თბილისის რიყის პარკის ტერიტორიის გაყიდვისა და გამოსყიდვის საქმესთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მოწმის სტატუსით დაკითხვაზე დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ახვლედიანი დაიბარეს. ტერიტორიის გასხვისების დროს, 2006 წელს, იგი თბილისის მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის თავმჯდომარე იყო. მამუკა ახვლედიანი ფიქრობს, რომ საქმე პოლიტიკურ დაკვეთას წარმოადგენს, თუმცა, ამის მიუხედავად, გამოძიების მიერ დასმულ ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს.
რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმეზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში უკვე დაიკითხნენ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი არის ბოჭოიძე, ძველი თბილისის რაიონის ყოფილი გამგებელი ლაშა ფურცხვანიძე, მერიის მოქმედი და ყოფილი - მათ შორის, თბილისის მერიის მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის - თანამშრომლები. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ახვლედიანი ამბობს, რომ დაკითხვის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, რომ, პირიქით, უმჯობესი იქნებოდა ეს მომხდარიყო მანამ, სანამ სხვა პირებს დაკითხავდნენ.
” აბსოლუტურად კანონიერად მოხდა რიყის ტერიტორიის გასხვისება. მრავალგზის გავაკეთე ამ თემასთან დაკავშირებით მე კომენტარი. მიწის ნორმატიული ფასი იმ დროისათვის გახლდათ 36 ლარი, ანუ მიწის ტერიტორიის ღირებულება გამოდიოდა საშუალო ფასი მილიონ-ნახევარი ლარი. იგი გასხვისებულ იქნა 7 მილიონ ამერიკულ დოლარად, რაც 900 პროცენტით უფრო ძვირია, ვიდრე დღევანდელი ფასი”.
მამუკა ახვლედიანი საქმეზე სამართალწარმოების პირველივე დღეებში აღნიშნავდა, რომ დასაკითხ პირთა რიგში პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც უნდა მოქცეულიყო. 27 დეკემბერს მან მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ საქმე პოლიტიკურ დაკვეთას წარმოადგენს და თემასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესიც იკვეთება. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ თბილისის მერიის მიერ რიყის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის გაყიდვის და შემდეგ გამოსყიდვის საქმე ყურადღების ცენტრში ჯერ კიდევ 2012 წლის მაისში მოექცა მას შემდეგ, რაც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გამოაქვეყნა ანგარიში თბილისსა და ქუთაისში განხორციელებული სარეაბილიტაციო პროექტების შესახებ. ამ ანგარიშის თანახმად, 2006 წლის ივნისში რიყის ტერიტორიის დიდ ნაწილი, ფართით 43 350 კვ.მ, თბილისის მერიის მიერ 7 000 000 აშშ დოლარად გასხვისდა. მიწის მყიდველი იყო შპს ”ახალი რიყე”, კომპანიის თანადამფუძნებელი კი „ჯი ემ სი (GMC) ჰოლდინგი“. 2008 წლის ბოლოს თბილისის მერიამ მიწის ნაკვეთი 17 მილიონად გამოისყიდა. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ანგარიშის თანახმად, ამ ოპერაციით თბილისის ბიუჯეტს 10 მილიონი ამერიკული დოლარის ფინანსური ზიანი მიადგა.
”ის, რომ 7 მილიონში გაიყიდა და შემდგომ 17 მილიონში იყო უკან გამოსყიდული, ძალიან ბევრ ეჭვს აჩენს, ვინაიდან გადაფორმდა კომპანია თავის დროზე საფრანგეთის მოქალაქეზე, როდესაც 17 მილიონი გადაიხადეს, და ეს აძლიერებს ეჭვს, რომ გარკვეული ტიპის სხვა ინტერესი იკვეთებოდა და არა ის, რომ რიყე ყოფილიყო გამოსყიდული ასეთ შემთხვევაში. სინამდვილეში რა იდგა ამის უკან, ეს მხოლოდ გამოძიებას შეუძლია თქვას“, აღნიშნა ჩვენთან საუბარში „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტმა სულხან სალაძემ.
უფრო ადრე კი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მედიასთან განმარტა, რომ თბილისის მერიის მიერ გაყიდული ტერიტორიის თითქმის სამჯერ ძვირად გამოსყიდვა ისე, რომ პოტენციურ ინვესტორს ვალდებულებები შესრულებული არ ჰქონდა, თავისთავად აჩენს კითხვებს, რომელზეც პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.
” იბარებენ მიწის მართვის კომისიის ყველა წევრს მოწმის სტატუსით, რათა გაირკვეს, რა ხდებოდა იმ დღეს. ამაში არაფერი უჩვეულო არ არის. ვერანაირ პოლიტიკურ დაკვეთას ამ შემთხვევაში მე ისევ ვერ ვხედავ. ეს არის ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადებით მიღებული შემოსავლების გაფლანგვა”.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ამ განცხადების კომენტირებისას საპარლამენტო უმცირესობის წევრები აღნიშნავდნენ, რომ ზემოხსენებული განმარტებით მინისტრმა დანაშაულს კვალიფიკაცია გამოძიების დასრულებამდე მისცა. გამოძიების კვლევის საგანი კი ამ ეტაპზე არის, რამდენად კანონიერად მოხდა, ერთი მხრივ, რიყის ტერიტორიაზე კერძო მესაკუთრეთათვის საკუთრების ჩამორთმევა, მეორე მხრივ კი, მიწის გაყიდვა და გამოსყიდვა.
თბილისის ისტორიული ნაწილების რეაბილიტაციის პროცესში ინფორმაცია უნდა იყოს ღია, საჯარო და ხელმისაწვდომი, დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში კი - სათანადოდ გამოძიებული, - „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე კახა კოჟორიძე ამას ამჯერად უკვე ორგანიზაციის მიერ ჩატარებული მორიგი კვლევის კომენტირებისას ამბობს. 27 დეკემბერს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გამოაქვეყნა ინფორმაცია 2008-2012 წლების სახელმწიფო ფონდებიდან თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებულ ფონდებში გადარიცხული თანხების შესახებ.
”2008-2012 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან და რეგიონების განვითარების ფონდიდან მერიას და ფონდებს, რომლებიც ძველი თბილისის რეაბილიტაციას ახდენდნენ, გადაერიცხათ, მთლიანობაში, დაახლოებით 130 მილიონი ლარი. ეს თანხა, ჩვენი აზრით, უნდა ყოფილიყო გამჭვირვალედ დახარჯული, საზოგადოებას უნდა სცოდნოდა ამის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, საია, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდით ინფორმაციის მოპოვებას, უარს ვღებულობდით პრეზიდენტისგანაც და მთავრობისგანაც, მივდიოდით სასამართლოში, დავა გვქონდა, თუმცა ეს დავაც წარუმატებლად სრულდებოდა ხოლმე”.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ მიიჩნევენ, რომ თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული ფონდებიდან არ ხდებოდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობის გამოყენება, რაც ზრდიდა აღნიშნული თანხების ხარჯვის დროს შესაძლო კორუფციული სქემების გამოყენების ალბათობას.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მერიის სამსახურების შემოწმებას განაგრძობს. რიყის პარკის ტერიტორიის გაყიდვისა და შემდეგ გამოსყიდვის საქმის წარმოების პროცესში მოწმის სტატუსით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მამუკა ახვლედიანის დაკითხვას თბილისის მერი გიგი უგულავაც გამოეხმაურა და ფაქტი, თავისი თანაგუნდელების დარად, მანაც პოლიტიკურ დაკვეთად შეაფასა.