„აბა აქ მარტო ოქრუაშვილი რატომ ზის?“

„აბა აქ მარტო ოქრუაშვილი რატომ ზის?“

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესზე დაკითხულ მოწმეთა განცხადებით, ჟანგიანი ვაზნები კეზერაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში შემოვიდა. კერძოდ, მოწმის სახით დაბარებულმა თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა თანამშრომლებმა, რომლებსაც ვაზნების შეძენასთან უშუალო შეხება ჰქონდათ, განაცხადეს, რომ ალბანეთიდან საქართველოში ვაზნები სამ ეტაპად ჩამოვიდა, ბოლო პარტია კი, სწორედ დავით კეზერაშვილის მინისტრობის პერიოდს ემთხვეოდა.

როგორც მოწმეებმა აღნიშნეს, პრობლემები სწორედ მესამე პარტიას შეექმნა და გარდა იმისა, რომ კონტეინერში იმაზე მეტი ვაზნა იყო, ვიდრე უნდა ყოფილიყო, 150-დან 200 000-მდე ვაზნა დაჟანგული იყო. მოწმეები ვაზნების დაჟანგებას იმ ფაქტს უკავშირებენ, რომ ალბანეთში დატვირთული კონტეინერი ზღვის სანაპიროზე 4-5 თვე იყო გაჩერებული.

მას შემდეგ, რაც პროცესზე ოქრუაშვილის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ მოწმეს დააზუსტებინა, რომ ვაზნების ბოლო პარტია, რომელზეც პრობლემები შეიქმნა, კეზერაშვილის მინისტრობისას ჩამოვიდა, მან რიტორიკულად იკითხა: „აბა აქ მარტო ოქრუაშვილი რატომ ზის?“

თავდაცვის სამინისტროს კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომლის, ამავე საქმეზე მოწმის სახით დაკითხული გიორგი ხოსრუაშვილის თქმით, ვაზნების გამო სახელმწიფოს არანაირი ზარალი არ მიყენებია და ვაზნები გამოყენებული იყო წვრთნებისა და ომის დროსაც. მეტიც, არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომელიმე ვაზნას ემტყუნოს.

გარდა ამისა, სასამართლო სხდომაზე ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ირაკლი ოქრუაშვილის თავდაცვის მინისტრად ყოფნის პერიოდში შეძენილი ვაზნები ვარგისი იყო, რაც ბალისტიკური ექსპერტიზითაც დამტკიცდა. კერძოდ, გორში, უფლისციხის საწყობში განთავსებული 63 მილიონი ვაზნიდან ექსპერტიზა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 1650 ვაზნას ჩაუტარეს, რომელიც ვარგისი აღმოჩნდა.

საუბარია თავდაცვის მინისტრობის პერიოდში ოქრუაშვილის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე თანამდებობრივი გულგრილობის შესახებ, რაც უხარისხო ტყვიების შესყიდვაში გამოიხატა.

For.ge დაინტერესდა, მოწმეთა ჩვენების შემდეგ უნდა დაიკითხოს თუ არა დავით კეზერაშვილი, რადგან სწორედ მის მინისტრობას უკავშირდებოდა უხარისხო ვაზნების ჩამოტანა.
სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე აცხადებს, რომ თარიღების დეტალური დადგენა გამოძიების პრეროგატივაა, თუმცა მისი ინფორმაციით, მთავარია არა უხარისხო ვაზნების ჩამოტანა, არამედ მათი შესყიდვის განხორციელების თარიღი.

ამდენად, საინტერესოა, შესყიდვის დროს ხომ არ მოხდა დარღვევები, თორემ ჩამოტანისას აღინიშნა კიდეც, რომ ვაზნები არ შეესაბამებოდა მოთხოვნებს. გიორგი თავდგირიძის თქმით, ძნელია ამ საქმეში ცალსახად ოქრუაშვილი დაადანაშაულო, რადგან გარკვეული პირები იღებდნენ მონაწილეობას ამ შესყიდვებში. თუმცა ეს შეცდომა ხორციელდებოდა ოქრუაშვილის პერიოდში და მისი მინისტრობის დროს შესყიდვების გონივრულობასა და მიზანშეწონილობაზე ბევრი საუბარი შეიძლება.

რაც შეეხება კეზერაშვილის დაკითხვას, სამხედრო ექსპერტი მიინევს, რომ კეზერაშვილის დაკითხვა ბევრ საქმესთან დაკავშირებითაა აუცილებელი, რადგან მისი მინისტრობა არაერთ კითხვას ბადებს.

კერძოდ, საეჭვო შესყიდვებს გარდა, კეზერაშვილის დაკითხვა შეიძლება სხვა კუთხითაც, რადგან კეზერაშვილს, რომელიც ამზადებდა შეიარაღებულ ძალებს, უნდა სცოდნოდა, რომ ახლოვდებოდა სამხედრო კონფლიქტი და შეიძლებოდა ის საბრძოლო მოქმედებებში გადაზრდილიყო. შეიარაღებული ძალები კი ამ კონფლიქტისთვის მოუმზადებელი აღმოჩნდა. ეს არის ის მთავარი კითხვები, რომელთაც, გიორგი თავდგირიძის აზრით, კეზერაშვილმა პასუხი უნდა გასცეს.

„კეზერაშვილი უნდა დაიკითხოს, მაგრამ იქნება თუ არა კეზერაშვილის დაკითხვა ოქრუაშვილისთვის სასარგებლო, ამას ვერ ვადასტურებ. თუ უვარგისი ვაზნების შესყიდვა მიმწოდებლის შეცდომა იყო, მაშინ სხვანაირად უნდა მოქცეულიყო თავდაცვის სამინისტრო, მას უკან უნდა დაებრუნებინა ეს ვაზნები და თავისი ფული მოეთხოვა“, - აცხადებს გიორგი თავდგირიძე. 

მისივე განმარტებით, როგორც წესი, უხარისხო მასალების შეძენა მაშინ ხდება, როცა მიმწოდებელთან საუბარია გარკვეულ „ატკატებზე“. რაც უფრო მაღალია „ატკატები“, მიმწოდებელს ნაკლები ინტერესი აქვს, რომ მაღალხარისხიანი საბრძოლო მასალები მიაწოდოს დამკვეთს. ამიტომ, დიდია ალბათობა, რომ მას განზრახული აქვს ეს „ატკატები“ თავის სასარგებლოდ გამოიყენოს და უხარისხო პროდუქცია გაასაღოს.

„ვთქვათ, მე მივდივარ მომწოდებელთან, ვეუბნები, რომ დასახარჯი მაქვს 10 მილიონი, მაგრამ იმისთვის, რომ ეს ფული ავითვისო, მჭირდება იაფფასიანი საქონელი. მომწოდებელი ცდილობს, რაც შეიძლება, დაბალხარისხიანი საქონელი მომაწოდოს, რომ მარჟა ძალიან დიდი დარჩეს. ასე რომ, მარჟას ინაწილებენ, დაზარალებული კი აღმოჩნდება ხოლმე შეიარაღებული ძალები“, - აღნიშნა სამხედრო ექსპერტმა.

საბრძოლო მასალის შესყიდვისთვის თუ რატომ შეირჩა მაინცდამაინც ალბანეთი, ამასთან დაკავშირებით გიორგი თავდგირიძე აცხადებს, რომ, როგორც წესი, ასეთი ტიპის არასაიმედო მომწოდებლებზე გადიან ხოლმე ალბანეთში, რადგან მათთან „ატკატებზე“ საუბარი გაცილებით ადვილია, ვიდრე გერმანულ ან ამერიკულ ფირმებთან.  

For.ge-მ ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატ ზვიად კორძაძესაც სთხოვა განემარტა, რას ნიშნავდა სასამართლო პროცესზე მის მიერ დასმული რიტორიკული შეკითხვა: „აბა, აქ მარტო ოქრუაშვილი რატომ ზის?“ და ხომ არ ფიქრობდა იგი, რომ სწორედ  კეზერაშვილი უნდა დაკითხულიყო, რადგან მოწმეთა ჩვენებით, სწორედ მის  მინისტრობას უკავშირდებოდა ჟანგიანი ვაზნების შემოტანა.

თუმცა, ზვიად კორძაძემ აღნიშნა, რომ მას არ უთქვამს, რომ სასამართლო პროცესზე კეზერაშვილი უნდა იჯდეს ან ოქრუაშვილი. უფრო მეტიც, კეზერაშვილის ამ საქმეზე დაკითხვას, ზვიად კორძაძის თქმით, აზრი არ აქვს, რადგან დარღვევა არ არის.

„მოწმეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ბრალდება რეალობას არ შეესაბამება. მათ განაცხადეს, რომ მესამე პარტია ოქრუაშვილის მინისტრობის დროს არ შემოსულა და იქ დარღვევები არ არის არც ოქრუაშვილის, არც კეზერაშვილის პერიოდში. დაჟანგებული ვაზნები, რაც შემოტანილ სამხედრო მასალას შემოჰყვა, სულ 200 ათასი იყო, 63 მილიონი ვაზნიდან“.

ადვოკატი ირწმუნება, რომ ჟანგიანი ვაზნების თანხა ქართულ მხარეს არ გადაუხდია და ჩამოიწერა ეს ყველაფერი. ამდენად, არც ოქრუაშვილისკენ მიდის პასუხისმგებლობა, არც კეზერაშვილისკენ. პირიქით, სახელმწიფომ ამით ფული მოიგო და თურმე იხეირა კიდეც.