ცეკვა-თამაში გეოგრაფიის ნაცვლად

ცეკვა-თამაში გეოგრაფიის ნაცვლად

არავინ იფიქროს, რომ სააკაშვილის სიტყვას საქმე არ მოჰყვება. როგორც კი პრეზიდენტმა სკოლებში ცეკვის გაკვეთილების შემოღების თაობაზე განცხადება გააკეთა, მთავრობა სულით და გულით გადაეშვა ახალი ინიციატივის აღსრულების საქმეში და 3 თვის თავზე ხელშესახები შედეგებიც სახეზეა.

ცეკვის 50 მასწავლებელი სასკოლო პროექტისთვის უკვე ემზადება. ცეკვის მასწავლებელთა სემინარის მიმდინარეობას განათლების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” გაეცნობა. 50 ცეკვის მასწავლებელი, სემინარის გავლის შემდეგ, თბილისის სკოლებში, საპილოტე პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებს ქართულ ცეკვებს შეასწავლიან. 2011-2012 სასწავლო წლიდან კი პროგრამა ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში საქართველოს ყველა სკოლაში ამოქმედდება.

საქართველოს განათლებისა და მეციერების სამინისტრომ ცეკვის პედაგოგების კონკურსი 2 თვის წინ გამოაცხადა. “ცეკვის მასწავლებლობის მსურველს უნდა ჰქონდეს ცეკვის მასწავლებლად მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება. ფოლკლორი ტრადიციების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. აუცილებელია, რომ ცეკვა მოსწავლეებს პროფესიონალებმა შეასწავლონ”, - განაცხადა ქურდაძემ.

2011 წლიდან სკოლებში ცეკვის გაკვეთილები საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით შემოდის. სკოლებში დაინერგება ცეკვის თეორიული და პრაქტიკული სწავლება. ახალი საგნის სწავლებასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სამუშაო შეხვედრები უკვე გამართა.

სხვადასხვა დროს შეხვედრებსს ესწრებოდნენ ნაციონალური ბალეტის - ანსამბლ “სუხიშვილების”, სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ “ერისიონის”, ანსამბლ “რუსთავის” ხელმძღვანელები და სხვა ცნობილი სახელმწიფო ცეკვის ანსამბლების წარმომადგენლები და ინდივიდუალური შემსრულებლები.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს, თუ რა ფორმით უნდა მოხდეს სკოლებში ცეკვის გაკვეთილების დანერგვა, როგორ წარიმართება სწავლების პროცესი, ვინ ასწავლის და რა რესურსები იქნება ამისთვის გამოყენებული.

კონსულტაციები ახალი საგნის შემოღებასთან დაკავშირებით მომავალშიც გაგრძელდება. გარდა დარგის სპრეციალისტებისა, სამუშაო პროცესში ჩართულნი იქნებიან სამინისტროს სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ექსპერტები, დაინტერესებული პირები, გათვალისწინებული იქნება ყველა კომპეტენტური მოსაზრება.

სკოლებში შემოვა, როგორც ქართული, ისე – სხვადასხვა ქვეყნების ეროვნული ცეკვების შემსწავლელი თეორიული და პრაქტიკული კურსის სწავლება. ეს სიახლე პილოტირებას ჯერ რამდენიმე სკოლაში გაივლის და შემდეგ ყველა სკოლაში დაინერგება.

და ეს ყველაფერი იმ ფონზე ხდება, როდესაც სკოლებში ქართულის, გეოგრაფიისა და ისტორიის საათების შემცირება იგეგმება. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, “ზოგადი განათლების შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტის განხილვისას ასეთი აზრი ოპოზიციონერ დეპუტატებს დაებადათ.  

კანონპროექტით კორექტირდება იმ საგნებისა და საგნობრივი ჯგუფების ჩამონათვალი, რომელთაც ეროვნული სასწავლო გეგმა მოიცავს. კერძოდ, ქართული ენა და ლიტერატურა “სახელმწიფო ენა”-დ ჩაიწერება, ხოლო “საქართველოს ისტორია, საქართველოს გეოგრაფია და სხვა საზოგადოებრივი მეცნიერებები, “საზოგადოებრივ მეცნიერებად”.  

როგორც დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა, ის ამ საკითხის სპეციალისტი არ არის, მაგრამ ჩნდება განცდა და მოლოდინი იმისა, რომ ქართულ ლიტერატურაში, გეოგრაფიასა და ისტორიაში, სკოლებში საათები აუცილებლად შემცირდება. თუ მოვლენები მართლაც ასე წარიმართა, ცაგარეიშვილი კატასტროფულ შედეგებს ვარაუდობს და კოლეგებს შეახსენებს, რომ სკოლებში ისედაც საგანგაშო ვითარებაა და ბავშვებმა საქართველოს ისტორია არც კი იციან.  

ცაგარეიშვილის ვარაუდს არ დაეთანხმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე. მისი თქმით, ეროვნულ სასწავლო გეგმაში მხოლოდ დაჯგუფება ხდება და ეს საათებზე გავლენას არ იქონიებს.