ახალაიებით საგამოძიებო სტრუქტურების დაინტერესებას უმცირესობა ირაკლი ალასანიას ზუგდიდში „წაგებულ“ მაჟორიტარულ არჩევნებს უკავშირებს და რევანშად აფასებს. თუმცა, თავდაცვის მინისტრი ნაკლებად იცლის პოლიტიკური ინტრიგებისთვის და მთელს თავის სამუშაო დროს თავდაცვის უწყების რეფორმირებას უთმობს. წინა ხელისუფლების მიერ უზარმაზარი ფინანსური რესურსით განებივრებული თავდაცვის სამინისტროს რეფორმა და უზრუნველყოფილი ჯარი კი, ისეთივე მითი აღმოჩნდა, როგორც სააკაშვილის ხელისუფლების სხვა „მიღწეული წარმატებები“.
რა რეფორმებს აპირებს და როგორ ხედავს ქართული არმიის გაძლიერების პერსპექტივებს, ირაკლი ალასანია for.ge-სთან ინტერვიუში სწორედ ამ თემებზე საუბრობს.
თავდაცვის სამინისტროში თქვენი მოსვლა ხმაურიანად დაიწყო, ძველი მინისტრი და გენშტაბის უფროსი დაკავებულია, ამას მოყვა უწყებაში ფინანსურ დარღვევებზე საუბარი და ა.შ. რა რეალობა დაგხვდათ სისტემაში?
- ჩვენ, ამ ორ თვეში მოვახერხეთ შეგვესწავლა ეს სისტემა. პირველ რიგში, რაც თვალში საცემი იყო, სამხედრო შეიარაღებულ ძალებზე, პრაქტიკულად, მოშლილი იყო სამოქალაქო კონტროლი, არ არსებობდა ფინანსური დისციპლინა და ასევე შესყიდვების სისტემა ძალიან დიდი ელიტური კორუფციისთვის აღმოჩნდა ღია. აქედან გამომდინარე, დავიწყეთ ამ პრობლემების აღმოფხვრაზე მუშაობა და შემიძლია ვთქვა, რომ შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო კონტროლი სრულად არის აღდგენილი, ფინანსური დისციპლინა მყარდება და, რაც მთავარია, ჩვენ შესყიდვების გამჭვირვალე სისტემის შექმნას ვასრულებთ და უკვე, თებერვლიდან შესაძლებლობა გვექნება, გამჭვირვალე, სწორი ტენდერები გამოვაცხადოთ.
მეორე და უმნიშვნელოვანესი პრობლემა არის ის, რომ აქამდე თავდაცვის და შეიარაღებული ძალების გრძელვადიანი გეგმა არ არსებობდა. ჩვენ დავაბრუნეთ ძალიან მაღალი დონის და განათლების მქონე სამხედრო პირები და ეს პროცესი ახლაც გრძელდება. აქედან გამომდინარე, სწორი დაგეგმვის შედეგად დავასკვენით, რომ მნიშვნელოვანია მთავარ პრიორიტეტად ვაქციოთ ლოჯისტიკა და განათლება.
სამხედრო შეიარაღებული ძალების ორგანიზების სწორი ფორმა იქნება, რომ საჯარისო სტრუქტურების რეფორმის შინაარსი განსაჯაროვდეს, სადაც ჩავრთავთ არასამთავრობოებს, დაინტერესებულ კვლევით ცენტრებს, მედია საშუალებებს და შემდეგ, თუ საჭირო იქნება, მათთან ერთად მოვახდენთ ამ რეფორმების კორექტირებას. პრაქტიკულად, თავდაცვის უწყება იქნება პირველი, ვისაც ექნება საშუალო მოკლევადიანი გეგმა ისე დახაზული, რომ ყოველი თვის განმავლობაში გვეცოდინება რა რეფორმა რა შედეგით ხორციელდება თავდაცვის უწყებაში.
სამხედრო ნაწილებში, ჩვენი ჯარისკაცების ყოფითი მდგომარეობა როგორია?
- ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი, ბუნებრივია, არის ჯარისკაცი, თუმცა, ამ კუთხით სავალალო მდგომარეობა გვაქვს. მე სპეციალური დავალება მივეცი ჩემს თანაშემწეს სამხედრო უფლებების დაცვის კუთხით, რომ შეესწავლა საკითხი. როდესაც მან მოხსენება გაგვიკეთა, აღმოჩნდა, რომ ხშირ შემთხვევაში, ჩვენი წვევამდელებიც და კონტრაქტული ჯარის წარმომადგენლები არაადამიანურ პირობებში არიან. სწორედ ამიტომ შევქმენით სპეციალური კომისია, რომელიც უახლოეს პერიოდში რეკომენდაციებს დადებს, რა არის პირველ რიგში გამოსასწორებელი. ამიტომ გვაქვს გადატანილი ყურადღება, სწორედ, ლოჯისტიკა-ინფრასტრუქტურის გაშლაზე. ჩვენ თუ არ შევუქმენით ჯარისკაცს იმის განცდა, რომ მას კარგად კვებავენ, მას კარგი წრთვნა აქვს და მისი ოჯახი დაცულია, სხვა შემთხვევაში, ბრძოლის ჟინზე, ბრძოლის ნებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. აქედან გამომდინარე, მთავარი აქცენტები გადატანილია სწორედ უზრუნველყოფის საკითხებზე და განათლებაზე.
ჩვენ გვჭირდება მოაზროვნე არმია, გვჭირდება ისეთი ოფიცრობა, რომელსაც შეუძლია სწორი ანალიზი და ანალიზზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღება, მათ შორის, ექსტრემალურ საბრძოლო ვითარებაში. ამიტომ, განათლების სფერო არის ერთ-ერთი პრიორიტეტი და მთელი რესურსი, რაც დღეს გაგვაჩნია წავა სწორედ ამ მიმართულებით.
ამით საბრძოლო მზადყოფნას არაფერი დააკლდება, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ უახლოეს ხანში, რაღაც სერიოზული შეიარაღების შეძენას, შეიარაღება საკმარისი გვაქვს. მთავარია, არსებული ჯარი გავხადოთ მობილური, უზრუნველყოფილი და სწრაფი რეაგირების შესაძლებლობის მქონე. გრძელვადიანად ჩვენ ვხედავთ როგორი არმია გვინდა 2017 წელს, 2037 წელს, თუმცა მანამდე, უკვე იანვრიდან, მოკლევადიანი დაგეგმვა დაიწყება. ამბიცია გვაქვს, რომ 2016 წლისთვის, პრაქტიკულად, მთლიანად გადავიდეთ კონტრაქტულ არმიაზე და გაწვევის სისტემა მთლიანად შეიცვალოს. აღარ იქნება სავალდებულო სამხედრო სამსახური. ბუნებრივია, ეს ეტაპობრივად მოხდება და მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ გაწვევის ისეთ ფორმას შევიმუშავებთ, რომელიც ძირითადად მიმართული იქნება რეზერვის შექმნაზე, რეზერვის გაწრთვნაზე და განათლებაზე.
დიდი რეფორმატორის, ბაჩანა ახალაიას რეფორმების შედეგი სად და რა არის? როცა ამბობთ, რომ ჯარი პრაქტიკულად მშიერი იყო, სად მიდიოდა ის უზარმაზარი თანხები, რომელიც თავდაცვის უწყებისთვის იყო გამოყოფილი?
- როგორც ბევრ სფეროში, ეს იყო მოკლევადიანი ფასადური პიარისტული გადაწყვეტილებები და ეს პრაქტიკა უნდა ჩავაბაროთ წარსულს. 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან თვისობრივად იცვლება დამოკიდებულება და პასუხისმგებლობის განცდა, რაც გვაქვს ჩვენი მოქალაქეების მიმართ.
სხვათაშორის, ორიოდე დღის წინ გამოქვეყნდა უწყებაში 2009 წლის მერე დარიგებული პრემიების რაოდენობა, რომელიც 41 მილიონ ლარს შეადგეს, როდესაც ამავე პერიოდში, ავღანეთში ჩვენს სამხედროებზე პრემია 235 000 ლარის ოდენობითაა გაცემული. აქ აშკარად ჩანს, რა დამოკიდებულება ჰქონდათ ხალხის ფულთან, მაგრამ ეს ჩავაბაროთ წარსულს, მე ვიხედები მომავალში.
ამის სამართლებრივი ძიება თუ დაიწყება?
- დაწყებულია, პროკურატურა უკვე სწავლობს თავდაცვის უწყების ფინანსურ დოკუმენტაციას. გენერალური ინსპექციის მიერ შესწავლილი ყველა მასალა ეგზავნება პროკურატურას, ეს ჩვენი საქმე არ არის, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჯარის შექმნაზე, განვითარებაზე და მის მოვლა-პატრონობაზე. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ჯარი კარგ ხელშია, გაერთიანებული შტაბის ისეთი ხელმძღვანელები გვყავს, ისეთი ოფიცრები ბრუნდებიან, რომ მე მართლა ვხედავ ჩვენი ჯარის განვითარების დიდ პოტენციალს.
რამდენიმე დღის წინ, პრეზიდენტმა ჯარს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა, რაზეც თქვენ თქვენი შეფასება გააკეთეთ. თუმცა, ქვეყნის პრეზიდენტი არის მთავარსარდალი, გადამწყვეტ მომენტში რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მას ჯარზე და თქვენ, როგორც თავდაცვის მინისტრი, რამდენად აკონტროლებთ მთლიანად სტრუქტურას?
- პირველ რიგში, ჩვენ თავდაცვის სამინისტრომ და პრეზიდენტმა მოვახერხეთ, რომ მიგვეღწია შეთანხმება გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის შერჩევაზე, ეს ურთიერთკომპრომისის შედეგი იყო, რაც ჩემი აზრით, აუცილებელი იყო. მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური პოზიციებისა, ჩვენ ვთანხმდებით, რომ ჯარს ერთობლივად უნდა მოვუაროთ და დიდი სიამაყით უნდა გავაგრძელოთ მისი შენება. ეს იყო სწორი სიგნალი ყველასთვის და მათ შორის - ჩვენი შეიარაღებული ძალებისათვის. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის გაუგებარი და შემაშფოთებელი იყო დაუმორჩილებლობის რიტორიკა, რომელიც მოდიოდა პრეზიდენტის მხრიდან. თუმცა, ამ რიტორიკის მიღმა, მე ვერ ვხედავ ძალიან საგანგაშო ვითარებას. ყოველ შემთხვევაში, დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში, ყველა პოლიტიკოსი ძალიან მგრძნობიარედ და წინდახედულად მოეკიდება ყველა განცხადებას.
როდესაც კოჰაბიტაციაზე ვსაუბრობთ, ხოლო ამ დროს პრეზიდენტი დაუბანლებს, უწიგნურებს და რა ვიცი, კიდევ სხვა რა ეპითეტებით გამკობთ, ამ რიტორიკას მხოლოდ სააკაშვილის ემოციურობით ხსნით? საინტერესოდ არ გეჩვენებათ ის ფაქტი, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რაღაც აქტივობები დაიწყო?
- ეს პოლიტიკური პროცესია და განსხვავებით იმისგან, თუ რა პირობებში იყო ოპოზიცია სააკაშვილის უმრავლესობის დროს, ჩვენ გვესმის ის პასუხისმგებლობა, რომ როგორც უმრავლესობამ, ყველა პირობა უნდა შევუქმნათ ჩვენს ოპონენტებს, რათა მათ ჰქონდეთ პოლიტიკური ცხოვრების სრულად განხორციელების შესაძლებლობები. აქედან გამომდინარე, მე ამაშიც საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. სიმართლე გითხრათ, ისინი უსამართლოდ აკრიტიკებენ ჩვენს მთავრობას და მათ შორის, ჩვენი პარტიის თავჯდომარეს. როდესაც პრეზიდენტმა ორიანი დამიწერა გეოგრაფიაში და შემდეგი გამოცდისთვის მამეცადინებდა, ერთადერთი, ვისაც გულზე მოხვდა, ეს ჩემი შვილი იყო, ერთადერთმა ჩემმა შვილმა აღიქვა ეს ძალიან სერიოზულად, დანარჩენებს ყველას გვესმის, რომ ეს არის პოლიტიკური რიტორიკის ნაწილი.
კიდევ ერთხელ, მინდა ხაზი გავუსვა, რომ სამხედრო შეიარაღებულ ძალებზე თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო კონტროლი სრულად ხორციელდება. ჰარმონიულად მიდის გაერთიანებული შტაბების და თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო უწყების ურთიერთობა და ამიტომ, საფრთხისთვის ვერანაირ საფუძველს ვერ ვხედავ.
განსაკუთრებით თქვენი შეფასება მაინტერესებს დასავლეთიდან წამოსულ რიტორიკაზე - მათი მხრიდან, წინასაარჩევნო პერიოდში გაცილებით მეტ მხარდაჭერას ვგრძნობდით, თუმცა, ქვეყანაში ახალი მთავრობის მოსვლისთანავე, დასავლეთის რიტორიკა განსაკუთრებულად მკაცრი გახდა...
- ეს რიტორიკა აბსოლუტურად გასაგებია ჩემთვის და პირდაპირ გეტყვით, ჩვენ დასავლელ პარტნიორებს არ უნდათ იგივე შეცდომები ჩავიდინოთ, რაც ჩაიდინა სააკაშვილმა, როდესაც 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ მერე მოვიდა. მაშინ დაიწყო ქონების გადანაწილება, საკუთრებების წართმევა და შევარდნაძის მთავრობის დევნა. ჩვენ გვახსოვს ციხეში ჩაყრილი ხალხი, საკუთრება წართმეული ხალხი... ეს არის დასვლეთის მხრიდან გამოჩენილი სიფრთხილე, რომ ჩვენც იგივე არ გავიმეოროთ. მათ ამის მწარე გამოცდილება აქვთ და გარდა ამისა, მათ აფრთხობთ ის, რაც მოხდა, თუნდაც, უკრაინაში, როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ციხეში ჩასვეს. ეს მწარე, პოსტსაბჭოთა მაგალითი არ უნდათ, რომ გაიმეოროს ახალმა ხელისუფლებამ და აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, ჩვენთან მათი პირდაპირი საუბარი.
მე ვიცი, რომ საზოგადოების ნაწილს აღიზიანებს დასავლეთის ეს რიტორიკა, მაგრამ ამ ამბავს მოთმინებით უნდა შევხედოთ.
კიდევ ერთი ფაქტორია ის, რომ დასავლეთში ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერების ნაწილს გაუჩნდა პირადი ურთიერთობები წინა ხელისუფლებასთან და მათაც სჭირდებათ სახის შენარჩუნება, მათაც უჭირთ ერთბაშად აღიარონ ის, რომ რასაც დემოკრატიის შუქურად ასაღებდნენ, არ აღმოჩნდა დემოკრატიის შუქურა. ხშირ შემთხვევაში, ძალიან სერიოზული არაადამიანურობის ჩამდენები იყვნენ ეს პირები და ეს ჩვენ უნდა გვესმოდეს. აქედან რა დასკვნები უნდა გავაკეთოთ ჩვენ?- უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე სამართლიანობის აღდგენის პროცესში. იუსტიციის მინისტრს, ან გენერალურ პროკურორს ამდენი დრო დაეთმოს განმარტებებზე, არცერთ ქვეყანაში არ მინახავს, მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო მეტი დრო უნდა დავუთმოთ.
და კიდევ, ამ წლებში, „ნაციონალური მოძრაობასთან“ შედარებით, დასავლელი პარტნიორებისთვის ინფორმაციის მიწოდების ჩვენი სისტემა არ იყო ეფექტური. ასე რომ, ჩემთვის ძალიან ლოგიკურია, რომ არჩევნებიდან ახლო პერიოდში, მათ ჰქონდათ ეს უპირატესობა. ახლა კი, ეს ლაგდება და ემოციები აქაც და დასავლეთშიც იკლებს.
ასი დღეც არ არის გასული, რაც ხელისუფლებაში მოვედით. ასი დღე საჭიროა იმისთვის, რომ სისტემაში გაერკვიო და კომუნიკაციის სწორი ფორმები ააწყო საზოგადოებასთანაც და დასავლეთთანაც.
მთავარი არის ის პრიორიტეტები, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა ორი დღის წინ ილაპარაკა - არამონოპოლისტურ გარემოში სამუშაო ადგილების გაჩენა, მცირე ბიზნესის განვითარება და, ის, რომ ინვესტიციების მოზიდვას ბევრად უფრო ადვილად შევძლებთ. სწორედ ეს გააჩენს ჩვენს ქვეყანაში საშუალო ფენას, შემიძლია გითხრათ, რომ ივანიშვილი საკუთარი დროის 80%-ს ამას უთმობს, ამაზე ფიქრობს და ამაზე მუშაობს.
მეორე - ეს არის საგარეო პოლიტიკური კურსი - ჩვენი ქვეყნის ნატოში და დასავლეთში ინტეგრაცია რომ შეუფერხებლად და უფრო სწრაფი ნაბიჯებით განვითარდეს და, რაც ასევე მნიშვნელოვანია - კონფლიქტები. კიდევ ერთხელ ვიტყვი, უნიკალური ისტორიული შანსი იქმნება, დაახლოებით ისეთი, რა შანსიც ახლად არჩეულ სააკაშვილს 2004 წელს შეექმნა, თუმცა აგვისტოს ომმა ძალიან უკან დაგვხია. ახლა ჩვენ უნდა დავიწყოთ, აფხაზებთან და ოსებთან ურთიერეთობა ახლებური გააზრებით. ასე რომ, ჩვენი ხელისუფლების სამი ძირითადი პრიორიტეტია: ეკონომიკა, დასავლეთი - ნატოში და ევროკავშირში სრული ინტეგრაცია და ახალი ურთიერთობების დაწყება აფხაზებთან და ოსებთან.
სააკაშვილის ხელისუფლება საკუთარი შეცდომების თუ დანაშაულებების კომპენსირებას, ნატოსთან დასაახლოვებლად, ავღანეთში სამხედრო შენაერთების რაოდენობის გაზრდით ცდილობდა, მაგრამ მოსალოდნელიც იყო, რომ ეს უშედეგო მცდელობა იყო. მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორი, როგორც გვეუბნებოდნენ, ქვეყნის განვითარების არადემოკრატიული კურსი იყო. დღეს ახალი ხელისუფლება გვპირდება, რომ ქვეყნის განვითარებას სწორი მიმართულებით წაიყვანს, მაგრამ ნატოში გაწევრიანების ვადებზე თქვენც გიჭირთ საუბარი. სხვა რა ხელისშემშლელ ფაქტორებს ხედავთ ამ გზაზე? ანუ, რუსეთის როლი როგორი იქნება ამ გზაზე?
- ნატო რომ ახლოვადიანი პერსპექტივა არ არის, ეს ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვესმის. ეს არის პროცესი, საქართველო ბევრად უფრო აჩქარებული ნაბიჯით წავიდა წინ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საპარლამენტო არჩევნების სახით, დიდი გამოცდა ჩავაბარეთ. თუმცა, კიდევ გვექნება გამოწვევა საპრეზიდენტო არჩევნების კუთხითაც. მაგრამ აქ მთავარი არის ნატო საქართველოს თანხვედრა, ეს არის ჩვენი გადასაწყვეტი - როგორ წავა ეს პროცესი. მესამე ქვეყანა, მათ შორის, ჩვენთან ტერიტორიულ კონფლიქტში მყოფი რუსეთის ფედერაცია ვერ იქნება ნატოში გაწევრიანების დამბლოკავი, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება.
ჩვენ ხომ ძალიან კარგად გვესმის, რომ ჩვენი სამხედრო შეიარაღებული ძალები, ჩვენი იუსტიციის სისტემა, ჩვენი ეკონომიკა ნატოს შესაბამისად უნდა განვითარდეს, რომ მათი სტანდარტები დავაკმაყოფილოთ, მაგრამ მეორე, ეს არის რუსეთთან ურთიერთობა. რუსეთთან ურთიერთობა რასაკვირველია, უკავშირდება ტერიტორიულ პრობლემას. რუსეთთან, ბირთვულ ქვეყანასთან ტერიტორიული პრობლემის მქონე ქვეყნის ნატოში გაწევრიანების საკითხი, რა თქმა უნდა, ბევრად რთულია, ვიდრე ისეთი ქვეყნის, ვისაც არ აქვს ასეთი პრობლემა. ამიტომ, ჩვენ სწორი პოზიცია დავიჭირეთ, რიტორიკა დავწიეთ და რუსეთთან დავიწყეთ არაპოლიტიკურ, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხზე ურთიერთობა. ანუ, ჩვენ გვინდა, რომ რუსეთთან ჩვენი ურთიერთობა არ იყოს მუდმივი ომის განახლების საფრთხის ქვეშ, არამედ იყოს სამუშაო ურთიერთობების ჩამოყალიბების პროცესი. ამას დრო დაჭირდება.
ნატოს შემდეგი სამიტი, სავარაუდოდ, იქნება არა 2013-ში, არამედ 2014 წელს და მე დარწმუნებული ვარ, იქ, საქართველოს კიდევ უფრო, ახლო ინტეგრაციის საკითხი იქნება განხილული. რა ფორმით - ამაზე ნატო და ალიანსი თავად შეთანხმდებიან, მაგრამ ეს არის გძელვადიანი პროცესი. ამას იძახის თავად ნატო, ამას ვიძახით ჩვენ. აქედან გამომდინარე, მოლოდინები ტყუილად არავის არ უნდა ავუმაღლოთ.
ჩვენ კი, ამ პერიოდში გვაქვს დრო, რომ სამუშაო ურთიეთობები მართლაც ჩამოვაყალიბოთ რუსეთთან, რადგან რუსეთის და საქართველოს ურთიერთობა არ იყოს ნატოსთვის საფრთხის შემცველი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ამ კონფლიქტის იმპორტს არავინ არ აპირებს ევროპაში, არც ჩვენ და არც ნატო.
ავღანეთში მყოფ ჩვენს მისიაზეც მინდა შეგეკითხოთ, რატომ არის, რომ ჩვენი ჯარისკაცები გაცილებით დაბალ ანაზღაურებადი არიან, ვიდრე სხვა ქვეყნის ჯარისკაცები?
- ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და უკვე მომავალი წლიდან ავღანეთში სამხედრო მოსამსახურეებს ანაზღაურება გავუზარდეთ. ყველაზე მინიმალური ხელფასი $300-ით გაიზრდება და ასე მოყვება რანგის და პოზიციის მიხედვით ზრდა. ეს არის პირველი, რაც გავაკეთეთ და ეს ბრძანება ახალი წლიდან შევა ძალაში.
P.S. აქვე გთავაზობთ ცხრილს, სადაც რანგის მიხედვით მოცემულია ავღანეთში ჩვენი ჯარისკაცების ანაზღაურების ზრდის შკალა:
რიგითი - 715 USD - ( 1001 USD )
კაპრალი - 780 USD - ( 1040 USD).
უმცროსი სერჟანტები - 845 USD - (1079 USD)
სერჟანტები - 910 USD - (1118 USD).
უფროსი სერჟანტი - 975 USD - (1157 USD).