ამ რამდენიმე ხნის წინ საქართველოს მთავრობამ ახალი პროექტი შესთავაზა საერთაშორისო ვიზიტორებს, სახელწოდებით, „იმუშავე დისტანციურად“.
ამ პროექტის თანახმად, უცხოელებს საქართველოში 6 თვეზე მეტი ხნით ცხოვრების უფლება მიეცემათ და შესაძლოა, საქართველო მათი ახალი ოფისი გახდეს, თუკი დისტანციურად გააგრძელებენ თავიანთ უცხოურ კომპანიებში მუშაობას.
საქართველოს მთავრობის შეთავაზება და კონკრეტული ჩამონათვალი მომხიბვლელია - საქართველო ეს არის შუასაუკუნოვანი ციხე-სიმაგრეებით, მთებით, მდინარეებითა და კლდოვანი სანაპიროებით მდიდარი ქვეყანა...
რა პერსპექტივა აქვს ამგვარ შეთავაზებას და გამოჩნდებიან თუ არა საქართველოში დისტანციურად მუშაობის მოსურნე უცხოელები?
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი აღნიშნული პროექტით უცხოელების მოზიდვის პერსპექტივას ხედავს. ჩვენთან საუბრისას ანალიტიკოსი აცხადებს, რომ თავად ინგლისელი სტუმარი ჰყავს, რომელიც დარჩა საქართველოში ბევრი რამის გამო. თუნდაც იმიტომ, რომ აქ გაცილებით უსაფრთხოდ გრძნობს თავს, ვიდრე უცხოეთში კორონასიტუაციიდან გამომდინარე და დისტანციურად მუშაობს თბილისიდან.
„საკმაოდ პერსპექტიული შეთავაზებაა. ვინც იმყოფებოდა საქართველოში და აქედან მუშაობდა, მათი დიდი ნაწილი არც წასულა თავის ქვეყანაში. უბრალოდ, ახლა ძნელი იქნება, ვინმე ჩამოვიდეს ამ პირობებში, რადგან პრობლემურია, რომ ჩამოდიხარ, ორი კვირა უნდა „დაკარგო“, კარანტინში უნდა იმყოფებოდე. ცხადია, უხერხულობა ახლავს ამ ყველაფერს. მით უმეტეს, ვიზიტორების ზრდა ახლა მოსალოდნელი არ არის“,-აცხადებს დავით ზარდიაშვილი და კონკურენტულ უპირატესობაზე საუბრობს.
კერძოდ, საქართველო უცხოელებს უსაფრთხო გარემოს სთავაზობს, ფასებიც იმხელა არ არის, ცხოვრება არ არის ისე ძვირი, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, დისტანციური მუშაობა კი ინფრასტრუქტურად გამართულად შეიძლება, რადგან ინტერნეტი გვაქვს, დენი არის.
„ცხადია, ეს ვერ ამოქაჩავს ტურიზმის სფეროს დანაკლისს, მაგრამ მთავრობა გეგმავს, ეს ყველაფერი გამოსწორდეს და დაკარგული ტურისტები დაგვიბრუნდნენ. სადღაც 12 მილიონამდე ტურისტს ვარაუდობენ 2023-ში“.
იმუნოლოგი დავით ნანობაშვილი მიიჩნევს, რომ ისეთი ტურისტი, ვისაც შეუძლია საქართველოდან უცხოეთში დისტანციურად იმუშაოს, სულ რაღაც ასი კაცი თუ იქნება. თანაც, ასეთი „თავიანი ტიპები“ საერთოდ არ გამოდიან სახლიდან და Wolt-ისა და Glovo-ს მომსახურებით შეიძლება ისარგებლონ დღეში ერთხელ და 20 ლარი დახარჯონ. გარდა ამისა, იქირავებენ ბინას, თვეში 300 ლარს გადაიხდიან და საინტერესოა, რა სარგებელი უნდა მისცეს ჩვენს ქვეყანას ასეთმა ასმა კაცმა?
„ჩემი აზრით, ასეთი ხალხი არ გვჭირდება იმისთვის, რომ ინტერნეტით აქედან იმუშაოს, ინტერნეტი უცხოეთში უფრო კარგად მუშაობს, ვიდრე საქართველოში. ასე, შეიძლება ჩამოგვისხდნენ ირანელები და თურქები, მათი ნაწილი ძლივს წავიდა საქართველოდან და ისევ დაბრუნდნენ. თუ გვინდა ცივილიზებული ტურისტები მივიღოთ, ყველაზე კარგი იქნება ე.წ. გასტრონომიული ტურიზმის განვითარება. ჩვენი მენიუ მსოფლიო ხუთეულში შედის, ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესოა. ცივილიზებული მსოფლიოდან ტურისტებს აქ ჩამოსვლა და ღვინის დალევა უნდათ, უკვე ქართული ლუდიც ამოიქაჩა, გერმანულ და ჩეხურ ლუდს დიდი ხანია, აღარ ვსვამ. კომუნისტების დროს ისეთი ხარისხის ლუდს გვასმევდნენ, ვერც წარმომედგინა, როდესმე გერმანულ და ჩეხურ ლუდზე უარს ვიტყოდი. საფრანგეთი რომ გახსნეს ამ დალოცვილებმა, სადაც ჯერ კიდევ არაა სიტუაცია დალაგებული, პოლონეთზე რატომ არ იფიქრეს? უფრო უკეთესი სიტუაციაა პოლონეთში, ნაწილობრივ მწვანე სიტუაციაა, ამ დროს პოლონელები ორიენტირებულნი არიან საქართველოზე“, - აცხადებს დავით ნანობაშვილი for.ge-სთან საუბრისას.
მისი განმარტებით, პოლონეთი რომ გავხსნათ, იქაური ტურისტები უთუოდ ჩამოვლენ, მათ უყვართ ჩვენი მენიუ, ჩვენი სუფრა და სასმელები. გერმანიის, პოლონეთის, ბალტიისპირეთის რეისები რომ დავნიშნოთ, ეს ხალხი ჩამოვა.
„შარშან პოლონელი ტურისტები მყავდა. ბათუმში ბინა მაქვს და წელს ორმა ბელორუსმა და ერთმა რუსმა ტირილით გააუქმეს ჯავშანი, ისე უნდოდათ ჩამოსვლა. მზად იყვნენ, ტესტირება გაეკეთებინათ საზღვარზე, მათ იაფი უჯდებათ აქ ჩამოსვლა და 100 თუ 150 ლარს გადაიხდიდნენ ტესტირების ფულს. მაგრამ ამათი რაღაც ბოლომდე ვერ გავიგე. კი, სწორად იქცევიან, უმეტეს რაღაცას სწორად აკეთებენ, მაგრამ არის რაღაცები, რომელიც შეიძლება გაკეთდეს და არ კეთდება. უნგრეთში აუზები და საუნები გახსნეს და ანახებდნენ, რამდენი ხალხი იყო აუზში ჩასული. მართალია, შეზღუდვები დააწესეს, 8-კაციან ჯგუფებად შეიძლებოდა ერთ ადგილზე ლოკალიზება აუზში, მაგრამ გახსნეს რაღაცები. შეუძლებელი რომ იყოს კონტროლი, არ გახსნიდნენ. მათ ჩვენზე ნაკლებად არ ეშინიათ კორონასი. ზაფხულის პერიოდში საქართველოშიც ხომ შეიძლება, კაფეებს, რესტორნებს მისცენ უფლება, გარეთ დასვან კლიენტები, არ არის სახიფათო გარეთ ყოფნა, მით უმეტეს, ბუნგალოებია. კახეთს შეუძლია ამის გაკეთება, შემოდგომაზე რთველია, თან რთველი წელს ადრე იქნება, მტევნების უმეტესობა უკვე გაშავებულია თბილისშიც კი. წელს სექტემბერში იქნება რთველი, შარშან ოქტომბერში იყო, სექტემბერი მშვიდი, მწვანე პერიოდია და აგვისტოს 15-დან უნდა გამოგვეყენებინა ეს შესაძლებლობა ტურისტების ჩამოსაყვანად. უცხოელებს კვება აინტერესებთ, მით უმეტეს, ღია ცის ქვეშ და გარეთ არ არის იმხელა ხიფათი. დანიშნონ რეისები. რატომღაც მთლად კომპეტენტური კადრები არ ჰყავთ, დღევანდელ მთავრობაში ყველაზე კომპეტენტური, ასე თუ ისე, გიორგი გახარიაა“.