„რასაც ოპოზიცია აკეთებს, ეს არის სააგიტაციო პროპაგანდისტული ომის კლასიკური მაგალითი“

„რასაც ოპოზიცია აკეთებს, ეს არის სააგიტაციო პროპაგანდისტული ომის კლასიკური მაგალითი“

რა მოცემულობით ხვდება „ქართული ოცნება“ 2020-ის არჩევნებს? ცალკეული გამოკითხვების მიხედვით, პანდემიის პერიოდმა მმართველი გუნდის რეიტინგი ამოსწია, მაგრამ პანდემიის შიში გაჰყვება თუ არა მოსახლეობას არჩევნებამდე და, თუ ისურვებს „ქართული ოცნების“ ახლად დასახელებული მაჟორიტარების ხათრით არჩევნებზე წასვლას?

ამის შესახებ For.ge-ს ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ესაუბრა.

ზარი ვაშინგტონიდან და ოპოზიციის მხრიდან „ოცნების“ მისამართით გაკეთებული ავისმომასწავებელი ხმები რვაწლიანი ციკლის დასრულების შესახებ. რამდენად სახარბიელოა „ოცნების“ მდგომარეობა ამ არჩევნებზე?

- ზეწოლის შედეგად მიღებულ იქნა ის საარჩევნო კანონმდებლობა, რომელიც „ოცნებისთვის“ არ იყო მომგებიანი. ვგულისხმობ პროპორციულ არჩევნებს. გარდა ამისა, მოხდა საარჩევნო ბარიერის დაწევა, რაც არა მგონია, „ოცნებისთვის“ სასიკეთო იყოს ამ პერიოდში. აქედან გამომდინარე, ალბათ, „ოცნების“ რვაწლიანი ციკლი ლოგიკურად დასრულდება, რადგან არც ერთ მმართველ პოლიტიკურ პარტიას, არც „მოქალაქეთა კავშირს“, არც „ნაცმოძრაობას“ და არც „ქართულ ოცნებას“ რვა წელზე მეტი სრული ჰეგემონობის პერიოდი არ ჰქონია და არც ექნება.

როგორ ფიქრობთ, ამერიკის ჩარევის გარეშეც „ოცნებისთვის“ დრო დაჩქარდა?

- რა თქმა უნდა, ეს თვითონ გამომდინარეობს იმ საკანონმდებლო ბაზისიდან, რომელიც უკვე შექმნილია იმ მოვლენების შედეგად, რაც დაიწყო გასულ წელს.

ეს ნიშნავს, რომ გასული წლის 20 ივნისის შემდეგ „ოცნებამ“ ჰარაკირი გაიკეთა?

- მე მგონი, აქ მთავარია, რომ კოალიციური მთავრობის აუცილებლობა ისედაც დადგება დღის წესრიგში. ამერიკიდან მონიტორინგი იქნება უფრო ძლიერი, ვიდრე წინა არჩევნების დროს, თუნდაც სააკაშვილისა და შევარდნაძის პერიოდში. ანუ „ქართულ ოცნებას“ დასავლეთი ლუპით დააკვირდება და შეიძლება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საშუალებაც კი არ მიეცეს. ამას ემატება ისიც, რომ „ოცნებაში“ უკვე დაიწყო შიდა კლანური დაპირისპირება, ეს უკვე აშკარად ჩანს, გუბერნატორების გადადგომა განხორციელდა, ასევე, მოხდა გამგებლების დაპატიმრება. როგორც ჩანს, ტენდენციები აქეთკენაა აღებული.

რომელი კლანები მძლავრობენ ამ დაპირისპირებისას?

- ძირითადად სამი კლანია „ქართულ ოცნებაში“. ეს არის კალაძის კლანი, პირობითად რომ ვთქვათ, „ქართული ოცნების“ უშუალო გვარდია, ანუ ძალოვნების კლანი - ლილუაშვილი და სხვები, ხოლო მესამე კლანი შეიძლება იყოს ახალგაზრდების, ე.წ. კომკავშირელების დაჯგუფება.

გახარიას არ აქვს საკუთარი კლანი?

- გახარია უფრო ტექნოკრატების კლანს მიეკუთვნება, ის ცალკე დგას, ანუ მთლიანობაში ოთხი კლანი გამოდის. ამ ოთხ დაჯგუფებას შორის მიმდინარეობს დუღილი „ქართული ოცნების“ შიგნით. როგორც ერთი, ისე მეორე მხარე ცდილობს, სატელევიზიო სივრცე მოაქციოს მონოპოლიზაციის ქვეშ. ნაციონალური სატელევიზიო არხები დახშულია. ბევრად უფრო ობიექტურია სოციალური ქსელები, ბეჭდური მედიის საშუალებები, საინფორმაციო სააგენტოები, მათ შორის, თქვენი სააგენტო. ამის მიუხედავად, კანონმდებლობა და საზოგადოების მიდგომა, ალბათ, ჭრელი პარლამენტის მიღების ტენდენციისკენ იქნება მიმართული და კოალიციური მთავრობის შექმნა გარდაუვალი იქნება.

ოპოზიცია წარმატებულად იყენებს ბოლოხანს მომხდარ ტრაგედიებს - შაქარაშვილის, ბაჩალიაშვილის ტრაგედიას, ლამის როლებში შეიჭრნენ ამ ტრაგედიების ინსცენირებისას. მათი პერსპექტივა როგორი იქნება სერგეენკოს, ვოლსკის და სხვა კანდიდატების წინაშე?

- რასაც ოპოზიცია აკეთებს, ვგულისხმობ ტრაგედიებით სპეკულირებას, ზუსტად ეს არის სააგიტაციო პროპაგანდისტული ომის კლასიკური მაგალითი. ამიტომაც ვთქვი, რომ დაწყებულია სამოქალაქო საინფორმაციო ომი. რაც შეეხება ოპოზიციის პერსპექტივას, თენგიზ ცერცვაძის მიერ გაკეთებული განცხადება სერგეენკოს შესახებ კრიტიკულია. ნუ ვიტყვით, რომ სერგეენკოს შანსები 100%- იანად გარანტირებულია, თენგიზ ცერცვაძემ ბევრად მეტი პოპულარობა მოიპოვა კორონაპერიოდის განმავლობაში, ის გახდა გმირი სამეულის სახით, ბუნებრივია, ცერცვაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას უფრო მეტი ადამიანი მიაქცევს ყურადღებას, ვიდრე სერგეენკოს მიერ ჩატარებულ რეფორმებს, რომელთა მიმართაც კითხვები არსებობს, განსაკუთრებით, სავალდებულო დაზღვევასთან დაკავშირებით. ცერცვაძის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ ნამდვილად ვერ ვიტყოდი, რომ სერგეენკოს მთლად უღრუბლო არჩევნები ელოდება, მას ეყოლება სერიოზული კონკურენტი ელისაშვილის სახით. ასევე, კონკურენტად ეყოლება ბადრი ჯაფარიძე და შეიძლება გამოჩნდეს კიდევ არანაკლებ წონიანი პერსონა - ლევან გოგიჩაიშვილი, რომელმაც თავის დროზე დაამარცხა ისეთი წონიანი პოლიტიკოსი, როგორიცაა დავით უსუფაშვილი და „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი. ალბათ, გოგიჩაიშვილი საკუთარ კანდიდატურას წამოაყენებს საბურთალოზე, რადგან მან საბურთალოზე გაიმარჯვა თავის დროზე. ამდენად, გამორიცხული არ არის, მეორე ტური ჩატარდეს ამ ოლქში.

თუ ასეა, ყველაზე ცხელი ოლქი საბურთალო ყოფილა.

- საბურთალოც და კიდევ სხვა ოლქებიცაა საინტერესო. მაგალითად, კახიშვილის კანდიდატურაა ისანში, ვერ ვიტყვით, რომ „ქართულ ოცნებას“ მოგების 100%- იანი გარანტიები აქვს. შიდა პარტიულ კლანურ დაპირისპირებას ემატება კადრების სრული სიმწირე „ქართულ ოცნებაში“. ფაქტობრივად, დღესდღეობით „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარულ ოლქებში დააყენა ისევ ბიუროკრატიული წრის წარმომადგენლები, ყოფილი გუბერნატორები, გამგებლები, არც ისე პოპულარული ძველი გვარდიის სახეები. ახლა ძველი გვარდიიდან დარჩა გია ვოლსკი, ის მაინც წონიანი პოლიტიკოსია, გია ვოლსკი ნამდვილად ებრძოდა სააკაშვილის რეჟიმს და დიდი როლი ითამაშა იმ რეჟიმის დამხობაში. სხვა ასეთ წონად ფიგურას ამ შემადგენლობაში ვერ ვხედავ. თანაც, „ქართულ ოცნებასაც“ დაეშალა ელექტორატი. მის ელექტორატს წაიღებს „ქართული მარში“, „პატრიოტთა ალიანსი“, „სოლიდარობა ალიანსისთვის“, ელისაშვილის და დოლიძის პოლიტიკური პარტია, ანუ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც თავის დროზე იყვნენ „ქართული ოცნების“ ელექტორატის მთავარი მომხმარებლები. ადმინისტრაციული რესურსი კი რჩება „ქართულ ოცნებას“, მაგრამ შიდა დაპირისპირებამ ეს შეიძლება დაიყვანოს ნულამდე. თუ იქნება სერიოზული მონიტორინგი სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, ამ შემთხვევაში, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებამ შეიძლება ეჭვი გააჩინოს. საპრეზიდენტო არჩევნები „ოცნებამ“ მოიგო იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილმა გააერთიანა და ჰომოგენური ძალით დაუპირისპირდა „ნაცმოძრაობას“, რომელიც ასევე ჰომოგენური იყო. დღეს უკვე სიტუაცია განსხვავებულია.

Aburjga Tasmanieli ბმული მოუსმინეთ ამ ჭკვიან კაცს. ბელორუსიაზე ლაპარაკობს, მაგრამ იმდენი რამეა ჩვენზე ნათქვამი, იმდენი რამე გენიშნებათ, რომ ....
4 წლის უკან
Lolo47 ჩემი სუბიექტური აზრით: ძალიან ზედაპირული, და ცოტა არ იყოს ბრიყვული ანალიზია! ისე, რა „ყველაფრისტები“ არიან ეს ე.წ. ანალიტიკოსები - სამხედრო საქმის, პოლიტიკის, ეკონომიკის, იურისპრუდენციის, მედიცინის და ა. შ. ერთი კულტურასა და ხელოვნებაში ერხევათ. ასე „ყველაფრისტი“ პრეზიდენტებიც გვყვავდნენ - შევარდნაძე, სააკაშვილი, გახსოვთ?
4 წლის უკან
Maverick ზედაპირული და არგუმენტებით ვერგაჯერებული ანალიზია...

სხვათაშორის, ძალიან მიკვირს რატომ შეეყარა ბებერი თუთიყუშის (იხ; მ. ჯავახიშვილის "კვაჭი კვაჭანტირაძე") ანუ ლიბერასტობის ვირუსი ბნ. მაისაიას. საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, სახელოს გამო შავმა კატამ გაიარა მასსა და "ქოცნებას" შორის!...
4 წლის უკან