პარლამენტის მიერ დამტკიცებულ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს „საღ აზრზე“ მყოფმა პრეზიდენტმა ვეტო დაადო. ქვეყნის პირველი პირის მრისხანება კანონპროექტში არსებულმა 24-ე მუხლმა გამოიწვია, რომელიც 190 პოლიტპატიმართან და 25 პოლიტდევნილთან დაკავშირებით, საკანონმდებლო რეგულაციებს განსაზღვრავს. კერძოდ, ამ მუხლის მიხედვით, კანონის დამტკიცებიდან ერთი კვირის ვადაში, 190 პირის მიმართ პოლიტიკური ამნისტია გამოცხადდება და ამავე ვადაში, პოლიტიკური ნიშნით სისხლისსამართლებრივად დევნილ პირთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების გაუქმება ან მათი სასჯელისაგან გათავისუფლება მოხდება.
მართალია, პრეზიდენტმა პარლამენტის მიმართ პირველი საწინააღმდეგო ნაბიჯი გადადგა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას უმრავლესობა ნოკაუტში არ ჩაუგდია და ხელისუფლებას პირიქით მეორე სუნთქვა გაეხსნა, რადგან უმრავლესობა ვეტოს დაძლევისთვის ემზადება. ოპოზიცია კი, ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, მმართველ გუნდს პასუხისმგებლობას აკისრებს.
როგორც For.ge-ს უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერმა, გოკა გაბაშვილმა განუცხადა, პრეზიდენტისთვის რუსეთის ჯაშუშების ციხიდან გამოშვება წარმოუდგენელია, რის გამოც, კანონპორექტზე ვეტოს დადება ლოგიკურია.
„ბუნებრივი იყო, რომ ამ კანონპროექტს, პრეზიდენტი ვეტოს დაადებდა. მას ზოგადად ამნისტიის საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა. ის ამნისტიას როგორც ჰუმანურ აქტს ეთანხმება, მაგრამ ძალიან პოლიტიზირებული თემა ე.წ. პოლიტპატიმრებისა და პოლიტდევნილების საკითხია და პრეზიდენტი თავისი ხელმოწერით იმას არ დაადასტურებდა, რომ საქართველოში პოლიტდევნილები და პოლიტპატიმრები არიან. ამასთან, რუსეთის ჯაშუშების გამოშვება პრეზიდენტითვის წარმოუდგენელია. რუსეთშიც არიან დაკავებული ადამიანები, რომელთაც ქართულ მხარესთან თანამშრომლობაში ბრალი ედებათ და მაშინ, გაცვლაზე გვესაუბრა“, - აცხადებს დეპუტატი.
უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც, პრეზიდენტისა და მისი გუნდის განცხადებების პათოსი იდენტურია, მაგრამ პრეზიდენტი განსაკუთრებულ აქცენტს პოლიტპატიმრების თემაზე აკეთებს.
„ამნისტიის კანონს საღ აზრზე ხელს არ მოვაწერ. ამით თავს, ვის ვაწონებთ? ეს განცხადება, თუ ვინმემ სერიოზულად მიიღო, რომ ქვეყანაში 200 პოლიტპატიმარი გვყავს, გამოდის, რომ აფრიკის 70-იანი წლების ქვეყანა ვყოფილვართ. თუ პარლამენტი ამნისტიის კანონზე ვეტოს დაძლევს, მაშინ პასუხისმგებლობაც უნდა აიღოს, რომ საქართველოს თავს ჭრის. მინდა, კონკრეტულ ხალხზე ვისაუბრო, რომლებიც პარლამენტმა პოლიტპატიმრებად აღიარა. ბატონი გევორქიანის მიცემული ნაკოლით, ფოთში უამრავი ადამიანი მოგვიკლეს. საუბარია „ენვერის“ საქმეზე და ის გარეთ გადის. იყო ასევე უწყინარი მკვლევარი მაისაია, რომელიც 2008 წელს, ჩვენი ოპერატორის გვერდით თავდაცვაში იჯდა და რუსეთს, ჩვენი ნაწილების გადაადგილების სქემებს გადასცემდა. ახლა მაისაია გარეთ გადის. სახელმწიფო გადამტრიალებლები - მუხროვანის ამბოხის მონაწილეები გარეთ გადიან“, - განაცხადა პრეზიდენტმა სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე.
უნდა ითქვას, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საგანგაშოს ვერაფერს ხედავს.
როგორც For.ge-ს უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, თინათინ ხიდაშელმა განუცხადა, პრეზიდენტი პროექტს ვეტოს რომ დაადებდა, ეს ნათელი და ახსნადია, თუმცა, ეს ირიბად იმის აღიარებას ნიშნავს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არიან.
„საგანგაშო არაფერია და მთავარია, რომ ხვალინდელ სხდომაზე ეს ვეტო გადავძალოთ. იმედი მაქვს, რომ უმცირესობაშიც აღმოჩნდებიან ის ადამიანები, რომელთაც ჰუმანიზმის ელემენტარული პრინციპები ამოძრავებთ“, - დასძინა კანონმდებელმა.
„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის ავტორი ეკა ბესელია კი იმაზე აკეთებს აქცენტს, რომ უმრავლესობა ვეტოს დაძლევისთვის მოემზადება.
„პრეზიდენტს იმის აღიარება არ უნდა, რომ პოლიტპატიმრები და პოლიტდევნილები ჰყავს და გააფთრებით იბრძვის, რომ ისინი ციხიდან არ გამოვიდნენ. კანონპროექტში პედოფილიის მსგავსი სახელწოდებით მუხლები არ არსებობს და ეს სააკაშვილის მიერ მოგონილი ტყუილია. ამნისტიის პროექტში არ წერია გვარები, მაგრამ პროექტი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებს. მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება არ უნდა, მაგრამ ამ ადამიანებს, პარლამენტის მიერ სტატუსები მიენიჭათ და მათი ციხეში დატოვება არ შეიძლება, რადგან ამით ევროსაბჭოს წინაშე აღებულ ვალდებულება დავარღვევთ“, - განუცხადა for.ge-ს ბესელიამ.
ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით კი, ოპოზიცია აცხადებს, რომ უმცირესობა კომპრომისისთვის მზად არის, თუ სიიდან ის ადამიანები იქნებიან ამოღებულნი, რომელთაც ბრალი ჯაშუშობის ბრალდებით აქვთ წაყენებული.
როგორც for.ge-ს უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ მაჭავარიანმა განუცხადა, ოპოზიცია ამნისტიის მომხრეა, მაგრამ ამნისტიის პროექტი პოლიტპატიმრების თემამ გაართულა.
„ძალიან სამწუხაროა, რომ კანონპროექტში დადგენილებაც შეიტანეს. უმრავლესობასთან ერთად გამოსავალს თუ მოვძებნით, კარგი იქნება, რადგან განწყობა გვაქვს, რომ ციხიდან ადამიანები გამოვიდნენ, მაგრამ პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, პოლიტიკური თამაში არ უნდა იყოს. სიაში იმ ადამიანების ყოფნას არ მივესალმებით, რომელებიც ჯაშუშობდნენ, რადგან ეს პირები, საშიშნი არიან“, - აცხადებს დეპუტატი.
აღსანიშნავია, რომ უმრავლესობას პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შანსი და პერსპექტივა გააჩნია. თუმცა, მათ ამ საქმეში ე.წ. დამოუკიდებელ მაჟორიტართა ფრაქციის დახმარება სჭირდება. კერძოდ, კონსტიტუციის თანახმად, თუ პარლამენტი კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის შენიშვნებს არ მიიღებს, კენჭი კანონპროექტის პირვანდელ რედაქციას ეყრება. ასეთ შემთხვევაში, ჩვეულებრივი თუ ორგანული კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედი დაუჭერს. მოცემული მომენტისთვის კი, პარლამენტის სიითი შემადგენლობა 147 დეპუტატით განისაზღვრება (ნაძალადევის, სამტრედიისა და ბაღდათის მაჟორიტარული მანდატები მომავალ შუალედურ არჩევნებამდე ვაკანტურია). აქედან 83 პარლამენტარი უმრავლესობის წევრია. ამასთან, პარლამეტში მოქმედებს „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასული „უპარტიო, დამოუკიდებელ მაჟორიტართა“ ექვსკაციანი ფრაქცია და ორი დამოუკიდებელი მაჟორიტარი არსებობს. შესაბამისად, მათი მხარდაჭერისა და კენჭისყრაზე უმრავლესობის უკლებლივ ყველა წარმომადგენლის მობილიზების შემთხვევაში, „ქართულ ოცნებას“ 91 ხმა ექნება, პრეზიდენტის ვეტოს დასძლევისთვის კი, 89 კანონმდებლის ხმა იქნება საჭირო.
თუ პრეზიდენტი ვეტო დადებულ კანონპროექტს პარლამენტს ხვალ გადაუგზავნის, ამ შემთხვევაში, ვეტოს დაძლევაზე დეპუტატები ხვალინდელ რიგარეშე სხდომაზე იმსჯელებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ საკითხის განხილვა მომავალ წელს მოხდება და საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე არ არის გამორიცხული, რომ პარლამენტი საახალწლო დღეებშიც შეიკრიბოს.
რაც შეეხება პოლიტპატიმრებსა და პოლიტდევნილებს, ერთთვიანი კამათის, დაპირისპირებებისა და ბრალდებების შემდეგ, ცოტა ხნის წინ, პარლამენტმა დადგენილება დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, 190 პირს პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭა, ხოლო 25 ადამიანს პოლიტდევნილის. ამ პირებთან დაკავშირებით, კი „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტში 24-ე მუხლი ჩაიდო, რომელიც კანონის მიღებიდან ერთი კვირის ვადაში ამოქმედდება. ზოგადად კი, ამნისტიით, დაახლოებით 3 ათასი ადამიანი პატიმრობიდან გათავისუფლდება, დაახლოებით 1 500 პირს სასჯელი გაუნახევრდება, ხოლო დაახლოებით 16 ათას მსჯავდებულს სასჯელი ¼-ით გაუნახევრდება. ამნისტია მხოლოდ უვადო თავისუფლება აღკვეთილ პირებს არ ეხებათ, თუმცა, შესაძლოა მომავალში მათი საქმეების გადახედვაც მოხდეს.