„ოპოზიცია ერთმანეთს წაართმევს ხმებს, რაც „ქართული ოცნების“ წისქვილზე დაასხამს წყალს“

„ოპოზიცია ერთმანეთს წაართმევს ხმებს, რაც „ქართული ოცნების“ წისქვილზე დაასხამს წყალს“

„თუ ოპოზიციაში გაგრძელდა ის პროცესები, რაც ახლა მიმდინარეობს, გამორიცხული არ არის, „ქართულმა ოცნებამ“ 40%-ზე მეტი აიღოს, არავისთან არ დასჭირდეს კოალიცია და თავად ჩამოაყალიბოს მთავრობა“,- აცხადებს For.ge- სთან საუბრისას ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.

ხომ არ ფიქრობთ, რომ ტერმინი „კოალიციური მთავრობა“ ძალით არის შემოგდებული „ნაცმოძრაობის და ზოგადად, ოპოზიციის მხრიდან, რათა შეგვაჩვიონ იმ აზრს, თითქოს „ოცნება“ 2020-ის არჩევნებში სასურველ შედეგს ვერ დადებს. წვრილ-წვრილი პარტიებისთვის სათანადო ადგილი მართლაც გამზადებულია, თუ „კოალიციური მთავრობა“ ძალით გაპიარებული თემაა?

- საინტერესო კითხვაა, რადგან 1%-იანი ბარიერი და 40%-იანი ჩამკეტი, რომელიც 8 მარტის შეთანხმებაში აისახა (რომ, თუ პოლიტიკური პარტია ვერ მიიღებს 40%-ს პლუს ერთ ხმას, ის ვერ დააკომპლექტებს მთავრობას), იმიტომაც იყო შემოღებული, რათა გაზრდილიყო კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შესაძლებლობა და ამით თავი აგვერიდებინა ერთპარტიული მმართველობისთვის. ეს იყო იდეა და თავიდანვე იყო ჩადებული კოალიციური მთავრობის შექმნისთვის ხელშემწყობი გარემოებები. იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანა საპარლამენტო მმართველობისკენ მიდის, საპარლამენტო მმართველობისთვის დამახასიათებელი ნიშნებია, რომ სხვადასხვა პოლიტიკურმა მოთამაშეებმა ერთმანეთთან კონსენსუსი იპოვონ და კოალიციური მთავრობა ჩამოაყალიბონ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან ეს პოლიტიკური კულტურა ჯერჯერობით არ არსებობს, 1992 წელს გვყავდა ასეთი მთავრობა, იმის მერე კი არ გვყოლია. თავისთავად, ეს იდეა კარგია თეორიაში, მაგრამ რამდენად მოხერხდება კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება რეალურად, ეს სხვა საქმეა. თუ იმის აუცილებლობა დადგა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაცმოძრაობასთან“ ერთად შექმნას კოალიციური მთავრობა, მე მგონი, ეს შეუძლებელია. თუ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოაგროვა 40%- ზე მეტი ხმა, მაშინ გამორიცხული არ არის, მან რამდენიმე პარტიასთან შექმნას კოალიციური მთავრობა და „ევროპული საქართველო“ და „ნაცმოძრაობა“ თამაშგარე დატოვოს. აქ ვგულისხმობ იმ პარტიებს, რომლებსაც „ქართულ ოცნებასთან“ მისასვლელი ხიდები არ დაუწვავთ, რომელთანაც ჯერ კიდევ დარჩენილია თანამშრომლობის რესურსი, მაგრამ ეს თეორიული ვარაუდებია, ეს ყველაფერი გამოჩნდება არჩევნების დროს და არჩევნების შედეგებმა შეიძლება თავდაყირა დააყენოს ეს ვარაუდები.

ყოველ შემთხვევაში, მიმაჩნია, რომ „ქართული ოცნება“ აიღებს ხმების საკმარის რაოდენობას, იმდენს, რომ მას მხოლოდ რამდენიმე პარტიასთან შეიძლება დასჭირდეს ალიანსის შექმნა კოალიციური მთავრობის შესაქმნელად, ან კიდევ, თუ ოპოზიციაში გაგრძელდა ის პროცესები, რაც ახლა მიმდინარეობს, გამორიცხული არ არის, „ქართულმა ოცნებამ“ 40%-ზე მეტი აიღოს, არავისთან არ დასჭირდეს კოალიცია და თავად ჩამოაყალიბოს მთავრობა.

ხომ შეიძლება, გაბრაზებულმა ამომრჩეველმა ხმა მისცეს არა „ქართულ ოცნებას“, ან „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ ახალ პარტიებს, თუნდაც მცირე პარტიებს? ახალი პარტიების შანსი გაცილებით მაღალი ხომ არ არის ამ არჩევნებში, ვიდრე სხვა დროს იყო?

- იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს ერთპროცენტიანი ბარიერი და საარჩევნო კოდექსში ცვლილები შევიდა, მომცრო პარტიებს შანსი გაუჩნდათ, მაგრამ როგორ ისარგებლებენ ამ შანსით, გამომდინარე იქიდან, რომ ნებისმიერ თეორიულ შანსს პრაქტიკაში გამოყენება უნდა, ამას ჩვენ დავინახავთ წინასაარჩევნო პროგრამის მიხედვით, რომელიც მათ ექნებათ გამოქვეყნებული, ასევე, ვნახავთ, თუ რას ეტყვიან ისინი ამომრჩეველს, ან ვისთან შეკრავენ წინასაარჩევნო ალიანსს. ამის დრო ჯერ კიდევ აქვთ. მოგეხსენებათ, აგვისტო ისეთი თვეა, აქტიური მოქმედებები არ მიმდინარეობს, გადაჯგუფება- გადმოჯგუფება არ ხდება, სექტემბრიდან უკვე შემეძლება თქვენს ამ კითხვაზე უფრო ჩაღრმავებული პასუხის გაცემა.

როგორ ფიქრობთ, რომ არა „ნაცმოძრაობა“, რომელსაც ოპოზიციური ნიშა ურყევად უჭირავს, უფრო მრავალფეროვანი, ბრძოლისუნარიანი და საინტერესო არ გახდებოდა ჩვენი პოლიტიკური ველი?

- სოციოლოგიურ გამოკითხვებს რომ ჩავხედოთ, რამდენი პროცენტია გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, რომლებიც ოპოზიციურად არის განწყობილი, როგორც ერთი, ისე მეორე პარტიის მიმართ?! სავარაუდოდ, ისინი რაღაც ახლის ძიებაში არიან, ან არავისთვის არ უნდათ ხმის მიცემა. ასე რომ, პოლიტიკური ველი არ არის დაკეტილი მხოლოდ „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ მიერ, გარკვეული ველი თავისუფალია და აღნიშნულ პარტიებს შეუძლიათ იქ თავი გამოავლინონ. თუმცა თქვენ, ალბათ, იმასაც გულისხმობთ, რომ ახალ პარტიებს საამისო რესურსები არ აქვთ, რათა სრულფასოვნად წარმოაჩინონ საკუთარი თავი. ეს ფაქტორი მოქმედებს, მაგრამ მათ აქვთ იმის საშუალება, როგორც მინიმუმ, ამომრჩეველთა გარკვეულ სეგმენტს საკუთარი თავი გააცნონ მაინც.

საქართველოში ჩასატარებელი არჩევნებისთვის კიევში უფრო „ემზადებიან. სააკაშვილი აცხადებს, ჩვენ დავიცავთ ჩვენს არჩევანს, გამოვიყენებთ უახლეს ტექნოლოგიას, დავაყენებთ სახის ამომცნობ სისტემას, ვამზადებთ ავტორიტეტულ ეგზიტპოლებს, მოვახდენთ ახალგაზრდების მობილიზებას საარჩევნო უბანზე“. რისთვის სჭირდება ეს ახალგაზრდები, რისკენაა მისი ტონალობა მიმართული ყოველი არჩევნების წინ?

- მისი ტონალობა ყოველთვის მიმართულია იმისკენ, ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით მიაღწიოს მიზანს. ბოლო ჩამონათვალით დავიწყებ - „ახალგაზრდების მობილიზება“, ეს ძალიან ნიშანდობლივი განცხადებაა და ის ახალგაზრდული მოძრაობები, რომლებიც ბოლო დროს წარმოიშვა და ნაწვიმარზე სოკოებივით მომრავლდა, ძირითადად, სწორედ „ნაცმოძრაობის“ და მისი მომხრეების მიერ შექმნილი მოძრაობებია, მათ მიერ დატრენინგებული, დაფინანსებული. სავარაუდოდ, სწორედ მათ გამოიყენებენ ამ არჩევნებზეც. რაც შეეხება სათვალთვალო კამერებს, მე არ ვიცი, პარტიებს ეძლევათ თუ არა უფლება, საარჩევნო უბნებზე საკუთარი კამერები დააყენონ. არა მგონია, ამის უფლება ჰქონდეთ. შეიძლება, თვითონ დამკვირვებლებს ჰქონდეთ ასეთი კამერა, მაგრამ შეუძლიათ კი ნაციონალებს საკუთარი დამკვირვებლები აღჭურვონ ასეთი კამერებით? ამას ვერ გეტყვით, მაგრამ, ზოგადად, ვფიქრობ, მათ ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნებში ვერ მიიღებენ იმაზე მეტ ხმას, რა მხარდაჭერაც მათ აქვთ არსებული გამოკითხვებით, დაახლოებით იმდენივე იქნება მათი ელექტორალური მხარდაჭერა, რაც არ იქნება საკმარისი არჩევნების მოსაგებად და მთავრობის ჩამოსაყალიბებლად. ვნახოთ ახლა ერთიანობაში ოპოზიცია რამდენ ხმას აიღებს. ერთია გამოკითხვები და მეორეა ის, თუ ადამიანები რეალურად რა განწყობით მივლენ საარჩევნო ყუთთან. არჩევნებამდე სამი თვეა დარჩენილი, ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, რამაც ამომრჩევლის განწყობა შეცვალოს ან ერთი, ან მეორე მიმართულებით.

თუმცა, ჯერჯერობით, „ქართული ოცნება“ უპირატეს მდგომარეობაშია, მისი უპირატესობა კიდევ უფრო გაღრმავდება, თუკი ოპოზიციაში გაღრმავდება ის პროცესები, რაც ამ დღეებში დაიწყო, რომ ვერ შეთანხმდნენ მაჟორიტარულ ოლქებზე, გარკვეული დაპირისპირებები დაიწყო ერთმანეთს შორის პიროვნულ დონეზე, უკვე ვნახეთ, რომ ნაციონალები და „ევროპული საქართველო“ ერთმანეთს უპირისპირებს მაჟორიტარ კანდიდატებს. „ევროპულმა საქართველომ“ უკვე გამოაქვეყნა თავისივე კანდიდატების ჩამონათვალი, სავარაუდოდ, „ნაცმოძრაობაც“ უახლოეს ხანში გამოაქვეყნებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციური ხმები იქსაქსება. ისინი ერთმანეთს წაართმევენ ხმებს და ეს ყველაფერი „ქართული ოცნების“ წისქვილზე დაასხამს წყალს.