არასწორი იყო ის, რაც ჩაიდინეს. კერძოდ - ადამიანებს წაართვეს ბიზნესი; აწამებდნენ და აუპატიურებდნენ ადამიანებს; აწარმოებდნენ განუწყვეტილივ პროვოკაციებს, როგორც არის ხურჩის პროვოკაცია; აყალბებდნენ არჩევნებს; შექმნეს სახელმწიფო ტერორიზმის მანქანა; უაზროდ გამოიწვიეს კონფლიქტი, სადაც გამარჯვების არანაირი შანსი არ ჰქონდათ, შედეგად მივიღეთ დაღუპული ადამიანები და ჩაბარებული ტერიტორიები. ეს იყო ღალატი. ამ ყველაფრის სიმბოლო იყო მერაბიშვილი, რომელიც არ უნდათ.
მერაბიშვილი, რომ არ უნდოდეთ ეს გასაგებია, მაგრამ, ისევ რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ბოდვებს ვუყურებ, ხელახლა აპირებენ ხელისუფლებაში მოსვლას, ეს მიმაჩნია ტრაგედიად და არა ის, რომ მერაბიშვილი შეიძლება იყოს, ან არ იყოს პარტიაში და იძახდეს, რომ თურმე განახლებულ „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერს მხარს, იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ არის გუშინდელი დღე და „ნაციონალური მოძრაობა“ არის ხვალინდელი დღე. ეს ბოდვა დამახასიათებელია პატივცემული ვანოსთვის, ეს არის ტრაგიკომედია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.