რას გააკეთებდა კახა კუკავა, იუსტიციის მინისტრად რომ დაენიშნათ

რას გააკეთებდა კახა კუკავა, იუსტიციის მინისტრად რომ დაენიშნათ

"პოლიტიკური პროცესებისგან განზე გავდექი, რადგან ასე უფრო ობიექტური ვიქნები. ვცდილობ, ზომიერად კრიტიკული ვიყო, მაგრამ იმაზე თვალების დახუჭვა, რაც დღესავით ნათელია, არ შემიძლია", - აცხადებს "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა, რომელიც მოსკოვიდან ახლახან დაბრუნდა. ამბობს, რომ რუს კოლეგებთან მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებდა, დანარჩენზე კი გადაწყვეტილება სახელმწიფომ უნდა მიიღოს.

- 2012 წელი ძალიან დადებითი იყო იმ თვალსაზრისით, რომ ქვეყანამ ეს ჭირი მოიშორა, თუმცა ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორი იქნება 2013 წელი საქართველოს ისტორიაში. ჩვენ გვახსოვს, როგორ აჟიტირებული ვიყავით 2003 წელს, როდესაც ქვეყნის სათავეში "ნაციონალები" მოვიდნენ. ქართველ საზოგადოებას და მათ შორის მეც ეს გუნდი ძლიერი გვეგონა, მაგრამ შემდეგ ყველამ ვნახეთ, რომ მწარედ მოგვატყუეს, ამიტომ ახლა მთავარია, ახალმა ხელისუფლებამ იმ მოლოდინის გამართლება და იმ დაპირებების შესრულება შეძლოს, რითაც არჩევნებში გაიმარჯვა. თუმცა იმ ნაბიჯებით, რასაც ისინი აკეთებენ, დიდი იმედი არ მაქვს, რამე უკეთესობისკენ შეიცვალოს. ჯერჯერობით მწვავე კრიტიკას მაინც მოვერიდები და უბრალოდ ვიტყვი, რომ მოკრძალებული სკეპტიციზმით ვარ განწყობილი. თუმცა კი, ბევრი რამ არ მომწონს, რასაც ისინი აკეთებენ.

- რა არის თქვენთვის მიუღებელი?
- მინისტრები, რომლებიც დანიშნეს, ერთი-ორის გამოკლებით, უბრალოდ, არაფრის მაქნისები არიან. ჯერჯერობით ყველა მათგანის გამოსვლა ძალიან არაკომპეტენტურია. არჩევნებამდე იმდენ დაპირებას იძლეოდნენ და ახლა ვერაფერი კონკრეტული ვერ შესთავაზეს საზოგადოებას. განათლების მინისტრმა ისეთი რაღაცები ილაპარაკა, ივანიშვილი ერთი კვირა იმართლებდა თავს საზოგადოების წინაშე.

კულტურის მინისტრს რომ ვუყურებ, მის მიმართ სიბრალულის გრძნობა მიპყრობს, - ბატონ ოდიშარიას თვალებში აწერია, "რა მინდოდა წვენებში". იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ოთხი კაცი დაიჭირა, მათგან სამი საერთოდ არ იყო დასაჭერი იმ ბრალდებების მიხედვით, რომლებიც მათ წაუყენეს. მაგალითად, ახალაიას წაუყენეს სრულიად აბსურდული ბრალდება, არადა, იციან, რომ დანაშაული აქვს ჩადენილი. ერთ-ერთი კი, თენგიზ გუნავა, ისეთ საქმეზე იყო დაკავებული, რომ ამის გამო საქართველოს ხელისუფლება ნახევარმა მსოფლიომ გააკრიტიკა. გვარამიასა და მისი სულიერი ძმების დაკავებებზეც მინდა ვთქვა, - ნახევარმა საქართველომ იცის მათი "პატრიოტული" მოღვაწეობის შესახებ, მაგრამ ეს ადამიანები ისე არაპროფესიონალურად და არადამაჯერებლად დააკავეს, რომ მგონი, თავადაც გაოგნებული არიან. მათ ნებისმიერ ნაბიჯში არაპროფესიონალიზმი ჩანს. ყველამ იცის, რომ თენგიზ გუნავას იარაღი ჩაუდეს. მას შემდეგ ერთი თვე გავიდა და არ ჰყოფნით იმის პრინციპულობა, რომ აღიარონ და ის ადამიანი დააპატიმრონ, ვინც მას იარაღი ჩაუდო. ამის გაკეთება მნიშვნელოვანია, რათა ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში ამის პრაქტიკა აღკვეთონ. თუ ამას იმიტომ აკეთებენ, რომ თავისიანები არიან და "აბა, ჩემს შვილს ხომ არ დავსჯის" პრინციპით აფარებენ ხელს, ასეთი მეთოდებით მუშაობამ დაღუპა თავის დროზე ზვიად გამსახურდია, ედუარდ შევარდნაძე და სულ ახლახან მიხეილ სააკაშვილი. სანოძესა და ახალაიასთვის ხელის გადაფარების შემდეგ დაიწყო "ნაციონალური მოძრაობის" დაღმასვლა და ვერც "ხერხემალმა" უშველა. ასე რომ, მე ამას პოლიტიკურ ანგარიშსწორებას კი არა, დებილიზმს დავარქმევდი, სააკაშვილი, მერაბიშვილი ან ადეიშვილი რომ დაეპატიმრებინათ, შესაძლოა, მართლა ამაზე გვესაუბრა. როდესაც აპატიმრებ
გუნავას, სტატუსით მეშვიდეხარისხოვან ჩინოვნიკს, რის გამოც გაკრიტიკებს ბაროზო, კლინტონი და რასმუსენი, ეს არის გაუაზრებელი სვლა. ხომ უნდა დაფიქრდე, ღირს თუ არა გუნავასთვის იარაღის ჩადება იმისთვის, რომ ნახევარი მსოფლიო გაკრიტიკებდეს?.. მით უმეტეს, რომ არსებობს ყველასთვის კარგად ცნობილი მტკიცებულებები, რომლითაც ამ კაცისა და ბევრის სხვა კაცის დაკავება სრულიად სამართლიანად შეიძლება.

ეს ყველაფერი ჯერჯერობით ტრაგიკული და დრამატული არ არის. ხელისუფლებას მაინც ძალიან მაღალი რეიტინგი აქვს, თუმცა, თუ ამ გეზით განაგრძობენ მუშაობას, მარტში, აპრილსა და მაისში რა იქნება, არავინ იცის.

- და მაინც, რატომ არ გამოიყენა ეს მტკიცებულებები ახალმა ხელისუფლებამ?
- არ ვიცი, დღეს საქართველოში ალბათ ასობით კვალიფიციური იურისტია, რომელიც ამ ყველაფრის სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევას შეძლებდა. გავბედავ და ვიტყვი, რომ იუსტიციის მინისტრი რომ ვყოფილიყავი, სრულიად თავისუფლად გავაკეთებდი იმას, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ყველა დამნაშავე მაღალჩინოსანი ციხეში იქნებოდა და დასავლეთსა და ევროპას კითხვები აღარ ექნებოდათ. იმის ნიადაგზე, რასაც ისინი ხელისუფლების სათავეში აკეთებდნენ, ამის გაკეთებას განსაკუთრებული ტალანტი კი არა, საშუალო დონის იურისტის ცოდნა სჭირდებოდა. თუმცა ვერ შეძლეს, რადგან იუსტიციის მინისტრად უნდა იყოს სხვა კანდიდატი, გამოცდილი კადრი, რომელიც ამას შეძლებს. დაბოღმილის პოზიციიდან "სკრომნი" ლაპარაკი და თეა წულუკიანის თვალების კუსვა საკმარისი არ არის ამისთვის. მთელი ევროპა მუშაობს ამ პრინციპით, კადრების პროფესიონალიზმზე აგებენ სახელმწიფო სტრუქტურებს. გვახსოვს ალბათ ცნობილი ქართული ფილმი "ფეოლა", სადაც ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს - "წაადი!" ისე უნდა უთხრას ვინმემ წულუკიანს, თორემ ცუდად იქნება საქმე. წავიდეს სახლში და დაისვენოს. მოუხდება, ნამეტანი გადაღლილი თვალები აქვს ამ ბოლო დროს. იმავეს ვეტყოდი კალაძეს, რომელმაც უნდა გაგვანათოს თურმე. ყველა მის სატელევიზიო გამოსვლას ეტყობა, რომ არ შეუძლია ამ კაცს მინისტრობა.

- ახალი ხელისუფლების წევრები ამბობენ, რომ კალაძე ძალიან ჭკვიანი, ალღოიანი ადამიანია და სწრაფი ადაპტაცია შეუძლია...
- მაშინ კალაძე ყოფილა, რაც ყოფილა და პრეზიდენტადაც ხომ არ აგვერჩია?! არადა, აქამდე ვიცოდით, რომ ერთი ჩვეულებრივი ფეხბურთელი იყო. მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში შეიძლება ასეთი რამის გაკეთება, რომ სპორტსმენი ან ხელოვანი ადამიანი დაინიშნოს ამ პოსტზე. რეიგანი ადრე მსახიობი იყო და შემდეგ დიდ პოლიტიკაში წავიდა, მაგრამ ის გენიოსი გახლდათ და ეს მალევე დაუმტკიცა მსოფლიოს. ჩვენ კალაძის შემთხვევაში მალევე დავრწმუნდით იმაში, რომ გენიოსი კი არა, საშუალო დონის ფეხბურთელია. წლების განმავლობაში იმის გამო ვაკრიტიკებდით "ნაციონალებს," რომ ენერგეტიკაში მაფიოზურ გარიგებები ჰქონდათ დადებული, კორუფციულ ბიზნესს აწარმოებდნენ და მათ ჯიბეებში მიდოდა ეს თანხა. ახლა კი "ირკვევა", რომ ამ საწყალ "ნაციონალებს" შაქრის, კარაქის, კვერცხის, ზეთის, მედიკამენტების, დენისა და გაზის ბიზნესში წილი არ ჰქონიათ. გამოდის, რომ სააკაშვილის სიტყვები, მერაბიშვილი, როგორი გაღლეტილიც მოვიდა, ისეთი წავიდაო, მართალი ყოფილა? არადა, ყველამ ვიცით, რომ არ არის მართალი. თუ წულუკიანი და კალაძე კორუფციული დანაშაულის ნიშნებს ვერ პოულობენ, ხომ შეიძლება, სხვა, უფრო გამოცდილი კადრები დანიშნონ, ვისაც მეტი გამოცდილება აქვს.
ქვეყანა პირადი სიმპათიებით არ იმართება. მინისტრები პროფესიონალიზმის ნიშნით უნდა ინიშნებოდნენ და არა იმის მიხედვით, კარგი ღვინო ვინ დაალევინა ორი თვის წინ ივანიშვილის წრეში გავლენიან პიროვნებას... ენერგეტიკის მინისტრს ნათურა მაინც უნდა ჰქონდეს ერთხელ გამოცვლილი. ქვეყანაში ერთადერთი კვალიფიციური კადრია დავით სერგეენკო. ვერ ვიტყვი, რომ გასაგიჟებელი კადრია, მაგრამ მის მუშაობაში კონკრეტიკა ჩანს, საზოგადოებას უთხრა, რომ 5-ლარიანი დაზღვევა იქნება თებერვლიდან და ივლისიდან მოიმატებსო. კი ბატონო, ეს ძალიან ცოტაა, მაგრამ კაცს რომ ბრმანაწლავი გაუსკდეს, არ მოკვდება. სხვები კი დადიან ჟიჟილაშვილის გადაცემაში და ენას იფხანენ. კრიმინალმა მოიმატაო, კივის ხალხი, ტელევიზიით, პრესითა და რადიოთი, რაზეც ჩვენმა "ალალმა" მოგვიგო, გაგებით მოეკიდეთო. მართალია, ბატონი ბიძინასთვის იმ დონის ავტორიტეტი არ ვარ, რომ ჩემს რჩევებს ყური ათხოვოს, მაგრამ მაინც ვეტყვი, ის მოსაზრება, რომელიც არჩევნებამდე და მის შემდეგაც გვესმოდა, - ივანაშვილი კაი და გულწრფელი ბიჭიაო, პრობლემებს ვერ მოგვიგვარებს და ქვეყნის ასაშენებლადაც საკმარისი არ არის. რამდენიმე თვის შემდეგ, თუ ხალხის სასიკეთოდ არაფერი შეიცვალა და კრიმინალმაც იმატა, გულწრფელად ვეუბნები, რომ ამას გაგებით არავინ მოეკიდება.

მისი რჩეული მინისტრი თვალების ქაჩვით გვეუბნება, პოლიციის 111 ეკიპაჟი დავამატეო, მაგრამ ამ პოლიციელებს მართვა უნდათ. სტრუქტურაში დღემდე არსებობენ ადამიანები, რომლებიც არაერთგვაროვან პოზიციაზე არიან და მათ მკაცრი ხელი სჭირდებათ, რათა თავიანთ სამსახურში კეთილსინდისიერები იყვნენ. კრიმინალის მხრივ მძიმე მდგომარეობა ნამდვილად არ არის, მაგრამ რაც არის, დასაწყისშივე უნდა აღმოიფხვრას. პატარა პრობლემები უნდა გადაწყვიტოს მთავრობამ, თორემ როდესაც დიდი პრობლემები ექნება, ის უნდა გადადგეს, რადგან წინა ხელისუფლების შეცდომებს მომდევნო მთავრობები აგვარებენ.

- მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში არჩევნების შედეგად "მნგრეველთა ბრიგადა" მოვიდა..
- ეს არის დამარცხებული გუნდის ლიდერის სიტყვები. ისე კი, მიხეილ სააკაშვილს ყველაფერს დავაბრალებთ, მაგრამ აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ პიარში ძალიან ძლიერია. ის, რომ მისი გუნდი ამდენი წელი მართავდა ქვეყანას, მისი კარგი პიარის დამსახურებაა... როდესაც ივანიშვილი აცხადებს, შუშის ხიდი უნდა ავიღოო, მსოფლიო პოლიტიკაში დამტკიცებულია, რომ რაღაც საკითხი ან ასე უნდა გადაწყვიტო, ან ისე. ამ ხიდს თუ ანგრევენ, დაანგრიონ, ან ნუღარ ლაპარაკობენ. მე ვესაუბრე რამდენიმე მსხვილ საინვესტიციო ჯგუფს, რომლებიც საქართველოში ინვესტიციის დაბანდებას აპირებდნენ და პირდაპირ მითხრეს, რომ მათთვის მთავარი შემაფერხებელი ახალი ხელისუფლების რიტორიკაა. პირადად მე ხიდთან დაკავშირებით იმდენი პრობლემა არ მაქვს, მაგრამ "შანგრილას" კაი გემრიელად მივანგრ-მოვანგრევდი. ჩემი აზრით, არჩევნებამდე ბიძინა ივანიშვილმა, უბრალოდ, გული მოფხანა იმ ადამიანებს, რომელთაც ის ხიდი არ მოსწონდათ, თორემ, როგორც ვატყობ, მისი დანგრევა აუცილებლობად სულაც არ მიაჩნია. პრემიერ-მინისტრის კულუარული განცხადებების კეთება ოფიციალურ პრესკონფერენციებზე არ არის სწორი ტაქტიკა, რადგან ის, რასაც მეგობრებთან ერთად ყავის დალევის დროს ლაპარაკობს, პრესკონფერენციების თემა არ უნდა გახდეს.

- ბოლო დღეებში ძალიან აგრესიული გახდა პრეზიდენტი. მისი თქმით, ახალ მთავრობას 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს.
- ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სწორ მიმართულებას აიღებს ივანიშვილის მთავრობა. ამ შემთხვევაში, რაც უნდა პიარი იკეთოს სააკაშვილმა და სულ მალაყი გააკეთოს ჰაერში, "ნაციონალები" პოლიტიკური არენიდან გაქრებიან.

შესაძლოა, საზოგადოების რაღაც პროცენტს მართლაც გაუჩნდეს მათ მიმართ ნოსტალგია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ხალხს კობა ხაბაზს, ნუგზარ წიკლაურს, აკო მინაშვილს, გივი თარგამაძესა და გოკა გაბაშვილს რომ გაახსენებენ, მზად იქნებიან, ერთი კი არა, ორი კალაძე აიტანონ.