ჯარიმები შემცირდა, საშემოსავლო გადასახადზე ფიქრი დაიწყეს

ჯარიმები შემცირდა, საშემოსავლო გადასახადზე ფიქრი დაიწყეს

მთავრობა შემცირებისა და შეღავათების გზას ადგას.  მოსახლეობისთვის ელექტრონერეგიის გაიაფების შემდეგ ჯერი ბიზნსმენებზე მიდგა. მათთვის საჯარიმო განაკვეთები იკლებს.

საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისთვის 500-ლარიანი ჯარიმა 200 ლარამდე მცირდება.  მთავრობამ პარლამენტს საგადასახადო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პროექტით მიმართა, რომელიც რიგ საკითხებთან ერთად საგადასახადო კუთხით დაწესებული სანქციების შემცირებასაც ითვალისწინებს. ეს სალარო აპარატებსაც ეხება.

ამჟამად მოქმედი საგადასახასდო კოდექსით, მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას, საკონტროლო-სალარო აპარატის გარეშე მუშაობა იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. ქვითარში ფაქტობრივად გადახდილზე ნაკლები თანხის ჩვენებაც 500-ლარიანი ჯარიმის საფუძველია. წარმოდგენილი ცვლილებით კი, აღნიშნულ ქმედებებზე დაწესებული 500 ლარიანი ჯარიმა 200 ლარამდე მცირდება.

უმნიშვნელო შესწორებაა გარკვეული ტიპის საჯარიმო სანქციებში. ასე მაგალითად, დღესდღეობით საქონლის ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისათვის გათვალისწინებულია 1000 ლარის ოდენობის ჯარიმა, ქმედების განმეორებისას ჯარიმა კი 5 000 ლარამდე იზრდება, ხოლო მომდევნო განმეორებაზე - 10 000 ლარამდე. ახალი ცვლილების მიხედვით კი, ყოველ შემდეგ განმეორებაზე ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს 5 000 ლარის ოდენობის ჯარიმა გამოეწერება.

მთავრობა პარლამენტისგან საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების პროქტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს, რადგანაც ცვლილები სამომავლოდაც იქნება და როგორც ჩანს, არცთუ უმნიშვნელო. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სულაც არ გამორიცხავს, რომ ეკონომიკის ზრდის გათვალისწინებით, გადასახადების საპროცენტო განაკვეთები შემცირდეს.

სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც დაუბეგრავი მინიმუმზე დაიწყო საუბარი, საზოგადოება ორდა გაიყო: ოპოზიცია და ფინანსისტთა ერთი ნაწილი საშემოსავლოს კლებას უჭერს მხრას, ხელისუფლება და ეკონომისტთა მეორე ნაწილი ამჟამინდელ ინიციატივას.

აუდიოტორული კომპანია „ბიდიოს“ ხელმძღვანელ ზურაბ ლალაზაშვილის თქმით, დაუბეგრავი მინიმუმის შემოღების ნაცვლად საშემოსავლო გადასახადის შემცირება ბიზნესს უფრო მომგებიან სიტუაციაში ჩააყენებდა, რადგან ამ შემთხვევაში შეღავათი ყველაზე გავრცელდებოდა. იგივე შეხედულების არის მოქალაქეთა ნაწილიც. ინტერაქტიული გამოკითხვების შედეგად 52% უფრო ეფექტიანად საშემოსავლოს შემცირებას მიიჩნევს.

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი კი თვლის, რომ ერთდროულად საშემოსავლო გადასახადის შემცირებაც და დაუბეგრავი მინიმუმის შემოღებაც შეუძლებელია, რადგან ეს პირდაპირ ბიუჯეტის პრობლემას წარმოშობს.

ონოფრიშვილის თქმით, დაუბეგრავი მინიმუმი მხოლოდ სოციალურად დაუცველ დაბალშემოსავლიან ფენას ეხება, რადგან ის მხოლოდ წლიურად 6 ათასი ლარის ქვევით შემოსავლის მქონე ადამიანების ხელფასებზე ვრცელდება. საშემოსავლო გადასახადის შემცირებით კი, ონოფრიშვილის თქმით, სარგებელს საშუალო, მაღალი და მდიდარი ფენის წარმომადგენლები მიიღებდნენ.

ასეა თუ ისე, მთავრობაში მაინც ფიქრობენ საზოგადოებრივ განწყობაზე. ჯერჯერობით მათ დაუბეგრავი მინიმუმის შემოღება დააკანონეს, მაგრამ არცთუ შორეულ მომავალში, შესაძლოა, საშემოსავლოს განაკვეთის კორექტირების საკითხიც დადგეს.

„2013 წლიდან სიახლე იქნება ის, რომ საშემოსავლო გადასახადში დაუბეგრავი მინიმუმი შემოგვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელთა წლიური შემოსავალი 6 ათას ლარს არ აღემატება, შესაძლებლობა ექნებათ, ხელფასის სახით მიღებული შემოსავლიდან 1 800 ლარზე გადახდილი საშემოსავლო გადასახადი დაიბრუნონ წლის დასრულების შემდგომ. სხვა ცვლილებები 2013 წლისთვის გათვალისწინებული არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, ჩვენც მომხრე ვართ, რომ გადასახადები შევამციროთ“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.