„როცა აცივდება, შეიძლება ისეთი აფეთქება მივიღოთ, შარშან რომ არ იყო“

„როცა აცივდება, შეიძლება ისეთი აფეთქება მივიღოთ, შარშან რომ არ იყო“

ამ რამდენიმე დღის წინ კორონავირუსის მომატებულმა რაოდენობამ, 24-მა შემთხვევამ საგონებელში ჩააგდო ჩვენი მოსახლეობა, ხომ არ ვიდექით კვლავაც რეგიონების ჩაკეტვისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების წინაშე.

რას უკავშირებს შემთხვევების ტალღისებურ ზრდასა და მათ პერიოდულ შემცირებას, ამის შესახებ for.ge-ს იმუნოლოგი დავით ნანობაშვილი ესაუბრა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივანი აცხადებს, რომ მსოფლიოში კორონას პანდემია სიჩქარეს იკრეფს და ბოლო 6 კვირაში შემთხვევების რაოდენობა გაორმაგდა. ამ მხრივ რა ეტაპზეა საქართველო?

- თუ შემთხვევების მატება იქნება, ცხადია, ჩაკეტავენ რეგიონებს, აბა, რას იზამენ. მართალია, ახლა იკლო შემთხვევების რაოდენობამ, მაგრამ, საერთო ჯამში, ეს არის ადამიანების უპასუხისმგებლობა და მოშვებულობა. რამდენი ადამიანი შემხვდა და, სხვათა შორის, გაკვირვებული ვარ, ერთი-ორი ცოტა განათლებული და კულტურული მეგონა, მაგრამ თურმე მათ შორისაც არის გრადაციები. ისეთი სისულელე მითხრეს, გაოგნებული დავრჩი.

ალბათ, თქვენ გულისხმობთ საზოგადოებაში გავრცელებულ საკმაოდ პოპულარულ თემას, მითს კორონავირუსის შესახებ, რომლის თანახმადაც, კორონა თითქოს არ არსებობს და ის მოგონილია გარკვეული ძალების მიერ.

- დიახ, მეუბნება ერთი არამედიცინის მუშაკი, სულ სხვა სფეროს ადამიანი, მე სხვა მონაცემები მაქვსო. დავინტერესდი, საიდან გაქვს სხვა მონაცემები, უცხოპლანეტელებისგან-თქო? დონალდ ტრამპი რომ დონალდ ტრამპია და კორონაზე ამბობდა, არაფერიც არ არისო, მანაც უკვე ნიღბით სიარული დაიწყო.

საზოგადოების ნაწილი არავითარ კორონავირუსს არ ცნობს და მას უბრალო გრიპად აღიქვამს, მორწმუნეთა გარკვეული რაოდენობა კი მიიჩნევს, რომ რწმენამ გადაგვარჩინა. „ენდიაი-ს გამოკითხვითაც, გამოკითხულთა 53% ეთანხმება მოსაზრებას, რომ მორწმუნენი კორონავირუსით დაინფიცირებისგან რწმენამ დაიცვა, 38% ამას არ ეთანხმება.

- გაუნათლებლობას სხვადასხვა ხარისხი აქვს. მაშინ ადამიანი საერთოდ უკვდავი რატომ არაა? თუ ღვთისმშობელი გადაგვარჩენს, მაშინ უკვდავები უნდა ვიყოთ, აღარავინ არ უნდა კვდებოდეს, ავად არ უნდა ხდებოდეს. ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა არ ვართ? მაშინ ავად რატომ ვხდებით? ცხადია, ღმერთის გვწამს და ღმერთი ვისაც საჭიროა, იმას შველის, ვისაც სწამს ღმერთი და, ვინც ღმერთთან არის, რა თქმა უნდა, ღმერთი რაღაცებში შეეწევა. ადამიანები ღმერთის გარეშე არიან და, როცა გაუჭირდებათ, მერე იწყებენ ღმერთთან მისვლას. თუ უფლის ნებაა, მისი ნებაცაა მედიცინა და დაავადებულის გადარჩენა. მაშინ არც ექიმები ვიქნებოდით და არც საავადმყოფოები იარსებებდა.

ალბათ, კორონაც იმის დაშვებაა, რომ გამოსწორდეს კაცობრიობა.

- რა თქმა უნდა, მაგალითად, პლანგტონი, ეს არის ოკეანეების ზედაპირზე მოტივტივე ნაკლებად ხილული მიკრომცენარეები, გვაძლევს მსოფლიო ჟანგბადის თითქმის 30%-ს. უფრო სწორად, გვაძლევდა ჟანგბადის 30%-ს, ახლა აღარ გვაძლევს, რადგან ოკეანეებს, ზღვებს ვაბინძურებთ, ნაგავს ვყრით და ეს ნაგავი პლანგტონს ანადგურებს. კორონას პერიოდში თბილისში კომენდანტის საათის დროს, როცა მოძრაობა არ იყო, ისეთი ჟანგბადი იყო, ბახმაროში მეგონა თავი. ბევრი მეცნიერი შეჯერდა იმაზე, რომ კორონა არის უფრო კლასტერული ტიპის გადაცემის ვირუსი. კლასტერებში ხდება გადაცემა და, განსაკუთრებით, ისეთ ადგილებში, სადაც პირბადეებს არ იყენებენ. ეს არის რესტორნები, კაფეები. სადაც ნიღბები უკეთიათ ადამიანებს, იქ გადაცემა თითქმის არ არის. ხელების დაბანაც კარგია, მაგრამ პირბადეები უფრო მნიშვნელოვანია. ვინმეს ნერწყვი რომ მოხვდეს ადამიანს ხელზე, ცოტა ძნელი წარმოსადგენია, ხოლო თვითონ ვირუსი ზაფხულის პერიოდში მზეზე ძალიან ჩქარა კვდება. მე იანვარ-თებერვალშივე ვთქვი, რომ ეს ვირუსი ისეთი ზომაა - 2 მიკრონი, რომ შეუძლებელია, 2 მიკრონი ჰაერში შეწონილ მდგომარეობაში არ დარჩეს. ეს თავიდან ჩვენთან არაადეკვატურად მიიღეს, მაგრამ მერე ამერიკელებმაც თქვეს, რომ ეს ვირუსი 2-3 საათი ჩერდება ჰაერში. ამიტომ ასე სწრაფი სავარაუდო გადაცემა მაინც ხდება ჰაერწვეთოვანი გზით და არა მარტო წვეთებით და ბინძური ხელებით. ამიტომაცაა ასე სწრაფი გადადება. კლასტერული გადაცემები უპირატესად მეტია, სადღაც 70-80% არის კლასტერული გადაცემა. ეს ნიშნავს, რომ იმ ადგილებში, სადაც ადამიანს უწევს ნიღბის მოხსნა, გადაცემის ალბათობა მაღალია. კაფეში რომ დაჯდები, ნიღბით ხომ ვერ მიირთმევ, ამიტომ ნიღაბს იხსნი. ახლობლები რომ შეიკრიბებიან ქორწილში, ხალხმრავალ ადგილებში, დაბადების დღეებზე, სუფრებზე, იქ ხდება გადადება. ერთიც რომ იყოს დაავადებული, პრაქტიკულად, ყველას გადაედება.

ეს ნიშნავს, რომ ხალხმრავალ სუფრებზე კვლავაც შეზღუდვები უნდა დაწესდეს?

- სავარაუდოდ, გასართობი ბიზნესებისგან და მსგავსი ადგილებისგან ცოტა თავი უნდა შევიკავოთ ამ წელიწადს მაინც. ეს არის ბავშვთა გასართობი ცენტრები, კაზინოები, ტოტალიზატორები. ეს ხალხისთვისაც კარგია, იმ ფულს ოჯახს დაახარჯავენ და არც დაავადდებიან.

კორონავირუსის შემთხვევები ხან კლებულობს, ხან მატულობს. ვერ ვიტყვით, რომელი ტალღაა, ან თუ არის საერთოდ ტალღა?

- ამას ვერავინ იტყვის, ეს არის პირობითი ტერმინი - პირველი, მეორე, მესამე ტალღა. შემოდგომაზე უფრო გვიან ველი ამ ვირუსს - ნოემბერ-დეკემბრის შემდეგ. როცა კარგად აცივდება, იმის ალბათობა, რომ უფრო მეტი შემთხვევა იქნება და შეიძლება აფეთქებებიც იყოს, უფრო მაღალია. იანვარ-თებერვალში, ალბათ, პიკი იქნება. სავარაუდოდ, თებერვალში იცის ხოლმე ყველაზე დიდი პიკი.

ამაზე მეტი პიკი იქნება, რაც გვქონდა საქართველოში? მით უმეტეს, ვაქცინაზეც ლაპარაკობენ, რომელიც წლის ბოლოს, ან მომავალი წლის დასაწყისში გამოჩნდება.

- თუ ხალხმა განათლებულ ადამიანებს მოუსმინა, დიდ აფეთქებას არ უნდა ველოდოთ, მით უმეტეს, ჩვენი შესაბამისი სამსახურები მართლაც კარგად მუშაობენ. თუმცა, თუ ასეთი მიდგომა დაიწყო, რომ თურმე კორონა არ არსებობს, ამან შეიძლება დიდი აფეთქება გამოიწვიოს და ეს იქნება უცოდინრობის პარადი. რაც შეეხება ვაქცინას, იმის გამო, რომ ეს ვირუსი მუტირებს, ანუ ერთთავად იცვლება, ვაქცინა როგორ უნდა შექმნან? მაშინ ამ მუტირებულ ვარიანტებში ძირითადი მონაკვეთი გენეტიკური კოდის, ანუ რიბოქსინ-ნუკლეინის მჟავის რაღაც დიდი მონაკვეთი უნდა ჰქონდეს აბსოლუტურად იდენტური ყველა მუტანტს. მაშინ შეიძლება ეს მონაკვეთი გამოიყენონ ვაქცინაში და რომელი შტამიც არ უნდა შეეყაროს ადამიანს, ეს ვაქცინა დაიცავს. მაგრამ ძალიან მეეჭვება, ასე იყოს, რომ ვირუსის რომელიღაც მონაკვეთი ყველა მუტანტში ერთნაირი იყოს. თუ ერთნაირი არ არის, რამდენ ვერსია ვაქცინას გააკეთებ? ვაქცინა ეს არის ან დასუსტებული ვირუსი, ან მისი რაღაც მონაკვეთი, რომელიც შეჰყავთ ორგანიზმში და ორგანიზმი ამ უცხო აგენტის საწინააღმდეგოდ იმუშავებს ანტისხეულს. თუ შენ სხვა, უკვე შეცვლილი მუტანტი დაგემართა, შენი ანტისხეული ვერ იცნობს მას და როგორ დაგიცავს? თანაც, საერთოდ, გრიპისნაირი სახეობების იმუნიტეტი ძალიან მოკლევადიანია, 2-3 კვირიდან მაქსიმუმ 2-3 თვემდე გრძელდება, მერე გადის ორგანიზმიდან. ამასთან, ვაქცინა დატვირთვაა ორგანიზმისთვის, ვაქცინას ბევრი უკუჩვენება აქვს და ძალიან ბევრი გართულება მოჰყვება. ვაქცინების ვერსიები დიდი ხანია, გაკეთებულია. ახლა ტესტავენ ამ ვაქცინებს და არ იციან, რა გართულება მოჰყვება. იმ ადამიანს, ვისაც ფულს უხდიან და მასზე ტესტავენ ვაქცინას, შეიძლება ჯერ არ აქვს გართულება, მაგრამ გართულება ერთი წლის შემდეგ დაეწყოს და არც იციან, რა გართულება შეიძლება მოჰყვეს.

ანდრია ბოჩელი იტალიელებს მოუწოდებს, არ ატარონ პირბადე, რადგან კარანტინის დაწესება მისთვის დამამცირებელი იყო. ასეთი მოწოდებები რას ნიშნავს უდიდესი მსხვერპლის მქონე ქვეყნისთვის, იტალიელები თავისუფლებისმოყვარე ხალხია და შეზღუდვებს ვერ იტანენ?

- ახლა სამხრეთ ნახევარსფეროში ზამთარია. ბრაზილიაში რატომ მოხდა ამ ვირუსის აფეთქება? ინდოეთში რატომ დაიწყო იგივე სიტუაცია? რადგან იქითა ნახევარსფეროში ზამთარია. შეიძლება ისეთი სიცივეები არ არის, როგორც სხვაგან, მაგრამ ზამთარია და მზეც არ არის ისეთი ძლიერი, მზისგან ის ნაწილი მოცილებულია, მზის მცხუნვარება, ულტრაიისფერი გამოსხივება შესუსტებულია, რაც ვირუსს ვერ კლავს. ზამთარში შებრუნდება დედამიწა და მერე ნახეთ ვირუსის აფეთქება. სიცივე ვირუსითვის უნიკალურია. ეს იგივეა, შოკოლადი ზაფხულში რომ გამდნარია, ზამთარში კი „პლიტკა“ შეიძლება ვერც გატეხოთ. ვირუსს გარედან ცხიმოვან-ცილოვანი გარსი აქვს, ცხიმი სიცივეში კარგად მკვრივდება და ასე ადვილად არ იშლება, ზაფხულში კი ადვილად იშლება და მზის შემოქმედებით წუთებში კვდება. ამიტომ როცა აცივდება, რა იქნება, ღმერთმა უწყის. შეიძლება ისეთი აფეთქება მივიღოთ, შარშან რომ არ იყო.

რაც შეეხება ანდრია ბოჩელს, ჩემი ნაცნობი იტალიელები პირიქით წერენ და გაზიარებულიც მაქვს, ისინი იძახიან, ჩვენი უნიათობისა და კანონდაუმორჩილებლობის გამო მოხდა ის, რაც იტალიას შეემთხვა. ისინი შეშინებულები არიან. ესპანელი იმუნოლოგი ქალბატონი გამოვიდა და თქვა, იმუნოლოგებს 6 ათას ევროს უხდით თვეში და ფეხბურთელ მესის 3 მილიონ ევროს თვეშიო, წადით ახლა და ლიონელ მესიმ გიმკურნალოთო.