მსოფლიო, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა

მსოფლიო, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა

ჩინეთი უფასოდ სარგებლობს იმით, რომ აშშ-ს ფლოტი ყველა საზღვაო სავაჭრო გზას იცავს და აკვირდება იმას, თუ როგორი სასოწარკვეთით ვცდილობთ ჩვენ სტაბილურობის უზრუნველყოფას ავღანეთში იმისთვის, რომ მომავალში ჩინეთმა ამ ქვეყნებში ბუნებრივი რესურსების მოპოვება დაიწყოს.

მსოფლიო, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა



რობერტ კაპლანი, The Washington Post

სავალუტო ომები, ტერორისტული აქტები, სამხედრო კონფლიქტები, ბირთვულ იარაღს გამოდევნებული გარიყული რეჟიმები და ახლა კიდევ საიდუმლო დოკუმენტების მასობრივი გაჟონვა. რა არის ამ ძვრების მიზეზი? იმპერიის არარსებობა. ცივი ომის დროს მსოფლიო ორ იმპერიალისტურ – საბჭოთა და ამერიკულ – სისტემად გაიყო 

კიევის რუსეთის, შუა საუკუნეების მოსკოვისა და რომანოვების დინასტიური სახელმწიფოს მემკვიდრე საბჭოთა იმპერია აღმოსავლეთ-ევროპას, კავკასიას და შუა აზიას მოიცავდა, ასევე - მხარს უჭერდა ზოგიერთ რეჟიმს აფრიკაში, ახლო-აღმოსავლეთსა და ლათინურ ამერიკაში. ამერიკული იმპერია საზღვაო სახელმწიფოების – ვენეციის და დიდი ბრიტანეთის მემკვიდრეა. ვაშინგტონს, რომის იმპერიის ტრადიციების თანახმად, სამხედრო ბაზები განთავსებული ჰქონდა დასავლეთ- გერმანიაში, თურქეთში, სამხრეთ-კორეასა და იაპონიაში და საბჭოთა კავშირს ფაქტობრივად ალყაში აქცევდა. 

მაგრამ საბჭოთა იმპერიის ნგრევას, რამაც მართალია დასავლეთში ეიფორიის ტალღა გამოიწვია და ცენტრალური ევროპა გაათავისუფლა, ბალკანეთსა და კავკასიაში ეთნიკური კონფლიქტები მოჰყვა, დაპირისპირებამ ასობით-ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მილიონობით ადამიანი დევნილი გახდა (მარტო ტაჯიკეთში გაჩაღებულმა სამოქალაქო ომმა, რაც ამერიკულ მედიაში ფაქტობრივად არც გაშუქებულა, 50 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა). 

საბჭოთა კავშირის ნგრევის გამო ქაოსი შეიქმნა თავად რუსეთის სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში, სიტუაცია ახლო-აღმოსვლეთშიც შირყა. არ არის შემთხვევითი ის, რომ ერაყის პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი ქუვეითში ბერლინის კედლის დაცემიდან სულ რამდენიმე თვეში შეიჭრა და მართლაც წარმოუდგენელია, რომ აშშ ერაყს 2003 წელს თავს დასხმოდა, საბჭოთა კავშირს (ბაღდადის ერთგულ მფარველს) რომ ეარსება. საბჭოთა იმპერია რომ არ დანგრეულიყო და ავღანეთი სამარცხვინოდ არ დაეტოვებინა, უსამა ბენ ლადენი იქ თავეშაფარს ვერ იპოვიდა და შესაძლოა 2001 წლის 11 სექტემბერიც არ მომხდარიყო. ასეთია იმპერიის დაცემის ფასი. 

ახლა კი მეორე ბოძი – აშშ ირყევა, რომელიც ცივი ომის დროს შედარებით უზრუნველყოფდა მშვიდობას, მაშინ როდესაც ახალი ზესახელმწიფოები ჩინეთი და ინდოეთი მზად არ არიან და არც სურთ გათავისუფლებული ნიშის დაკავება. ჩვენ აშშ, საბჭოთა კავშირისგან განსხვავებით, უცბად არ დავინგრევით, რადგან ეკონომიკური და პოლიტიკური თავისუფლება გვიცავს, მაგრამ ჩვენი უნარი – მსოფლიოს მოწყობაში მცირედი წესრიგი მაინც შევიტანოთ – ნელ-ნელა წარსულს ბარდება. 

დოლარის, როგორც სარეზერვო ვალუტის დღეები, მთელი მსოფლიოსთვის დათვლილია, ხოლო ჩვენი დიპლომატია იმ ელექტრონული კომუნიკაციის პირობებში, რომელიც თავისი არსით იმპერიალიზმისთვის მავნეა, მოწყვლადი გახდა. 

მეორე საკითხია აშშ-ს სამხედრო ძლიერება. ქვეითი არმია რა თქმა უნდა ომებს იგებს, მაგრამ ჩვენს ეპოქაში, როდესაც მთელი პლანეტა საბრძოლო მოქმედებების თეატრად გადაიქცა, ნაციონალურ ძლიერებაზე არა არმიები, არამედ ფლოტი და ავიაცია მეტყველებს (მაგალითად, ირანზე თავდასხმის შემთხვევაში, მოქმედება მხოლოდ საჰაერო და საზღვაო ძალებით შეიძლება). რეიგანის ეპოქაში აშშ-ს თითქმის 600 სამხედრო ხომალდი ჰყავდა, დღეს მათი რიცხვი 300-ზე ნაკლებია, იმ ფონზე როდესაც ჩინეთის და ინდოეთის ფლოტები თვალსა და ხელს შუა იზრდება. მსგავსი ტენდენციები მხოლოდ გაღრმავდება, რადგან ამერიკის ფისკალური კრიზისისგან გადარჩენას თავდაცვის ბიუჯეტის შეკვეცის ხარჯზე შეეცდებიან. ჯერ-ჯერობით ზღვაშიც და ჰაერშიც ამერიკა ბატონობს, მაგრამ უფსკრული მასსა და სხვა ქვეყნებს შორის მცირდება.

ტერორისტული აქტები, ეთნიკური დაპირისპირებების კოშმარი, ბირთვული იარაღის მოპოვების გამალებული მცდელობა და საიდუმლო დოკუმენტაციის გამოქვეყნება – ეს ყველაფერი იმ ადამიანების ნამუშევარია, რომლებიც ვერ აარიდებენ თავს საკუთარ მორალურ პასუხისმგებლობას, მაგრამ ჩვენს ეპოქაში ახალი ამბები კონკრეტულ კონტექსტში იწერება – იმ დაღუპული იმპერიის არსებობის კონტექსტში, რომელიც ოდესღაც ხმელეთზე ბატონობდა და კიდევ ერთის, რომელიც დღეს ზღვაში ბატონობს, მაგრამ სულ უფრო ნაკლებად ძალუძს მოვლენებზე გავლენის მოხდენა და ამასთანავე სულ უფრო მეტად ეპარება ეჭვი საკუთარი ბრძოლის სისწორეში. 

ეს არ არის პრეზიდენტ ობამას და მისი საგარეო პოლიტიკური კურსის გაკიცხვის მცდელობა. რთულია მოქმედებათა სხვა უკეთესი ალტერნატივის მოფიქრება ჩრდილოეთ-კორეასთან, ერაყთან და ირანთან მიმართებაში, ასევე იმ ფონზე როდესაც გაცხარებული დავაა ავღანეთში ქმედებებზე, მაგრამ ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ პოსტ-იმპერიალისტური მსოფლიო წესრიგი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ნგრევის უფრო მეტ შესაძლებლობას ქმნის, ვიდრე ცივი ომის პირობები.

თუკი ჩვენ ძლიერებას უფრო ეკონომიურად გავხარჯავთ, შევეცდებით რა ამერიკის დაცემის დამუხრუჭებას ერაყის და ავღანეთის შემდეგ, მაშინ თავი უნდა ავარიდოთ დამქანცველ და გაჭიანურებულ ქვეით კამპანიებს და შევასრულოთ ამტანი ბალანსის როლი, ანუ ჰორიზონტზე უნდა ვილივლივოთ ხომალდებით და ავიაციით და მხოლოდ მაშინ ჩავერიოთ, როდესაც მიმდინარე აღმაშფოთებელი მოვლენები უდაოდ შეეხება ჩვენი მოკავშირეების ინტერესებს და ზოგადად თავად მსოფლიო წესრიგს. ეს, რა თქმა უნდა, აწყობს ამერიკას, მაგრამ თუკი ჩვენ უბრალოდ მინიშნებას მაინც გავაკეთებთ იმაზე, რომ ამგვარი განყენებული პოზიციის დაკავებას ვაპირებთ, ამან შეიძლება რეგიონალური მასშტაბის აგრესორები შთააგონოს. დღეს ხომ მსოფლიოს წამყვანი რეგიონები მთლიანად ამ გარიყულ-რეჟიმებზე დგანან. 

ჩრდილოეთ კორეა მთელი ძალით ავითარებს საკუთარი ბირთვული შეიარაღების პროგრამას და ამავდროულად არ წყვეტს სამხრეთ-კორეაზე არტილერიულ შეტევებს, რითაც ჩვენს ამ ნახევრად ანარქიულ მსოფლიოში არამხოლოდ აშშ-ს, არამედ ჩინეთის ძალის შეზღუდულობის დემონსტრირებას ახდენს. ცივი ომის დროს ჩრდილოეთ-კორეა ცხვირს ვერსად ვერ ჰყოფდა სსრკ-ს შიშით, ხოლო წყნარ ოკეანეში აშშ-ს ფლოტი ბატონობდა. ახლა რეგიონში ჩინეთის ბატონობა, ახლო-აღმოსავლეთში გაჩაღებულ ომებთან ერთად, წყნარი ოკეანის დასავლეთში მშვიდ და სტაბილურ სიტუაციას ნაკლებად პროგნოზირებად და რთულ ვითარებად გარდაქმნის. 

ჩინეთის ფლოტი ამერიკულს ათწლეულებით ჩამორჩება, მაგრამ ეს სიმშვიდის საფუძველს არ გვაძლევს. სულ ახლახანს აშშ-მ საკუთარ თავზე გამოსცადა, რას ნიშნავს ასიმეტრიული ომი ხმელეთზე და ახლა იმას უნდა ველოდოთ, რომ ასიმეტრიულ გამოწვევებს ის ზღვაზე შეხვდება. ჩინეთმა დახვეწა საკუთარი საშუალებები ნაღმური ომების წარმოებისთვის, ფსკერის ჰიდროლოკაციის სისტემები და კომპიუტერული ომები, რომლებიც ანტი-სარაკეტო ბალისტიკურ რაკეტებს ემსახურება, რომ აღარაფერი ვთქვათ საწვავის და ელექტრონულ, ასევე ატომურ წყალქვეშა ნავებზე. უახლოეს წლებში აშშ-ს ფლოტის ოპერაციები უფრო სახიფათო საქმე გახდება. 

რაც შეეხება ტაივანს, ჩინეთმა კუნძულს ათას ხუთასამდე მცირე მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტა დაუმიზნა, მაგრამ ამავდროულად ხმელეთს კუნძულთან ყოველ კვირას ასობით კომერციული ავიარეისი აკავშირებს, რაც მშვიდობიან ვაჭრობის ფარგლებში ხორციელდება. უახლოეს წლებში ჩინეთი ტაივანს საკუთარ შემადგენლობაში მოაქცევს, რაც იმის სიგნალი გახდება, რომ აღმოსავლეთ-აზიურ რეგიონში სამხედრო სიტუაცია რეალურად მრავალპოლარულ და ნაკლებად პროგნოზირებად სიტუაციად გარდაიქმნება.

ცივი ომის პერიოდის იმპერიალისტური წესრიგი ახლო-აღმოსავლეთშიც ინგრევა. ისრაელის და არაბული ქვეყნების ცხადი დიქოტომია, რომელიც საბჭოთა-ამერიკულ დიქოტომიას ასახავს, ძალთა ნაკლებად სტაბილურმა თანაფარდობამ შეცვალა. დღეს ირანის გავლენის სფერო ლიბანიდან ავღანეთის დასავლურ ნაწილამდე ვრცელდება, მის საპირისპირო მხარეს კი ისრაელი და სუნიტურ-არაბული ქვეყნების სამყარო განთავსდა, მაშინ როდესაც თურქეთი, რომელიც ახლახანს ისლამური გახდა და პრო-დასავლურობა შეწყვიტა, საპირწონე-სახელმწიფოს როლს ასრულებს. 

რა თქმა უნდა იმპერიები წესრიგს ამყარებენ, მაგრამ ეს წესრიგი აუცილებლად კარგს არ ნიშნავს და ამას ირანის გავლენის სფეროს გაფართოვებაც ადასტურებს. აშშ-ს მუქარა ირანის მიმართ დამაჯერებელი სწორედ იმიტომ არ არის, რომ ერაყსა და ავღანეთში საკუთარი მოქმედებების გამო, ჩვენ ”იმპერიულ გამოფიტვას” ვექვემდებარებით. როგორც ჩანს, ჩვენ ახლო-აღმოსავლეთის არანაირ ომებში აღარ მივიღებთ მონაწილეობას, თანაც სუფთა ეგოიზმის გამო, თუნდაც ამ ეგოზმმა ეს რეგიონი გამალებული ბირთვული შეიარაღებისთვის გაწიროს. 

სასიამოვნოა იმაზე საუბარი, რომ ჩვენი ძალის შემცირების პარალელურად, პოსტ-ამერიკულ მსოფლიო წესრიგში ჩინეთი სულ უფრო იმკვიდრებს საკუთარ ადგილს, მაგრამ ეს დასკვნა იმ მოსაზრების გამო კეთდება, რომ ყველა იმპერია ერთნაირია, მაშინ როდესაც ისტორია გვასწავლის, რომ ეს ასე არ არის. არ არის აუცილებელი, რომ ერთმა იმპერიამ უმალ დაიკავოს მეორეს მიერ გათავისუფლებული ადგილი.

საბჭოთა კავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები მისიონერი-სახელმწიფოები იყვნენ, ერთს კომუნიზმის, მეორეს კი ლიბერალიზმის და დემოკრატიის იდეალები ამოძრავებდათ, რომელთა დახმარებითაც ისინი მსოფლიოს მართვას ახერხებდნენ, მაგრამ ჩინეთს ასეთი დიდი იდეალი არა აქვს. ჩინეთის ექსპანსიის მამოძრავებელი ბუნებრივი რესურსების (ნახშირწყლები, საბადოები და ლითონები) წყურვილია, რომელიც ქვეყანას იმისთვის სჭირდება, რომ მილიონობით საკუთარი მოქალაქე საშუალო კლასის წარმომადგენლად აქციოს.

ამან შეიძლება ხელი შეუწყოს ინდოეთის ოკეანის, აფრიკის და შუა აზიის ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობათა სისტემის განვითარებას, რაც უზრუნველყოფდა ისეთ მსოფლიოს, რომელიც აშშ-ს ჩარევას ფაქტობრივად გამორიცხავდა, მაგრამ ვინ შეავსებს მორალურ ნიშას? ჩინეთისთვის ხომ სულერთია თეირანი ბირთვულ იარაღს შეიძენს თუ არა მანამ, სანამ პეკინს ირანში ბუნებრივი გაზის ყიდვა შეუძლია. ამასთანავე, პეკინს შესაძლოა სულაც არ მოსწონდეს ჩრდილოეთ-კორეის რეჟიმი, რომელიც საკუთარ მოსახლეობას მუდმივად ნახევრად მშიერ მდგომარეობაში ამყოფებს, მაგრამ ჩინეთი ხომ მაინც მისი მხარდამჭერია.

იმის თქმაც შეიძლება, რომ მორალური პასუხისმგებლობა ძლიერებასთან ერთად მოდის, მაგრამ იმას, რომ ჩინეთს ისეთი ფლოტი და ავიაცია ჰყავდეს, რაც მას რეალურ პარტნიორად აქცევს საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის უზრუნველყოფაში, ათწლეულები დასჭირდება. ამ ეტაპზე ჩინეთი უფასოდ სარგებლობს იმით, რომ აშშ-ს ფლოტი ყველა საზღვაო სავაჭრო გზას იცავს და აკვირდება იმას, თუ როგორი სასოწარკვეთით ვცდილობთ ჩვენ სტაბილურობის უზრუნველყოფას ავღანეთში იმისთვის, რომ მომავალში ჩინეთმა ამ ქვეყნებში ბუნებრივი რესურსების მოპოვება დაიწყოს. 

თუკი ცივი ომის ეპოქა მეტ-ნაკლები სტაბილურობის ეპოქა იყო, რადგან ამ სტაბილურობის გარანტიას იმპერიების უსიტყვო ურთიერთგაგება ქმნიდა, ახლა ჩვენ გვაქვს ერთი იმპერია (აშშ), რომელიც სულ უფრო სუსტდება და ცდილობს წესრიგის დამყარებას მსოფლიოში, სადაც ახალი ზესახელმწიფოები აღმასვლას განიცდიან და პერიოდულად მტრულ დამოკიდებულებასაც ამჟღავნებენ.

სიტუაციას ისიც ართულებს, რომ მსოფლიო დღეს ძალიან მჭიდროდაა დასახლებული. მთელს ევრაზიაში მოსახლეობა პროვინციებიდან მეგაპოლისებში გადავიდა. ისინი იოლად ექვემდებარებიან მედიის გავლენას და ასევე იოლად შეიძლება განადგურდნენ ეკოლოგიურ კატასტროფაში. განთავსებისთვის რთულ და უზარმაზარ არმიებს ანტი-სარაკეტო თავდაცვის სისტემის ზონები ცვლის. ახალი ტექნოლოგიები ისეთ სიტუაციას ქმნის, სადაც ყველა ყველაფერზე დამოკიდებული ხდება, თანაც გაცილებით სწრაფად და მომაკვდინებლად, ვიდრე ოდესმე წარსულში. ინფორმაციის თავისუფალი მიმოქცევა, რაც WikiLeaks-ის სკანდალმა ცხადყო და იარაღის მინიატურიზაცია, რასაც პაკისტანის ქალაქებში ტერორისტული აქტები მოწმობს, ხელს უშლის იმპერიული მსოფლიო წესრიგის მოწყობას და შენარჩუნებას. 

ამერიკული იმპერია სულიერზე მეტად უფრო სტრუქტურულ ხასიათს ატარებდა. რა თქმა უნდა, მის მიერ აგებული ალიანსების ქსელი იმ სისტემების ანალოგიურია, რომლებსაც წარსულის იმპერიები აწყობდნენ, ხოლო საფრთხეები რაც მის არმიას უცხოეთში ემუქრება, იმ საფრთხეების მსგავსია, რაც წარსულის იმპერიულ არმიებს ემუქრებოდა, თუმცა დღეს ამერიკული საზოგადოება, განსაკუთრებით ერაყის და ავღანეთის სირცხვილის შემდეგ, არანაირად არ არის განწყობილი ხმელეთზე სამხედრო ავანტიურებისთვის, რომლის გარეშეც ნებისმიერი იმპერიის საქმიანობა ანტიკური ეპოქიდან წარმოუდგენელია. 

ამერიკელები იმპერიული მენტალიტეტის დეფიციტს განიცდიან, მაგრამ თუკი ჩვენ მსოფლიოს საქმეებს ნაკლებ დროს დავუთმობთ, ამას მთელი კაცობრიობისთვის დამანგრეველი შედეგები მოჰყვება. ის ნგრევა რასაც ახლა ჩვენ თვალყურს ვადევნებთ, მხოლოდ მიახლოებითი წარმოდგენაა იმაზე თუ რა დაიწყება იმ შეთხვევაში, თუკი ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ვალდებულების შესრულებას თავს აარიდებს.
[foreignpress.ge]