ამერიკის ნებისმიერ გზავნილს საქართველოში ორგვარად თარგმნიან. თარგმანის განწყობა კი დამოკიდებულია პარტიულ კუთვნილებაზე. თუ ნაცი ხარ, „ქართული ოცნების“ უკანასკნელ გაფრთხილებად აღიქვამ ოკეანის გაღმა ნათქვამს, თუ ქოცი ხარ, „ქართული ოცნებით“ მოხიბლულ უცხოელებს ხედავ ყოველი გზავნილის მიღმა.
ასე მოხდა ამერიკის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შემთხვევაშიც. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გიორგი გახარიასთან სატელეფონო საუბრისას პომპეომ ხაზი გაუსვა საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების აუცილებლობას. ამასთან, პომპეო მიესალმა საქართველოში კონსტიტუციური ცვლილებების მიღებას, ის გამოეხმაურა საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გაძლიერებას და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ნაბიჯის მნიშვნელობას.
„ეს დიპლომატიური ეტიკეტის ნაწილია - გამარჯობა, როგორ ხართ? ინფექცია როგორ გადაიტანეთ? და ამის შემდეგ პრემიერთან საუბრის მთავარი გზავნილი იყო, არ გაბედოთ არჩევნების გაყალბება“,- ასეთნაირად შეაფასა პომპეოს გზავნილი „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.
დეპუტატ დავით ჭიჭინაძისთვის კი პომპეოსთან გახარიას საუბარი ეს იყო გამაფრთხილებელი ზარი, რომ „ოცნებას“ დრო გაუვიდა. დეპუტატის აზრით, ეს დაახლოებით იმის მსგავსია, 2012-ში ჰილარი კლინტონი რომ ჩამოვიდა არჩევნების წინ. ახლა პანდემიიდან გამომდინარე, საზღვრები ჩაკეტილია, მაგრამ დისტანციურად ხდება ყველაფერი.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გაკვირვებულია, რატომ ატყდა გაუგებარი ჟივილ-ხივილი გაერთიანებული ოპოზიციის ბანაკში იმასთან დაკავშირებით, თუკი ამერიკის სახელმწიფო მდივანს აინტერესებს, საქართველოში არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციას აქვს სურვილი, სასურველი რეალობად გაასაღოს, მაგრამ, სინამდვილეში, რა იყო პომპეოს გზავნილი, მაშინ ეს თავად პომპეომ უნდა დააკონკრეტოს. ანალიტიკოსის განმარტებით, გიორგი გახარიას ნათქვამით თუ ვიმსჯელებთ, მათი საუბარი შეეხებოდა ქართულ-ამერიკული ურთიერთობის კიდევ უფრო დაახლოებას და შეერთებული შტატების მხარდაჭერას საქართველოს მიმართ.
„მე არ მაქვს საფუძველი, გახარიას არ დავუჯერო და ოპოზიციას დავუჯერო. რაც შეეხება 2012 წელს ჰილარი კლინტონის ჩამოსვლას საქართველოში, ვერ შევადარებ 2012 წლის მდგომარეობას დღევანდელ სიტუაციას, რადგან ვითარება ძალიან განსხვავებულია. იმ პერიოდში იყო ქართველი ხალხის სრული მობილიზება, ბიძინა ივანიშვილი გახლდათ უკვე გამოსული ავანსცენაზე, ყველამ იცოდა, რომ ეს იქნებოდა საბედისწერო არჩევნები, ჰაერში ტრიალებდა განწყობა, რომ „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებს მოიგებდა. განსაკუთრებით, ეს ბოლო თვეებში გახდა ნათელი, უფრო ზუსტად, ბოლო დღეებში ციხის კადრების შემდეგ. დღეს მსგავსი არაფერი ხდება, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობენ იმიტაციას, თითქოს ეს დაახლოებით იგივე მდგომარეობაა, რაც 2012-ში იყო“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილი და ცალკეულ პარალელებზეც ამახვილებს ყურადღებას.
მისი თქმით, რაღაც-რაღაცები ფორმალურად ჰგავს ერთმანეთს, მაშინაც „ნაცმოძრაობა“ უკვე ორი საარჩევნო ციკლის განმავლობაში იყო ხელისუფლებაში, „ქართული ოცნებაც“ ორი საარჩევნო ციკლია ხელისუფლებაში. გარდა ამისა, რაღაც უკმაყოფილება „ქართული ოცნების“ მიმართაც საზოგადოებაში არსებობს და ეს ბუნებრივია, რადგან არ არსებობს ხელისუფლება, რომელსაც ყველა კმაყოფილი ჰყავდეს. თუმცა მთავარია, უკმაყოფილოთა რა ნაწილია საზოგადოებაში.
„ახლა რაც ჩანს, დიდი უმრავლესობა არ არის უკმაყოფილო. „ენდიაი“-ს კვლევები გამოქვეყნდა, რაც ადასტურებს, რომ მთავრობის მიმართ ნდობა ძალიან მაღალია. უფრო მეტიც, ხშირად გამიგია ხალხისგან, რომ დღევანდელი პრემიერ-მინისტრი ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოს უახლეს ისტორიაში. 2012-ში მაშინდელი ხელისუფლების ალტერნატივა კი აშკარად არსებობდა. დღეს ძალიან ფართოდაც რომ გავახილოთ თვალები, მე ასეთ ალტერნატივას ვერ ვხედავ და ვერც ამერიკა ვერ დაინახავდა ასეთ ალტერნატივას. აქ საუბარია იმაზე და ამერიკის ინტერესიცაა, რომ საქართველოში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს, ამისკენ სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში არაერთი მოწოდება ყოფილა. არჩევნების წინ ნებისმიერი კომუნიკაციის დროს ამას ყოველთვის ამბობენ და, მე მგონი, ამის იქით არ წავა საქმე, რომ თითი დაუქნიონ „ქართულ ოცნებას“ და უთხრან, შენ ახლა გვერდზე უნდა გაიწიო და ნაციონალები უნდა მოვიდნენ“.
დავით ზარდიაშვილის განმარტებით, ასეთი რამ ამერიკელებს არც შევარდნაძისთვის უთქვამთ და, სხვათა შორის, არც სააკაშვილისთვის. უბრალოდ, სააკაშვილი გააფრთხილეს, პატიოსანი თამაშის წესებით ითამაშეო. რამდენად გამოუვიდა ეს სააკაშვილს, ეს კიდევ სხვა საკითხია, რადგან იმავე 2012 წელს სააკაშვილი თავისი ნებით არ აპირებდა ხელისუფლების დათმობას, ხელისუფლება დათმო იმიტომ, რომ ასეთი იყო ქართველი ხალხის უდრეკი ნება და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა.
ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია for.ge-სთან საუბრისას განმარტავს, რომ მაიკ პომპეოს ნათქვამს საქართველოში თავისებურად იგებენ და ეს პროპაგანდაზეა დამოკიდებული. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ, სამწუხაროდ, პროპაგანდისტული არხებია „ფორმულა“, „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“, მეორე მხრივ, „იმედი“, „პოსტ ტივი“… „მაესტრო“ კი საერთოდ დაკარგულია ასტრალში. ასე რომ, პროპაგანდისტულ არხებზე ობიექტური ინფორმაციის მიღება შეუძლებელია, ვერც თავს გაიგებ და ვერც ბოლოს.
„მთავარი არხი“ და „ფორმულა“ აცხადებს, რომ პომპეომ თურმე ყველანაირად მიწასთან გაასწორა გახარია და დატუქსა, ამავე დროს, ვუყურებ „იმედს“ და „პოსტ ტივის“, აქ საერთოდ ამერიკულ ნირვანაში არიან შესულნი და გვარწმუნებენ, რომ ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი სატელეფონო საუბარი. მე გავიზარდე საბჭოთა კავშირის სააგიტაციო პროპაგანდისტულ პერიოდში და ვხედავ, რომ საბჭოთა აგიტაციის პროპაგანდისტული სკოლა მკვიდრდება ამ ტელევიზიებშიც. ჩვენ, რომლებიც ბრეჟნევის, „ვრემიასა“ და ანდროპოვის პროგრამებზე ვართ გაზრდილნი, შემუშავებული გვაქვს ალგორითმი, როგორ უნდა გავშიფროთ პროპაგანდისტული მესიჯები. რა თქმა უნდა, პომპეო შემთხვევით არ დარეკავდა გიორგი გახარიასთან, მით უმეტეს, მას მერე, რაც კონგრესმა მიიღო პირველი მოსმენით დოკუმენტი, სადაც დაფიქსირებულია საქართველოსთვის დაფინანსების 15%-ის გაყინვის საკითხი. როგორც ჩანს, პომპეომ საქმის კურსში ჩააყენა გახარია, რომ მას დაევალა ოფიციალური მონიტორინგი, თუ როგორ განხორციელდება საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია, უშუალოდ არჩევნები, არჩევნების შედეგად ხმების დათვლის პროცესი და შედეგების გაჟღერება“,-აცხადებს ვახტანგ მაისაია.
ამასთან, ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ პომპეომ „ფრონტერასთან“ დაკავშირებული მიღებული გადაწყვეტილება მოიწონა, შეიძლება შეუქო კიდეც ეს ფაქტი გახარიას, რომ მთავრობამ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება ამ ამერიკული კომპანიის მიმართ. მეორადია, ეს კომპანია როგორ ასრულებს ვალებულებას - პირნათლად, თუ არაპირნათლად, აქ უკვე წმინდა გეოპოლიტიკაა.
რაც შეეხება მოსაზრებას, ხომ არ გააფრთხილა პომპეომ გახარია, რომ „ქართულ ოცნებას“ ორი ვადა უკვე გაუვიდა, ვახტანგ მაისაია ამას გამორიცხავს, რადგან ეს იქნებოდა საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა. პომპეო, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს თვალსაჩინო მოხელე, ამ საკითხზე არ გაამახვილებდა ყურადღებას. ამერიკის საქმე არ არის, საქართველოში როგორი ვადით ხდება არჩევა. ამერიკა არ არის რუსეთი, განახორციელოს ჩარევა. უბრალოდ, აქ დაფიქსირდა, რომ არჩევნების მონიტორინგი უკვე გადავიდა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელში, რომელიც ძალიან მკაცრად გააკონტროლებს ამ საკითხს. ისე, გასაგებია, რომ რვაწლიანი ვადა უკვე დიდი ხანია, „ქართულ ოცნებას“ გაუვიდა.
მაგათ ჭკუა რომ მოეკითხებოდეთ, მიხვდებოდნენ, რომ თოკზე არა მხოლოდ ჩამოხრჩობილის, არამედ ჯალათის ოჯახშიც არ უნდა ილაპარაკონ! - არ უნდა გაახსენო ხალხს ის სამზადისი, რომელიც ნაცებს ჰქონდათ 2012 წლის არჩევნების წინ:
მესტიაში დისლოცირებული გაურკვეველი შეიარაღებული ფორმირება...
ანალოგიური - თბილისში, რაღაც წვრთნებსა თუ "მარშიროვკებს" რომ გადიოდა (ჟურნალისტების მიერ მალულად გადაღებულ ვიდეოში)...
სპეცოპერაცია, რომელიც მესტიაში ჩაატარეს შუაღამისას, როცა მათთვის არასასურველ კანდიდატები აიყვანეს და უარი ათქმევინეს...
კონსტიტუციის საგანგებო ცვლილებით, უვადო პრემიერობისთვის გამზადებული სააკაშვილის განცხადება პირდაპირ ეთერში: - მეტი საქმე არა მაქვს, მაგათ გადავაბარო ჩემი აშენებული ქვეყანაო!!!
სროლები და საარჩევნო ყუთის გატაცება ხაშურში...
რომ არა ციხის კადრების გავრცელება დასავლეთში, დღესაც სააკაშვილი იჯდებოდა პრემიერის სავარძელში (და ნახევარი საქართველო - საკნებში).