სასაცილოა, მაგრამ ე.წ. ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, უმუშევრობის მაჩვენებლის ზრდაზე საუბრობს. ყოფილი სახელისუფლებო ძალა, რომლის 9-წლიანი მმართველობის პერიოდში ქვეყანაში, ლამის, ყოველი მეორე ადამიანი დაუსაქმებელი იყო, უკიდურესად პოპულისტურ განცხადებებს აკეთებს.
„დღეს საქართველო ძალიან რთულ ეკონომიკურ სიტუაციაშია. ეკონომიკური ზრდა ყველა მაჩვენებლით ფაქტობრივად გაჩერებულია, დღგ–ს ბრუნვები შემცირებულია 25 პროცენტით, ბანკთაშორისი ბრუნვები, გადარიცხვები, ტრანზაქციები შემცირებულია ასევე 25 პროცენტით, საბანკო სექტორმა დაიწყო უკვე ფიქრი და ზოგიერთმა მათგანმა უკვე დაიწყო თანამშრომლების გათავისუფლება ან ხელფასების შემცირება, რათა ამ კრიზისს როგორმე გაუძლოს.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გავიხედოთ, უბრალოდ, რა ხდება ქუჩაში წინასაახალწლო პერიოდში, როცა ყველაზე პიკურ ეტაპზე უნდა იყოს სავაჭრო ბრუნვა და ზოგადად ეკონომიკის აღმავალი სტადია. ელემენტარულად, ბაზარში და მაღაზიაში არავითარი მოძრაობა არ არის, საქართველოში ტვირთი არც შემოდის და არც არსად არ გადის. ეს ცალსახად ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის ბრალია.
როცა ჩვენ კითხვას ვსვამთ ეკონომიკასთან დაკავშირებით, პასუხს ვიღებთ, რომ თურმე ჩვენ 9 წელი არაფერი გვიკეთებია. როცა ვსაუბრობთ უმუშევრობის ზრდაზე, რომელიც მომავალ წელს გარდაუვალი იქნება, პროკურატურით გვემუქრებიან“, - აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზურაბ ტყემალაძე ქვეყანაში ეკონომიკის არასახარბიულო მდგომარეობას აღიარებს, თუმცა ამაზე პასუხისმგებლობას ყოფილ ხელისუფლებას აკისრებს:
„მე მინდა შევახსენო ბატონ ვაშაძეს, რომ ქვეყანში ეკონომიკის მდგომარეობა ცუდია და პირველ ოქტომბერს არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ საზოგადოებამ მხარი სწორედ ამიტომ დაუჭირა“.
2013 წელს ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 6-7% -ის ფარგლებში იგეგმება. ამიტომ, ეკონომიკის სამინისტროში დარწმუნებულნი არიან, რომ უმუშევრობის მხრივ საგანგაშო მდგომარეობა არ იქნება. პირიქით, ის თანდათან კლებას დაიწყებს.
„2013 წელს აუცილებლად იქნება ეკონომიკური ზრდა. შეიძლება მექანიკური და ბუნებრივი შეფერხებები იყოს ინვესტიციებში, თუმცა ჩვენ ინდივიდუალურად ვხვდებით ყველა ინვესტორს და ვფიქრობთ, ეს დადებითი ტრენდი აუცილებლად აისახება 2013 წლის მაჩვენებლებზე.
უმუშევრობის ზრდის საფრთხე კი ქვეყანას არ ემუქრება და არაერთი ინვესტორის მხრიდან უკვე გამოითქვა დაინტერესება. თითოეულ მათგანთან ინდივიდუალურ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა და მათი ყველა მოთხოვნა კანონმდებლობის საფუძველზე დაკმაყოფილდება“, - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას.
კიდევ უფრო იმედისმომცემ ინფორმაციას ავრცელებს რეგიონალური ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია.
„თუ ჩვენ წმინდა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ავიღებთ, 2013 წელს იმაზე მეტი გაკეთდება, ვიდრე 2012 წელს კეთდებოდა. აქედან გამომდინარე, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების შეფერხებით უმუშევრობის მაჩვენებლების გაზრდის საფრთხე ქვეყანაში არ არსებობს.
2013 წელს საგზაო სამუშაოებზე დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარი დაიხარჯება. ამდენივე იყო 2012 წელს გათვალისწინებული. გრძელდება ყველა მსხვილი, საშუალო და მცირე პროექტი. ეს არის ავტომაგისტრალის მშენებლობა, აგარა–რუისის მონაკვეთი, სადაც სამუშაოები დაწყებულია და გაგრძელდება, დასავლეთ საქართველოში სამტრედია-ქუთაისი-ზესტაფონის შემოვლითი გზა. პლუს, გვაქვს ახალი ინიციატივა ევროპის საინვესტიციო ბანკთან თანამშრომლობის გზით, რომლის ფარგლებშიც წელს სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყება. ვფიქრობთ, დაახლოებით 25 კილომეტრის რეაბილიტაციას.
2013 წელს დასრულდება ქობულეთის შემოვლითი გზა და ასევე დაიწყება რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალის მშენებლობა. ეს ყველაზე მსხვილი პროექტები და მიმართულებებია. გარდა ამისა, არსებობს უამრავი მცირე და საშუალო პროექტი, რომლის ფარგლებში ძალიან ბევრი ადამიანი დასაქმდება“, - აცხადებს დავით ნარმანია.